გადაწყვეტილება №20213/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20213/2/2023
13 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 10.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20213/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ისგან გათავისუფლებული მომსახურების ფარგლებში მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-271 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14600 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 828 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 6 715
დღგ - 6 465
საშემოსავლო გადასახადი - 250
ჯარიმა - 5 068
საურავი - 1 045
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა უპირატესად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის დაფუძნების თარიღია 12.12.2013 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. საწარმო ახორციელებს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციებს. კომპანიის ძირითადი შემსყიდველები შესამოწმებელ პერიოდში არიან ქ. ------ს მუნიციპალიტეტის ------სა და ------ს რაიონის გამგეობები, შპს „------“ (ს/ნ -----) და რამდენიმე ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის 159-163-ე, 165-ე, 170-ე, 174-176-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღია 30.07.2021 წელი. აღნიშნული თარიღის შემდეგ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №001-271 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14600 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნულ არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, შპს „------თან“ (ს/ნ -----) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, მიმწოდებელი (შპს „------“) იღებდა ვალდებულებას შემსყიდველისთვის საქონლის მიწოდების თაობაზე. სწორედ ასეთ შემთხვევებში, დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხები იქნა გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლზე და ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტავს, რომ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით) მომსახურების გაწევა და არა საქონლის მიწოდება, განსახილველ შემთხვევაში კი აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დაბეგრილია საქონლის, კერძოდ, ჩასასვენებლის მიწოდება. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩასასვენებლის მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა მართლზომიერია.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14600 ბრძანებაში უარის საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მითითება არ გამოდგება უარის დასასაბუთებლად. ემსახურება უმწეო და შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვას და ახორციელებს როგორც მთლიან ისე ნაწილობრივ სარიტუალო მომსახურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგჯერ მთლიანად, ხოლო ზოგჯერ მხოლოდ ჩასასვენებლით და სუდარით ხდება გარდაცვლილების მომსახურება, რიგ შემთხვევაში სასახლეებს აწვდის თვითონ, რიგ შემთხვევაში შუამავლის საშუალებით (შპს ------).
რაც შეეხება ანაზღაურებას, რაზეც მიუთითებს აუდიტორი და რაც ასევე, მითითებულია შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14600 ბრძანებაში, საგადასახადო კოდექსით გათავისუფლებული სარიტუალო მომსახურება ანაზღაურებადია, ხოლო თავად კომპანია ამ სარიტუალო მომსახურების განხორციელების შემადგენელი ნაწილია.
აუდიტორი აქცენტს აკეთებს სარიტუალო მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტის სასახლის მიწოდებაზე და ამტკიცებს, რომ სარიტუალო მომსახურების გაწევა არის გათავისუფლებული დღგ-ისგან და არა ამ მომსახურების ერთ-ერთი ნაწილის სასახლის (ჩასასვენებლის) მიწოდება. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მომსახურების გაწევა იგივე მომსახურების მიწოდებაა.
საგადასახადო კოდექსში, სადაც სარიტუალო მომსახურების დღგ-ისგან გათავისუფლებაზე წერია გამოყოფილია ცალკე ავტობუსის მომსახურება. ავტობუსის მომსახურება, რაზეც ხაზგასმულია საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას სხვა მომსახურებასთან ერთად და ამიტომ არის ხაზგასმული ავტობუსი, ხოლო ჩასასვენებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს ძირითად მომსახურებას და განიხილება, როგორც სარიტუალო მომსახურების თანმდევი განუყოფელი ნაწილი და ეს მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების (მათ შორის, ავტოტრანსპორტით მომსახურების) გაწევა.
საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობით დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების გაწევა, რაც არ მოიცავს საქონლის მიწოდებას, მათ შორის მომჩივნის მიერ განხორციელებული ჩასასვენებლის (სასახლის) მიწოდებას და მიიჩნევს, რომ ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ისგან გათავისუფლებული მომსახურების ფარგლებში მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა უპირატესად სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით. შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები და დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღია 30.07.2021 წელი. აღნიშნული თარიღის შემდეგ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ დაექვემდებარა ჩათვლას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა"), 16(1), 165(1)(2), 160(1), 1601(1), 163(1)(2), 164(1), 170(1"ჟ").