გადაწყვეტილება №20577/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 20577/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20577/2/2023

14 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 15.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20577/2/2023).

 

დავის საგანი:

1. კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული სამედიცინო-ანტისეპტიკური ხსნარის დღგ-ით და აქციზით დაბეგვრა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №070-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19712 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 831 277 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 940 345

აქციზის გადასახადი - 717 400

დღგ - 222 945

ჯარიმა - 470 173

საურავი - 420 759

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის 2020 წლის მარტის საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება აქციზის და დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე შედგა 30.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი.

შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 15.12.2022 წლის №31616 ბრძანება და №070-19 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19712 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. კომპანიის მიერ წარმოებული და მიწოდებული სამედიცინო-ანტისეპტიკური ხსნარის დღგ-ით და აქციზით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადამხდელს გააჩნია ფარმაცევტული წარმოების ნებართვა გარეგანი და შინაგანი გამოყენების ხსნარების წარმოებასთან დაკავშირებით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ხორციელდებოდა სპირტის წარმოება და წარმოებული სპირტის შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე ფარმაცევტულ კომპანიებზე გადაცემა შემდგომი დაფასოებისა და რეგისტრაციის მიზნით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ანტისეპტიკურ ხსნარს (სამედიცინო სპირტი) შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის, №337/ნ ბრძანებით (15.07.2015 წლიდან მთავრობის №350 დადგენილება) და სასაქონლო ნომენკლატურის განმარტებით წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეესაბამება სენ ესნ კოდი 30049019000, ხოლო ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში საკვლევი ობიექტი წარმოადგენს 96,6%-იან ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ ანტისეპტიკური ხსნარის რეალიზაცია ხდებოდა ძირითადად 100 და 200 ლიტრიანი კასრებით სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.10.2009 წლის №337/ნ ბრძანებით (15.07.2015 წლიდან მთავრობის №350 დადგენილება) დამტკიცებულ მოთხოვნებს და შესაბამისად წარმოებული ხსნარი წარმოადგენს ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს რეალიზებული აქვს 99 020 ლიტრი ეთილის სპირტი. შემოწმების შედეგად, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა.

მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 188-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „ტექნიკური რეგლამენტის – საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის მარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების მოთხოვნებს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 99 020 ლიტრი ეთილის სპირტი (100 და 200 ლიტრი მოცულობებით) სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-------“-ის მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი წარმოადგენს 96.6%-იან ეთილის სპირტს, რომელსაც შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000 და შესაბამისად, ეთილის სპირტი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, არ არის დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებული ოპერაცია და მისი რეალიზაცია შემოწმებით მართლზომიერადა იქნა მიჩნეული აქციზითა და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" ) მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №350 დადგენილების მოთხოვნებს. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულია 99 020 ლიტრი ეთილის სპირტი (100 და 200 ლიტრი მოცულობებით) სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-------“-ის მიერ წარმოებული და სარეალიზაციოდ მომზადებული ანტისეპტიკური ხსნარი წარმოადგენს 96.6%-იან ეთილის სპირტს, რომელსაც შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000 და შესაბამისად, ეთილის სპირტი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, არ არის დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებული ოპერაცია და მისი რეალიზაცია შემოწმებით მართლზომიერადა იქნა მიჩნეული აქციზითა და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს საქმიანობას ალკოჰოლური ნაწარმის წარმოებასთან ერთად, წარმოადგენს ფარმაცევტული ნაწარმის წარმოება. კომპანიას 2013 წლის მარტში მიღებული აქვს ფარმაცევტული წარმოების ნებართვა სერია ფდ №000078 (დანართი №4), რომლის დანართიც (სერია ფდ №000082) აზუსტებს, რომ ნებართვა კონკრეტულად ეხება გარეგანი და შინაგანი გამოყენების ხსნარების წარმოებას. კომპანია აწარმოებდა სამედიცინო ანტისეპტიკურ ხსნარს, რომელზეც შესაბამისი ლაბორატორიის მიერ გაცემულია სერტიფიკატი №24 (დანართი №5) სამედიცინო სპირტის ანტისეპტიკური ხსნარის ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. კომპანიას აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (დანართი N6), რომლის თანახმადაც, ანტისეპტიკურ ხსნარს, შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის №337/ნ ბრძანებით წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეესაბამება სეს ესნ კოდი 30049019000, ხოლო ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების არ დაკმაყოფილების შემთხვევაში საკვლევი ობიექტი წარმოადგენს 96,6%-იან ეთილის სპირტს და მას შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. დასკვნაში აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით 2013 წლის 25 მარტს კომპანიამ მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდეგში სააგენტო) წერილით (დანართი №7). სააგენტოს 2013 წლის 2 აპრილის საპასუხო წერილით №"------" (დანართი №8) დასტურდება, რომ შპს „-------“-ის მიერ წარმოებული სამედიცინო სპირტი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება გადაეცეს შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე ფარმაცევტულ საწარმოებს მისი შემდგომი დაფასოებისა და რეგისტრაციის მიზნით. სწორედ სააგენტოს ამ წერილობითი ნებართვიდან გამომდინარე სამედიცინო სპირტი რეგისტრაციის გარეშე იქნა მიწოდებული ნებართვის მქონე ფარმაცევტულ საწარმოებზე მისი შემდგომი დაფასოების და რეგისტრაციის მიზნით, რითაც დაკმაყოფილებული იქნა დასკვნაში აღნიშნული მოთხოვნები. ასევე მტკიცებულებების სახით წარმოადგენს იმ ფარმაცევტული საწარმოების სანებართვო მოწმობებს (დანართი N9), რომლებზეც ხდება სამედიცინო სპირტის მიწოდება. აქვე აღნიშნავს, რომ კომპანია არ აწარმოებს სამედიცინო სპირტის მიწოდებას ისეთ პირებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სანებართვო მოწმობები. №337/ნ ბრძანებით (აღნიშნული ბრძანება 2015 წლის ივლისიდან ჩაანაცვლა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის დადგენილებამ №350) წარმოებდა საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების პირობების რეგულაცია. რადგანაც ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გამცემი ორგანოს 02.04.2013 წლის №„-------“ წერილით დადასტურებულია ფაქტი, რომ სპირტი არ საჭიროებს რეგისტრაციას, შესაბამისად, კომპანიამ მიიჩნია, რომ იგი არ არის მოქცეული №337/ნ ბრძანებით განსაზღვრულ რეგულაციაში და ამ ბრძანებით წაყენებული მოთხოვნების თითქოსდა დაუკმაყოფილებლობას არ შეეძლო შეეცვალა წარმოებული პროდუქტის შინაარსი. ამ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა შეეწყვიტა სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რაც დღემდე ხორციელდება. უფრო მეტიც, კომპანიამ წერილობით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმოებული პროდუქტის კატეგორიის განმარტების მიზნით. მისი 9.11.2015 წლის №"------" წერილით (დანართი №10) დეტალურად განმარტებულია, რომ მის მიერ ზემოთ აღწერილი პირობების დაცვით წარმოებული პროდუქტი წარმოადგენს ფარმაცევტულ პროდუქტს (ethanolum 96%,EP, 1963-1964,2011) ან/და წამლის ფორმის მოსამზადებელ აქტიურ სუბსტანციას, რომელიც „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1111 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, არ საჭიროებს რეგისტრაციას.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარდა შპს „-------“-ს ფარმაცევტული წარმოების შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 27 აპრილს გამოიცა შემოწმების აქტი (დანართი N11), რომლითაც დგინდება, რომ შპს „-------“-ს ფარმაცევტულ წარმოებაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა არ დაფიქსირებულა. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი“. 30-ე სასაქონლო კოდის ქვეშ მოქცეული საქონელი ასევე არ წარმოადგენს აქციზით დაბეგვრის ობიექტს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გათვალისწინებით. როგორც ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანუ უშუალო მარეგულირებელი ორგანოს მიერ შპს „-------“-ზე გაცემულია ფარმაცევტული წარმოების ნებართვა, ასევე მარეგულირებელი ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს მიერ დადასტურებულია, რომ სამედიცინო სპირტი რეგისტრაციის გარეშე შეიძლება გადაეცეს ფარმაცევტულ საწარმოებს, ხოლო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დეტალურად განმარტებულია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქტი არ საჭიროებს რეგისტრაციას. შესაბამისად, დასტურდება რომ კომპანიის მიერ წარმოებული სპირტი არის სამედიცინო და იგი მას შეესაბამება სენ ესნ კოდი 30049019000. გარდა ამისა, როგორც ზევით აღნიშნა, კომპანიის მიერ სპირტის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ ფარმაცევტული საწარმოების სანებართვო მოწმობების მქონე პირებისთვის, რაც ადასტურებს იმას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის საბოლოო გამოყენება არის სამედიცინო დანიშნულება. კომპანიის მიერ აღნიშნული პროდუქციის დაურეგისტრირებლობა წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, რომელიც არ ცვლის ოპერაციის შინაარს. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ მხოლოდ ფორმალური გარემოების არარსებობით კომპანიას არ უნდა შეეზღუდოს შეღავათით სარგებლობის უფლება.

საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა ოპერაციის საბოლოო შედეგიდან გამომდინარე და გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ კომპანია ახორციელებდა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

1.01.2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია - დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა - საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

1.01.2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის, ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი.

საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში.

საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია - დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და კომპანიის საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი.

კომპანიის მიერ წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარი შემოწმებისას ჩაითვალა, რომ წარმოადგენდა ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. შესაბამისად, ეთილის სპირტი შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, არ იქნა მიჩნეული დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულად და დაიბეგრა დღგ-ით და აქციზის გადასახადით.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საბჭოს გადაწყვეტილებები სხვა გადასახადის გადამხდელებზე, მათ შორის მომჩივნის მიმართ მიღებული 13.12.2019 წლის №3170/2/2016 და 21.01.2021 წლის №9885/2/2019 გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნული გარემოებების, მომჩივნის არგუმენტების გაცნობის და სადავო საქმეზე არსებული მასალების შეფასებით მიჩნეული უნდა იქნას, რომ მომჩივნის მიერ წარმოებული ანტისეპტიკური ხსნარი წარმოადგენს ეთილის სპირტს და შეესაბამება სეს ესნ კოდი 22071000000. გამომდინარე აქედან, ეთილის სპირტი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, არ თავისუფლდება დღგ-ით დაბეგვრისაგან, შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია დღგ-ში და აქციზის გადასახადში დამატებითი თანხების დარიცხვა და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.

 

2. სანქციებისგან გათავისუფლება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ფაქტების აღწერა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №070-19 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 470 173 ლარი და საურავი - 420 759 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

პირველი დავის საგნის ნაწილში აღნიშნული გარემოებები, ასევე ადასტურებს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ადგილი აქვს სწორედ გადამხდელის მიერ კეთილსინდისიერი ქმედების ფარგლებში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას, რომლის მიზანიც არ ყოფილა გადასახადებისგან თავის არიდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი თვლის,რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა ოპერაციის საბოლოო შედეგიდან გამომდინარე და გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ კომპანია ახორციელებდა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებას.

2.გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგდასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელს გააჩნია ფარმაცევტული წარმოების ნებართვა გარეგანი და შინაგანი გამოყენების ხსნარების წარმოებასთან დაკავშირებით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ხორციელდებოდა სპირტის წარმოება და წარმოებული სპირტის შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე ფარმაცევტულ კომპანიებზე გადაცემა შემდგომი დაფასოებისა და რეგისტრაციის მიზნით.

შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს რეალიზებული აქვს 99 020 ლიტრი ეთილის სპირტი. შემოწმების შედეგად, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.ასევე, საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 188-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია დღგ-ში და აქციზის გადასახადში დამატებითი თანხების დარიცხვა და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს,რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

160,161,168,182,183,184.