გადაწყვეტილება №21388/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 21388/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21388/2/2023

05 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (№21388/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №002-231 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28746 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 56 619,58 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 36 334

ჯარიმა - 10 093

საურავი - 10 192,58

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.

შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები.

გადამხდელის სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი რეგისტრირებული არ იყო (დამკვეთებისგან საკომპენსაციო თანხების მიღებას აწარმოებდა, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით). პირველადი დოკუმენტაციისა და საბანკო ჩარიცხვების შემოწმებით პირის მიერ 8.09.2020 წლისთვის, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება შემოწმებით განესაზღვრა 8.09.2020 წლიდან და დაეკისრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე 9.10.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24977 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 10.10.2023 წლის №002-231 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 31.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.11.2023 წლის №28746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში მეწარმემ წარადგინა რამდენიმე დამკვეთის (---), სულ 8100 ლარის ღირებულების საქონელზე) წერილობითი ახსნა-განმარტებები, რომლითაც ადასტურებენ შეკვეთის გაუქმებას და თანხის დაბრუნებას პირადად. წარდგენილი დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა სრულიად დღგ-ის რეგისტრაციის თარიღის და დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას.

საჩივარში აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, №---- სასაქონლო ზედნადების გაუქმება არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ელ. ფოსტით, ასევე ტელეფონის მეშვეობით განხორციელდა კომუნიკაცია გადამხდელთან, კერძოდ: გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილები, ინფორმაცია გადასახადის და ჯარიმის შესახებ, ასევე ეცნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების თაობაზე, თუმცა გადასახადის გადამხდელმა უარი განაცხადა წერილის წარმოდგენაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და შესაბამისად დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში აღნიშნულია, რომ ---ს აქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ამზადებს ავეჯს, რიგ შემთხვევებში თანხებს იღებს ავანსად და მერე ასრულებს შეკვეთებს. კოვიდ პანდემიის დროს ის მუშაობდა რეგულაციების დაცვით და შესაბამისად ვერ საქმიანობდა სრული დატვირთვით რის გამოც რიგი შეკვეთების შესრულება ვერ შეძლო და ავანსად ჩარიცხული თანხები უკან დაუბრუნა შემკვეთებს, რასაც ისინი ადასტურებენ წერილობით. ასევე წინასწარ გაწერა სატრანსპორტო ზედნადები №---- პ/ნ ---, რომლის შეკვეთაც რეალურად არ შეუსრულებია. შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.

საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციებით თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:

ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;

ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივნის პოზიციით ის რიგ შემთხვევებში ავანსად იღებდა თანხებს და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკან აბრუნებდა აღნიშნულს. აგრეთვე აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში მის მიერ საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო-ზედნადები) გამოწერის მიუხედავად საქონლის მიწოდება მის მიერ არ მომხდარა. საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28746 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე 9.10.2023 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24977 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 10.10.2023 წლის №002-231 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 31.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.11.2023 წლის №28746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2); 92; 159; 163; 164.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 156; 157; 160; 161.