გადაწყვეტილება №25224/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.06.2025
№ დოკუმენტი 25224/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25224/2/2025

18 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 28.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25224/2/2025).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის №011-1017 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების

შესახებ;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №2025/011-1017/3 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების

შესახებ;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №2025/011-1017/4 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების

შესახებ;

4. შემოსავლების სამსახურის 8.05.2025 წლის №9254 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის (საქმე №3/5940-24) კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს „----- -ის “ (ს/ნ „-------“) ცრუმაგიერ პირად.

სასამართლოს აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 25 მარტის №011-1017 ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას, რაზეც შედგა 1.04.2025 წლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №2025/011-1017/3 და №2025/011-1017/4 აქტები.

ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 8 მაისის №9254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის ბრძანებით (საქმე №3ბ/3404-24) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 31 ოქტომბრის (საქმე №3/5940-24) ბრძანება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და მომჩივანი (ს/ნ „-------“ ) აღიარებულ იქნა შპს „-------- -ს “ (ს/ნ „-------“) ცრუმაგიერ პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივანის (ს/ნ „-------“) საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 25 აპრილის მდგომარეობით, შპს „------- -ს “ (ს/ნ „-------“) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 25.03.2025 წლის ბრძანება: №011-1017 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ არის უკანონო ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ არის დადგენილი, რომ მომჩივანი (პ/ნ „-------“) შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) მიმართ ცრუმაგიერ პირს წარმოადგენს კონკრეტულად მასზე გადაცემული ქონებების მიმართ. შესაბამისად ყადაღაც უნდა ყოფილიყო დადებული კონკრეტული ქონებების მიმართ და არა მომჩივანის (პ/ნ „-------“) საკუთრებაში არსებული ყველა ქონების მიმართ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს პირის ქონებას.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.

დადგენილია, რომ შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მისი ცრუმაგიერი პირის (მომჩივნის) საკუთრებაში (ბალანსზე) არსებულ ქონებას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება უნდა მომხდარიყო მომჩივანის (პ/ნ „-------“) საკუთრებაში არსებულ იმ ქონებებზე, რომლებიც მითითებული იყო სასამართლო მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.10.2024 წლის ბრძანებაში (საქმე №3/5940-24) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ შპს „------ -ის “ საკუთრებიდან მომჩივანის საკუთრებაში გადავიდა მანქანა-დანადგარები, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და 8 სალარო აპარატი.

მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით სასამართლომ მხოლოდ ავტომობილები აღნიშნა ბრძანებაში დანარჩენი საქონელი, რომლებიც ცრუმაგირობის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო გადაფორმებული სასამართლოს ბრძანებაში კონკრეტულად არ არის აღნიშნული.

სასამართლოს განმარტებით - „მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელთა მხრიდან გადასახადისგან თავის არიდების მიზნით ერთმანეთთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისგან განსხვავება, რამდენადაც მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ემსახურება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევის თავიდან არიდებას.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ბრძანებით მომჩივანი აღიარებულ იქნა შპს-ს ცრუმაგიერ პირად. სასამართლოს აღნიშნული ბრძანების და სსკ-ის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რაზეც შედგა 1.04.2025 წლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები. ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 8 მაისის №9254 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

238,241.