საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/70–22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.10.2023
№ დოკუმენტი 3/70–22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/70–22

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

23 ოქტომბერი, 2023 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე

მოსარჩელე - ი/მ -------;

წარმომადგენელი - ----;

წარმომადგენელი - ----;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - "-------";

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - "-------";

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის N30610 ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი გადაწყვეტილება, რითაც მოხდება გაშვებული ვადის აღდგენა;

სარჩელის თანახმად: საფოსტო გზავნილი -----ის ნაცვლად ჩააბარეს სავარაუდოდ არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საფოსტო გზავნილზე არსებული ხელმოწერა არ არის მოსარჩელის და სწორედ ამ კონკრეტული გარემოების დადგენის გამო მომართა სასამართლოს, კერძოდ 30.04.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 30.07.2021 წელს, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ჩაბარდა 17.04.2018 წლის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა. გარდა ზემოთხსენებული გარემოებისა ამ დროისათვის მოსარჩელს ჰქონდა მძიმე ჯამრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტის გამოკვლევის მიზნით -----ემ წერილობით მიმართა საქართველოს ფოსტას და მოითხოვა მისთვის გადაეცათ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის (2018 წლის 4 მაისს) ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, რაზედაც უნდა ყოფილიყო მისი ხელმოწერა, მოსარჩელეს ფოსტაში განუმარტეს, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა ვერ გადასცემდნენ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს. საფოსტო გზავნილის დედნის გადაცემის მოთხოვნა განპირობებული იყო იმ მარტივი გარემოებით, რომ სურდა ჩაეტარებინა დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდებოდა აღნიშნულ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა ნამდვილად იყო მისი თუ არა. მოსარჩელემ აღნიშნულის გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭოს სთხოვა მისი საკითხის განხილვამდე საქართველოს ფოსტიდან გამოეთხოვათ 2018 წლის 4 მაისის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მისი ხელმოწერის ნიმუშთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეგზავნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად, მაგრამ უშედეგოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნა და კიდევ უფრო მეტიც 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საერთოდ უარი უთხრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მაშინ როდესაც, აღნიშნული ფაქტობრივი გარემობა განსახილველი დავისათვის უმნიშვნელოვანესი იყო და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენდა. ასევე განმარტავს, რომ -----ს საქართველოს ფოსტამ გადასცა ამონაწერი ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან, აღნიშნული ექსპერტიზისათვის წარადგინა დამოუკიდებელი დოკუმენტი მომსარჩელემ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ - „---“, სადაც დასვა შემდეგი სახის შეკითხვა - „საქართველოს ფოსტის ამონაწერში ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან N ----- გრაფაში „მიმღების ხელმოწერა“ ---ის სახელით შესრულებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა თვით -----ის მიერ?“. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „-----“ მიერ გაცემული ექსპერტიზის (N-----) დასკვნის თანახმად: -----ის ხელმოწერა (ქსეროასლი) N ----- ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამის ამონაწერის ქსეროასლში სავარაუდოდ შესრულებულია არა -----ის, არამედ სხვა პირის მიერ. შესაბამისად ----თვის უცნობი იყო მის მიმართ რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულების არსებობა.

 

2. მოპასუხების პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 05 აპრილის N9157 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ -----ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 03 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება და N038-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 03 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი;

- 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება;

- N038-3 საგადასახადო მოთხოვნა;

 

3.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 3 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება და ამავე თარიღის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა მოსარჩელე მხარეს და საფოსტო დასტურის მიხედვით ჩაბარდა პირადად ი/მ -----ს 2018 წლის 4 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 03.05.2018 წლის N21-14/------; - საფოსტო გზავნილი;

 

3.3. ი/მ ------ არ ადასტურებს გზავნილის ჩაბარებას და განმარტავს, რომ მის ნაცვლად 2018 წლის 3 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება და 2018 წლის 17 აპრილის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა სავარაუდოდ ჩააბარეს არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საფოსტო გზავნილზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას და 30.04.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 30.07.2021 წელს, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ჩაბარდა 17.04.2018 წლის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში ი/მ -----ის მიერ საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 21 და 31 აგვისტოს.

 

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის მიზეზად სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა 2016 წლის 5 სექტემბრის ფორმა N100/ა, სადაც მითითებულია ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის პრობლემებზე. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 სექტემბრის N30610 ბრძანებით ი/მ -----ის (პ/ნ ----) საჩივრები დარჩა განუხილველი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი/მ -----ის განცხადება 31.09.2021წ.

- სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა 100;

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 სექტემბრის N30610 ბრძანება;

 

3.4. დადგენილია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „-----" მიერ გაცემული ექსპერტიზის (N----) დასკვნის თანახმად: „-----ის ხელმოწერა (ქსეროასლი) NAP---- ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამის ამონაწერის ქსეროასლში სავარაუდოდ შესრულებულია არა ------ის, არამედ სხვა პირის მიერ.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „-----" 2021 წლის 04 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა N----;

 

3.5. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 სექტემბრის N30610 ბრძანება ი/მ ----ემ 2021 წლის 15 ოქტომბერს გასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილებით ი/მ -----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილება;

 

3.6. შპს საქართველოს ფოსტის 2023 წლის 15 მარტის POST 23 ---- წერილით ირკვევა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია APO------ გზავნილთან დაკავშირებით არის შემდეგი: ი/მ ------თვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილია ელექტრონული ფორმით და ხელმოწერაც განხორციელდა ელექტრონულად. ასევე წარმოდგენილი იქნა ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებულია შემდეგი სახის მონაცემები:

გზავნილის კოდი: AP-----

გამგზავნი: ს.ს.ი.პ შემოსავლების სამსახური

ადრესატი: ი/მ ,,------"

ადრესატის მისამართი: საქართველო, ------

გაგზავნის თარიღი: 05/03/2018 15:40:24

ჩაბარების თარიღი: 05/04/2018 14:54:26

გზავნილის მიმღები: (თვითონ) ----- -----;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს საქართველოს ფოსტის 2023 წლის 15 მარტის POST 23 ------ წერილი;

- საფოსტო გზავნილი;

 

3.7. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა შპს საქართველოს ფოსტის თანამშრომელი -----, რომელმაც განმარტა, რომ საკმაოდ დიდი დრო არის გასული და ზუსტად არ ახსოვს ------ემ ჩაიბარა თუ არა შეტყობინება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ხელმოწერაც და პირადი ნომერიც ------ეს ეკუთვნის, მიუთითებს იმაზე, რომ პირადად ჩაიბარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიეთითებოდა იმ პირის მონაცემები ვინც ჩაიბარებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ------ის ჩვენება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ი/მ ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის N30610 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს განიხილოს ი/მ "------"-ის საჩივრები და გამოსცენ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად

განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო

დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:

1.ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე N ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული მისი ნაყოფი წარმოების შედეგად გამოცემული წარმოების ფინალი და გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივარს ორგანოს საჩივრის ადმინისტრაციულ შესაძლებლობა თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 05 აპრილის N9157 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ -----ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 03 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება და N038-3 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დადგენილია, რომ ზემოთაღნიშნული აქტები გაეგზავნა მოსარჩელე ი/მ "-------"-ს და საფოსტო დასტურის მიხედვით ჩაბარდა პირადად 2018 წლის 4 მაისს.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურში ი/მ ----ის მიერ საჩივარი წარდგენილია 2021 წლის 21 და 31 აგვისტოს.

დადგენილია, რომ ----- არ ადასტურებს გზავნილის ჩაბარებას და განმარტავს, რომ მის ნაცვლად 2018 წლის 3 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2018 წლის 17 აპრილის N8836 ბრძანება და 2018 წლის 17 აპრილის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა სავარაუდოდ ჩააბარეს არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საფოსტო გზავნილზე არსებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას და 30.04.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 30.07.2021 წელს, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ჩაბარდა 17.04.2018 წლის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინა საჩივარი და გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 სექტემბრის N30610 ბრძანებით ი/მ -----ის (პ/ნ -----) საჩივრები დარჩა განუხილველი;

შპს საქართველოს ფოსტის 2023 წლის 15 მარტის POST 23 ---- წერილით ირკვევა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია AP ------ გზავნილთან დაკავშირებით არის შემდეგი: ი/მ -----თვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილია ელექტრონული ფორმით და ხელმოწერაც განხორციელდა ელექტრონულად. ასევე წარმოდგენილი იქნა ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებულია შემდეგი სახის მონაცემები:

გზავნილის კოდი: AP-----

გამგზავნი: ს.ს.ი.პ შემოსავლების სამსახური

ადრესატი: ი/მ ,,------‘’

ადრესატის მისამართი: საქართველო, -----

გაგზავნის თარიღი: 05/03/2018 15:40:24

ჩაბარების თარიღი: 05/04/2018 14:54:26

გზავნილის მიმღები: (თვითონ) ----- -----;

დადგენილია ასევე, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა შპს საქართველოს ფოსტის თანამშრომელი -----, რომელმაც განმარტა, რომ საკმაოდ დიდი დრო არის გასული და ზუსტად არ ახსოვს -----ემ ჩაიბარა თუ არა შეტყობინება, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ხელმოწერაც და პირადი ნომერიც ----ეს ეკუთვნის, მიუთითებს იმაზე, რომ პირადად ჩაიბარა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიეთითებოდა იმ პირის მონაცემები ვინც ჩაიბარებდა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სარჩელის ავტორის პოზიციას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის „------" მიერ გაცემული ექსპერტიზის (N-----) დასკვნით დასტურდება, რომ ხელმოწერა არ არის შესრულებული ----ის მიერ, ვინაიდან ექსპერტის დასკვნა არ არის კატეგორიული, ის გამოთქვამს მხოლოდ ვარაუდს, რომ ,,-----ის ხელმოწერა (ქსეროასლი) NAP----- ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამის ამონაწერის ქსეროასლში სავარაუდოდ შესრულებულია არა -----ის, არამედ სხვა პირის მიერ.“

სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისიან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2021 წლის N------21-14 წერილის მიხედვით, 3.04.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 17.04.2018 წლის N98836 ბრძანება და 17.04.2018 წლის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით - 4.05.2018 წელს.

ვინაიდან ზემოაღნიშნული აქტები ადრესატს ჩაბარდა დაზღვეული საფოსტო გზავნილით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის ეტაპზე გასაჩივრების ვადის ათვლა - 04.05.2018 წლიდან განხორციელდა მართლზომიერად, შესაბამისად სადავო აქტებთან დაკავშირებით საჩივრის 21.08.2021 წელს წარდგენისას დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით არ იკვეთება _ სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ ----ის საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა გადასახადის გადამხდელს უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად ი/მ -----ის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს,სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიო მიზეზის არსებობა შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, მოსარჩელის მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება გახდეს კანონის საფუძველზე გამოცემული აქტის ბათილად ცნობილის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბრძანების მიღების, ასევე დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის საფუძველი, ვინაიდან პირს კანონით დადგენილი წესის დაცვით ჩაბარდა საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა. ამდენად, კანონშესაბამისია გასაჩივრებული აქტები.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით _ სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის N30610 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი/მ -----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მიხეილ ბებიაშვილი

მოსამართლე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ფაქტობრივი გარემოებები

საფოსტო გზავნილი მოსარჩელის ნაცვლად ჩააბარეს სავარაუდოდ არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან საფოსტო გზავნილზე არსებული ხელმოწერა არ არის მოსარჩელის და სწორედ ამ კონკრეტული გარემოების დადგენის გამო მიმართა სასამართლოს.

30.04.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 30.07.2021 წელს, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ჩაბარდა 17.04.2018 წლის N038-3 საგადასახადო მოთხოვნა. გარდა ზემოთხსენებული გარემოებისა ამ დროისათვის მოსარჩელს ჰქონდა მძიმე ჯამრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული ფაქტის გამოკვლევის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს ფოსტას და მოითხოვა მისთვის გადაეცათ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, რაზედაც უნდა ყოფილიყო მისი ხელმოწერა, მოსარჩელეს ფოსტაში განუმარტეს, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა ვერ გადასცემდნენ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს.

მოსარჩელემ აღნიშნულის გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭოს სთხოვა მისი საკითხის განხილვამდე საქართველოს ფოსტიდან გამოეთხოვათ 2018 წლის 4 მაისის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მისი ხელმოწერის ნიმუშთან ერთად ადმინისტრაციულ ორგანოს გადაეგზავნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად, მაგრამ უშედეგოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის მოთხოვნა და კიდევ უფრო მეტიც 2021 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით საერთოდ უარი უთხრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის N30610 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 17 დეკემბრის N14736/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.