ბრძანება N 7315

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2023
№ დოკუმენტი 7315
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7315

05.04.2023

შპს „----------------“ (ს/ნ -------------)

(მის.: ----------------------)

2022 წლის 4 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------------“ (ს/ნ ---------------) №200925/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №041-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ს თანხების გაუქმების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების მიხედვით შპს „--------გან“ შეძენილი საქონელი წარმოადგენდა ჯართს/ნარჩენს და მისი მიწოდება გათავისუფლებული იყო დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არსებობდა ჩათვლილი დღგ-ს თანხის გაუქმების საფუძველი. გადამხდელის განმარტებით, ჩათვლა მართლზომიერადაა განხორციელებული. მომწოდებლის მიერ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას წარმოეშვა დღგ-ს ჩათვლის უფლება. აცხადებს, რომ ვინაიდან საქონლის გამოყენება ხორციელდება დასაბეგრი ოპერაციისთვის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს ჩათვლა. ასევე, შემოწმების მიხედვით, დარიცხვის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საქონელი შპს „----------ს“ მიერ არ არის შეძენილი და მათი საქმიანობიდან გამომდინარე ოპერაცია გადაკვალიფიცირდა და საქნელი ჩაითვალა ჯართად. აღნიშნავს, რომ შესყიდვის პროცესში გადამხდელი აფასებს საქონლის მდგომარეობას და აღნიშნულის მიხედვით ხდება გარიგების დადება. განსახილველ შემთხვევაშიც, გამყიდველმა განაცხადა, რომ საქონელი არ წარმოადგენდა ჯართს და გამოსადეგი იყო შესაბამისი დანიშნულებით, რაც დადასტურდა ადგილზე დათვალიერებით. აცხადებს, რომ განხორციელებული ოპერაციით სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიდგომია ზიანი, ვინაიდან მომწოდებელმა გადაიხადა დარიცხული დღგ, ხოლო მომჩივანმა განახორციელა აღნიშნული დღგ-ს ჩათვლა. აცხადებს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ამოწმოს ისეთი გარემოებები, რომელთა შემოწმება კანონმდებლობით არ ევალება. გადამხდელი აგრეთვე, არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გამოყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აგვისტოს №22502 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------------“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში ეა--- №--------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ს თანხის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 6 ოქტომბრის №25462 ბრძანება და ამავე თარიღის №041-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 223 654 ლარი, მათ შორის, გადასახადი 99 744 ლარი, ჯარიმა 49 872 ლარი, საურავი 74 038 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობის წარმოება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ 2019 წლის მარტის თვეში გადამხდელმა შპს „----------გან“ (ს/ნ -----------) (რომლის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს „საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით“) შეძენილი აქვს 653 873.71 ლარის ღირებულების საქონელი დასახელებით: „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10- 12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“. აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა--- №---------) და ჩათვლილი აქვს დღგ-ს თანხა 99 743.44 ლარი. თავის მხრივ, შპს „---------ს“ საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს „--------------------ზე“ მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად, რაც 2019 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ს თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. აგრეთვე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუქნტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდება, თუ შესაძლებელია საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ საქონლის მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით საქონლის მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო დღგ-ის ჩათვლა.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულს და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7202, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებში და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ 2019 წლის მარტის თვეში გადამხდელმა შპს „----------გან“ შეიძინა კონკრეტული საქონელი შემდეგი დასახელებით „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10-12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“, რის საფუძველზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. ამასთან, შპს „--------ს“ საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს „---------------ზე“ მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, ხოლო მისი საქმიანობის სფეროა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართითა და ნარჩენებით. შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ს ჩათვლა განხორციელებულია ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ შეძენილ საქონელზე. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ს თანხა ექვემდებარება გაუქმებას. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები წარმოდგენილი, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ს თანხების გაუქმების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2019 წლის მარტის თვეში გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით: „ლითონის ბალკა, მილი (მსხვილი 10- 12), ლითონის მეორადი კონსტრუქციები, ლითონის შველერი“. აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ჩათვლილი აქვს დღგ-ს თანხა. თავის მხრივ, მიმწოდებლის საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელზე მიწოდებული საქონელი არ არის შეძენილი, შესაბამისად, შემოწმებით გადამხდელის მიერ შეძენილი საქონელი ჩაითვალა შავი და ფერადი ლითონების ჯართად და ნარჩენებად, რაც 2019 წელს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ს თანხა დაექვემდებარა გაუქმებას. აგრეთვე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161(1)"ა", 173(1)(2), 174(1)"ა"(2)"ა.ა", 171(1), 168(4)"წ", 43(4).