ბრძანება N 11487
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11487
23.05.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------“ (ს/ნ -----------)
(მის.: -----------------)
2023 წლის 4 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ -------------) №77368/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №EL205316, №EL205317 და №EL205319 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს და განმარტავს, რომ 2023 წლის 19 მარტს შემოვიდა კონტეინერი №----------- ტვირთით (21 პალეტინ კოროზიული სითხეები, ბრუტო წონა 20524,310 კგ.). აღნიშნული ტვირთი ექსპედიტორული კომპანიის „------------ის“ მოთხოვნით გადაიტვირთა სატრანსპორტო საშუალებაში №-----------. ექსპედიტორის გადმოცემით, ვერ მოხერხდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურების გატარება (მოწმობის გაფორმება) და მათი განმარტებით საბაჟო დეპარტამენტმა დართო ნება სატრანსპორტო საშუალების დაცლაზე. 2023 წლის 27 მარტს ექსპედიტორული კომპანიის „----------ის“ დავალებით განხორციელდა ტვირთის დაცლა დასაწყობდა შპს „----------ის“ საბაჟო საწყობში, ხოლო სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა ტერმინალიდან.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ტერმინალი არ იყო ინფორმირებული აღნიშნული ტვირთის წითელ დერეფანში არსებობის შესახებ და ასევე აღნიშნულ დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმების შესახებ. საქონლის გადმოტვირთვა გამოწვეულია გაუფრთხილებლობით და აღრიცხვის მოწმობის არსებობის არცდონით და კომპანიის მხრიდან არ ყოფილა სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების საპატიოდ ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 23 მარტს შპს „------------“-ის (ს/ნ -----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „---------“ უფლებამოსილი პირის მიერ, დარეგისტრირდა №--------- აღრიცხვის მოწმობა, რომლითაც ტრანზიტის პროცედურაში მოექცა 20 524 კგ სხვადასხვა დასახელების საქონელი (ორგანული ნივთიერებები; ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები; თავის მოვლის საშუალებები). აღნიშნული აღრიცხვის მოწმობისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „---------“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
შპს „-----------“-ის 2023 წლის 2 აპრილის №------- და შპს „------------ის“ 2023 წლის 5 აპრილის №-----------განცხადებებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ №----------- სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე 2023 წლის 27 მარტს აიხსნა საბაჟო ლუქი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ჩამოიტვირთა ამავე მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ იმავე დღეს დატოვა საბაჟო საწყობის ტერიტორია.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-----------ის“ საბაჟო საწყობში ჩამოტვირთული საქონლის დათვალიერება, რის შემდეგაც საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 5 აპრილს შედგენილ იქნა №-------, №-------- და №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „ქ--------ს“ (ს/ნ --------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე, 170-ე მუხლების პირველი და 176-ე მეორე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმები (თითოეული ოქმით 500, 1000 და 6000 ლარის ოდენობით).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-100 მუხლის მე-7 პუნტით, დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები, შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები და ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას, ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე, 170-ე და 176-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ
დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV
კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტებს.
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული ჯარიმების საპატიოდ ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადმოტვირთვას, ასევე საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
70;100(7);163(1,11);166(1);170(1);176(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები