ბრძანება N 8270

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.04.2023
№ დოკუმენტი 8270
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8270

13.04.2023

ი/მ -- ის (ს/ნ ---)

(მის.: --)

2023 წლის 21 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ --ის (ს/ნ --) №19177/2/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 17 იანვრის №AA1432901 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 29 აპრილს მიმართა შემოსავლების სამსახურს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე სატრანსპორტო მომსახურების სფეროში, რომელიც მიენიჭა 2022 წლის 1 მაისიდან. როგორც შემდგომში გაირკვა, საერთაშორისო გადაზიდვები, რომელსაც გადამხდელი ახორციელებდა, არ შეესაბამებოდა მცირე ბიზნესის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის სახეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელმა ნებაყოფლობით მიმართა შემოსავლების სამსახურს 2022 წლის 9 დეკემბერს მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, როგორც კეთილსინდისიერმა გადამხდელმა, თავად აღმოაჩინა შეცდომა და მიმართა ნებაყოფლობით მცირე მეწარმის სტატუსი გაუქმების მოთხოვნით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმისაგან.

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ --ის (ს/ნ --) მიერ 2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმების შესახებ ID -- განაცხადის თანახმად, პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრიდან პირს გაუუქმდა მცირე მეწარმის სტატუსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად 2023 წლის 17 იანვარს შედგა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმი №AA1432901 და გადამხდელი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 23 თებერვალს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს;

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ: პირი ახორციელებს ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად ითვლება მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის თანახმად, ქმედება, რამაც ამ კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილით ან 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამო გამოიწვია საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის ან მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ --ის (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირმა მოითხოვა მცირე მეწარმის სტატუსის გაუქმება მცირე მეწარმისთვის აკრძალული საქმიანობის განხორციელების მიზეზით. აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 288-ე მუხლის საფუძველზე შედგა სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 88 (1,2); 89 (1,2,4); 269 (1); 270 (1); 288.