გადაწყვეტილება №19309/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19309/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19309/2/2023).
დავის საგანი:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №EL197320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №EL197311 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4756 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი (სსკ-ის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
ჯარიმა - 6 000 ლარი (სსკ-ის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
14.12.2022 წელს კომპანიის საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №----------) მიღებულია №---------- კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში, მომჩივნის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულია საბაჟო ლუქი №----------.
14.01.2023 წელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №---------- აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილია „ფორმა 111“-დან. მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულია ინფორმაცია, რომ №---------- კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№----------) იყო დაზიანებული და გადაილუქა ახალი იდენტიფიკაციის საშუალებით – №----------, თუმცა გადალუქვის შესახებ ინფორმაცია საბაჟო საწყობის მიერ არ იყო შეტანილი სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111 – №----------).
16.01.2023 წელს აღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა №---------- კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას (დათვალიერების აქტი: ნ.გ 16.01.2023წ.; გადალუქვის აქტი: ნ.გ 16.01.2023წ.).
ვინაიდან კომპანიის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ამასთან საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს მიერ 16.01.2023 წელს შედგენილია №EL197311 და №EL197320 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაეკისრა 1 000 ლარი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები 17.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.03.2023 წლის №4756 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ. ამასთან, საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. ამდენად, ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
16.12.2023 წელს ტერმინალის მიერ საბაჟო საწყობის (----------) ტერიტორიაზე სპეციალური ელექტრო კონტეინერის საშუალებით (ფორმა 111) მიღებული/გამოცხადებულია კონტეინერი ---------- (----------) და ფაქტიურ ლუქში დაფიქსირდა იდენტიფიკაციის საშუალება №----------.
საბაჟო ორგანოს წარედგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შეივსო და დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობა (----------) და შესაბამისად, იდენტიფიკაციის საშუალებად დაფიქსირდა ფორმა 111-ში შეტანილი №----------. აღნიშნული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ აღმოჩნდა, რომ კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (ლუქი) იყო დაზიანებული, კერძოდ ახსნილი.
ერთი და იგივე ფაქტთან მიმართებით შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმი და ერთი და იგივე ქმედებისთვის ორი სხვადასხვა მუხლით იქნა სანქცია დაკისრებული კომპანიისათვის, რაც სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია.
ტერმინალში შემოსული კონტეინერი იყო წარმოდგენილი დაჟანგული ფირფიტის მქონე ლუქით, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა არასაიმედო, არამდგრად ფორმას. კომპანიის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული ვალდებულება, რომელიც აკისრია, საბაჟო საწყობის და ტერმინალიდან გასვლისას მოხდა კონტეინერის შემოწმება. სწორედ კონტეინერის შემოწმების პროცესში დაზიანდა ლუქი. კონტეინერი ან საქონლის მთლიანობა ბუნებრივია არ დარღვეულა, რასაც ასევე ადასტურებს უშუალოდ საბაჟო ორგანო.
აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო დეპარტამენტს. იმავე დღეს, საბაჟო ორგანოს მიერ მოხდა კონტეინერის ფიზიკური დათვალიერება. საქონლის დანაკლისი ვერ იქნა აღმოჩენილი, შესაბამისად კონტეინერი გადაილუქა საბაჟო ლუქით და 14 იანვარს გავიდა ტერმინალიდან, აღრიცხვის მოწმობით ----------.
შემოსავლების სამსახურმა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით არ დააკმაყოფილა საჩივარი: ტერმინალის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია (მონაცემი) ახალი საბაჟო ლუქის შესახებ; დარღვეული ან მოხსნილი/მოცილებული იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ დაუყონებლივ არ იქნა ინფორმირებული საბაჟო ორგანო.
აღნიშნული მიაჩნია დაუსაბუთებლად და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად კერძოდ:
საქმიანობის ნებართვის მიღების დღიდან ტერმინალი მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობა წარმართოს დადგენილი წესების და მოთხოვნების შესაბამისად, დარღვევების გარეშე. კომპანიის მიზანია ტვირთბრუნვის პროცესი იყოს გამართული და თავიდან აცილებულ იქნას ნებისმიერი შეფერხება. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაშია საბაჟო ორგანოს ადგილობრივ წარმომადგენელთან და ურთიერთთანამშრომლობის გაზით, ყოველდღიურად ცდილობთ გამართოს შიდა საოპერაციო სისტემა.
გასული წლის მიწურულს, ქვეყანაში (მეორადი სატრანსპორტო საშუალებების შემოდინებასთან დაკავშირებული) გაზრდილი საკონტეინერო ტვირთბრუნვის პარალელურად ტერმინალმა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაიწყო ფორმა 111-ის პრაქტიკაში დანერგვა ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სისტემის შექმნის მიზანი იყო ტერმინალის ტერიტორიაზე აკუმულირებული კონტეინერის მომიჯნავე ტერმინალზე ტრანსპორტირება, შემდგომში პორტისა და ტერმინალის ნორმალური ფუქნციონირების უზრუნველყოფის მიზნით.
გასაჩივრებული ოქმებით დადგენილ გარემოებებთან დაკავშირებით ითხოვს, მხედველობაში იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ ფოთისა და ბათუმის ტერმინალების სტრუქტურა და საწარმოო პროცესი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვინაიდან ეს არსებითად ნიშანდობლივია დარღვევის არსებობა-არარსებობის შეფასებისას.
ტერმინალი განთავსებულია ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, შესაბამისად გემიდან გადმოცლილი კონტეინერების შემოწმება და ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირება ხდება ტერმინალის მიერ, ისე რომ კონტეინერი არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას. უფრო მეტიც საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, ვიდრე კონტეინერი დატოვებს საბაჟო კონტროლის ზონას, ხელახლა ხდება კონტეინერის შემოწმება და ნებისმიერი უზუსტობების გამოვლენა, რომელსაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გემიდან გადმოცლის მომენტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ვალდებულებაა ფორმა 111-ში გამოაცხადოს კონტეინერზე განთავსებული ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალება, ტერმინალის ტეროტორიაზე გემის დაცლისთანავე, ახდენს კონტეინერზე განთავსებული ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირებას სწორედ აღნიშნული წესის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში კონტეინერის საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებამდე ტერმინალის მიერ იდენტიფიკაციის საშუალების შემოწმებისას ლუქი დაზიანდა სწორედ იმის გამო, რომ თავიდანვე წარდგენილი იყო დაჟანგული ფირფიტით. დადგენილი პროცედურის შესაბამისად დაზიანების შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს და მოხდა კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება, რასაც ადასტურებს საბაჟო ორგანოს შემოწმების შედეგი და ახალი საბაჟო ლუქის დადება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის არგუმენტი იმის თაობაზე რომ ფაქტის შეტყობინება არ მომხდარა საბაჟო ორგანოსთვის არ შეესაბამება სიმართლეს.
ტერმინალის მხრიდან გატარებული იქნა ყველა სხვა აუცილებელი, არსებითი ღონისძიება იმ მიზნით რომ კონტეინერი არ გასულიყო არასათანადო ლუქით და შესაბამისად არ დამდგარიყო ზიანი.
სწორედ ტერმინალის დროული და ადეკვატური რეაგირების შედეგად, საბაჟო ორგანოს არ აღმოუჩენია დანაკლისი, ამდენად, არც ერთ მხარეს მათ შორის საბაჟო ორგანოს, კონტეინერის მფლობელს, სახელწიფოს ან/და ნებისმიერი მესამე პირს არ მიუღია რაიმე სახის ზიანი და არ განუცდია ფინანსური დანაკარგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით ფორმა 111-ში მეორე ლუქის არ დაფიქსირება წარმოადგენს ფორმალურ და არაარსებით გადაცდომას, ფორმალური დარღვევს გამო სანქციის შეფარდება კი არ უნდა წარმოადგენდეს არც კანონმდებლობის და არც საბაჟო ორგანოს მიერ კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზანს, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ტერმინალი მუდმივად გამოხატავს სრულ მზადყოფნას, საბაჟო ორგანოსთან/სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გზით, დამატებით რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების საფუძველზე, საწარმოო პროცესი გაიმართოს იმგვარად, რომ სამომავლოდ თავიდან აცილებულ იქნას ნებისმიერი მცირე სახის კანონდარღვევაც კი და შესაბამისად საჯარიმო სანქციები.
ასევე ხაზგასასმელია ერთი და იგივე დარღვევაზე ორი სახის სანქციის შეფარდება რაც ბუნებრივია სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია. აღნიშნული ქმედება დარღვევად რომც იქნეს მიჩნეული გამოყენებულ უნდა იქნეს ერთი სახის სანქცია.
ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით სადაო აქტების ბათილობას და შეფარდებული ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ინსტრუქციის მე-20 მუხლის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერებით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან კონტეინერებით გასატანი, ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, აგრეთვე ცარიელი კონტეინერების ქვეყანაში შემოტანის/ქვეყნიდან გატანის აღრიცხვისას, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
მომჩივნის განმარტებით, ერთი და იგივე ფაქტთან მიმართებაში შედგენილია ორი სამართალდარღვევის ოქმი და ერთი და იგივე ქმედებისთვის ორი სხვადასხვა მუხლით იქნა სანქცია დაკისრებული კომპანიისათვის, რაც სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელია. ტერმინალში შესული აღნიშნული კონტეინერი იყო წარდგენილი დაჟანგული ფირფიტის მქონე ლუქით, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა არასაიმედო, არამდგრად ფორმას. კომპანიის მიერ პირნათლად იქნა შესრულებული ვალდებულება, რომელიც აკისრია, ტერმინალიდან გასვლისას მოხდა კონტეინერის შემოწმება. სწორედ კონტეინერის შემოწმების პროცესში დაზიანდა ლუქი. კონტეინერი ან საქონლის მთლიანობა ბუნებრივია არ დარღვეულა, რასაც ასევე ადასტურებს უშუალოდ საბაჟო ორგანო. დადგენილი პროცედურის შესაბამისად დაზიანების შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს და მოხდა კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება, რასაც ადასტურებს საბაჟო ორგანოს შემოწმების შედეგი და ახალი საბაჟო ლუქის დადება.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საბაჟო საწყობმა სპეციალური ელექტრონული კონტროლის - „ფორმა 111“-ის საშუალებით მიიღო კონტეინერი, რის შემდგომაც ვალდებულია მიუთითოს „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალება. საბაჟო საწყობის წარმომადგენელი ასევე, ვალდებულია ნახოს, დაათვალიეროს, შეამოწმოს იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება/არსებობა, საჭიროების შემთხვევაში გადალუქოს და სწორად ასახოს იდენტიფიკაციის საშუალება „ფორმა 111“-ში, რაც მომჩივანს არ განუხორციელებია. რაც შეეხება მის არგუმენტს, რომ აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა კონტეინერის მიღება, 2022 წლის 16 დეკემბერს გამოცხადებულ იქნა კონტეინერი, ხოლო საბაჟო ორგანოს გადალუქვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 2023 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ რაც დასრულებული იყო საბაჟო ფორმალობები 2023 წლის 14 იანვარს შპს „----------“ მიმართვის საფუძველზე.
ამდენად, დგინდება რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი საბაჟო ორგანოს განმარტებით აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო საწყობმა კონტეინერის ნიშანდება არ განახორციელა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები. ამასთან, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურებას მომჩივანს ასევე, მართებულად შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ სანქციების შეფარდება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, ჩადენილი განმეორებით;
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, საბაჟო საწყობმა სპეციალური ელექტრონული კონტროლის - „ფორმა 111“-ის საშუალებით მიიღო კონტეინერი, რის შემდგომაც ვალდებულია მიუთითოს „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალება. საბაჟო საწყობის წარმომადგენელი ასევე, ვალდებულია ნახოს, დაათვალიეროს, შეამოწმოს იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება/არსებობა, საჭიროების შემთხვევაში გადალუქოს და სწორად ასახოს იდენტიფიკაციის საშუალება „ფორმა 111“-ში, რაც მომჩივანს არ განუხორციელებია. რაც შეეხება მის არგუმენტს, რომ აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა კონტეინერის მიღება, 2022 წლის 16 დეკემბერს გამოცხადებულ იქნა კონტეინერი, ხოლო საბაჟო ორგანოს გადალუქვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 2023 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ რაც დასრულებული იყო საბაჟო ფორმალობები.
ამდენად, დგინდება რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი საბაჟო ორგანოს განმარტებით აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო საწყობმა კონტეინერის ნიშანდება არ განახორციელა საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები. ამასთან, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებას ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურებას მომჩივანს ასევე, მართებულად შეეფარდა ჯარიმა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ სანქციების შეფარდება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(2); 176(2).