გადაწყვეტილება №20227/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20227/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20227/2/2023

12 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---- --------ძე (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---- --------ძის 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20227/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №023-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14729 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 181 309,18 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 116 154

დღგ - 100 607

მიწა - არასასოფლო - 1 008

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 90

საშემოსავლო გადასახადი - 11 357

ქონების გადასახადი - 3 092

ჯარიმა - 58 076

საურავი - 7 079,18

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს საამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო და სასურსათო პროდუქტით საცალო ვაჭრობა, ასევე ამუშავებს ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურს. რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმედ.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ობიექტში ------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ----ში. 2023 წლის 26 იანვარს, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დათვალიერების პროცედურები, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტოგასამართ სადგურზე (აგს) დადებული იყო ლუქები, რომელთა შესახებ არ იყო წარდგენილი განცხადება შემოსავლების სამსახურში, ასევე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, არ აწარმოებდა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალს.

აღნიშნულ დარღვევებზე გამოწერილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გამოყენებულ იქნა ნაშთის განსაზღვრისთვის და ფასნამატის დასადგენად. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადით (1% და 3%) და დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა ობიექტზე ააშენა შენობა-ნაგებობა, რომლისთვის შეძენილი მასალები გამოაკლდა შემოწმების შედეგად რეალიზებულად ჩათვლილ ოდენობას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7312 ბრძანება და ამავე თარიღის №023-4 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14729 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივრის განხილვა მოხდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად მოსმენილი იქნა მხოლოდ შემმოწმებლების არგუმენტები, რაზეც საპასუხო არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მიეცა, რითაც აღმოჩნდა არათანასწორ პირობებში და დაირღვა მისი უფლებები.

ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები დეკლარირებული აქვს დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის შესაბამისად.

1.შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ანალოგიური პრინციპით განხორციელდა საშემოსავლო გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საწარმო საბუღალტრო აღრიცხვას ორისის პროგრამით ახორციელებს და შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა მათ მიერ მოთხოვნილი ყველა სახის დოკუმენტაცია. ვერ გაიზიარებს საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ გაანგარიშების შედეგებს.

საგადასახადო ორგანოს მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა, ატარებს ცალმხრივ ხასიათს. ფასნამატი ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია და არ უდრის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ ფასნამატს. საქონლის რეალიზაცია ხდება საცალო ვაჭრობით, ფიზიკურ პირებზე და არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. შემოწმებამ ფასნამატის დასადგენად იხელმძღვანელა მომჩივანთან ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებით. ინვენტარიზაციის მომენტში ზოგიერთი (უმეტესი) მასალა (რომელთა წილობრივი პროცენტი შეძენილ მთლიან სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში დიდია), ან მისი მსგავსი აღარ იყო ნაშთად, რაზედაც ასევე გავრცელდა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. შესაბამისად მათზე იგივე ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გავრცელება მიაჩნია რომ არ ასახავს რეალობას. ამ ნაწილში საჭიროა მეტი რეალობის დადგენა. რაც შეამცირებს დამატებით დარიცხულ თანხებს როგორც საშემოსავლო გადასახადის ასევე დღგ-ს ნაწილში. ასევე დიდია ცდომილება მათემატიკურად გაანგარიშებაში.

2. შემოწმების აქტით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართულია იმ საამშენებლო მასალების რეალიზაციიდან მისაღები შემოსავალი რომელიც გამოყენებულია ბიზნესსაქმიანობისთვის შენობა-ნაგებობების ასაშენებლად კეთილმოწყობის მიზნით. რომელიც აღრიცხულია ბუღალტრულად და ასევე დამატებით წარმოადგენს გაანგარიშებებს და დოკუმენტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამრიგად, საგადასახადო შემოწმებით ფაქტიურად, იმ თანხებით, რაც არ მიუღია, გაიზარდა გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული საკითხი ასევე საჭიროებს მეტ შესწავლას და რეალობის დადგენას. ამდენად, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საშემოსავლო გადასახადის გაზრდით, ზედმეტად დარიცხული გადასახადებისა და სანქცია-საურავების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

დადგენილია, რომ მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ინვენტარიზაციით დათვლილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები გამოყენებულ იქნა შემოწმების პროცესში ნაშთის განსაზღვრისთვის და ფასნამატის დასადგენად. რაც შეეხება ფასნამატს, იგი გავრცელდა პროპორციულად, შეძენების მიხედვით, სახეობებად დაყოფილ საქონელზე, რაც გამორიცხავს არაძირითად პროდუქციაზე გავრცელებულ ფასნამატის გავლენას ძირითად სავაჭრო პროდუქციაზე. შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა ობიექტზე ააშენა შენობა-ნაგებობა (დამთვალიერებლების მიერ აღწერილი ქონება წარმოადგენდა მხოლოდ ბეტონის იატაკს და ბლოკებით აშენებულ კედლებს), რომელშიც გახარჯული იყო 265 000 ლარამდე თანხა, რომელიც მისი სიდიდის მიუხედავად, შემოწმებამ მაინც გაითვალისწინა.

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი მაჩვენებლები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14729 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი მაჩვენებლები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 26 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

მეწარმეს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. საქმიანობას ახორციელებს საკუთრებაში არსებულ ობიექტში. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დათვალიერების პროცედურები, რა დროსაც დადგინდა, რომ ავტოგასამართ სადგურზე (აგს) დადებული იყო ლუქები, რომელთა შესახებ არ იყო წარდგენილი განცხადება შემოსავლების სამსახურში, ასევე გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები მცირე ბიზნესის აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, არ აწარმოებდა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ჟურნალს.

აღნიშნულ დარღვევებზე გამოწერილ იქნა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოსავლები დათვლილი იქნა არაპირდაპირი მეთოდით. ინვენტარიზაციის შედეგად დათვლილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გამოყენებულ იქნა ნაშთის განსაზღვრისთვის და ფასნამატის დასადგენად. შედეგად, გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმის შესაბამისი საშემოსავლო გადასახადით (1% და 3%) და დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გარემოება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა ობიექტზე ააშენა შენობა-ნაგებობა, რომლისთვის შეძენილი მასალები გამოაკლდა შემოწმების შედეგად რეალიზებულად ჩათვლილ ოდენობას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №7312 ბრძანება და ამავე თარიღის №023-4 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14729 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით ანალოგიური ბიზნესის მწარმოებელ, სხვა გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში საგადასახადო კონტროლის პროცედურების შედეგად დადგენილი მაჩვენებლები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატის და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: ; 73(5 „ა“); 90(1,2); 93(11); 163(1); 164(1); 275;

,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი;

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ი;