ბრძანება N 21768
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21768
06.09.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ს“ (ს/ნ -----------)
(მის.: ----------------------------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) №98515/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №081-64 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. საჩივარში აცხადებს, რომ შემოწმებით არასწორად იქნა გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი, რაზეც შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს საჩივრის განხილვის პროცესში.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, ასევე, თანამშრომელთა საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვას. მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამუშაო ადგილი განლაგებულია ქალაქ ბათუმის გარეუბანში, სადაც დიდი ინტერვალებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახლოს არ არის კვების ობიექტი, სადაც შესაძლებელია დასაქმებულებმა მიიღონ ნორმალური საკვები. დაქირავებულებს ნორმალური კვებისა და სამუშაოზე დროულად გამოცხადებისთვის სასადილო შესვენებისას სჭირდებათ ტაქსის მომსახურება, რაც იწვევს არაგონივრულ ხარჯებს. ამასთან, კვების ხარჯი არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს საჩივრის განხილვის დროს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვლის №3827 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 25 აპრილის №8936 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 564 535 ლარი, მათ შორის გადასახადი 937 145 ლარი, ჯარიმა 474 197 ლარი და საურავი 153 193 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შემოწმებით გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით, გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდებული საბანკო ამონაწერით (01.05.2022 -01.06.2022), ასევე, ახსნა-განმარტებით რომელშიც აფიქსირებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, სალაროს ნაშთი და ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, ხოლო მისაღები დებიტორული დავალიანება შეადგენს 13 708.30 ლარს. შედეგად გამოიკვეთა, რომ საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 1 თებერვლამდე შეადგენს 8 940 082.49 ლარს, განხორციელებული აქვს 3 368 834.48 ლარის შესყიდვები (მ.შ. იმპორტი 3 178 251.07 ლარი, ადგილობრივი შეძენა 190 583.41 ლარი), დეკლარირებული გადახდილი ხელფასები არის 274 728 ლარის, საბიუჯეტო გადარიცხვები არის 1 380 518 ლარის, არარეზიდენტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 28 224 ლარი, რომელიც შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში, საბაჟო მოსაკრებელი - 11 000 ლარი. შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 2023 წლის 1 თებერვლისთვის 3 891 293.92 ლარი. საწარმოს 2022 წლის მარტიდან შეძენები და რეალიზაცია არ უფიქსირდება, 2022 წლის მაისის თვის შემდეგ ხელფასი გაცემული არ აქვს. შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნული ფულადი ნაშთი ჩათვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასის სახით განაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა თანამშრომლების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, კერძოდ, დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით შეიძინა საკვები პროდუქტები და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თანამშრომლებზე საკვები პროდუქტების მიწოდების ოპერაცია შპს „---------მ“ არ განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ასევე, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით - საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში შპს „-----ს“ სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტის მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ ჰქონდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 23 აგვისტოს 12:40 სთ-ზე, თუმცა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით ვერ მოხერხდა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით გაანალიზებულია გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით,გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდებული საბანკო ამონაწერით (01.05.2022 - 01.06.2022), ასევე, ახსნა-განმარტებით, რომელშიც აფიქსირებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, სალაროს ნაშთი და ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, ხოლო მისაღები დებიტორული დავალიანება შეადგენს 13 708.30 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი 2023 წლის 1 თებერვლისთვის 3 891 293.92 ლარი. საწარმოს 2022 წლის მარტიდან შეძენები და რეალიზაცია არ უფიქსირდება, 2022 წლის მაისის თვის შემდეგ ხელფასი გაცემული არ აქვს. შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნული ფულადი ნაშთი ჩათვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასის სახით განაცემად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა თანამშრომლების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, კერძოდ, დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით შეიძინა საკვები პროდუქტები და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თანამშრომლებზე საკვები პროდუქტების მიწოდების ოპერაცია შპს „------მ“ არ განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და, ასევე, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულზე შემოწმებით დარიცხული იქნა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არასრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „-----ს“ სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ ჰქონდა დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით აღნიშნულზე დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ს“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ;
1. შემოწმებით გაანგარიშებული სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
2. თანამშრომელთა საკვები პროდუქტით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვას.
3. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენს საჩივრის განხილვის დროს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმებით გაანალიზებულია გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით,გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარაციების კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდებული საბანკო ამონაწერით , ასევე, ახსნა-განმარტებით, რომელშიც აფიქსირებს, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია, სალაროს ნაშთი და ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, ხოლო მისაღები დებიტორული დავალიანება შეადგენს 13 708.30 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი . საწარმოს შეძენები და რეალიზაცია არ უფიქსირდება, ხელფასი გაცემული არ აქვს. შესაბამისად, შემოწმებამ აღნიშნული ფულადი ნაშთი ჩათვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა თანამშრომლების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, კერძოდ, დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით შეიძინა საკვები პროდუქტები და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თანამშრომლებზე საკვები პროდუქტების მიწოდების ოპერაცია მომჩივანმა არ განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ასევე, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით - საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტის მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ ჰქონდა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4. 9 ,,ბ“); 101(1.3 „ვ“); 134(1 „გ“.2„ა“.3 „ა“); 154(1 „ა“); 160(3 „გ“);161(1 „ა“ „ა.ბ.დ“ 2„გ“); 164(2 ,,ა“);