გადაწყვეტილება №18796/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18796/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18796/2/2023

02.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------------ (ს/ნ-------------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------ის 3.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18796/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საბაზრო ფასის გამოყენება და ოდენობის განსაზღვრა;

2. მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრა;

3. სამშენებლო მასალების რეალიზებულად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №006-441 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №29 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 891 689,83 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 384 912

მოგების გადასახადი - 100 323

ჯარიმა - 295 960

საურავი - 110 494,83

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2022 წლის №006-441 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №29 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საბაზრო ფასის გამოყენება და ოდენობის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიასა და ფიზიკურ პირებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქალაქ თბილისში საკადასტრო კოდზე ----------------- არსებულ მიწაზე, მიწის გადაცემის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანია ააშენებდა ქ.--------------ში 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს და ხელშეკრულების თანახმად მიწის მესაკუთრეებს გადასცემდა წინასწარ განსაზღვრულ ფართებს (11.09.2020 წლის ბრძანება). გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებლ პერიოდში დაასრულა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, გადასცა მიწის მესაკუთრეებს საცხოვრებელი სახლები შეთანხმების საფუძველზე და ასევე გაყიდა ყველა საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი. ბარტერულ ოპერაციაში მომსახურების ფასი 1 კვ. მ-ზე განსაზღვრა 276 ლარად.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ახალი ფართების მიღება, ხოლო მეორეს მხრივ, კომპანიისათვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართების აშენების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღება. შესაბამისად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირების მიერ კომპანიისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მეორეს მხრივ, კომპანიის მიერ ფართების მიწოდება განხილული უნდა იყოს ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება სამშენებლო მომსახურების გაწევა.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის და ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაანგარიშდა კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება, რომლის მიხედვითაც 1 კვ. მ ფასი განისაზღვრა 346 ლარად (თვითღირებულებას დამატებული 10%). შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა უძრავი ქონება საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში (ბოლო სართული ე.წ. ჭერი და 3 სარდაფი). გარიგების თანახმად, კვადრატულის ფასი განსაზღვრული ჰქონდა 14-დან 30 აშშ დოლარამდე. საგადასახადო კოდექსის მე19 მუხლის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის, ამავე კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან რეალიზაციისას გამოყენებულია საბაზრო ფასი. შემოწმებით დაკორექტირდა რეალიზებული ბინების კვ. მ-ის ფასი, რომელიც განისაზღვრა (საშუალოდ 507 აშშ დოლარი) სხვა ბინების არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდების ფასით. აღნიშნული თანხები ჩარიცხულია ბანკის ანგარიშზე. შემოწმებით გაიზარდა გადამხდელის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი საცხოვრებელი ბინებს ბეგრავდა 1 კვადრატი - საშუალოდ 150 აშშ დოლარის ფარგლებში. ფასები მერყეობს 26 აშშ დოლარიდან 256 აშშ დოლარის ფარგლებში, სარდაფის, ბინის და საოფისე ფართის სტატუსის მიხედვით.

შემოწმების პროცესში სრულყოფილი აღრიცხვა გადამხდელს არ წარუდგენია. შესაბამისად შესწავლილი იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი და აუდირებული კომპანიის სარეალიზაციო ფასები. ასევე, განხორციელდა ოპერაციის განხორციელების პერიოდში ამავე ტერიტორიის, აქტივის მახასიათებლების და კომპეტენტური პირების მიერ გაცხადებული საბაზრო ფასების (იპოთეკით შეძენის შემთხვევაში ბანკის შეფასება) ანალიზი. შემოწმების მიერ, კვ. მ-ის სარეალიზაციო საბაზრო ფასად განისაზღვრა გადამხდელის მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე განხორციელებული მიწოდებისას გაცხადებული ფასი 507 აშშ დოლარი (სარდაფი ან - 1 სართული 1 კვ. მ 203 აშშ დოლარი), რაც მიახლოებულია მსგავს ან იდენტურ ფართებზე გაცხადებულ ფასებთან.

შესაბამისად, დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანების მე-2 პუნქტის, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი 158-ე, 159-ე, 160-ე მუხლების საფუძველზე გაიზარდა (საბაზრო ფასით) გადამხდელის დასაბეგრი დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №990 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის“ მე-2 პუნქტზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რას დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენისას, რატომ არ გაიზიარა ნასყიდობის ხელშეკრულებები და კომპანიის ხელმძღვანელის ახსნაგანმარტება ფასის განსაზღვრაზე მოქმედ გარე ფაქტორებთან დაკავშირებით. მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით არ არის არგუმენტირებული და გამყარებული რაიმე მტკიცებულებით, როგორიცაა მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილია გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასის გამოყენება, თუ საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი სამ შემთხვევაში: 1. თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს ამ გარიგების შედეგებზე,2. თუ საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან,3. თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს. საგადასახადო ორგანოს მიერ გარიგების მონაწილე მხარეების ურთიერთდამოკიდებულება ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტისათვის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს. სადავოა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის პირობა, რომელიც საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, თუ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება (მათ შორის, უძრავი ნივთის შემძენი პირის/პირების ახსნა-განმარტება ან სხვა დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდებოდა (ნაკლები იყო) ფაქტობრივი ფასისაგან, რაც საგადასახადო ორგანოს სადავო შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციაზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას მიანიჭებდა. თუმცა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, რამდენიმე შემთხვევაში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით გადარიცხულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასზე მეტი ოდენობის თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მ.შ. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებზე მხარეთა შორის გარიგებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი ფასის საბაზრო ფასით შეცვლის (გავრცელების) საფუძველი არ არსებობს, გარდა იმ რამდენიმე შემთხვევისა, სადაც მყიდველის მიერ საბანკო გადარიცხვის გზით ჩარიცხულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასზე მეტი ოდენობის თანხა.

ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომლებზეც არ არსებობს მტკიცებულება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდება (ნაკლებია) ფაქტობრივი ფასისაგან, საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულების საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა დასკვნაში აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის მე-18 და მე-19 მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული გარიგებების შემოწმებას ეხება შემოწმების აქტის №2 საკითხი, თუმცა აღნიშნულ აქტში არ არის მოცემული რომელ პირებზეა საუბარი, რა ურთიერთკავშირი იყო მათ შორის, საიდან დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება. ამასთან, გაუგებარია რამდენ და კონკრეტულად რომელ გარიგებებზე საუბრობს აუდიტის დეპარტამენტი აქტში.

საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. თუ შემოწმება ექსპერტის დასკვნას დაეყრდნო, აქტში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

გაუგებარია, ზემოთ დასახელებული გარემოებებისა და არგუმენტაციის არსებობის პირობებში, როგორ დაადგინა შემოსავლების სამსახურმა, რომ საერთოდ ჰქონდა ადგილი ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებას, რომელი კონკრეტული გარიგებები მიიჩნია ამ საკითხში გაერთიანებულად.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება (მათ შორის, უძრავი ნივთის შემძენი პირის/პირების ახსნა-განმარტება ან სხვა დოკუმენტი) იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდებოდა (ნაკლები იყო) ფაქტობრივი ფასისგან, რაც საგადასახადო ორგანოს სადავო შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციაზე საბაზრო ფასის გავრცელების უფლებას მიანიჭებდა.

ანუ ფასი, რომელიც მოცემული ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულებებში მიჩნეულ იქნა ადეკვატურ ფასად, ვინაიდან საპირისპირო აუდიტის სამსახურმა ვერ დაადასტურა.

საგადასახადო კანონმდებლობა, კერძოდ საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილი საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი სამ შემთხვევაში:

1. თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს ამ გარიგების შედეგებზე;

2. თუ საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისგან;

3. თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.

გარიგების მონაწილე მხარეების მიერ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტისთვის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს.

გასაჩივრებული აქტით, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საგადასახადო ორგანომ ვერ დაასაბუთა, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისგან. ამდენად, მხარეთა მიერ მოცემული ფასი არის მიჩნეული ადეკვატურად.

სადავოა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირობა, რომელიც საგადასახადო ორგანოს უფლებას ანიჭებს გამოიყენოს საბაზრო ფასი იმ შემთხვევაში, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს ამ გარიგების შედეგებზე.

ამ შემთხვევაში გამოსაკვლევია 2 გარემოება:

1. დადგენილია თუ არა საქმის მასალებით უტყუარად, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებას ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. განსახილველ შემთხვევაში ეს არ არის უტყუარად დადასტურებული. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილ მტკიცების სტანდარტად შესაბამის დასაბუთებას.

თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ მივიჩნევთ, რომ გარიგება შედგა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გასათვალისწინებელია კანონმდებლის შემდეგი ჩანაწერი: „თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს ამ გარიგების შედეგებზე“. ამ შემთხვევაში კანონმდებლის დათქმა 2 პირობის ერთდროულად არსებობას მოითხოვს:

1) თუ დადასტურდა, რომ ურთიერთდაკავშირებული პირები არიან გარიგების მხარეები,2) შემდეგ უნდა გაირკვეს, მოახდინა თუ არა ამ პირთა სტატუსმა გარიგებაზე გავლენა. ე.ი. მხოლოდ ერთი პირობის, მაგალითად ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობის დადასტურება არ არის საკმარისი, რომ საგადასახადო ორგანომ გამოიყენოს მე-18 მუხლის მე-11 ნაწილი.

ამ შემთხვევაში, თუკი მივიჩნიეთ (როგორც ეს შემოსავლების სამსახურმა თავის ბრძანებაში მიიჩნია დადგენილად), რომ არაურთიერთდაკავშირებულ პირებზე ხელშეკრულებაში მითითებული ფასი იყო ადეკვატური, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც იდენტური ფასები არის მოცული, გამოდის, რომ გარიგების მხარეების სტატუსს არ მოუხდენია გავლენა გარიგების ფასზე. ასეთ შემთხვევაში კი კანონი არ ითვალისწინებს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობას.

ვივარაუდოთ, რომ საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორივე დათქმა დადასტურებულია და გამყარებულია კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან ე.ი. სამსახურმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ გარიგება შედგა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის და ასევე გვაქვს მტკიცებულება, რომ გარიგების მხარეთა სტატუსმა გავლენა მოახდინა გარიგების ფასზე, ამ შემთხვევაში მივდივართ საბაზრო ფასის განსაზღვრის აუცილებლობამდე.

„გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №990 ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუკი ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისგან.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საბაზრო ფასის განსაზღვრის საჭიროების დადგომის შემთხვევაშიც კანონი ითვალისწინებს გარკვეულ წესებს. განსახილველ შემთხვევაში, დეპარტამენტი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელს ფასის განსაზღვრაში, რადგან მიიჩნევს, რომ ის შეუსაბამოდ დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. თუმცა, ამის საპირწონედ, ის ცალმხრივად განსაზღვრავს ფასს, რომელიც ანალოგიური ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფრით არის გამყარებული და ასევე მიკერძოებულია, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან. რატომ არ მიიჩნევა აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ფასი შეუსაბამოდ მაღალ ფასად? მხოლოდ იმიტომ, რომ აუდიტის დეპარტამენტმა განსაზღვრა? საბაზრო ფასის სადავოობისას, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამყარებული უნდა იყოს უტყუარი მტკიცებულებებით, როგორიცაა მაგალითად ექსპერტიზის დასკვნა.

კანონმდებლობის დანაწესიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა გამოეყენებინა შედარების მეთოდი - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არის განხორციელებული. გარდა ამისა, საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული შედარების მეთოდი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მხარისთვის.

ვირვალე და ხელმისაწვდომი მხარისთვის. ამდენად, შემოსავლების სამსახურის დასკვნები ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით არის კანონთან შეუსაბამო და ამასთან, მისი მსჯელობები გამორიცხავს ერთმანეთს, რაც საბოლოოდ ბუნდოვანს ხდის დასკვნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე, ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა უძრავი ქონება საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში (ბოლო სართული ე.წ. ჭერი და 3 სარდაფი). გარიგების თანახმად, კვადრატულის ფასი განსაზღვრული ჰქონდა 14-დან 30 აშშ დოლარამდე. გადასახადის გადამხდელი საცხოვრებელი ბინებს ბეგრავდა 1 კვადრატი - საშუალოდ 150 აშშ დოლარის ფარგლებში. ფასები მერყეობს 26 აშშ დოლარიდან 256 აშშ დოლარის ფარგლებში, სარდაფის, ბინის და საოფისე ფართის სტატუსის მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მიწოდება, რომლებზეც გამოყენებულია საბაზრო ფასი, განხორციელებულია კომპანიის დირექტორის მამაზე და პირზე, რომელიც კომპანიაში იღებდა ხელფასს და წარმოადგენდა დასაქმებულ პირს. საბაზრო ფასები აღებულია კომპანიისთვის ავანსად ჩარიცხული თანხების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №29 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომლებზეც არ არსებობს მტკიცებულება, რომ გარიგების მონაწილეებს შორის უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასი განსხვავდება (ნაკლებია) ფაქტობრივი ფასისაგან, საწარმოს მიერ არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულების საბაზრო ფასის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №29 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. მიღებული ავანსების დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია, რომელთა საკომპენსაციო თანხების ნაწილი ჩარიცხულია ავანსად ბანკში. გადამხდელს აღნიშნული თანხების მიღება სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით (თანხის მიღების პერიოდი), მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ვინაიდან ვერ მოხერხდა საცხოვრებელი ბინების გადაფორმება, ავანსის სახით მომავალი მესაკუთრეების მიერ ჩარიცხული საკომპენსაციო თანხების ნაწილი დააბრუნა უკან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აქტში მოცემულ №3 საკითხში სადავოა ავანსად ჩარიცხული თანხების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი. ამ საკითხთან მიმართებაშიც აუდიტის დეპარტამენტი იგივეს აღნიშნავს, რომ „გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხს. არგუმენტაცია არ წარმოუდგენია“.

კომპანიის დირექტორის განმარტებით, მან წარადგინა დეტალური განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამასთან მყიდველებიც არაერთგზის იყვნენ გამოკითხულნი შემსრულებლის მიერ ზემოთხსენებულ საკითხზე. აღნიშნულ საკითხში შემოსავლების სამსახურმა მთლიანად გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რაც გაუგებარია, რადგან სწორედ ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაასაბუთოს თავისი დასკვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია, რომელთა საკომპენსაციო თანხების ნაწილი ჩარიცხულია ავანსად ბანკში. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული თანხების მიღება სრულად არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია, რომლის საკომპენსაციო თანხების ნაწილი ჩარიცხულია ავანსად ბანკში. დანიშნულებაში ბინის სარეალიზაციო ღირებულებაა მითითებული.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებით პირდაპირ მითითებულია ბინის ღირებულების გადასახადი. ერთ-ერთი ჩარიცხვა ფიქსირდება დაახლოებით 5-ჯერ მეტი, ვიდრე მომჩივანმა მიუთითა გასაყიდი ღირებულება. თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია შემთხვევა, სადაც თანხის დაბრუნება განხორციელებულია საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან თანხები საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია ბინის ღირებულების გადახდის დანიშნულებით, მიიჩნევს, რომ აღნიშნული ავანსების მიხედვით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სამშენებლო მასალების რეალიზებულად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების სხვადასხვა ადგილას მიტანა.

აღნიშნულ მისამართებზე კომპანიას სამშენებლო ობიექტი არ უფიქსირდება, ასევე, არ არის გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. შემოწმებით აღნიშნული სამშენებლო მასალები ჩაითვალა რეალიზებულად.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების სხვადასხვა ადგილას მიტანა. აღნიშნულ მისამართებზე კომპანიას სამშენებლო ობიექტი არ უფიქსირდება, ასევე, არ არის გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით სამშენებლო მასალები ჩაითვალა რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ სასაქონლო ზედნადებები შეცდომით გამოიწერა კომპანიის იურიდიულ მისამართზე და აღნიშნული მასალების რეალიზაციას ადგილი არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ადმინისტრაციულ განხილვაზე წარდგენილია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, სადაც მითითებულია, რომ მისამართი, რომელიც ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებში, არის გადამხდელის იურიდიული მისამართი. მართალია ამ მისამართზე იგი არ აწარმოებს მშენებლობას, თუმცა აქ მდებარეობს მისი ოფისი და შესაბამისად, სასაქონლო ზედნადებში მიეთითა ოფისის მისამართი, თუმცა ეს განმარტება და წარდგენილი მტკიცებულება არ აღმოჩნდა საკმარისი შემოსავლების სამსახურისთვის.

შემოწმების აქტით საერთოდ ბუნდოვანია და არ დგინდება, რომელი სასაქონლო ზედნადებია სადავო აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონის დარღვევით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო შესწავლის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების სხვადასხვა ადგილას მიტანა. აღნიშნულ მისამართებზე კომპანიას სამშენებლო ობიექტი არ უფიქსირდება, ასევე, არ არის გამოწერილი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ბაზების მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სასაქონლო ზედნადებებით სამშენებლო მასალების სხვადასხვა ადგილას მიტანა. აღნიშნულ მისამართებზე კომპანიას სამშენებლო ობიექტი არ უფიქსირდება. დასრულების ადგილები არის ---------,----------, ----------, ------------ და სხვადასხვა ქუჩის დასახელებები. გამოწერილი არ არის შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და ვინაიდან გამოწერილი არ არის შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, ამასთან არ დასტურდება, რომ სამეურნეო ოპერაციის ამსახველი დოკუმენტები გამოწერილია შეცდომით, მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.