ბრძანება N 18569
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18569
19 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ----ის (ს/ნ---- )
(მის.:---- )
2025 წლის 14 და 30 აპრილის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ივლისსა და 7 აგვისტოს გამართულ სხდომებზე (ოქმი №54 და №64) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ივლისის №25254/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -------------------ის (ს/ნ -----------------) 2025 წლის 14 აპრილის №95086/1/2025 და 30 აპრილის №95392/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინები მას საკუთრებაში ჰქონდა ორ წელზე მეტი ვადით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------------------ის (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 სექტემბრის №24731 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 432 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 121 625 ლარი, ჯარიმა 40 709 ლარი და საურავი 35 098 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 3 ივნისის №11282 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 2 ივლისის №25254/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ივლისის №25254/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით და აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის №54644-21-14 წერილით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადების შემოსავლის გრაფაში მითითებულია ამ პერიოდებში გაყიდული კომერციული ფართებისა და ბინების ღირებულებები დღგ-ის გარეშე, რამაც ჯამურად შეადგინა 440 078 ლარი. ამავე წლების გამოსაქვით თანხებში კი ჩასმულია მიწის შეძენის ღირებულება, რაც ჯამურად 253 021 ლარია. აქედან გამომდინარე, დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 187 057 ლარი და შესაბამისად წარმოიშვა საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება 37 411 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ფ/პ --------------მა (ს/ნ -----------) ქალაქ -------ში ------ის ქუჩაზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი. აქედან მის საკუთრებაში გადასული სამი კომერციული ფართი და ოთხი ბინა გაყიდა 2020-2021 წლებში. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია, როგორც რეზიდენტი ფიზიკური პირი, ასევე, არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ა1) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი;
ა2) აქტივის მიწოდების, მათ შორის, რეალიზაციის მომენტად მიიჩნევა საკუთრების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება მარეგისტრირებელ ორგანოში სხვა პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაცია. ხოლო,თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია − საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 ივლისის №25254/2/2025 გადაწყვეტილებაში მოცემულ ინფორმაციის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის №54644-21-14 წერილით დგინდება, რომ 2020 და 2021 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადების შემოსავლის გრაფაში მითითებულია ამ პერიოდებში გაყიდული კომერციული ფართებისა და ბინების ღირებულებები დღგ-ის გარეშე, რამაც ჯამურად შეადგინა 440 078 ლარი. ამავე წლების გამოსაქვით თანხებში კი ჩასმულია მიწის შეძენის ღირებულება, რაც ჯამურად 253 021 ლარია. აქედან გამომდინარე, დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 187 057 ლარი და შესაბამისად წარმოიშვა საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება 37 411 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს საცხოვრებელი ბინების დაბეგვრასთან დაკავშირებით, ასევე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, სადაც აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია საცხოვრებელი ბინები, როლებიც მას საკუთრებაში გააჩნდა ორ წელზე მეტი ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------------------ის (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13144 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24731 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №081-170 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 432 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 121 625 ლარი, ჯარიმა 40 709 ლარი და საურავი 35 098 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №11282 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №25254/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, რის გამოც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79( „ა“ და „ბ“); 80(1); 81(1); 82(1 „ვ.ა“.4 „ა“); 100(3) „ბ“;