გადაწყვეტილება №22330/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22330/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22330/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22330/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №081-332 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 7 თებერვლის №2267 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 810 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 28 496

ჯარიმა - 14 248

საურავი - 5 066

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა საბავშვო ბაღებზე პროდუქციის მიწოდება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №22567 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერები, აგრეთვე, ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, კერძოდ, საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესწავლილ იქნა შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლები. შემოწმებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც საგადასახადო კოდექსით არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გამიჯნული იქნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №32284 ბრძანება და №081-332 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 17 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 7 თებერვლის №2267 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 172-ე, 43-ე მუხლებზე და ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტორები ვერ ასაბუთებენ დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ვერც რაოდენობას და ვერც იმ პირებს, ვისი ინფორმაციის საფუძველზე მოახდინეს დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება. კომპანია, როცა საბავშვო ბაღებისთვის პროდუქციის შეძენას აწარმოებს, ყველა მომწოდებელს აფრთხილებს, რომ მას სჭირდება მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია. აუდიტორების განმარტება, რომ საწარმოს მომწოდებლები რიგ შემთხვევაში ახორციელებენ იმპორტირებას, შესაძლოა სიმართლეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მომწოდებლები მთელი წლის მანძილზე ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და კომპანიის გარდა პროდუქციის რეალიზაციას აწარმოებენ სხვადასხვა მყიდველებზე.

იმ გარემოების გასარკვევად, თუ რომელმა მომწოდებელმა მიაწოდა საწარმოს იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, გადასახადის გადამხდელმა კომუნიკაცია დაამყარა მომწოდებლებთან. კომუნიკაციის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რომელმა მომწოდებელმა მიაწოდა კომპანიას იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და რა რაოდენობით, რათა განსაზღვროს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა და ეს ოდენობა არ გახადოს სადავო. მომჩივანმა ამ მიზნით მომწოდებლებს ჩამოართვა ახსნა-განმარტება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები (ახსნაგანმარტება) ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიას შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში საბავშვო ბაღებზე მიწოდებული აქვს მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია.

დავის განხილვის პერიოდში წარმოადგენს სხვა მომწოდებლების განმარტებებს, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ კომპანიას აწოდებდნენ მხოლოდ საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციას.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებული არგუმენტები და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

საქმეში არსებული მასალებით და აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შესყიდვის აქტები, საბანკო ამონაწერები და ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. კერძოდ, საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლების შესწავლით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები იყვნენ იმპორტიორები ან საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც საგადასახადო კოდექსით არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაიმიჯნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია შესყიდვის აქტები, საბანკო ამონაწერები და ტრანსპორტის იჯარის ხელშეკრულება. კომპანიას უფიქსირდება როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. კერძოდ, საქართველოში წარმოებული/მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. შესყიდვის აქტებში მითითებული მომწოდებლების შესწავლით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში მომწოდებლები იყვნენ იმპორტიორები ან საქონლის შეძენას ახდენენ იმპორტიორებისგან, რაც საგადასახადო კოდექსით არ თავისუფლდება დღგ-ისგან. დეკლარირებული მონაცემების და წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, შემოწმების მიერ გაიმიჯნა კომპანიის დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 172(4).