გადაწყვეტილება №17441/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17441/2/2022
09.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" 9.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17441/2/2022).
დავის საგანი:
საოპერაციო მოგების მარჟებით გამოვლენილი სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №081-453 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18369 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 539 504 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 273 029
ჯარიმა - 136 514
საურავი - 129 961
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების (ტრანსფერფრაიზინგის) და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების კუთხით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის დანართის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ქალაქ "--------" ინფრასტრუქტურულ პროექტს, "--------" მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა/განახლებასთან. კომპანია დაფუძნებულია 2015 წლის 22 სექტემბერს. მისი დამფუძნებლები არიან: "--------“ – 1%; „--------“ – 99%.
გადასახადის გადამხდელი პროექტს ასრულებს ორი ძირითადი კონტრაქტორის - „-------“-ის (------) და შპს „------“(ს/ნ -------) დახმარებით.
„-------“ წარმოადგენს გერმანიის რეზიდენტ საწარმოს, რომელსაც დასაქმებული ჰყავს დარგში გამოცდილი კადრები, მათ შორის, ინჟინრები.
კონტროლირებულ ოპერაციას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ „--------“-ისგან (------) მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების (მათ შორის, ზედამხედველობა, საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა და სხვა) შეძენა.
სატრანსფერო ფასწარმოქნის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის გადასამოწმებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი ფაქტორების ანალიზს: გადასახადის გადამხდელის გარემოებების მრავალმხრივი ანალიზი, კონტროლირებული ტრანზაქციის შესწავლა ფუნქციურ ანალიზზე დაყრდნობით, შიდა შესადარებელი მონაცემების განხილვა, ყველაზე მართებული სატრანსფერო ფასწარმოქნის მეთოდის შერჩევა, შემოწმებული მხარის შერჩევა, პოტენციური შესადარებელი მონაცემის გამოვლენა, საჭირო შესწორებების გაკეთება.
საგადასახადო შემოწმებამ, კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, გამოიყენა ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ.
ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის გამოყენება მოითხოვს სუფთა მოგების მაჩვენებლის სწორად შერჩევას. მოგების მაჩვენებელი გამოიყენება შემოწმებული მხარის ფინანსური შედეგების შედარებადი მხარეების შედეგებთან შესადარებლად, ამიტომ ეკონომიკურ ანალიზში გამოყენებული მოგების მაჩვენებელი უნდა იძლეოდეს ყველაზე ზუსტ კრიტერიუმს ასეთი შედარებისთვის. სუფთა მოგების მნიშვნელი კონტროლირებული ტრანზაქციისგან რაციონალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. შესაბამისად, არჩეულ იქნა „EBIT margin“ მაჩვენებელი, რაც წარმოადგენს საოპერაციო მოგების მარჟას.
შესამოწმებელ მხარედ შერჩეულ იქნა საქართველოს საწარმო შპს „------“, რომლის საოპერაციო მოგება შედარდა მსგავსი/ანალოგიური პროფილის მქონე კომპანიების საოპერაციო მოგებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ჩატარდა დამოუკიდებელი კომპანიების ძიება. ამასთან, შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს „--------“ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას არ მიუღია მოგება.
შედარებადი კომპანიების კვლევა ჩატარდა საერთაშორისო საძიებო სისტემის „AMADEUS (TP catalyst)“ ბაზის საფუძველზე და გამოყენებულ იქნა დამატებითი წყაროები ბაზიდან ამოღებული ინფორმაციის გასავრცობად/გადასამოწმებლად.
კვლევის პროცესი იდენტიფიკაციისა და სქრინინგის სამი საფეხურისგან შედგა:
• კვლევის სტრატეგია, „AMADEUS (TP catalyst)“ ბაზაში პოტენციური შედარებადი კომპანიების პირველადი შესასწავლი ჯგუფის მოძიება;
• პირველად ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასება ძირითადი ფაქტორების შედარებით;
• „AMADEUS (TP catalyst)“ ბაზიდან ამოღებულ თვისობრივ და ფინანსურ ინფორმაციასთან პოტენციური შედარებადი კომპანიების გადამოწმება სხვა წყაროებიდან დამატებითი საჯარო ინფორმაციის მოძიებითა და შეფასებით.
შესადარებელი დამოუკიდებელი კომპანიების მოსაძიებლად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა „AMADEUS (TP catalyst)“ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ფინანსურ ინფორმაციას 3 დაახლოებით 18 მილიონი საჯარო და კერძო კომპანიის შესახებ 41 ევროპულ ქვეყანაში. ამ ინფორმაციას უზრუნველყოფს „--------“ ელექტრონული გამოქვეყნების სამსახური. გამოყენებული მოდული მოიცავს ინფორმაციის კერძო და საჯარო ევროპული კომპანიების შესახებ 35- ზე მეტი ინფორმაციის მომწოდებლისგან.
პოტენციური შედარებადი კომპანიების პირველადი შესასწავლი ჯგუფის მოსაძიებლად პროგრამა „AMADEUS“-ში კომპანიების ძებნის კრიტერიუმები:
• მხოლოდ ისეთი კომპანიები, რომელთა სტატუსი შესამოწმებელ პერიოდში არის „აქტიური“;
• კომპანიის ვებ-გვერდი მითითებულია საძიებო სისტემაში;
• გეოგრაფიული არეალი - აღმოსავლეთ ევროპა (მოიცავს თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, ესტონეთს...);
• საქმიანობის კოდი (--------);
• გამორიცხულ იქნა საწარმოები, რომლის აქციების 50%-ზე მეტს ფლობდა ერთი საწარმო(ები);
• გამორიცხულ იქნა საწარმოები, რომელთაც დაფუძნებული ჰყავთ შვილობილი კომპანიები;
• გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც წარდგენილი აქვთ არაკონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება.
კვლევის პირველი ეტაპის შემდგომ, ძებნის აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მოიძებნა 445 პოტენციური შესადარებელი კომპანია. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული კომპანიების შესახებ ყველა შესაძლო ინფორმაციის მოძიება (ვებგვერდებისა და ანგარიშგებების ანალიზი). ქართული კომპანიის ფუნქციებისა და ნაკისრი რისკების გათვალისწინებით, შერჩეული იქნა მსგავსი შესადარებელი კომპანიები, რომლებიც ეწევიან ანალოგიურ/მსგავს საქმიანობას. შემოწმების მიერ გამოვლინდა 8 შესადარებელი კომპანია. შედგა ფინანსური მაჩვენებლის - „EBIT margin“-ის ინტერკვარტილური დიაპაზონი. ინტერკვარტილური დიაპაზონის მედიანას შეადგენს 2020 წელს - 2.91%; 2019 წელს - 2.29%; 2018 წელს -3.11%. საოპერაციო მოგების მარჟებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 30 დეკემბრის №42379 ბრძანება და 31 დეკემბრის №081-453 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18369 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 127-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილებზე, 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლზე, მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №15609 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 45-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, გადასახადის გადამხდელი არგუმენტზე, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორად განახორციელა გაანგარიშება და ამასთან, არ გადასცემია საქმის დეტალური მასალები, რომელზე დაყრდნობითაც განხორციელდა დარიცხვა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა და საწარმოს ფინანსური ანგარიშგებები, თუმცა მის მიერ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საოპერაციო მოგების მარჟებით გამოვლენილი სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ, მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ისეთ არგუმენტებზე, რომლითაც დაასაბუთებდა გარემოებას, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის შედგენის, მის საფუძველზე გამოცემული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, საგადასახადო ორგანომ არასწორად მოახდინა გაანგარიშება და მისი დასკვნა არ გამომდინარეობს ობიექტური რეალობიდან. ამასთან, მხარეს დღემდე არ გადასცემია საქმის დეტალური მასალები, რომლებიც მოხსენიებულია შემოწმების აქტში და რაც გამოკვეთდა, თუ კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით მივიდა საგადასახადო ორგანო იმ დასკვნამდე, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებით (ისევე როგორც სადავოდ მიჩნეული სხვა ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტებით) მტკიცების ტვირთს არასწორად ანაწილებს გადასახადის გადამხდელზე და კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არ მიუთითებს თუ რა ოპერაციებზე შეფასდა კონკრეტულად. შემოსავლების სამსახური გასაჩივრებულ ბრძანებაში მიუთითებს, რომ „საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა და საწარმოს ფინანსური ანგარიშგებები, თუმცა მის მიერ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი“. ამ მიდგომის საფუძველზე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა არ არის გამართლებული და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.
ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება 5 დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.
საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საწარმოს მიერ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში შესაბამისი მაჩვენებლის (მაგალითად: დანახარჯები, გაყიდვები, აქტივები) მიმართ მიღებული სუფთა მოგების მარჟა უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის ფარგლებში მიღებული სუფთა მოგების მარჟას იმავე მაჩვენებლის მიმართ.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპის შესაბამისი ფასი განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის შეფასების შემთხვევის მიმართ ყველაზე უკეთ მისასადაგებელი მეთოდით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია ფაქტორები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა განისაზღვრება ამ კოდექსის XVII თავით დადგენილი წესით გამოანგარიშებული კორექტირების თანხით.
„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის 6 მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:
ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №15609 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება მტკიცების ტვირთს იმის საჩვენებლად, რომ კონტროლირებული ოპერაციის (ოპერაციების) პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს გადაიტანს შემოსავლების სამსახურზე. მაშინ როცა, ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოუმზადებლობა და მიუწოდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული კორექტირებისას გამოიწვევს მტკიცების ტვირთის გადატანას საქართველოს საწარმოზე იმის საჩვენებლად, რომ პირობები შეესაბამებოდა საბაზრო პრინციპს.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანომ არასწორად განახორციელა გაანგარიშება და არ გადასცემია საქმის დეტალური მასალები, რომელზე დაყრდნობითაც განხორციელდა დარიცხვა. მიუთითებს სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მოთხოვნილი დოკუმენტების გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარუდგენლობაზე, მაგრამ არც ამჟამად არ წარმოადგენს არგუმენტებს, შემოწმებისათვის დოკუმენტების წარუდგენლობის მიზეზებზე, მისი პოზიციის შესაბამის რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, არგუმენტებს რა საფუძველზე დაყრდნობით მიიჩნევს დარიცხვას კანონშეუსაბამოდ, რაც შესაძლებელია შემოწმებით დადგენილი გარემოებების და შესაბამისად, დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გამხდარიყო.
აუდიტის დეპარტამენტი 11.08.2022 წლის №"------"- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა და საწარმოს ფინანსური ანგარიშგებები, თუმცა მის მიერ აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 8 მაისის №15609 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებების 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება მტკიცების ტვირთს იმის საჩვენებლად, რომ კონტროლირებული ოპერაციის (ოპერაციების) პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს გადაიტანს შემოსავლების სამსახურზე. მაშინ როცა, ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოუმზადებლობა და მიუწოდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ შემოთავაზებული კორექტირებისას გამოიწვევს მტკიცების ტვირთის გადატანას საქართველოს საწარმოზე იმის საჩვენებლად, რომ პირობები შეესაბამებოდა საბაზრო პრინციპს. 2021 წლის 27 დეკემბერს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის №423 ბრძანებასთან. ხოლო შემოწმების მასალები და გაანგარიშების ფაილები სრულად არის მიწოდებული გადასახადის გადამხდელისთვის, ამასთან აღსანიშნავია, რომ ალტერნატიული გაანგარიშება ან რაიმე სხვა დამატებითი დოკუმენტი, გადასახადის გადამხდელის მიერ არც შემოწმების ეტაპზე და არც მის შემდგომ შემმოწმებელთა ჯგუფისთვის წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საოპერაციო მოგების მარჟებით გამოვლენილი სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია 7 კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.