ბრძანება N 17030-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 28.05.2019
№ დოკუმენტი 17030-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17030

28/05/2019

სს -------

(მის: ქ. ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2019 წლის 24 აპრილს (ოქმი N27) გამართულ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განიხილა სს ------- საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 დეკემბრის N007-471 „საგადასახადო მოთხოვნის“ თაობაზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

აცხადებს, რომ ფონდის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილების კვლევა და მათი შემდგომი განვითარება, პროცესი კი შედგება ორი ფაზისგან: კვლევითი სამუშაოების ფაზა და პროექტირების ფაზა. საგადასახადო შემოწმებისას, პირველი ფაზის მიმდინარეობისას გაწეული სახელფასო ხარჯები, რომელიც ანაზღაურებულია პროექტის მენეჯერებზე, ჩაითვალა პროექტის თვითღირებულების ნაწილად და შემცირდა 2015-2016 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები; მისი განმარტებით, სამუშაოების პირველი ფაზა ითვალისწინებს პოტენციურად განხორციელებადი პროექტის კვლევითი სამუშაოების ფაზაში კომპანიას არ შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს არამატერიალური აქტივი, რომელიც წარმოქმნის მომავალ ეკონომიკურ სარგებელს, კერძოდ, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად აქვს კონკრეტულ ლოკაციას შესაძლებლობა განვითარდეს ენერგეტიკული კუთხით. პირველი ეტაპის მიმდინარეობისას გაწეულ ყველა ტიპის დანახარჯს კომპანია ხარჯად აღიარებს იმ პერიოდში, როდესაც ხდება მისი გაწევა, რაც შეეხება პროექტის მენეჯერების ხელფასებს, მომჩივანი განმარტავს, რომ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული პირების ვალდებულებას წარმოადგენს პირველი ეტაპის განხორციელება, სწორედ ამიტომ კომპანია პროექტის მენეჯერების ხელფასებს არ განიხილავდა პროექტის თვითღირებულების ნაწილად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველი ეტაპის სამუშაოები წარმოადგენს სამეცნიერი-კვლევითი სამუშაოების ფაზას და აღნიშნულ ეტაპზე შეუძლებელია წინასწარი შედეგების განსაზღვრა, ეტაპის სახელფასო დანახარჯები გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან და ის არ წარმოადგენს პროექტის თვითღირებულების ნაწილს.

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოზე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 17 სექტემბრის №25796 ბრძანების საფუძველზე სს ------- ს ჩაუტარდა გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 19 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 21 დეკემბრის N37347 ბრძანება და ამავე თარიღის N007-471 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 220969 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 146273 ლარი, ჯარიმა 74696 ლარი, საურავი 0 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

„საწარმოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული პროექტების დამუშავება, რაც გულისხმობს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილების მოძიებას და მათ შესწავლას. საწარმოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტების ღირებულებაში არ შედის იმ შტატიანი თანამშრომლების ხელფასი, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული პროექტის განვითარებაზე - პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება ყველა ის ხარჯი, რომელიც ზრდის მის ღირებულებას. შემოწმების მიერ, საწარმოში დასაქმებული პროექტის მენეჯერების ხელფასი დაემატა პროექტების თვითღირებულებას. შესაბამისად, შემცირდა 2015-2016 წლებში მოგების გადასახადში გამოქვითული სახელფასო განაცემები. ამასთან, იგივე პრინციპით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი 355 215 ლარით.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 110-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გამოქვითვას ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები, გარდა ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა.

ხოლო სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, 1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 142-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვით:

„მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:

ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;

ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.“

სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.“

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბასს 38-ის მიხედვით:

„52. იმისათვის, რომ შეფასდეს, აკმაყოფილებს თუ არა საწარმოში წარმოქმნილი არამატერიალური აქტივი აღიარების კრიტერიუმებს, საწარმო ახდენს აქტივის წარმოქმნის პროცესის კლასიფიკაციას:

ა) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზად და

ბ) საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ფაზად.

თუმცა, ტერმინები ,,სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები” და ,,საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები” განმარტებულია, მაგრამ ,,სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზა” და ,,საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ფაზა“ უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ამ სტანდარტის მიზნისათვის.

53. თუ საწარმოს არ შეუძლია გამიჯნოს არამატერიალური აქტივის წარმოსაქმნელად განხორციელებული შიდა პროექტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზა საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ფაზისაგან, საწარმო დანახარჯებს ამ პროექტზე განიხილავს, თითქოს ისინი გაწეული იყო მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზაში.

54. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად (ან შიდა პროექტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზის შემდეგ) წარმოქმნილი არც ერთი არამატერიალური აქტივის აღიარება არ უნდა მოხდეს. სამეცნიერო- კვლევით სამუშაოებზე (ან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ფაზაში) გაწეული დანახარჯების აღიარება ხარჯის სახით უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც გაწეული იქნება დანახარჯი.

57. არამატერიალური აქტივი, რომელიც წარმოიქმნება საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შედეგად (ან შიდა პროექტის საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ფაზის შემდეგ) უნდა აღიარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც საწარმოს შეუძლია აჩვენოს:

ა) ტექნიკურად განხორციელებადია არამატერიალური აქტივის დასრულება ისე, რომ მისი გამოყენება ან გაყიდვა გახდეს შესაძლებელი;

ბ) არამატერიალური აქტივის დასრულებისა და გამოყენების ან მისი გაყიდვის განზრახვა; გ) არამატერიალური აქტივის გამოყენების ან გაყიდვის უნარი;

დ) თუ როგორ წარმოქმნის არამატერიალური აქტივი მომავალ ეკონომიკურ სარგებელს. ამასთან, საწარმომ უნდა აჩვენოს არამატერიალური აქტივის გამოყენების შედეგების ან თვით არამატერიალური აქტივის ბაზრის არსებობა, ან თუ მისი საწარმოში გამოყენებაა განზრახული - არამატერიალური აქტივის სარგებლიანობა;

ე) საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების დასრულებისა და არამატერიალური აქტივის გამოყენების ან გაყიდვისათვის საჭირო ადეკვატური ტექნიკური, ფინანსური და სხვა რესურსების არსებობა; და

ვ) საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების მიმდინარეობისას გაწეული, არამატერიალურ აქტივზე მიკუთვნებადი, დანახარჯების საიმედოდ შეფასების უნარი.

68. არამატერიალურ მუხლზე გაწეული დანახარჯი ხარჯის სახით უნდა აღიარდეს მაშინ, როდესაც დანახარჯი იქნება გაწეული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: ა) იგი არის იმ არამატერიალური აქტივის თვითღირებულების ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს აღიარების კრიტერიუმებს (იხილეთ პუნქტები 18-67-ე);

69. ზოგიერთ შემთხვევაში დანახარჯი გაიწევა მომავალი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, მაგრამ არ ხდება ისეთი არამატერიალური აქტივის ან სხვა აქტივის შეძენა ან შექმნა, რომლის აღიარება შესაძლებელი იქნება. საქონლის მიწოდების შემთხვევებში, საწარმო ამგვარ დანახარჯებს აღიარებს ხარჯის სახით, თუ მას ამ საქონლით სარგებლობის უფლება აქვს. მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საწარმო ამგვარ დანახარჯებს მაშინ აღიარებს, როდესაც მომსახურებას იღებს. მაგალითად, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დანახარჯი ხარჯის სახით აღიარდება დანახარჯის გაწევისთანავე (იხ. 54-ე პუნქტი).

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.“

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის (საქმე N3/2173-14) გადაწყვეტილებით (ეს გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განჩინებით, საქმე Nბს-702-695(2კ-16)) გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი ორგანო საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით არ არის აღჭურვილი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით და ეს ნორმა მას არ აძლევს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობებში ჩარევის შესაძლებლობას. კერძოდ, საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება უსაფუძვლოდ შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის ფორმა და შინაარსი, მაშინ, როდესაც ეს ოპერაცია შეესაბამება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრავს მხარეთა ნებას. ამასთან, საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვადებულების განსაზღვრის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოცემა გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფოს ვალდებულების დარღვევას და სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე მხარეთა ნების ავტონომიურობის უსაფუძვლოდ შეზღუდვას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და დავის წარმოების პერიოდში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ოპერაციის გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფორმითა და შინაარსით განხორციელება მიზნად ისახავდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილებას.

შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან, ოპერაციის სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფასებისას მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს საწარმოთა მოტივაცია და განისაზღვროს შედეგობრივად რისკენ არის მიმართული მათი ქმედებები.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის (საქმე Nბს-702-695(2კ-16)) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად „საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა ან სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, შესაბამისად, კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს ოპერაციის კორექტირებას, თუ მისი გამოხატვის ფორმა და მხარეთა რეალური ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, არამედ ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის, თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს.“

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის დასაბუთებული საწარმოში დასაქმებული პროექტის მენეჯერებისათვის გადახდილი ანაზღაურების პროექტის თვითღირებულების შემადგენელ კომპონენტად განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას პროექტის მენეჯერების ხელფასების პროექტების თვითღირებულებაზე დამატებასთან დაკავშირებით იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბასს 38-ის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დანახარჯი ხარჯის სახით აღიარდება დანახარჯის გაწევისთანავე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, ფაქტობრივი გარემოებების და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ენერგეტიკული პროექტების დამუშავებისას დასაქმებული პროექტის მენეჯერებისათვის გადახდილი ხელფასების პროექტის თვითღირებულების კომპონენტად განხილვის და აღნიშნული ხელფასების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს ------- ს 2019 წლის 21 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს მიერ ენერგეტიკული პროექტების დამუშავებისას დასაქმებული პროექტის მენეჯერებისათვის გადახდილი ხელფასების პროექტის თვითღირებულების კომპონენტად განხილვის და აღნიშნული ხელფასების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სახელფასო ხარჯების პროექტის თვითღირებულების ნაწილად ჩათვლას და ამ პრინციპით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებას;

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

საწარმოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილების მოძიება და მათი შესწავლა. საწარმოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტების ღირებულებაში არ შედის იმ შტატიანი თანამშრომლების ხელფასი, რომლებიც მუშაობენ კონკრეტული პროექტის განვითარებაზე - პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინაიდან სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება ყველა ის ხარჯი, რომელიც ზრდის მის ღირებულებას. შემოწმების მიერ, საწარმოში დასაქმებული პროექტის მენეჯერების ხელფასი დაემატა პროექტების თვითღირებულებას. შესაბამისად, შემცირდა 2015-2016 წლებში მოგების გადასახადში გამოქვითული სახელფასო განაცემები. ამასთან, იგივე პრინციპით შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული წინა წლების ზარალი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ენერგეტიკული პროექტების დამუშავებისას დასაქმებული პროექტის მენეჯერებისათვის გადახდილი ხელფასების პროექტის თვითღირებულების კომპონენტად განხილვის და აღნიშნული ხელფასების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 105(1); 110; 148(1)

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები