გადაწყვეტილება №27250/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 27250/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27250/2/2026

04 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 27.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27250/2/2026).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის NCB1887625 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 7.04.2026 წლის №8197 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 862.5 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

20.03.2026 წელს, მომჩივანმა ელექტრონული განაცხადით №ID:---- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას პირველ პოზიციაში („დამტვრეული კერამიკული ფილა“) გამოვლინდა დანაკლისი. აღნიშნულ პოზიციაზე მითითებული საქონელი გადამხდელმა ვერ წარუდგინა საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2026 წლის №CB1887625 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 862.5 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.04.2026 წლის №8197 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა აწონეს ერთი პალეტი და მისი წონა ავტომატურად გაავრცელეს ყველა დანარჩენზე. აღნიშნული მეთოდი არის დაუზუსტებელი, რადგან პალეტი არ იყო იდენტური და ნაწილი იყო დაზიანებული, მოტეხილი ძირითა და არასტანდარტული კონსტრუქციით. შესაბამისად ერთი პალეტის, წონის გავრცელება სხვებზე ვერ ასახავს რეალურ ვითარებას. ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა მეტად ზუსტი მეთოდის გამოყენება, რათა დაედგინა ობიექტური ვითარება. კომპანია თავად დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს ჩამოწერის მიზნით. საქონელი ფიზიკურად არსებობდა. მისი განადგურება იყო კანონიერი პროცესი. აღნიშნული წონითი სხვაობა არის აშკარა ტექნიკური/მექანიკური შეცდომა, რომელსაც არ მოჰყოლია ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება ან საგადასახადო შეღავათების უკანონოდ მიღება. შესაბამისად, ქმედებაში არ იკვეთება სამართალდარღვევის შემადგენლობა. ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია პროპორციულობა ადმინისტრაციული ღონისძიება არ უნდა იყოს იმაზე მკაცრი, ვიდრე ეს აუცილებელია. 862,5 ლარიანი ჯარიმა მცირე წონითი ცდომილებისთვის (რომელიც პალეტების წონას უკავშირდება) არის არაპროპორციული და დაუსაბუთებელი. ითხოვს სადავო აქტების ბათილობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:

6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო შეეფარდა ჯარიმა, წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულების ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის განმატებით, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთი პალეტის წონა ავტომატურად გაავრცელეს ყველა დანარჩენზე. ვინაიდან პალეტი არ იყო იდენტური და ნაწილი იყო დაზიანებული, მოტეხილი ძირითა და არასტანდარტული კონსტრუქციით, ერთი პალეტის წონის გავრცელება სხვებზე ვერ ასახავს რეალურ ვითარებას. აღნიშნული წონითი სხვაობა არის აშკარა ტექნიკური/მექანიკური შეცდომა, რომელსაც არ მოჰყოლია ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება ან საგადასახადო შეღავათების უკანონოდ მიღება. შესაბამისად, ქმედებაში არ იკვეთება სამართალდარღვევის შემადგენლობა.

სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 6.05.2026 წლის №39768-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ 25.03.2026 წელს ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (ქ.---), სადაც კომპანიის მინდობილ პირს ---ას ბრძანება ჩააბარეს და განუმარტეს ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას ოფიცრებმა მინდობილი პირის თანდასწრებით გამოავლინეს დანაკლისი, კერძოდ დანართ 24-ში პირველ პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „დამტვრეული კერამიკული ფილა“ ნაცვლად 12 834 კილოგრამისა ადგილზე აწონვისას იყო 12 334 კილოგრამი.

დანაკლისმა სულ შეადგინა 500 კილოგრამი (862.5 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით). რაზეც ოფიცრებმა გადასახადის გადამხდელი დააჯარიმეს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1887625.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივანმა არასწორად განახორციელა ჩამოსაწერი პროდუქციის აწონვა, კერძოდ მან ტარის (ხის პალეტის, რომელზეც იყო კერამიკული ფილები განთავსებული) წონა შეიყვანა პროდუქტის მთლიანი პალეტის წონაში. ამასთან, არ ჰქონდა პროდუქცია დაყოფილი კატეგორიებად, ვინაიდან, კედლის კერამიკული ფილა და იატაკის კერამიკული ფილა შერეული იყო ერთად. არ იყო განცალკევებული სახეობებად.

საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩამოწერის პროცედურა განხორციელებულია მართებულად. ამდენად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო მატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას ოფიცრებმა მინდობილი პირის თანდასწრებით გამოავლინეს დანაკლისი, კერძოდ დანართ 24-ში პირველ პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „დამტვრეული კერამიკული ფილა“ ნაცვლად 12 834 კილოგრამისა ადგილზე აწონვისას იყო 12 334 კილოგრამი.

დანაკლისმა სულ შეადგინა 500 კილოგრამი (862.5 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით). რაზეც ოფიცრებმა გადასახადის გადამხდელი დააჯარიმეს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს დადასტურებულად მიაჩნია მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ჩამოწერის პროცედურა განხორციელებულია მართებულად. ამდენად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279 (3).