გადაწყვეტილება №24202/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24202/2/2024
11 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 28.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24202/2/2024).
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის ნაშთის იმ ნაწილის, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №024-53 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21970 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 540 926,75 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 320 240
დღგ - 110 587
საშემოსავლო გადასახადი -209 216
ქონების გადასახადი - 437
ჯარიმა - 159 342
საურავი - 61 344,75
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 12.02.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.07.2024 წლის №024-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21970 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნაღდი ფულის ნაშთის იმ ნაწილის, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები, საწარმოში 12.02.2024 წელს ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი.
შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. განისაზღვრა შემოსავლები და ხარჯები, დადგინდა ფულის ბუღალტრული ნაშთი, ხოლო ფაქტობრივ ნაშთად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მიჩნეულ იქნა 0 ლარი. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ნაწილში, სრულად არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლისთვის მიწოდებული დოკუმენტაცია, სადაც წარდგენილია ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემული თანხების მიმღები მცირე მეწარმეების შესახებ ინფორმაცია. ნაღდი ანგარიშსწორებით მცირე მეწარმეებზე გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 2 102 840 ლარს, თუმცა აღნიშნული თანხის (დოკუმენტაციის) ნაწილი გათვალისწინებული იქნა შემოწმების შედეგად.
მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს შემოწმების შედეგები და მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად გათვალისწინება (მიბმული დანართი მცირე მეწარმეების რეესტრი). აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა აღნიშნა, რომ ორ ეტაპად იქნა მიწოდებული მცირე მეწარმეების შესახებ ინფორმაცია, სადაც გაითვალისწინა პირველ ეტაპზე მიწოდებული დოკუმენტაცია, ხოლო მეორე ეტაპზე მიწოდებულ დანართს არ ახლდა შესაბამისი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და თანხის გაცემის დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულის მოთხოვნა შემმოწმებლის მიერ არ ყოფილა. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დოკუმენტაციის მიწოდება, ისევე როგორც პირველ ეტაპზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა მოთხოვნილი ზემოთხსენებული და საჩივარზე გადაწყვეტილების დოკუმენტში აღნიშნული დოკუმენტაცია. მცირე მეწარმეებთან გაფორმებული დოკუმენტები ვინაიდან დიდი მოცულობისაა საჩივარს თან ვურთავთ მხოლოდ რეესტრს დანართად, ხოლო განხილვის პროცესში საჭიროებისამებრ, აღნიშნულ დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში მიწოდება შესაძლებელია ფლეშ მეხსიერების ბარათით.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, საწარმოს დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 117 964 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტისათვის გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ეა-"---------", ეა"---------"), რომლებიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესტიის დასუფთავების სამსახურისგან ჩარიცხული აქვს თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 557 667 ლარს. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შპს „--------“-სგან და შპს „-------- - სგან “ მიღებული აქვს როგორც ავანსის, ისე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც არ აქვს განაშთული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის ნაწილში ასევე გასათვალისწინებელია, ნულოვანი დეკლარირების დროს აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ ანგარიშ-ფაქტურებზე განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21970 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს შემოწმების შედეგები და მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულად გათვალისწინება.
2.მოჩივანი მიიღნევს,რომ დღგ-ის ნაწილში ასევე გასათვალისწინებელია, ნულოვანი დეკლარირების დროს აქტით დარიცხული გადასახადები, რის გამოც ღიად დარჩენილ ანგარიშ-ფაქტურებზე განმეორებით ხდება გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1.„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).