გადაწყვეტილება №18731/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.02.2023
№ დოკუმენტი 18731/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18731/2/2023

24.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18731/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება-დარღვეულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2022 წლის №11413 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2022 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32995 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 244 694 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 762 616

ჯარიმა - 381 308

საურავი - 100 770

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 13.05.2021 წლიდან 4.11.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.04.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 5.05.2022 წლის №11413 ბრძანება და 5.05.2022 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტების მომჩივნისთვის ჩაბარება საფოსტო დაწესებულების საშუალებით ვერ მოხერხდა და 28.06.2022 წელს გავრცელდა საჯაროდ. გადასახადის გადამხდელი მოცემულ აქტებს მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე გაეცნო 11.11.2022 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 2022 წლის 21 და 22 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32995 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-10 და მე-11-ე ნაწილებზე, ასევე 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 21.04. 2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ 5.05.2022 წლის №11413 ბრძანება და ამავე თარიღის №065-7 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით ორჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (----------), თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. 28.06.2022 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 18.07.2022 წელს. ამასთან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის ვებ გვერდზე გაეცნო 11.11.2022 წელს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2022 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტები, პირველად გაასაჩივრა 21.11.2022 წელს, მათი გაცნობიდან (11.11.2022) დადგენილი ვადის დაცვით. შემოსავლების სამსახურმა №32995 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დატოვა, კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. შემოსავლების სამსახურის განმარტავს, რომ მხარეს გასაჩივრებული დოკუმენტები ორჯერ გაეგზავნა საფოსტო გზავნილის მეშვეობით, თუმცა ადასტურებს რომ გზავნილი ვერ ჩაბარდა, რის შემდგომაც მოხდა საჯაროდ გამოქვეყნება, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მსჯელობით 18.07.2022 წელს დოკუმენტები ჩაბარებულად ჩაითვალა. მომჩივნის თქმით თავად შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ 11.11.2022 წლამდე მხარე არ იყო ინფორმირებული, რომ კომპანიის მიმართ ზემოაღნიშნული აქტები იყო გამოცემული და აღნიშნულ გარემოებაზე მისთვის ცნობილი გახდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, მას შემდეგ, რაც დაბარებულ იქნა საქმეზე გამოკითხვის მიზნით.

21.04.2022 წლის შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანთან გასაუბრება არ ჩატარებულა და საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულ იქნა, მხოლოდ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა. მომჩივანის თქმით, იგი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ჰქონდა საინფორმაციო სისტემაზე წვდომა, რომ გასცნობოდა შეტყობინებებს. გასაჩივრებული აქტის გამოცემის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა, საჩივრის შემოტანამდე რამდენიმე დღით ადრე.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-8 და მე-10 ნაწილებზე. მისი განმარტებით, გასაჩივრებული აქტებით, განხორციელდა მომჩივნისთვის საკმაოდ დიდი ოდენობით გადასახადების დარიცხვა, სწორედ ამ მიზეზით მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. მომჩივანის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის განუხილველობა შესაძლოა გახდეს კომპანიის დირექტორის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, შემოსავლების სამსახურს უნდა უზრუნველყო, ინფორმირებულობის უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ადმინისტრაციული აქტების საჯარო გამოქვეყნებაა.

მომჩივანი აქცენტს აკეთებს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ ნაწილსა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული ქარტიის მე-6 მუხლზე, - „სამართლიანი განხილვის უფლებაზე“ და მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაზე (BARTIA V. GEORIA №10978/06; 26.07.2018). მომჩივნის განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით: (ა) სახელმწიფო ორგანოებმა გამოიჩინეს თუ არა გულმოდგინება მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისას; თქვა თუ არა განმცხადებელმა უარი საკუთარი უფლებაზე წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი: ევროპულმა სასამართლომ დააგინა, რომ განმცხადებლის სამართალწარმოებაში ეფექტიანად მონაწილეობისა და მხარეთა თანასწორობის უფლება შეიზღუდა იმ მოცულობით, რომ არ შეესაბამებოდა საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს. მომჩივანი მიიჩნევს, რომ მის მიერ არ დარღვეულა გასაჩივრების ვადა და ასეთის არსებობის შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს.

მომჩივანი ასევე წარმოადგენს არგუმენტებს დარიცხვის არამართლზომიერებაზე, ითხოვს მის კორექტირებას და ასევე საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

დადგენილია, რომ 21.04.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 5.05.2022 წლის №11413 ბრძანებას და 5.05.2022 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (5.05.2022 წლიდან) 30 დღის განმავლობაში არ გაცნობია. ამასთან, მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების მეშვეობითაც (გაეგზავნა 2-ჯერ (16.05.2022 და 27.05.2022 წელს) იურიდიულ მისამართზე - (----------) გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს „არ იძებნებას“ საფუძვლით). შედეგად საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განხორციელდა 21.04.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის, 5.05.2022 წლის №11413 ბრძანების და 5.05.2022 წლის №065-7 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 28.06.2022 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 18.07.2022 წელს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 17.08.2022 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 21 და 22 ნოემბერს.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში, მომჩივნის მისამართი მითითებულია საჩხერის რაიონი, სოფელი კორბოული (ნიგვზარა). ამასთან, დავის ეტაპზე წარმოდგენილ საჩივრებში იგივე მისამართია მითითებული.

ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).

ამასთან, მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.