ბრძანება N 11871

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.05.2026
№ დოკუმენტი 11871
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11871

29 მაისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 3 და 20 მაისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 მაისის სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 3 მაისის №102131/1/2026 და 20 მაისის №102476/1/2026 საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №002-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შესყიდული აქვს ადგილობრივად და გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები. მიაჩნია, რომ ხარჯების ნაწილში სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასიდან.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ მომზადებულ არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ცხრილში სმფ-ების საწყისი ნაშთი არ ედრება დეკლარირებულ მონაცემებს, შეძენის კომპონენტი არ ედრება დოკუმენტურ შესყიდვას, ხოლო საბოლოო ნაშთი ინვენტარიზაციის მონაცემებს. ამასთან, მიუთითებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილში გათვალისწინებულია როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავალი, ასევე ბანკში ჩარიცხული თანხები და ბანკიდან სამეურნეო დანიშნულებით გატანილი თანხები. მიაჩნია, რომ ფულის ნაშთი უნდა განისაზღვროს ან დარიცხვის მეთოდით (რომელიც არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ თანხას გულისხმობს) ან საკასო მეთოდით (რომელიც ბანკის ამონაწერების მიხედვით თანხის მოძრაობის შედეგად მიღებულ ნაღდი ფულის ნაშთს გულისხმობს). ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27607 და 2026 წლის 20 თებერვლის №3898 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის 12 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი აპრილის №7480 ბრძანება და 2 აპრილის №002-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 230 301 ლარი, მათ შორის, გადასახადი 144 467 ლარი, ჯარიმა 76 820 ლარი, საურავი 9 014 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1.შემოწმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია სამი სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ორ სატრანსპორტო საშუალებაზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისას გასათვალისწინებელია, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. ამდენად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ გაცხადებული (ფაქტიურად გადახდილი) ხარჯის 75%, ხოლო მოგების გადასახადით დაიბეგრა აღნიშნული ხარჯის 25%. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2.გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა თესლებით, სასუქებით, შხამ-ქიმიკატებით და ა.შ. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემმოწმებლის მიერ კონტრაჰენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების და ა.შ ანალიზით შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს დირექტორზე (არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პირი) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია სამი სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ორ სატრანსპორტო საშუალებაზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრისას გასათვალისწინებელია, რომ ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო. ამდენად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ გაცხადებული (ფაქტიურად გადახდილი) ხარჯის 75%, ხოლო მოგების გადასახადით დაიბეგრა აღნიშნული ხარჯის 25%.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადამხდელი აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებები შესყიდულია ადგილობრივად და გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულებები. მიაჩნია, რომ ხარჯების ნაწილში სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასიდან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივრებზე დანართის სახით წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულების ხარჯებში გათვალისწინების მიზნით საჭიროა გადამხდელმა წარმოადგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში და ბოლოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ფიქსირდება, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და შემმოწმებლების მიერ კონტრაჰენტებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მოცულობები. სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, ხელშეკრულებების, საბანკო ამონაწერების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების და ა.შ ანალიზით შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტთან, შემოწმების მიერ მომზადებულ არაპირდაპირი მეთოდის გაანგარიშების ცხრილში სმფ-ების საწყისს ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს, შეძენის კომპონენტსა და დოკუმენტურ შესყიდვას, ასევე საბოლოო ნაშთსა და ინვენტარიზაციის მონაცემებს შორის არსებულ განსხვავებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებისას დეკლარირებული (აღსანიშნავია, რომ კომპანიას სმფ-ის ნაშთები, შეძენები და რეალიზაციები საქონლის სახეობის და რაოდენობის მიხედვით აღრიცხული არ ჰქონდა) სმფ-ის საწყისი ნაშთი დაკორექტირდა 12 926 ლარით. ვინაიდან, ზოგიერთი კონკრეტული სახეობის საქონლის საწყისი, შეძენილი და საბოლოო ნაშთების შედარებით ფიქსირდებოდა უარყოფითი მაჩვენებელი, შეძენილი სმფების მონაცემები სრულ თანხვედრაშია შესყიდვის დოკუმენტაციასთან, ხოლო საბოლოო ნაშთის მონაცემები საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან მიღებულ მასალებში ასახულია საბაზროსარეალიზაციო ფასით, რომელთა ჩამოყვანა თვითღირებულებამდე განხორციელდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატებით და შესაბამისობაშია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან მიღებულ მაჩველებელთან.

ხოლო, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ფულის ნაშთის გაანგარიშებისას შემოსავლის ნაწილში როგორც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის, ასევე ბანკში ჩარიცხული თანხების და ბანკიდან სამეურნეო დანიშნულებით გატანილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმებით დადგინდა როგორც დოკუმენტური, ისე არადოკუმენტური რეალიზაციები. აღნიშნული რეალიზაციები მყიდველების მიერ ანაზღაურებულია ნაღდი და უნაღდო (საბანკო ჩარიცხვები, ტერმინალები) ანგარიშსწორებით. შემოწმებით დადგინდა საწარმოს საწყისი და საბოლოო დებიტორული დავალიანებები. აღნიშნული მონაცემების ანალიზით რეალიზაციის ნაწილში შემოწმებით განისაზღვრა სალაროში შემოსული ნაღდი ფულის მოცულობა. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის გაანგარიშების ცხრილის გრაფაში „რეალიზაცია სასაქონლო ზედნადებებით (დოკუმენტური)+არაპირდაპირი“ ასახული თანხა 2 125 848 ლარი, წარმოადგენს რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებისა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლების ჯამს, ხოლო აღნიშნულ თანხაზე ცალკე ბანკში მიღებული შემოსავალი დამატებული არ არის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება მოგების გადასახადის დარიცხვას.

2.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია სამი სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ორ სატრანსპორტო საშუალებაზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებისთვის არ არის წარმოდგენილი.სსკ-ის 982 მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად დაკვალიფიცირდა გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75%, ხოლო მოგების გადასახადით დაიბეგრა აღნიშნული ხარჯის 25%. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.

2. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა თესლებით, სასუქებით, შხამ-ქიმიკატებით და ა.შ.

შემოწმებით განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.აღნიშნულ განკარგვად თანხაზე გადამხდელს მინიჭებული არ აქვს კვალიფიკაცია. გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის, აგრეთვე, განკარგვადი თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არარსებობის გამო, აღნიშნული თანხა ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნოტარიული წესით დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),982,101,154.