გადაწყვეტილება №24514/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 27.02.2025
№ დოკუმენტი 24514/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24514/2/2024

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „-------“-ის 23.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24514/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი 2021-2022 წლებში საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების თაობაზე, ფორმა 2-ის დამოწმებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"--------"წერილი;

2. მომსახურების დეპარტამენტის 11.06.2024 წლის №"-------" წერილი;

3. შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

2023 წლის 2 ივნისს მომჩივანმა, 2021 და 2022 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დასამოწმებლად წარუდგინა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით შევსებული ფორმა №2-ები.

მომსახურების დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №"-------" წერილით მომჩივანს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ეთხოვა 30 კალენდარულ დღეში:

1.განმარტებების (და ხელთ არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის) მიწოდება განხორციელებული საქმიანობისა და/ან მომსახურებასთან დაკავშირებით „საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლით განსაზღვრული დებულებების პირობებთან მიმართებაში;

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-5 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „--------“-ის (ან მისი კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენლის) და საგადასახადო აგენტების მიერ (სს „------- -2“ (ს/ნ "-------"), სს „------- -1“ (ს/ნ "-------")) აღწერილი უნდა იქნეს გადასახადის საქართველოში დაკავების მიზეზი და საფუძველი;

3. ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის, 2021-2022 წლებზე დადასტურდება, რომ მომჩივანი არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დადგინდება ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

ამასთან ეცნობა, რომ წარდგენილი ფორმა №2-ები არ არის სრულყოფილად შევსებული, კერძოდ შესავსებია მე-7, მე-8 და მე-11 გრაფები.

მომსახურების დეპარტამენტის 28.07.2023 წლის №"-------" წერილით (13.07.2023 წლის №"-------" განცხადებასთან დაკავშირებით) მომჩივანს ეცნობა, რომ სრულყოფილად არ არის წარდგენილი 12.06.2023 წლის №"-------" წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაცია და რომ წარდგენილი 2021 წლის კორპორატიული გადასახადის დეკლარაცია არ პასუხობს მოთხოვნებს. ამდენად, დაუდგინდა ხარვეზი და ეთხოვა ხარვეზის გასწორება 30 კალენდარულ დღეში.

21.09.2023 წლის №"-------" წერილით (30.08.2023 წლის №"-------" განცხადებასთან დაკავშირებით) მომჩივანს განემარტა, რომ ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა ეთხოვა მომჩივანს შემოსავლების ბენეფიციური მფლობელობის დასადგენად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-5 მუხლის 1 1 პუნქტის შესაბამისად და რომ წარდგენილი მომჩივანის 2021 და 2022 წლების ნიდერლანდების რეზიდენტობის ცნობები არ არის იმის დასტური, რომ მომჩივანს 2021 და 2022 წლებში წარმოადგენდა ნიდერლანდების აქტიურ საწარმოს.

მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" წერილით (14.11.2023 წლის №"-------" განცხადებასთან დაკავშირებით) მომჩივანს ეთხოვა ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა, ამასთან ეცნობა, რომ წარდგენილი ჰოლანდიის საგადასახადო ორგანოს მიერ 17.06.2023 წელს გაცემული დოკუმენტით არ დასტურდება, რომ:

- ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისათვის 2021 და 2022 წლებზე მომჩივანს არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად;

- არ დგინდება ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება/ტარდებოდა ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება/იბეგრებოდა თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს/არსებობდა აღნიშნული სახის შემოსავალზე.

მომსახურების დეპარტამენტის მიერ კომპანიასთან ისევ გაგრძელდა მიმოწერა, აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, კერძოდ:

- მომსახურების დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №"-------" წერილით (14.03.2024 წლის №"------" განცხადებასთან დაკავშირებით) მომჩივანს ეცნობა, რომ მომჩივანის 2023 წლის 2 ივნისის განცხადებით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რისთვისაც 11.12.2023 წლის №"-------" წერილით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, რომელიც მათი მხრიდან შესრულებული არ არის.

- მომსახურების დეპარტამენტის 11.06.2024 წლის №"-------"წერილით (14.05.2024 წლის №"-------"განცხადებასთან დაკავშირებით) მომჩივანს ეცნობა, რომ მომჩივანის 2023 წლის 2 ივნისის განცხადებით დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, რისთვისაც 11.12.2023 წლის №"-------" წერილით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია, რომელიც მათი მხრიდან ჯერ-ჯერობით შესრულებული არ არის, რაზეც ეცნობათ მომსახურების დეპარტამენტის 21.03.2024 წლის №"-------" წერილით.

მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------", 11.06.2024 წლის №"-------"წერილები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანებით საჩივრები (2024 წლის 15 აგვისტოს და 3 ოქტომბრის) არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება, 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის ნაწილში აფიქსირებს 2024 წლის 15 აგვისტოს საჩივრით წარდგენილი მომჩივნის მოთხოვნებს, ხოლო 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი №164604/21 საჩივარში მიუთითებს იმავე ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებზე, არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის №21-11/97817 და 2024 წლის 11 ივნისის №21-11/44800 გადაწყვეტილებებს, ითხოვს, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს საქმის სრულფასოვნად გამოკვლევა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდება კომპანიის მიერ წარდგენილი ფორმა №2-ები და კომპანიას დაუბრუნდება ზედმეტად გადახდილი გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში, გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძოდ ფაქტების და გადაწყვეტილების შინაარსის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოები, არგუმენტები/მოთხოვნა, ასევე მათ თაობაზე, შემოსავლების სამსახურის პოზიცია/დასაბუთება დაფიქსირებული არ არის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება არის უკანონო, დარღვეულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერება, იგი სათანადო წესით არ არის გაცნობილი მხარისათვის და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კომპანია არ არის საქართველოს რეზიდენტი საწარმო, მას არ გააჩნია წარმომადგენლობა საქართველოში და ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან კომუნიკაციასთან, ახორციელებს წარმომადგენლების მეშვეობით.

მისთვის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მინდობილი პირისათვის, რომელიც იურიდიულ მომსახურებას უწევს კომპანიას კონკრეტულ საქმესთან, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ადმინისტრაციული საჩივრები გაერთიანდა სხვა საადვოკატო ბიუროს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ საჩივრებთან და შესაბამისად, გადაწყვეტილება ეცნობა მხოლოდ იმათ.

კომპანიის სახელით წარდგენილი მათი პრეტენზია მომსახურების დეპარტამენტის მხოლოდ 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილებს ეხება, რაც შეეხება დანარჩენ წერილებს, რაც გასაჩივრებულ ბრძანებაშია ნახსენები, მათთვის, როგორც საჩივრის ავტორებისათვის ცნობილი არ არის. უფრო მეტიც, ბრძანებაში საუბარია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებებზე, 2020 წლის 10 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ივნისის საჩივრებზე, ასევე აღნიშნული საჩივრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე და არაერთ შუალედური ხასიათის კორესპოდენციაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მათ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან და მათი შინაარსი ცნობილიც კი არ არის მათთვის.

შემოსავლების სამსახურის სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება საერთოდ არ აღწერს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ პასუხობს მათ. პრეტენზია, მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილებთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი წინადადებით მოიხსენება გასაჩივრებული ბრძანების მე-3 გვერდის მე-2 აბზაცში, ხოლო დანარჩენი ნაწილი იმ საჩივარს ეთმობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ მიერ წარდგენილ კონკრეტულ მოთხოვნასთან.

ის ფაქტი, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე ინფორმაციის მიწოდება მოხდა კომპანიის სხვა წარმომადგენლებისათვის, რომლებიც სულ სხვა საქმეში წარმოადგენენ კომპანიას, შეიტყო მხოლოდ 2024 წლის 11 დეკემბერს, რის შემდეგაც არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია განახორციელეს შემოსავლების სამსახურში საკითხის დაზუსტების მიზნით. ესაუბრა უშუალოდ შემსრულებელსაც, რომელსაც შემოწმებული არ ქონდა თუ ვინ იყვნენ საჩივრის ავტორები, ვის ჩააბარეს გადაწყვეტილება და რატომ მოხდა სხვადასხვა საქმეების გაერთიანება იმგვარად, რომ არ იქნა დაცული ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა და მხარის ინტერესები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლი ადგენს საჩივრის შინაარსისადმი წარდგენილ მოთხოვნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთს წარმოადგენს მითითება ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობასა და მისამართზე.

2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარი წარდგენილია სოფიო როინიშვილის მიერ, მითითებულია ასევე წარმომადგენლის მისამართი და აღნიშნულის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერი შეტყობინება, თუ კორესპოდენცია, რომელიც ხორციელდება საჩივრის ფარგლებში, უნდა მოხდეს მითითებული მისამართის გამოყენებით, თუ რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ორგანო თავად განმცხადებელს არ აწვდის ინფორმაციას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, 711-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის 714-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე თანდართულია კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მათ შორის სოფიო როინიშვილს აქვს მინიჭებული უფლებამოსილება წარმოადგინოს კომპანია ადმინისტრაციულ ორგანოებში. ამასთან, მარწმუნებელი არ არის შეზღუდული კანონით, სხვადასხვა საკითხებზე დავალება მისცეს სხვადასხვა მინდობილ პირს, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში. დგინდება, რომ კომპანიას თავისი სრულიად სხვადასხვა მოთხოვნებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელება მინდობილი აქვს სხვადასხვა პირისათვის, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ადმინისტრაციული ორგანო სწორედ საჩივრის ავტორთან მოახდენს შესაბამის კომუნიკაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ ოფიციალურ გაცნობად ითვლება მხარისათვის ან უფლებამოსილი პირისათვის გადაწყვეტილების სათანადო წესით ჩაბარება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, ვინაიდან, 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე გადაწყვეტილება ჩაბარდა არა თავად მხარეს ან მის წარმომადგენელს, რომელმაც მოამზადა საჩივარი, არამედ სხვა წარომადგენელს, რომელიც კომპანიისას წარმოადგენს სულ სხვა საკითხებთან მიმართებით.

ამდენად, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება სათანადო წესით არ არის გაცნობილი მხარისათვის ან/და მისი წარმომადგენლისათვის, თუმცა ვინაიდან კოლეგა იურისტისგან და კლიენტისგან ცნობილი გახდა აღნიშნული ბრძანების არსებობა, რომელიც 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარსაც მოიცავს, წარმოადგენს წინამდებარე საჩივარს, თუმცა მიიჩნევს, რომ ბრძანება იმდენად დაუსაბუთებელია 3 ოქტომბრის საჩივართან მიმართებით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს კანონიერების მინიმალურ სტანდარტსაც კი.

გარდა ამისა, ბრძანება არ აფასებს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარში მოყვანილ არცერთ ფაქტობრივ გარემოებას და არ პასუხობს არცერთ სამართლებრივ არგუმენტს, მისი მეშვეობით კომპანიის სხვადასხვა წარმომადგენლისათვის ცნობილი ხდება ისეთი გარემოებების შესახებ, რისი გამჟღავნებაც მარწმუნებლის სურვილი არ ყოფილა.

ასევე, ადმინისტრაციული ორგანო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელსაც შემხებლობა არ აქვს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან და არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 193-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია ისეთ საკითხებზე, რისი განხილვის მოთხოვნაც 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრით არ დამდგარა და ვერც დადგებოდა.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება უკანონოა, დარღვეულია მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იგი ეფუძნება საჩივრის კონკრეტულ მოთხოვნასთან შემხებლობაში არ მყოფ სხვა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, არ პასუხობს საჩივრის შინაარსს და დაინტერესებულ პირს უსპობს შესაძლებლობას კვალიფიციური შედავება წარადგინოს მასზე.

ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანების (გადაწყვეტილების) გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილების კანონიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოხდეს განცალკევებით, 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე დაყრდნობით. ხელახლა შეფასდეს ხსენებული წერილების კანონიერება ცალკე ადმინისტრაციული წარმოების წესით და დაკმაყოფილდეს განცხადებაზე თანდართული ფორმა №2-ების დამოწმების კომპანიისათვის თანხების უკან დაბრუნების თაობაზე.

დაზუსტებული საჩივარი (რეგ.13.01.2024 წელი, №"-------")

2023 წლის 2 ივნისს კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებით (№"-------") მიმართა შემოსავლების სამსახურს, წარუდგინა არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოითხოვა გადახდილი თანხების უკან დაბრუნება, კერძოდ, განცხადებას ერთვოდა 3 ცალი ფორმა №2, რომელთა თანახმადაც:

- პირველი - ბიუჯეტიდან უკან დასაბრუნებელია თანხა 410 000 ლარი;

- მე-2 - ბიუჯეტიდან დასაბრუნებელია თანხა 17 500 ლარი;

- მე-3 - ბიუჯეტიდან დასაბრუნებელი თანხა 1 015 000 ლარი.

კომპანიის მოთხოვნა ეფუძნებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებულ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ საგადასახდო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესს“, რომლის შესაბამისად, განმცხადებლის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც მოთხოვნილია მარეგულირებელი კანონმდებლობით.

აღნიშნული განცხადების პასუხად, შემოსავლების სამსახურმა 12.06.2023 წლის №"-------" წერილით მოითხოვა დამატებითი განმარტებების, დამატებითი დოკუმენტებისა და განმცხადებლის მხრიდან დამატებითი მოქმედებების განხორციელება, რისთვისაც მას განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. კომპანიამ შემოსავლების სამსახურში წარადგინა 12.07.2023 წლით დათარიღებული (რეგ. 13.07.2023 წლის №"-------") განცხადება და განახორციელა დამატებითი მოქმედებები.

შემოსავლების სამსახურმა განმცხადებელს კვლავ გამოუგზავნა 28.07.2023 წლის №"-------" წერილი, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანომ განმცხადებლისგან კვლავ მოითხოვა განმარტებები და ახალი, დამატებითი დოკუმენტები, ხარვეზის გამოსასწორებლად დააწესა 30 კალენდარული დღე. კომპანიამ აღნიშნული წერილის პასუხად შემოსავლების სამსახურს გაუგზავნა 29.08.2023 წლით დათარიღებული განცხადება.

შემოსავლების სამსახურმა 28.07.2023 წლის №"-------"წერილით მოითხოვა, რომ კომპანიამ საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს, ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება, რომ მომჩივანი 2021-2022 წლებში იყო აქტიური საწარმო, რომ იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე დადგინდება იბეგრება თუ არა ჰოლანდიაში საქართველოდან მიღებული დივიდენდები და თუ იბეგრება, კონკრეტულად რომელიც ტარიფის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიამ 29.08.2023 წლის განცხადებით (რეგ. 30.08.2023 წლის №"-------") განმარტა, რომ მან უკვე წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული 9.01.2023 წლის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ მომჩივანი 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ნამდვილად იყო (დღემდე არის) ნიდერლანდების რეზიდენტი იურიდიული პირი. ასევე კომპანიამ 29.08.2023 წლის განცხადებაში მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი, რომ კომპანიისათვის მოეთხოვა აღნიშნულ შინაარსის დოკუმენტაციის წარდგენა, რომ ეს დოკუმენტი არ იყო დაკავშირებული მომჩივანის 2.06.2023 წლის (რეგ №"-------") განცხადებაში ასახულ ძირითად საკითხთან/მოთხოვნასთან.

კომპანიას 29.08.2023 წლის განცხადების (რეგ. 30.08.2023 წლის №"-------") პასუხად შემოსავლების სამსახურმა გამოუგზავნა 21.09.2023 წლის №"-------"წერილი, რომელშიც განმარტა, რომ 28.07.2023 წლის №"-------" წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს ესაჭიროება იმისათვის, რომ დადგინდეს მმჩივანის შემოსავლების ბენეფიციური მფლობელობა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების 11 მუხლის შესაბამისად. ასევე მიუთითა, რომ მომჩივანის 2020 და 2021 წლის ნიდერლანდების რეზიდენტობის ცნობები არ არის იმის დასტური, რომ მომჩივანი 2020 და 2021 წლებში წარმოადგენდა ნიდერლანდების აქტიურ საწარმოს. ხსენებული წერილის პასუხად შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ჰოლანდიის საგადასახადო ორგანოს მიერ 17.06.2023 წელს გაცემული დოკუმენტი -მომჩივანის საგადასახადო შეფასება, რომელიც აღწერს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას

შემოსავლების სამსახურმა 11.12.2023 წლის №"-------" წერილით კომპანიას მოსთხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება, წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი 2021-2022 წლებში აქტიურ საწარმოს და იბეგრებოდა თუ არა იგი ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე ინფორმაცია, იბეგრება თუ არა ჰოლანდიაში საქართველოდან მიღებული დივიდენდები და თუ იბეგრება, კონკრეტულად რა ტარიფის მიხედვით.

2024 წლის 13 თებერვლის წერილით (რეგ. 15.02.2024 წ. №25273/21) შემოსავლების სამსახურს წარედგინა ინფორმაცია, იდენტური საქმის გარემოებებზე წარმოებულ დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.07.2023 წლის გადაწყვეტილება მომჩივანის სარჩელზე, რომლითაც დავის საგანია სს „------- 1“-ის და სს „------- 2“-ის მიერ 2017 წელს ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადის თანხების (360 000 ლარის და 390 000 ლარის) დაბრუნებაზე.

საგულისხმოა, რომ კომპანიის №"-------" განცხადების და წარმოებული სასამართლო დავის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები იდენტურია, განსხვავებულია მხოლოდ საანგარიშო პერიოდი. ხსენებული სასამართლო დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 მარტის №21-11/28887 გადაწყვეტილება 2019 წლის 7 ივნისის №18414 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა. მათ შორის მოსარჩელის მიერ გადახდილი გადასახადების მისთვის დაბრუნების საკითხის შეფასება/გადაწყვეტა.

შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ზემოაღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება, ეთხოვა რათა მხედველობაში მიეღო სასამართლოს განმარტებები, ვინაიდან საქმე ეხებოდა იდენტურ სამართლებრივ საკითხს, მაგრამ 2024 წლის 13 თებერვლის წერილზე პასუხი შემოსავლების სამსახურს არ გაუცია.

2024 წლის 12 მარტს (რეგ. 14.03.2024 წ №"-------") კომპანიამ განმეორებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2024 წლის 13 თებერვლის წერილზე პასუხი, ასევე ინფორმაციის მიწოდება 2023 წლის 2 ივნისის №"-------" განცხადების განხილვის სტატუსის თაობაზე. შემოსავლების სამსახურმა კომპანიას აცნობა, რომ შემოსავლების სამსახური იკვლევდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და რომ მხარეს არ შეუსრულებია 2023 წლის 11 დეკემბრის №"-------"წერილის მოთხოვნები, რასაც კომპანია არ ეთანხმება.

2024 წლის 13 მაისს (რეგ. 14.05.2024 წ. №"-------") კომპანიამ განცხადებით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მიუთითა, რომ საქმეზე წარდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოს მიერ 9.01.2023 წელს გაცემული ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ მომჩივანი 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ნამდვილად იყო (დღემდე არის) ნიდერლანდების რეზიდენტი იურიდიული პირი. კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურს ასევე წარედგინა ჰოლანდიის საგადასახადო ორგანოს მიერ 17.06.2023 წელს გაცემული დოკუმენტი მომჩივანის საგადასახადო შეფასება, გაცემული ჰოლანდიურ ენაზე, თარგმნილი ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომელთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურს არ წარუდგენია არგუმენტირებული პოზიცია განმცხადებლისათვის, არ მიუღია ზუსტი მითითება, თუ რა ტიპის ინფორმაცია ან დოკუმენტაცია იქნებოდა მისთვის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნულის პასუხად კომპანიას 2024 წლის 11 ივნისს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახური კვლავ იხილავდა საქმეს და განმცხადებლის მიერ თითქოსდა არ იყო შესრულებული შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №"-------" წერილის მოთხოვნა.

2024 წლის 1 ოქტომბერს (რეგ. 3.10.2024 წ) კომპანიამ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილების კანონიერების შემოწმებაზე, ვინაიდან მიიჩნევს, რომ წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ბიუჯეტიდან თანხების უკან დაბრუნების თაობაზე კომპანიის 2023 წლის 2 ივნისის (№"-------") განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

რაც შეეხება კომპანიის მიერ, 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს, განმარტავს, რომ საჩივრის წარდგენის აუცილებლობა გამოწვეულია შემოსავლების სამსახურის უმოქმედობით კომპანიის 2023 წლის 2 ივნისის (რეგ №"-------") განცხადებასთან მიმართებით. მიუხედავათ არაერთი მოთხოვნისა, შემოსავლების სამსახური თავს არიდებს განცხადებაზე საბოლოო, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას და განცხადების სტატუსი გაურკვეველი ვადითა და საფუძვლებით არის შეჩერებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურმა უარი უთხრა მას კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და იყენებს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების უფლებას. ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან კომპანიის 2023 წლის 2 ივნისის (რეგ №"-------") განცხადებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის წერილები არ შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს კონტრ არგუმენტაცია, ამდენად ახდენს მხოლოდ ზოგად მიმოხილვას საკითხებისა, რაც იკვეთება მიმდინარე წარმოებიდან.

შემოსავლების სამსახური კომპანიისათვის გაგზავნილი წერილებით, მიუხედავად განმცხადებლის არაერთი მოთხოვნისა, უგულებელყოფს თავისი მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთების მითითების ვალდებულების შესრულებას. 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრით გასაჩივრებულ წერილებში არ არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია განმცხადებლის მიერ მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე, შემოსავლების სამსახური არ იძლევა განმარტებას, თუ რატომ არის არასაკმარისი წარდგენილი დოკუმენტები, რა ტიპის და შინაარსის დოკუმენტს ელოდება იგი განმცხადებლისაგან და რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზეა მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების 1 1 მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს შეუძლია მოითხოვოს ეს ინფორმაცია საერთაშორისო ხელშეკრულების არსისა და მიზნის გათვალისწინებით, შემოსავლის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის მიზნით. შემოსავლების სამსახურმა თავის მოთხოვნაში არ დაასაბუთა ბენეფიციარი მესაკუთრის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობა. აქვე დამატებით მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების ვალდებულებაზე მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს დავა და მასზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მხოლოდ ზოგადი მითითება, დასაბუთების გარეშე ვერ გახდება გადაწყვეტილების კანონიერების საფუძველი.

როგორც შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №"-------" წერილით დგინდება (რომლის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეც უთითებს შემოსავლების სამსახური), მოთხოვნილია ინფორმაცია:

1. წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი 2021-2022 წლებში აქტიურ საწარმოს;

2. იბეგრებოდა თუ არა ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე ინფორმაცია იბეგრება თუ არა ჰოლანდიაში საქართველოდან მიღებული დივიდენდები და თუ იბეგრება კონკრეტულად რომელი ტარიფის მიხედვით.

კომპანია მიიჩნევს, რომ, საქმეზე წარდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის:

- პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით:

ნიდერლანდების საგადასახადო სამსახურის მიერ 9.01.2023 წლის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ მომჩივანის 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ნამდვილად იყო (დღემდე არის) ნიდერლანდების რეზიდენტი იურიდიული პირი და აქტიური საწარმო;

- მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით:

კომპანიის მერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.06.2023 წელს გაცემული დოკუმენტი მომჩივანის საგადასახადო შეფასება (შემოსავლების სამსახურის 21.09.2023 წლის №"-------" წერილის პასუხად წარდგენილი), რომელიც პირდაპირ სცემს პასუხს კითხვას ჰოლანდიაში საქართველოდან მიღებული დივიდენდების დაბეგვრის თაობაზე.

ამასთან, პირველი და მეორე მოთხოვნის საპასუხოდ, კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2021 წლის კორპორატიული დეკლარაცია, რომელიც აღწერს მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს დეტალურად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურს კომპანიისათვის არ უცნობებია თუ რა ნაწილში არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული დოკუმენტები შემოსავლების სამსახურის მოთხოვნებს. ასევე, შემოსავლების სამსახურს განმცხადებლისთვის არ უცნობებია თუ რა ტიპის და შინაარსის დოკუმენტებს ელოდება მისგან, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა.

განმცხადებლის ძირითადი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შეთანხმების პირობებიდან. ამ შეთანხმების მე-10 მუხლის (დივიდენდები) პირველი პუნქტით დადგენილია, რომ დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფო რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამგვარი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, მაგრამ ამგვარად დარიცხული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს:

a)დივიდენდების მთლიანი ოდენობის 0 პროცენტს, თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 50%-ს და დივიდენდის გადამხდელი კომპანიის კაპიტალში დააბანდა 2 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, მისი ექვივალენტი ევროში ან საქართველოს ვალუტაში;

b) )დივიდენდების მთლიანი რაოდენობის 5%-ს, თუ ბენეფიციარი კომპანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს დივიდენდებს გადამხდელი კომპანიის კაპიტალის სულ მცირე 10 პროცენტს;

c) ყველა სხვა შემთხვევაში - დივიდენდების საერთო თანხის 15 პროცენტს.

ამდენად, კომპანია მიიჩნევს, რომ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები უნდა გავრცელდეს 2021-2022 წლებში, სს „-------- 1“-ისგან და სს „-------- 2“-ისგან მომჩივანის მიერ მიღებული დივიდენდების და თავის მხრივ, სს „------ 1“-ის და სს „-------- 2“-ის მიერ გადახდის წყაროსთან დაქვითული და ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადების შესახებ საკითხებზე. კერძოდ:

- მომჩივანი, რომელიც არის ჰოლანდიის რეზიდენტი იურიდიული პირი, ფლობს სს „------- 1“-ის და სს „------- 2“-ის აქციების 50%-ზე მეტს (მომჩივანი არის სს „-------- 1“-ის და სს „------- 2“-ის 100% აქციების ერთადერთი მესაკუთრე);

- მომჩივანი არის სს „------- 1“-ისგან და სს „-------- 2“-ისგან მიღებული დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი, კერძოდ იგი არ არის შეზღუდული სახელშეკრულებო ან იურიდიული ვალდებულებებით, რომ მიღებული დივიდენდები გადასცეს სხვა პირს, იგი უფლებამოსილია, დივიდენდები განკარგოს თავისი სურვილისამებრ;

- ასევე, საქმის მასალით - ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობას, სქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამსახურის ბიუროსა და მეორეს მხრივ,მომჩივანს შორის, 12.04.2011 წელს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მომჩივანს ნამდვილად დააბანდა სს „------- 1“-ის და სს „-------- 2“-ის კაპიტალში 2 000 000-ზე მეტი აშშ დოლარი (ინვესტიცია).

ამდენად, მიაჩნია, რომ არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე განმცხადებელს წარდგენილი აქვს კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი, ინფორმაცია და 2021-2022 წლებში სს „------- 1“-ის მიერ, ასევე 2021 წელს სს „-------- 2“-ის მიერ დაქვითული და საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მომჩივანმა 2023 წლის 2 ივნისის განცხადებით, 2021 და 2022 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დასამოწმებლად წარუდგინა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად შევსებული ფორმა №2-ები, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 12.06.2023 წლის №"-------" წერილით დაუდგინდა ხარვეზი და ეთხოვა 30 კალენდარულ დღეში:

1. განმარტებების (და ხელთ არსებული დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაციის) მიწოდება განხორციელებული საქმიანობისა და/ან მომსახურებასთან დაკავშირებით „საქართველოს მთავრობასა და ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-10 მუხლით განსაზღვრული დებულებების პირობებთან მიმართებაში;

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-5 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მომჩივანის (ან მისი კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენლის) და საგადასახადო აგენტების მიერ (სს „--------- -2“ (ს/ნ "-------"), სს „---------1“ (ს/ნ "-------")) აღწერილი უნდა იქნეს გადასახადის საქართველოში დაკავების მიზეზი და საფუძველი;

3. ნიდერლანდების საგადასახადო ორგანოდან დოკუმენტაციის წარდგენა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების მიზნებისთვის, 2021-2022 წლებზე დადასტურდება, რომ მომჩივანი არის აქტიური საწარმო, რომელიც იბეგრება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე დადგინდება ორმაგი დაბეგვრის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან (საქართველოდან) მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს აღნიშნული სახის შემოსავალზე.

ამასთან ეცნობა, რომ წარდგენილი ფორმა №2-ები არ არის სრულყოფილად შევსებული, კერძოდ შესავსებია მე-7, მე-8 და მე-11 გრაფები.

დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კომპანიამ წარადგინა ინფორმაცია, მაგრამ მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულყოფილად არ არის წარდგენილი, ხოლო წარდგენილი 2021 წლის კორპორატიული გადასახადის დეკლარაცია არ პასუხობს მოთხოვნებს, ამდენად, კვლავ დაუდგინდა კომპანიას ხარვეზი, ეთხოვა მისი გასწორება, რაზეც ეცნობა 28.07.2023 წლის №"-------" წერილით.

აღნიშნულის შემდგომ კვლავ გაგრძელდა მიმოწერა, რომელიც მოიცავდა განმარტებებს როგორც კომპანიის, ისე მომსახურების დეპარტამენტის მხრიდან (11.12.2023 წლის №"-------", 21.03.2024 წლის №"-------" 11.06.2024 წლის №"-------"წერილები) მოთხოვნილი დოკუმენტების მნიშვნელობასა და წარდგენილი რეზიდენტობის ცნობებზე, რომ აღნიშნულით არ დასტურდებოდა, რომ კომპანია 2021 და 2022 წლებში წარმოადგენდა ნიდერლანდების აქტიურ საწარმოს, რომ არ დგინდებოდა მიღებულ დივიდენდებთან მიმართებაში, რა სახის საგადასახადო ღონისძიებები ტარდება/ტარდებოდა ნიდერლანდების სამეფოში, იბეგრება/იბეგრებოდა თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (ნიდერლანდებში) და რა განაკვეთი არსებობს/არსებობდა აღნიშნული სახის შემოსავალზე და რომ შემოსავლების სამსახური იკვლევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებს, რისთვისაც მოთხოვნილი ინფორმაცია მათი მხრიდან შესრულებული არ არის.

მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------", 11.06.2024 წლის №"-------" წერილები მომჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.11.2024 წლის №23536 ბრძანებით არ დააკმაყოფილა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება არის უკანონო, არ ეთანხმება ორი, სხვადასხვა წარმომადგენლის მიერ წარდგენილი საჩივრების გაერთიანებას, რადგან მათი პრეტენზია, 2024 წლის 3 ოქტომბრის, საჩივრით მომსახურების დეპარტამენტის მხოლოდ 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილებს ეხება, რაც შეეხება დანარჩენ წერილებს, რაც გასაჩივრებულ ბრძანებაშია ნახსენები, მათთვის, როგორც საჩივრის ავტორებისათვის ცნობილი არ არის. ბრძანებაში საუბარია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 ივლისის №20265 და №20266 ბრძანებებზე, 2020 წლის 10 სექტემბრისა და 2021 წლის 11 ივნისის საჩივრებზე, ასევე აღნიშნული საჩივრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე და არაერთ შუალედური ხასიათის კორესპოდენციაზე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან. სადავო ბრძანება საერთოდ არ აღწერს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს და არ პასუხობს მათ, მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------"წერილებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი წინადადებით მოიხსენიება, ხოლო დანარჩენი ნაწილი იმ საჩივარს ეთმობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ მიერ წარდგენილ კონკრეტულ მოთხოვნასთან. სადავო გადაწყვეტილება ეფუძნება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს და მიღებულია ისეთ საკითხებზე, რომელსაც შემხებლობა არ აქვს 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივართან. ითხოვს სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------"წერილების კანონიერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოხდეს განცალკევებით, 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარზე დაყრდნობით, ხელახლა შეფასდეს ხსენებული წერილების კანონიერება ცალკე. მიიჩნევს, რომ წარდგენილი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ბიუჯეტიდან თანხების უკან დაბრუნების თაობაზე კომპანიის 2023 წლის 2 ივნისის განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივრით გასაჩივრებულ წერილებში არ არის წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე. მიუთითებს მომსახურების დეპარტამენტის წერილებით წარდგენილ მოთხოვნებზე, კომპანიის მიერ წარდგენილ ინფორმაცია-დოკუმენტაციაზე და კომპანიის პოზიციებს თანხების დაბრუნების საფუძვლებზე, მიიჩნევს, რომ წარდგენილია ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მათ შორის: ნიდერლანდების საგადასახადო სამსახურის მიერ 9.01.2023 წლის ცნობები, რომლებითაც დასტურდება, რომ მომჩივანის 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში ნამდვილად იყო (დღემდე არის) ნიდერლანდების რეზიდენტი იურიდიული პირი და აქტიური საწარმო, წარდგენილია 17.06.2023 წელს გაცემული დოკუმენტი მომჩივანის საგადასახადო შეფასება, რომელიც პასუხობს კითხვას ჰოლანდიაში საქართველოდან მიღებული დივიდენდების დაბეგვრის თაობაზე. ამასთან, წარდგენილია 2021 წლის კორპორატიული დეკლარაცია, რომელიც აღწერს მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს დეტალურად. შემოსავლების სამსახური არ იძლევა განმარტებას, თუ რატომ არ არის საკმარისი წარდგენილი დოკუმენტები, რა ტიპის და შინაარსის დოკუმენტს ელოდება იგი განმცხადებლისაგან და რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზეა მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით. მიაჩნია, რომ არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე წარდგენილი აქვს კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა საჭირო დოკუმენტი, ინფორმაცია და 2021-2022 წლებში სს „---------1“-ის მიერ, ასევე 2021 წელს სს „-------- 2“-ის მიერ დაქვითული და საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხული გადასახადები ექვემდებარება უკან დაბრუნებას.

საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტებზე და იმ გარემოებებზე, რომ სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანებაში არ არის აღწერილი 2024 წლის 3 ოქტომბრის საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივ გარემოებები, არ არის დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურის პოზიცია მომსახურების დეპარტამენტის 11.12.2023 წლის №"-------" და 11.06.2024 წლის №"-------" წერილებთან დაკავშირებით. ამასთან, არ არის ნამსჯელი 2021-2022 წლებში გადახდილი თანხების დაბრუნების მოთხოვნაზე და აღნიშნულზე უარის თქმის საფუძვლების თაობაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის მონაწილეობის და მისი პოზიციის მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.11.2024 წლის №23536 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო 4.11.2024 წლის №23536 ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 2 ივნისს მომჩივანმა, 2021 და 2022 წელს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს დასამოწმებლად წარუდგინა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით შევსებული ფორმა №2-ები.

მომსახურების დეპარტამენტის წერილით მომჩივანს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ეთხოვა 30 კალენდარულ დღეში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

302(6).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი :709,711,714.