ბრძანება N 21467

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.08.2023
№ დოკუმენტი 21467
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21467

31 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------- (პ/ნ -------)

(მის.: ---------)

2023 წლის 17 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა -------ს (პ/ნ ------) №141106/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის საფუძველზე იმპორტის გადასახდელის სახით დარიცხული დღგ-ის თანხის გადაუხდელობის შედეგად დარიცხულ საურავს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 7-8 წლის წინ ამერიკიდან გამოიწერა ფეხსაცმელები, რომლებზეც იმპორტის გადასახადის გადახდა დაავიწყდა და შესაბამისად დავალიანებაზე დაერიცხა საურავი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2017 წლის 21 თებერვალს საფოსტო გადამზიდავის – სს „--------“ (ს/ნ ------) მიერ ------ის (პ/ნ ------) სახელზე შემოტანილ №771773916618 საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ წარდგენილი №1625697 (08/02/2017) ინვოისის საფუძველზე, დარეგისტრირდა №20010/416976 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და -----ს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 142.14 ლარი.

აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

№20010/416976 საბაჟო დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს ------ დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05), რომელსაც დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული იმპორტის გადასახადის გადახდა არ მომხდარა კანონით განსაზღვრულ ვადაში და აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანება --------ს დღეის მდგომარეობითაც ერიცხება, შესაბამისად იმპორტის გადასახდელებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის საფუძველზე იმპორტის გადასახდელის სახით დარიცხული დღგ-ის თანხის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2017 წლის 21 თებერვალს საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის სახელზე შემოტანილ №771773916618 საფოსტო გზავნილზე, მიმღების მიერ წარდგენილი №1625697 (08/02/2017) ინვოისის საფუძველზე, დარეგისტრირდა №20010/416976 საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 და მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 142.14 ლარი. აღნიშნულ საბაჟო დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“, შესაბამისად საქონლის გაშვება განხორციელდა დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე. №20010/416976 საბაჟო დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი გაიტანა საბაჟო კონტროლის ზონიდან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმას: 272.

საქართველოს საბაჟო კოდექსი: 13, 62(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.