ბრძანება N 11772

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.06.2025
№ დოკუმენტი 11772
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11772

09 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.:---)

2025 წლის 6 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 და 22 მაისის სხდომებზე (ოქმი №39 და №42) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2025 წლის 6 მაისის №95537/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №149-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ დაკორექტირდა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. კერძოდ, 2022 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ჯამმა შეადგინა 178 559 ლარი, ნაცვლად 150 868 ლარისა. აღნიშნულ ოპერაციებს შორის სხვაობამ სალდირებულად წარმოშვა ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელი თანხა 4 984 ლარი, შესაბამისი სანქციებით. მიუთითებს, რომ 2022 წლის პირველ იანვარს ხე-ტყის ნაშთი იყო 90 მ 3 (71 964 ლარის), შეძენილია სულ 417.2 მ 3 (280 803 ლარის თვითღირებულებით). 2022 წელს სულ დოკუმენტით რეალიზებულია 180.23 მ 3 ხე-მასალა, ხოლო საცალო ვაჭრობით გაყიდულია 59 მ 3 . სულ 239.2 მ 3 ხე-მასალა (176 081 ლარის, დღგ-ის გარეშე), ხოლო 2 478 ლარად დღგ-ის გარეშე გაყიდულია „ვაგონკა“. სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გამოდის 178 559 მ 3 (222 581 ლარის თვითღირებულებით). 2023 წელს შეძენილია 366.71 მ 3 ხე-მასალა, სულ რეალიზებულია 232.4 მ 3 ხე-მასალა, მ/შ დოკუმენტებით რეალიზებულია 163.29მ3 (113 705 ლარის, დღგ-ის გარეშე), ხოლო საცალო წესით რეალიზებულია 69.1 მ 3 (47 733 ლარის), სულ რეალიზებულია 161 438 ლარის, დღგ-ის გარეშე და დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 161 438 ლარი. 2024 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთი იყო 402 მ 3 ხე-მასალა (239 090 ლარის თვითღირებულებით). შეძენილია 392 მ 3 (261 501 ლარის თვითღირებულებით). რეალიზებულია 71 მ 3 ხე-მასალა, ხოლო ნაშთმა 2025 წლის პირველი იანვრისთვის შეადგინა 723 მ 3 (472 391ლარის თვითღირებულებით). აღნიშნულიდან 552 მ 3 რეალიზაციაში აისახა 2025 წლის იანვრის დღგ-ის დეკლარაციაში. 2023 წელს ანალოგიურად 2022 წლისა მეწარმის მიერ დაკორექტირდა დღგ-ის დეკლარაციები, რის შედეგადაც შეიცვალა დასაბეგრი ბრუნვები და ნაცვლად 137 196 ლარისა შეადგინა 161 438 ლარი. აღნიშნულ სხვაობაზე დასარიცხი და ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებით, მომჩივანი მიიჩნევს, რომ დღგ-ში უნდა დაერიცხოს 4 364 ლარი, პლუს შესაბამისი სანქციები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მომჩივანი ითხოვს დღგ-ში დარიცხული 17 591 ლარი შემცირდეს 6 999 ლარით, ხოლო საშემოსავლო გადასახადში 2022 წელს დაერიცხოს 1 055 ლარი და 2023 წელს 671 ლარი.

2. საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების საწყის ნაშთს. ასევე, მოითხოვა გარკვეული სახის ხარჯების გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1631 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 2 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 აპრილის №6712 ბრძანება და ამავე თარიღის №149-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 40 646 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 419 ლარი, ჯარიმა 10 092 ლარი და საურავი 8 135 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

მეწარმის საქმიანობაა ხე-ტყის შეძენა-რეალიზაცია (ფიცრები ძირითადად). საქმიანობის ადგილია ქალაქი -----. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღიცხვას არ აწარმოებდა სრულყოფილად. კერძოდ, არ აღრიცხავდა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელს. მეწარმემ შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა საბანკო ამონაწერები, შიდა ინვენტარიზაციის აქტი (ჩატარებულია 2025 წლის 10 იანვარს, გამოავლინა დანაკლისი 552 მ 3 ხე-მასალა, რომელიც აღიარა დანაკლისად შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში, 365 000 ლარი) შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე წარმოადგინა დაზუსტებული დეკლარაციები (დღგ და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია), რომელიც გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ აისახა.

გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული დეკლარაციებით შესწორდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ღირებულება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში სმფ-ების ნაშთი/შეძენა დღგ-ის ჩათვლით იყო ნაჩვენები.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 თებერვალს ჩატარდა ინვენტარიზაცია სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით. შემოწმებით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი. კერძოდ, რეგისტრაციიდან (2021 წლის სექტემბრიდან) ინვენტარიზაციის თარიღამდე გაანგარიშდა საქონლის მოძრაობა (სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი და რეალიზებული სმფ-ები სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით, ასევე, შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ დანაკლისად აღიარებული რაოდენობა). შედეგად, გაანგარიშდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფების რაოდენობა და გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად (დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა გაიზარდა 96 000 ლარით). შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა ერთი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც 2-ჯერ ჰქონდა ჩათვლილი (177 ლარი).

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე მუხლებით და განსაზღვრა გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ასევე, დაკორექტირდა 2022-2023 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები (მათ შორის სმფ-ების ნაშთების ნაწილში).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100, 102-ე, 105-ე და 145-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა. კერძოდ, არ აღრიცხავდა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ასევე, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ების გადანაწილება დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა კანონმდებლობის შესაბამისია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად.

ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივნის არგუმენტაციაზე, კერძოდ:

 არ ეთანხმება სმფ-ების საწყის ნაშთს და მიუთითებს, რომ 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხე-ტყის ნაშთი იყო 90 მ 3 . განმარტა, რომ შეუძლია წარმოადგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

 განმარტა, რომ აშენებული აქვს ფანჩატური, რომელშიც გახარჯულია ხე-მასალა და შეუძლია, ხარჯების გათვალისწინების მიზნით წარმოადგინოს გახარჯული მასალის რაოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სმფ-ების საწყისი ნაშთის ოდენობის დაზუსტების და ხარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. 2021 წლის ბანკის ამონაწერები). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) სმფ-ების საწყისი ნაშთის ოდენობის დაზუსტების და ხარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. 2021 წლის ბანკის ამონაწერები);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა სმფ-ების საწყის ნაშთს. ასევე, მოითხოვა გარკვეული სახის ხარჯების გათვალისწინება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა. კერძოდ, არ აღრიცხავდა სასაქონლო ზედნადების გარეშე რეალიზებულ საქონელს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული სმფ-ების გადანაწილება დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა კანონმდებლობის შესაბამისიდ.

 

გადაწყვეტილება

პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სმფ-ების საწყისი ნაშთის ოდენობის დაზუსტების და ხარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. 2021 წლის ბანკის ამონაწერები). თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102 (1,ა); 145; 72 (1); 105 (1).