გადაწყვეტილება №25544/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.10.2025
№ დოკუმენტი 25544/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25544/2/2025

10 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------"-ის 30.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25544/2/2025).

 

დავის საგანი:

სასამართლოს 30.12.2024 წლის (საქმე №3/886-23) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №9810 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2025 წლის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16368 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 114.21 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 100

საურავი - 14.21

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.03.2017 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

თავდაპირველად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო„-------" (პ/ნ „-------"), 29.06.2018 წელს კომპანიის 99.98898%-იანი წილის მფლობელი გახდა „-------" (პ/ნ „-------") (დანარჩენ პროცენტს ფლობს 5 ფიზიკური პირი) და კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მისი არსებითი შემადგენელი ნაწილით, საკადასტრო კოდი:„-------") ღირებულებით 17 272 000 ლარი (რომელზეც არსებობს შპს უძრავი ქონების ექსპერტის მიერ გაცემული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ). აღნიშნულ მიწას „-------" ფლობს 2000 წლიდან, 2013 წელს აღებული აქვს ნებართვა მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის მშენებლობაზე. მშენებლობის მომსახურებას უწევს შპს „-------". შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „-------"-ის მიერ უძრავი ქონების ღირებულება საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტში შეადგენდა 2 048 672 ლარს (მიწის ღირებულება და შპს „-------"-სთვის გადახდილი მომსახურების თანხა). საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ საწესდებო კაპიტალის თანხად განისაზღვრა 2 048 672 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №42709 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 18.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.09.2022 წლის №24113 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.12.2022 წლის №17903/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა 10.02.2023 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო ამავე წლის 20 მარტს დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა. ასევე, მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 20.09.2022 წლის №24113 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2022 წლის №17903/2/2022 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის №3/886-23 გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრა, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №006-1142 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 20.09.2022 წლის №24113 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.12.2022 წლის №17903/2/2022 გადაწყვეტილება. ამასთან მოპასუხე, შემოსავლების სამსახურს, დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის №3/886-23 გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლის 11.03.2025 წლის (საქმე №3ბ/391-25) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 13.05.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კომპანია განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი, რომელიც შედგება მიწის ღირებულებისა (100 000 ლარი) და შპს „------- - ს“ მიერ გაწეული მომსახურებისგან, იმაზე მეტია, ვიდრე შემოწმების შედეგად დაფიქსირდა. შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც საუბარია გადაწყვეტილებაში და რომელიც დაადასტურებდა ღირებულების გაზრდას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მიმღები მხარისთვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტში“, ვინაიდან, ღირებულებასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა არ განხორციელებულა, შემმოწმებელი კვლავ დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას (2 048 672 ლარი) და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის თანხა დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 15.05.2025 წლის №9810 ბრძანება და 16.05.2025 წლის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.07.2025 წლის №16368 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, 267-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 151-ე მუხლის პირველ და მე2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/886-23), რომელშიც განმარტებულია შემდეგი:

„სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია მომჩივანის 29.06.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, დღის წესრიგად განიხილეს კომპანიის საწესდებო კაპიტალის გაზრდა და შესაბამისად პარტნიორთა შორის წილების გადანაწილება.აღნიშნული დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ „-------"-ის, როგორც საზოგადოების პარტნიორის მიერ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მისი არსებითი შემადგენელი ნაწილით) მდებარე: ქ. „-------" , „-------", „-------"-ის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: „-------") ღირებულებით - 17 270 000 (ჩვიდმეტი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი. შესაბამისად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და შეადგინა - 17 272 000 ლარი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოების პარტნიორთა შორის წილების გადანაწილებების პროპორციულობა და დადგინდა შემდეგი სახით, მათ შორის „-------"-ის წილი განისაზღვრა 99,98898%-ით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლს პირველი ნაწილით დადგენილი შემთხვევა.

ხოლო, რაც შეეხება აღნიშნული ნორმის მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრას (შემცირებას) სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ქმედება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის“.

ამასთან, ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: „წარმოდგენილია 15.09.2017 წლის „-------"-ისა და შპს „------ -ს “ შორის დადებული შეთანხმება 2.05.2013 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც შეიცვალა 1.1. პუნქტი და 5.1. პუნქტები და სამუშაოების დასრულების პერიოდად განისაზღვრა 1.05.2018 წელი. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ შპს „----- -სთვის“ გადახდილი მომსახურების თანხის ოდენობას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებით შპს „------ -სათვის“ გადახდილი მომსახურების თანხა მნიშვნელოვანად აღემატება 2 048 672 ლარს. შესაბამისად, არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ღირებულების ოდენობას. მხედველობაშია მისაღები, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას გამოთხოვილი და შეფასებული არ ყოფილა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილების (საქმე №3/886-23) მიხედვით: „სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირები, გამოითხოვოს მათგან შესაბამისი მტკიცებულებები/ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს როგორც მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალური მდგომარეობა (საწარმოში აქტივის შეტანის მომენტისათვის რამდენი სართული იყო აშენებული, რა მდგომარეობაში რა ღირებულებით) და მათი საბაზრო ღირებულება, ასევე, შპს „------ -ს “ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება (რა მომსახურება იგულისხმება და კონკრეტულად რა ოდენობით)“.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულების გაზრდას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას. ვინაიდან, როგორც საგადასახადო შემოწმების, ასევე გადაანგარიშების ეტაპზეც, კაპიტალში შეტანილ ქონებაზე დამატებით გაწეული ხარჯის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ ფიქსირდება, ქონების თვითღირებულება გამოთვლილია მიწის ღირებულების და „-------"-ის (საწესდებო კაპიტალის შემტანის) მიერ შპს „------ -სთვის“ გადახდილი თანხების მიხედვით.

ამასთან, საგადასახადო დავის მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №„-------" წერილით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯების შესახებ მტკიცებულებები, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებები, მომსახურების ღირებულების და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და სხვა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის წარდგენილი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული მასალებით და საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევით დგინდება, რომ ქონება კაპიტალში შეტანის მომენტისთვის იყო კარკასულ მდგომარეობაში (აღნიშნული დასტურდება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი მასალებით, კერძოდ, TAS.ge-ზე არსებული ინფორმაციით), შესაბამისად, კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯები მოიცავს მხოლოდ მიწის ღირებულებას და შპს „------ -ს“ მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილ თანხებს სულ 2 048 672 ლარს.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის დებულებები, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ნორმის პირველი ნაწილი ეხება სწორედ წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემას, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს აღნიშნული აქტივის ღირებულებას გადაცემის მომენტისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მიმღები მხარისთვის აქტივების (საწარმოს კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების) ღირებულების განსაზღვრა, მიმწოდებელი მხარისთვის მისი გადაცემის მომენტში არსებული თვითღირებულებით მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე დამატებით ხარჯის გაწევის მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ აქტივის თვითღირებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გამოსაცემად ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. ბრძანებაში მითითებულია თითქოსდა გამოცემის საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის №3/886-23 გადაწყვეტილება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ხელახლა გადათვლის განხორციელება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის გადათვლის ნაწილში. შესაბამისად, ერთხელ უკვე გამოცემული აქტების, რომლების გასაჩივრებაც არ მომხდარა სასამართლო წესით, ხელმეორედ გამოცემა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება დასკვნას, იგი არა მხოლოდ უკანონოა, არაობიექტური და არაზუსტია, არამედ ამავე დროს დანაშაულებრივია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლი.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, რომლის მოპასუხეებს მიეცათ კონკრეტული, შესასრულებლად სავალდებულო მითითება/დავალება. კერძოდ, გადაწყვეტილების 6.5 პუნქტის ბოლო ნაწილი განმარტავს:

„განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები №1 საკითხზე მსჯელობის ნაწილში (საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში) გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო აქტები გასაჩივრებულ ნაწილში (საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი“.

ასევე გადაწყვეტილების 6.3 ნაწილში განმარტებულია შემდეგი:

„საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და დავის საგნის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ისეთი შემთხვევა, როდესაც იურიდიულ პირში ხდება წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემა, რაც არ განიხილება აქტივის მიწოდებად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მიმღები და მიმწოდებელი მხარისთვის აქტივის ღირებულებას, რაც განისაზღვრება აქტივის (ქონების) იურიდიულ პირში გადაცემის (შეტანის) დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სწორედ ხსენებული შინაარსით, ვინაიდან ნორმის პირველი და მე-2 ნაწილი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ნორმის პირველი ნაწილი ეხება სწორედ წილის სანაცლოდ აქტივის გადაცემას, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს სწორედ აღნიშნული აქტივის ღირებულებას გადაცემის მომენტისათვის, კერძოდ კი იმ პერიოდისათვის როდესაც ხდება აქტივის საზოგადოების კაპიტალში ასახვა. მოცემულ შემთხვევაში კი ამ პერიოდს წარმოადგენს 29.06.2018 წელი. განსახილველ შემთხვევაში ნორმის არასწორმა განმარტებამ განაპირობა ის რომ „-------"-ის მიერ განხორციელებული აქტივის ღირებულების განსაზღვრა მოხდა არა 2018 წლის მდგომარეობით (საწარმოში აქტივის გადაცემის მომენტი) არსებული საბაზრო ღირებულებით, არამედ 2007 წელს „-------"-სა და „-------"-ს შორის დადებული მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებით თანხის შესაბამისად, რაც არ გამომდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის შინაარსიდან“.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად აუდიტის დეპარტამენტმა უგულებელყო სასამართლოს პირდაპირი მითითება და სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ 13.05.2025 წელს დასკვნაში კვლავ მიუთითა, რომ საწესდებო კაპიტალის ოდენობას კვლავ განსაზღვრავს „-------"-ის მიერ მიწის შეძენისას მის მიერ გადახდილი ღირებულებისა და შპს „-------სთვის “ გადახდილი მომსახურების საფასურის ჯამით და არა ქონების საბაზრო ღირებულებით „-------"-ის მიერ მისი კომპანიის კაპიტალში შეტანის მომენტისათვის.

აღნიშნულის გარდა, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, თითქოსდა კომპანიის მიერ საქმესთან დაკავშირებული ახალი დოკუმენტაციის წარუდგენლობამ „გახადა იძულებულები“ ძალაში დაეტოვებინათ არსებული კალკულაციები წარმოადგენს სრულ აბსურდს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველა ახალი დოკუმენტი კომპანიის მიერ წარდგენილია სასამართლოში და გადაეცა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც თავად წარმოადგენდა სასამართლო მხარეს. შესაბამისად ფაქტია, რომ ახალი დოკუმენტაციის „არასებობაზე“ მითითება წარმოადგენს უბრალო ტყუილს. ამასთან, სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც მოპასუხე მხარეს გააჩნდა არასწორი, არაკანონიერი იყო საწესდებო კაპიტალის გასაჩივრებული აქტის დადგენილი ოდენობით განსაზღვრა. შესაბამისად, იმავე მტკიცებულებების არსებობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა იგივე დასკვნა. იმავე გაანგარიშების გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი ადმინისტრაციული ორგანო მოიპოვებდა დამატებით მტკიცებულებებს საკუთარი გაანგარიშების დასასაბუთებლად და არა პირიქით.

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები. მხოლოდ სასამართლოს ფუნქციაა გადაწყვიტოს სადავო საკითხი იმ მხარის სასარგებლოდ, რომლისკენაც იხრება კანონისა და სიმართლის სასწორი, ამასთან, სასამართლოს პრეროგატივაა არა მხოლოდ აკონტროლოს მართლმსაჯულების სისტემა, არამედ ხელი შეუწყოს კანონის ერთგვაროვან და მართულ გამოყენებას.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს, მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულების გამო, არ შეუძლია დაიკავოს ადმინისტრაციული ორგანოს ადგილი, იგი ვალდებულია უზრუნველყოს გონივრული კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის სწორ შესრულებაზე, რაც პირველ რიგში გამოიხატება კანონის ნორმათა განმარტებით.

მნიშვნელოვანია პროცესზე უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული რეალიზებული უფლების მაქსიმალურად დაცულობა, როგორც აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-13 მუხლში. დაცვის საშუალება უნდა აკმაყოფილებდეს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებს, იგი უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან და სათანადო განხილვის შესაძლებლობას, შეუძლებელია დაცვის საშუალება იყოს ეფექტური თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება დროულად, კანონით დადგენილი წესით. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მიაჩნია, რომ პრინციპები, რომლებსაც სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებულ აღსრულებაზე ვრცელდება „Mutatis Mutandis“, ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ საქმეებზე, იმისგან დამოუკიდებლად საქმე აღძრულია ფიზიკური პირის თუ საჯარო დაწესებულების მიმართ. სახელმწიფოში სადაც სამართლის უზენაესობის პრინციპია დაცული, საჯარო დაწესებულებები ყველაზე უფრო მეტად არიან ვალდებულნი, პატივი სცენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და „ex officio“ ვალდებულნი არიან დროულად აღასრულონ ასეთი გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის განიხილა მომჩივნის მიერ წარდგენილი განაცხადი და დაასკვნა, რომ „პირი რომელმაც მიიღო აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის წარმატებით მოგების შედეგად არ უნდა იყოს ვალდებული სააღსრულებო წარმოებას მიმართოს და თავიდან წარადგინოს მტკიცებულებები, იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება აღსრულდეს. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დისციპლინურ და სისხლის სამართლის წარმოებას, რომლებმაც უარი თქვეს ან გააჭიანურეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო, დასკვნა №10, 2010,9).

აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტები არა მხოლოდ უკანონოა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაში, არამედ წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართალს, არღვევს მართლმსაჯულების ციკლს და შეუძლებელს ხდის მის აღსრულებას.

დამატებით უნდა ითქვას, რომ სრულიად გამაოგნებელ ცალსახა ტყუილს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებული განმარტება, თითქოსდა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისია. რეალურად კი სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ გადაცემული აქტივი უნდა შეფასებულიყო არა „თვითღირებულებით“ არამედ საბაზრო ღირებულებით. ამასთან ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისთანავე მშვენივრად ჰქონდა გაგებული მისი შინაარსი და ცალსახად ესმოდა, რომ სასამართლომ მათ დაავალა აქტივის სწორედ საბაზრო ღირებულებით განსაზღვრა, მოწმობს მოპასუხეების მიერ თბილისი სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივრები, სადაც მათ მიერ გასაჩივრებულ და შედავებულ გარემოებას წარმოადგენს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დავალება აქტივის საბაზრო ღირებულებით შეფასებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კი ცალსახად მოწმობს, რომ შემოსავლების სამსახურს მშვენივრად ესმოდა და ესმის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათზე მიცემული მითითება და ახლა, არა რაიმე გაუგებრობით ან შემთხვევით, არამედ შეგნებულად და განზრახ ახდენს სასამართლო დავალიანების უგულვებელყოფას და მის წინააღმდეგ წასვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილებაში (საქმე №3/886-23) მითითებულია შემდეგი:

„საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დავის საგნის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ისეთი შემთხვევა, როდესაც იურიდიულ პირში ხდება წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემა, რაც არ განიხილება აქტივის მიწოდებად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს მიმღები და მიმწოდებელი მხარისათვის აქტივის ღირებულებას, რაც განისაზღვრება აქტივის (ქონების) იურიდიულ პირში გადაცემის (შეტანის) დროისათვის არსებული საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული ნორმა უნდა განიმარტოს სწორედ ხსენებული შინაარსით, ვინაიდან ნორმის პირველი და მე-2 ნაწილი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. ნორმის პირველი ნაწილი ეხება სწორედ წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემას, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს სწორედ აღნიშნული აქტივის ღირებულებას გადაცემის მომენტისათვის, კერძოდ კი იმ პერიოდისათვის როდესაც ხდება აქტივის საზოგადოების კაპიტალში ასახვა, მოცემულ შემთხვევაში კი ამ პერიოდს წარმოადგენს 29.06.2018 წელი. განსახილველ შემთხვევაში, ნორმის არასწორმა განმარტებამ განაპირობა ის რომ „-------"-ის მიერ განხორციელებული აქტივის ღირებულების განსაზღვრა მოხდა არა 2018 წლის მდგომარეობით (საწარმოში აქტივის გადაცემის მომენტი) არსებული საბაზრო ღირებულებით, არამედ 2007 წელს „-------"-სა და „-------"-ს შორის დადებული მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების თანხის შესაბამისად, რაც არ გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის შინაარსიდან.

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია მომჩივანის 29.06.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, დღის წესრიგად განიხილეს კომპანიის საწესდებო კაპიტალის გაზრდა და შესაბამისად პარტნიორთა შორის წილების გადანაწილება. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად დადგენილია, რომ „-------"-ის, როგორც საზოგადოების პარტნიორის მიერ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნა უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი მისი არსებითი შემადგენელი ნაწილით) მდებარე: ქ. „-------", „-------", „-------"მიმდებარედ (საკადასტრო კოდი: „-------") ღირებულებით - 17 270 000 (ჩვიდმეტი მილიონ ორას სამოცდაათი ათასი) ლარი. შესაბამისად, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი გაიზარდა და შეადგინა - 17 272 000 ლარი. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოების პარტნიორთა შორის წილების გადანაწილებების პროპორციულობა და დადგინდა შემდეგი სახით, მათ შორის„-------"-ის წილი განისაზღვრა 99,98898%-ით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლს პირველი ნაწილით დადგენილი შემთხვევა.

ხოლო, რაც შეეხება აღნიშნული ნორმის მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრას (შემცირებას) სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ქმედება უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული თუ რის საფუძველზე მოხდა საწარმოს კაპიტალის ღირებულების განსაზღვრა 17 242 000 ლარის ნაცვლად, 2 048 672 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის განმარტების თანახმად ზემოაღნიშნულ თანხაში იგულისხმება - როგორც მიწის ღირებულება 100 000 ლარის ოდენობით (რეალური ხარჯი რაც გაიღო „-------"-მ მისი შეძენისას 2007 წელს) ასევე, შპს „------ -სთვის“ გადახდილი მომსახურების თანხა. მხედველობაშია მისაღები, რომ მოცემულ საკითხზე მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა 2007 წელს „-------"-სა და „-------"-ს შორის უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფასით. თუმცა მათ მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საწესდებო კაპიტალში აქტივის გადაცემის მომენტისათვის - 2018 წლის ივნისისათვის მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების იმჟამინდელი მდგომარეობა და საბაზრო ღირებულება (იმ დროისთვის რამდენი სართული იყო აშენებული, რა მდგომარეობაში და რა ღირებულებით), რაც საგადასახადო ორგანოს აქტივის ღირებულების ზუსტად განსაზღვრის ობიექტურ საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება, შპს „-------" გადახდილი მომსახურების თანხას, აღნიშნულ ნაწილში მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ეს არის კომპანიისათვის აქტივების გადაცემამდე, კერძოდ 29.06.2018 წლამდე, შპს „-------"-ს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილია 2.05.2013 წლის „-------"-სა და შპს „-------"-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემკვეთი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას განახორციელოს ქ. „-------"„-------", „-------"-ის მიმდებარედ (ს/კ „-------") მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ხიმინჯების (საორიენტაციოდ 1200 გრძმ) მოწყობა და რკინა ბეტონის კარკასის (საორიენტაციოდ 16 000 მ2 ) მოწყობის სამშენებლო სამუშაოები. ასევე განსაზღვრულია ანაზღაურების წესიც. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესულების ვადად განისაზღვრა 1.12.2014 წელი. ასევე, წარმოდგენილია 15.09.2017 წლის „-------"-სა და შპს „-------"-ს შორის დადებული შეთანხმება 2.05.2013 წლის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც შეიცვალა 1.1. პუნქტი და 5.1. პუნქტები და სამუშაოების დასრულების პერიოდად განისაზღვრა 1.05.2018 წელი. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ შპს „-------"-სთვის გადახდილი მომსახურების თანხის ოდენობას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულებით „-------"-სთვის გადახდილი მომსახურების თანხა მნიშვნელოვანად აღემატება 2 048 672 ლარს. შესაბამისად, არ ეთანხმება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ ღირებულების ოდენობას. მხედველობაშია მისაღები, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას გამოთხოვილი და შეფასებული არ ყოფილა.

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები, საჭიროების შემთხვევაში ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირები, გამოითხოვოს მათგან შესაბამისი მტკიცებულებები/ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს როგორც მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალური მდგომარეობა (საწარმოში აქტივის შეტანის მომენტისათვის რამდენი სართული იყო აშენებული, რა მდგომარეობაში რა ღირებულებით) და მათი საბაზრო ღირებულება, ასევე, შპს „-------"-ს მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება (რა მომსახურება იგულისხმება და კონკრეტულად რა ოდენობით).

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, სასამართლო მიჩნევს, რომ სადავო აქტები სადავო საკითხზე მსჯელობის ნაწილში (საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში) გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო აქტების გასაჩივრებულ ნაწილში (საწესდებო კაპიტალის ღირებულების განსაზღვრის ნაწილში) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხე შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი“.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლების განმარტებით აუდიტის დეპარტამენტს აღარ უნდა განემარტა საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლი და უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის განმარტებით. ამდენად, ადგილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას. აუდიტის დეპარტამენტმა უგულებელყო სასამართლოს პირდაპირი მითითება და სასამართლო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ 13.05.2025 წელს დასკვნაში კვლავ მიუთითა, რომ საწესდებო კაპიტალის ოდენობას კვლავ განსაზღვრავს„-------"-ის მიერ მიწის შეძენისას მის მიერ გადახდილი ღირებულებისა და შპს „-------"-სთვის გადახდილი მომსახურების საფასურის ჯამით და არა ქონების საბაზრო ღირებულებით „-------"-ის მიერ მისი კომპანიის კაპიტალში შეტანის მომენტისათვის. სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც მოპასუხე მხარეს გააჩნდა არასწორი, არაკანონიერი იყო საწესდებო კაპიტალის გასაჩივრებული აქტის დადგენილი ოდენობით განსაზღვრა. სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ გადაცემული აქტივი უნდა შეფასებულიყო არა „თვითღირებულებით“ არამედ საბაზრო ღირებულებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 13.05.2025 წლის დასკვნით:

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში კომპანია განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი, რომელიც შედგება მიწის ღირებულებისა (100 000 ლარი) და შპს „-------"-ს მიერ გაწეული მომსახურებისგან, იმაზე მეტია, ვიდრე შემოწმების შედეგად დაფიქსირდა. შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც საუბარია გადაწყვეტილებაში და რომელიც დაადასტურებდა ღირებულების გაზრდას. თუმცა გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „მიმღები მხარისთვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტში“, ვინაიდან, ღირებულებასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა არ განხორციელებულა, შემმოწმებელი კვლავ დაეყრდნო საწესდებო კაპიტალის შეტანის მომენტში არსებული ქონების თვითღირებულებას (2 048 672 ლარი) და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის თანხა დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 11.06.2025 წლის №„-------" წერილით გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილია ინფორმაცია კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯების შესახებ მტკიცებულებებზე, ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებები, მომსახურების ღირებულების და გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია, უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და სხვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, საქმეში არსებული მასალებით და საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევით დგინდება, რომ ქონება კაპიტალში შეტანის მომენტისთვის იყო კარკასულ მდგომარეობაში (აღნიშნული დასტურდება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი მასალებით, კერძოდ, TAS.geზე არსებული ინფორმაციით), შესაბამისად, კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების ხარჯები მოიცავს მხოლოდ მიწის ღირებულებას და შპს „-------"-ს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილ თანხებს სულ 2 048 672 ლარს. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მიმღები მხარისთვის აქტივების (საწარმოს კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების) ღირებულების განსაზღვრა, მიმწოდებელი მხარისთვის მისი გადაცემის მომენტში არსებული თვითღირებულებით მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე დამატებით ხარჯის გაწევის მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგად დადგენილ აქტივის თვითღირებულებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ „სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლს პირველი ნაწილით დადგენილი შემთხვევა“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ცალსახად და უტყუარად ადასტურებს, რომ იურიდიულ პირში მოხდა წილის სანაცვლოდ აქტივის გადაცემა, რაც არ განიხილება აქტივის მიწოდებად და მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის. აქტივების ღირებულება განისაზღვრება საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.12.2024 წლის (საქმე №3/886-23) გადაწყვეტილების აღსრულებისას, აუდიტის დეპარტამენტმა მართებულად იმოქმედა საგადასახადო კოდექსის 151-ე (იურიდიულ პირში წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების შეტანა) და 148-ე (აქტივების ღირებულება) მუხლების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სასამართლოს 30.12.2024 წლის (საქმე №3/886-23) გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის 99.98898%-იანი წილის მფლობელი გახდა ფიზიკური პირი(დანარჩენ პროცენტს ფლობს 5 ფიზიკური პირი) და კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეიტანა უძრავი ქონება ღირებულებით 17 272 000 ლარი.აღნიშნულ მიწას კომპანიის წილის მფლობელი ფლობს 2000 წლიდან, 2013 წელს აღებული აქვს ნებართვა მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის მშენებლობაზე. მშენებლობის მომსახურებას უწევს შპს . შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წილის მფლობელის მიერ უძრავი ქონების ღირებულება საწესდებო კაპიტალში შეტანის მომენტში შეადგენდა 2 048 672 ლარს.სსკ-ის 151-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ საწესდებო კაპიტალის თანხად განისაზღვრა 2 048 672 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სასამართლოს 30.12.2024 წლის (საქმე №3/886-23) გადაწყვეტილება აღსრულებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

148,151,155.