გადაწყვეტილება №24500/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24500/2/2024
24 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,------ 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------- 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24500/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 21.11.2024 წლის ID:------- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26638 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო დავალიანების, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩამოწერის მოთხოვნით 11.11.2024 წლის ID:------- განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 21.11.2024 წლის ID:-------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26638 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, რომელიც გამოცემულია 2022 წელს, თუმცა დავალიანება ეხება 2021 წლამდე ვალდებულებებს და მნიშვნელობა არ აქვს აქტის გამოცემის თარიღს. მნიშვნელოვანია დავალიანების წარმოშობის მომენტი/პერიოდი, შესაბამისად უსაფუძვლოა არგუმენტი შემოწმების აქტთან დაკავშირებით, ასევე უსაფუძვლოა ის რომ დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის შემდგომ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე. არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ დეკლარაციებზეა საუბარი, მეტიც 2021 წელს და მის შემდეგ არანაირი დეკლარაციები არ წარუდგენია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება დაიფარება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა;
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელების ბარათებზე ვალდებულების მიხედვით თანხების გადანაწილება წარმოადგენს დღის შესრულებას.
ამავე ინსტრუქციის 91 მუხლის მე-7 და მე-15 პუნქტების თანახმად:
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზნით ჩამოწერამდე პირის მიერ გადახდილი/შემცირებული თანხები უნდა მიემართოს ვალდებულ პირზე აღნიშნული პერიოდისთვის რიცხული საერთო დავალიანების დასაფარავად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დადგენილი თანმიმდევრობით:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
15. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ ასახულია ოპერაციები, რომლებიც ცვლის საგადასახადო დავალიანების თანხას, ჩამოსაწერი დავალიანების დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესით განსაზღვრული შემდეგი პრინციპი: თუ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული ოპერაცია (გადახდა, დეკლარაციით ბარათზე ასახული ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა (შემცირება), დასკვნა/ბრძანება/გადაანგარიშება ოპერაციის მიხედვით ასახული შემცირება, რომელიც იწვევს საგადასახადო დავალიანების შემცირებას, პირველ რიგში იწვევს უფრო ადრე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების (2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი) დაფარვას, ხოლო შემდეგ 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანების დაფარვას, ისე რომ ორივე შემთხვევაში დაცული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 253-ე მუხლით დავალიანების დაფარვის დადგენილი თანმიმდევრობა:
ა) გადასახადის თანხა (ძირითადი თანხა);
ბ) ჯარიმა;
გ) საურავი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №-------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემების მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 9.22 ლარი (მ.შ გადასახადი 9.11 ლარი და საურავი 0.11 ლარი), რომელიც განცხადების მომართვის თარიღისათვის დაფარულია 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. ამასთან, გპაბ-ზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია (ბრძანება 29.12.2021 წლის №-------) 2019 – 2021 წლების საანგარიშო პერიოდის გადასახადები, რომელიც, მიუხედავად საანგარიშო პერიოდების სავადო თარიღებისა სრულად ითვლება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილად.
მომჩივანი განმარტავს, რომ მიუხედავად შემოწმების აქტის გამოცემის თარიღისა, დავალიანება ეხება 2021 წლამდე ვალდებულებებს და მნიშვნელობა არ აქვს აქტის გამოცემის თარიღს.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ხოლო თანხის ჩამოწერის მოთხოვნით მიმართვის მომენტისთვის, მომჩივანს გპაბ-ზე 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი დავალიანება არ ერიცხება, მომჩივნის მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო მონაცემების მიხედვით 1.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რომელიც განცხადების მომართვის თარიღისათვის დაფარულია 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით. ამასთან, გპაბ-ზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულია 2019 – 2021 წლების საანგარიშო პერიოდის გადასახადები, რომელიც, მიუხედავად საანგარიშო პერიოდების სავადო თარიღებისა სრულად ითვლება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილად.
გადაწყვეტილება
საბჭოს გადაწყვეტილებით , დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მოკლებულია კანონიერ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 309(37);252;253(1);
გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანება;