ბრძანება N 25359

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2025
№ დოკუმენტი 25359
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25359

19 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------------)

2025 წლის 18 სექტემბრისა და 29 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 და 13 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №92 და №94) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) №--/1/2025 და №--/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 აგვისტოს №005-157 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმებას არ ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა არაპირდაპირი მეთოდის გამოსაყენებლად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 9 ივლისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 18 აგვისტოს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 19 აგვისტოს №18611 ბრძანება და ამავე თარიღის №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 626 367ლარი, მათ შორის გადასახადი 376 106 ლარი, ჯარიმა 237 024 ლარი და საურავი 13 237 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. შპს „-------ი“ (ს/ნ ------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2024 წლის 9 ივლისს. ამავე თარიღიდან საწარმო არის დღგ-ის გადამხდელი. კომპანიის საქმიანობის სფეროა ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და ჩანთებით ვაჭრობა, რომელიც იმპორტით შემოაქვს --დან. გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სმფ-ების რეალიზაცია და შემოსავლის მიღება პოსტერმინალით ან საგადასახადო დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებითა და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №15081 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----ის“ (ს/ნ ----) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ დადგინდა, როგორც შპს „----ის“ (ს/ნ ----) დირექტორის ----ის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ასევე, ვერც შპს „------ის“ (ს/ნ -----) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა. შპს „------ს“ (ს/ნ -----) გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე 2025 წლის 4 ივლისს გაეგზავნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ“ ბრძანება და წერილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებისა და 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შესახებ, რასაც გაეცნო 2025 წლის 5 ივლისს. პასუხად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 472 455 ლარის თვითღირებულების საქონელი. ვინაიდან ვერ იქნა მიღებული ინფორმაცია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ, შემოწმების მიერ შეძენილი სმფ-ები ჩათვლილ იქნა სრულად რეალიზებულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი კომპანიების აუდირებული ფასნამატი 200% და აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები (გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა დასახელებული აუდირებული ფასნამატი). ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საბაჟო პროცედურებზე გადახდილი დღგ ჩათვლილი. აქედან გამომდინარე საბაჟო პროცედურებზე გადახდილი დღგ, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მიღებული ჩათვლები, შემოწმებით დამატებით დაექვემდებარა დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.

. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით დადგენილი გამოსაქვითი ხარჯების ანალიზითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის გაანგარიშებით დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა 1 314 020 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე -----ზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 13 ნოემბერს, 12:15 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოწმების პროცესში ვერ დადგინდა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ადგილსამყოფელი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა ჩატარების შესახებ ბრძანება და წერილი, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელს უნდა წარმოედგინა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებსა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად აღნიშნული წერილის გაცნობისა გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებისთვის შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, რის შედეგადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, რომლის ფარგლებშიც სასაქონლომატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ები სრულად ჩაითვალა აუდირებული ფასნამატით რეალიზებულად, რამაც გამოიწვია შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

დასახელებული ფაქტობრივი გარემობებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

ასევე, ფასნამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სმფ-ების რეალიზაცია და შემოსავლის მიღება პოსტერმინალით ან საგადასახადო დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებითა და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით), რამაც თავის მხრივ, ფასნამატის წყაროს შერჩევისას შემოწმებას შეუზღუდა, აუდირებული ფასნამატის გარდა, ფასნამატის სხვა წაყაროს გამოყენების შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან და შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტისთვის არ იქნა მიწოდებული რაიმე ტიპის იმგვარი ინფორმაცია/არგუმენტაცია, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფასნამატის წყაროს განსაზღვრის პროცესში.

ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №12738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 9 ივლისიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №18611 ბრძანება და №005-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 626 367ლარი, მათ შორის გადასახადი 376 106 ლარი, ჯარიმა 237 024 ლარი და საურავი 13 237 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №15081 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ დადგინდა, როგორც კომპანიის დირექტორის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, ასევე, ვერც კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდებარეობა. გადასახადის გადამხდელს ავტორიზებულ გვერდზე 2025 წლის 4 ივლისს გაეგზავნა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარების შესახებ“ ბრძანება და წერილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტებისა და 2025 წლის 4 ივლისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შესახებ, რასაც გაეცნო 2025 წლის 5 ივლისს. პასუხად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.

ამასთან შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს 472 455 ლარის თვითღირებულების საქონელი. ვინაიდან ვერ იქნა მიღებული ინფორმაცია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ, შემოწმების მიერ შეძენილი სმფ-ები ჩათვლილ იქნა სრულად რეალიზებულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემოწმების მიერ დადგენილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული მსგავსი კომპანიების აუდირებული ფასნამატი 200% და აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა კომპანიის მიღებული/მისაღები შემოსავლები (გაანგარიშებულ რპთ-ზე გავრცელებულ იქნა დასახელებული აუდირებული ფასნამატი). ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საბაჟო პროცედურებზე გადახდილი დღგ ჩათვლილი. აქედან გამომდინარე საბაჟო პროცედურებზე გადახდილი დღგ, რომლებზეც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მიღებული ჩათვლები, შემოწმებით დამატებით დაექვემდებარა დღგ-ის ჩათვლაში გათვალისწინებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავებით დადგენილი გამოსაქვითი ხარჯების ანალიზითა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული შემოსავლის გაანგარიშებით დადგენილ იქნა განკარგვადი თანხა 1 314 020 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5.9 ,,ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“.3 „ა“ ); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);