ბრძანება N 25336

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.12.2024
№ დოკუმენტი 25336
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 25336

03 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 25 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ ------------ ) 2024 წლის 25 ნოემბრის №194616/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №035-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადაგასახადო დავალიანებას, კერძოდ, დარიცხულ გადასახადს 93 600 ლარის და საურავს 26 251 ლარის ნაწილში. მიუთითებს, რომ გადაანგარიშებით შეუმცირდა გადასახდელად დადგენილი თანხა 22 400 ლარის ოდენობით, თუმცა არ ეთანხმება საურავის დარიცხვას და აცხადებს, რომ ის პირდაპირ ზიანს აყენებს მეწარმეს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მის მიმართ გამოყენებულია საჯარიმო ღონისძიება. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ მისთვის არ ყოფილა გადაცემული კამერალური საგადასახადო შემოწმების საფუძველი, რომლის შედეგადაც განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №478 და 25 იანვრის №1136 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ----------- (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 15 აპრილის №8650 ბრძანება და ამავე თარიღის №035-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 227 194 ლარი, მათ შორის, გადასახადი 141 773 ლარი, ჯარიმა 64 267 ლარი, საურავი 21 154 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 31 მაისის №12931 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 5 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 13 402 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ივლისის №035-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 2 სექტემბრის №19685 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ --------- (ს/ნ ----------) საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19685 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები სულ 12 832 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 სექტემბრის №035-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ასევე, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 3 ოქტომბერს №547399 კორესპონდენციით მოითხოვა 2023 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შემცირება, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 ოქტომბრის №679/2 დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 22 420 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ოქტომბრის №035-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბერს გამოცემული №976/2 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების შედეგად, დადგენილი შემოსავლების და გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელის ნაწილში დაერიცხა 30 992 ლარი, შემდეგი სადავო თარიღების მიხედვით: 15.05.2023-7 731 ლარი, 15.07.2023-7 731 ლარი, 15.09.2023 7 731 ლარი, 15.12.2023-7 731 ლარი. შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ხარჯების გაზრდა (აქტით დარიცხული გადასახდელების შემცირება), რის შედეგადაც შემცირდა 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები 8 502 ლარით. გადამხდელის მიერ 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის პერიოდში (01.04.2024 წ) გამოცემული არ იყო საგადასახადო მოთხოვნა (გამოიცა 15.04.2024 წ), შესაბამისად, ამ პერიოდში არ იყო დარიცხული მიმდინარე გადასახდელები, რის შედეგადაც ვერ მოხდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შემცირება (30 992). შემცირდა მხოლოდ დასკვნის საფუძველზე შემცირებული მიმდინარე გადასახდელები, კერძოდ, 8 502 ლარი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელში დეკლარაციის წარდგენის მომენტში არ მომხდარა მიმდინარე გადასახდელების 22 420 ლარის შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების შედეგად გადამხდელის დროებით ბარათზე დარიცხული/დასარიცხი მიმდინარე გადასახდელები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის კორესპონდენციის საპასუხოდ, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის დასკვნით დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის დროებით ბარათზე დარიცხული/დასარიცხი მიმდინარე გადასახდელები 22 420 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია, რადგან აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის დასკვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისობაშია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემებთან, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადაგასახადო დავალიანებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

ჩატარდა ი/მ-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა გადასახდელი ვალდებულება. გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 31 მაისის №12931 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. ასევე, გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 3 ოქტომბერს, კორესპონდენციით მოითხოვა 2023 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიმდინარე გადასახდელების შემცირება, რის საფუძველზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 9 ოქტომბრის №679/2 დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ოქტომბრის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:155(1);272(1);