გადაწყვეტილება №20308/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20308/2/2023
18 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20308/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 821 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობის სფეროა გაყინული თევზის შეძენა, გაყინვა და რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №4997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 60 350.75 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 38 211.8 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, 2.05.2023 წლის №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 3 821 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს. შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს ახლად დაჭერილი თევზის შეძენას საზღვარგარეთ, შემოტანას საქართველოში, გადამუშავებას და რეალიზაციას. პროდუქტის შეძენის შემდგომ (ტრანსპორტირებამდე) ხდება ახლად დაჭერილი თევზის გასუფთავება შიგნეულობისგან, გარეცხვა, აწონვა და სპეციალურ ყინულით სავსე პოლიეთინურ ყუთში მოთავსება. შესყიდული საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირებას ესაჭიროება 9-10 დღე. ტრანსპორტირების პროცესში მიმდინარეობს პროდუქტის დეჰიდრატაცია, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: თევზის შემადგენლობის 75% წამოადგენს წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოხდება პროდუქტის გაყინვა, თევზი იწყებს წყლის აორთქლებას გამოშრობას, რაც მის წონას ამცირებს, მით უმეტეს, მცირდება თითოეული პროდუქტის წონა იმ პირობებში, როდესაც შრობა ხდება ცივი ჰაერის ზემოქმედების შედეგად და პროდუქტი 9-10 დღის განმავლობაში (ტრანსპორტირებისას) იმყოფება 0-დან -3 გრადუს ტემპერატურაზე. თევზის წონის შემცირება არ სრულდება ტრანსპორტირების დასრულებით, ვინაიდან საქართველოში გაცივებული თევზის ჩამოტანის შემდგომ, კვლავ სათითაოდ ხდება პროდუქტის გასუფთავება. გასუფთავების პროცესში ხდება პირველადი (ტრანსპორტირებამდე) წმენდიდან შემორჩენილი შიგნეულობის და სისხლის მოშორება და შოკური მეთოდით გაყინვა და გაყინულ მდგომარეობაში გაჩერება პროდუქციის შეფუთვამდე 48 საათი. აღნიშნული პროცედურები, რომ პროდუქტის წონის შემცირებას გამოიწვევს, არაპროფესიონალი ადამიანისთვისაც ცხადია. კომპანიის შემთხვევაში ერთ ცალ 7-10 კილოგრამიან თევზზე დანაკლისი არის 40-50 გრამი, რაც ყველანაირი ნორმების შესაბამისია და დასაშვებია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის სადავო დანაკლისის დასაშვები ნორმა 2-5%. კომპანიის წარმომადგენლის მიერ განცხადებული იქნა, რომ ორგანიზაციის მიერ შესყიდული თითოეული სუბიექტი იდენტიფიცირებადია, თვითონ პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია სასაქონლო ზედნადებებსა და დეკლარაციებში, რაც დამატებით საშუალებას აძლევდა ადმინისტრაციულ ორგანოს შეემოწმებინა გადასახადის გადამხდელის გამჭვირვალე და კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებული საქმიანობა - რაც არ მომხდარა. არ იქნა გათვალისწინებული სარეალიზაციო პროდუქტის თავისებურება. ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.05.2023 წლის №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.07.2023 წლის №72366-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შეძენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 1 621 287.88 ლარი. 1.01.2022 წლიდან 15.03.2023 წლამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა ექსპორტის დეკლარაციები, რომელმაც შეადგინა 1 755 842.85 ლარი. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 60 350.75 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 45 087.57 ლარი.
31.03.2023 წელს კომპანიის დირექტორმა მონიტორინგის დეპარტამენტში წარადგინა პოზიცია, რომ არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგების პროექტს. მედიაციის საბჭოს №19 სხდომის ოქმის მიხედვით კომპანიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სარეალიზაციო ფასებს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებული იქნა ბოლო რეალიზაციების საშუალო შეწონილი ფასი. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ფასებით ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 45 087.57 ლარისა, შეადგინა 38 211.8 ლარი, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს ჯარიმას 3 821.18 ლარის ოდენობით. მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა თევზის გადამუშავებისას წარმოშობილ „დანაკარგს“, მედიაციის საბჭოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2.05.2023 წელს შედგენილ იქნა №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. კომპანიის მიერ დანაკარგის მტკიცებულებად წარდგენილი იქნა გადამუშავების აქტები, თუმცა იყო ხარვეზი, ზოგიერთ აქტში მითითებული იყო სხვა კომპანია. ამიტომ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მსჯელობას, ამბობს, რომ სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია სათანადო მოკვლევის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული იმ პროდუქტის თავისებურებები, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან კეთილსინდისიერი გადამხდელი სახელმწიფოს წინაშე პირნათლად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები (დანაკლისი).
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სფეროა გაყინული თევზის შეძენა, გაყინვა და რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №4997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 60 350.75 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 38 211.8 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, 2.05.2023 წლის №CB1464918 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 3 821 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14897 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 8 (11); 286 (9).