ბრძანება N 5388

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.03.2023
№ დოკუმენტი 5388
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5388

20.03.2023

შპს „---------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 9 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №76210/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №002-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ საწარმომ კორპუსის აშენების მიზნით მიწის მფლობელ ფიზიკურ პირებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლებიც მიწის სანაცვლოდ მიიღებდნენ საცხოვრებელ ფართებს. განმარტავს, რომ ფიზიკური პირების წინაშე საწარმო ვალდებულებების შესრულებას სრულად მორჩა 2018 წლის 14 მაისს. კერძოდ, საწარმოსა და ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მხარეეები აღიარებენ მყიდველის, შპს „----------“ მიერ 2016 წლის 12 თებერვლით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, მისაღები ფართების გადაცემის ვალდებულების, სრულად შესრულებას. აღნიშნული შეთანხმება ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის საფუძველზეც მიწის მფლობელებს გაუფორმდათ თავიანთი კუთვნილი ფართები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ მიწოდების მომენტი იყო 2018 წლის 14 მაისი, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 მაისის N11530 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 11 ოქტომბრის №25858 ბრძანება და ამავე თარიღის №002-169 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 89 944 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 866 ლარი, ჯარიმა 25 419 ლარი, საურავი 15 659 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 10 თებერვალს, დღგ-ის გადამხდელად - 2017 წლის 25 სექტემბერს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და კომერციული ფართების იჯარით გაცემა. საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ქ. -------- (ს/კ -----) ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. 2018 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის ოქტომბრის თვეში. საწარმომ 2018 წლის 10 მაისს ზემოხსენებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 604 კვ.მ.-ის ოდენობით უძრავი ქონება. ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. 2018 წელს გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი დანახარჯების 35%. შპს „----------“ ქვეკონტრაქტორის შპს „----------“-ის (ს/ნ----------) ახსნა-განმარტების თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. საწარმოს 2018 წელს წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 10 მაისის განშლის საფუძველზე ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 2018 წლის 10 მაისის მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მომხდარიყო შპს „----------“ მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გულისხმობს ორი სამეურნეო ოპერაციის განხორციელებას, საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით. საგადასახადო შემოწმებით, 2019 წლიდან გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი ხარჯების 65%, შესაბამისად, 2018 წლის 10 მაისის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ქ. -------- (ს/კ ------) ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. გადამხდელმა აღნიშნულ მიწაზე მშენებლობა დაიწყო 2018 წელს და ამავე წლის 10 მაისს განახორციელა აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, ამასთან ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით. ასევე დადგენილია, რომ 2018 წელს გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა მთლიანი დანახარჯების 35%. შპს „----------“ ქვეკონტრაქტორის შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) ახსნა-განმარტების თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირება არ უფიქსირდება.

იმის გათვალისწინებით, რომ შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წლის ოქტომბრის თვეში, ხოლო 2018 წლის 10 მაისის განშლის საფუძველზე ფიზიკურ პირებს გადაეცათ დაუსრულებელი მშენებარე ფართი და ნასყიდობის საგნის, 2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და 2018 წლის 10 მაისის მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანა უნდა მოეხდინა შპს „----------“, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა თითოეული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით, კერძოდ, 2018 წლის 10 მაისის შეთანხმებით გადაცემული ბინების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მიწოდების მომენტი იყო 2018 წლის 14 მაისი, რომელიც წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და კომერციული ფართების იჯარით გაცემა.

შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმომ 2016 წლის თებერვლის თვეში ფიზიკური პირებისაგან შეიძინა მიწა ვალდებულებით, მასზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართების ნაწილის საკუთრებაში გადაცემის პირობით. გადამხდელმა აღნიშნულ მიწაზე მშენებლობა დაიწყო 2018 წელს და ამავე წლის 10 მაისს განახორციელა აღნიშნული ფიზიკური პირებისთვის განსაზღვრული ფართების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, ამასთან ამავე თარიღში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საცხოვრებელი სახლი უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში, გაყვანილი კომუნიკაციებით.შესრულებული სამუშაოების მიხედვით 2018 წლის ბოლოსათვის კორპუსი იყო „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირება არ უფიქსირდება.შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურსი გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9);16(1);18(10);8(10);161(1,6);309(107);