გადაწყვეტილება №18164/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18164/2/2022
15.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 11.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18164/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.08.2022 წლის №007344/2022 ექსპერტიზის დასკვნა საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27352 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
18.08.2022 წლის №----------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით კომპანიის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულია სხვადასხვა დასახელების საქონელი (მაისური ბამბის ნართისაგან, ბავშვის ჯინსის შარვალი, ბავშვის კომპლექტები ბამბის ნართისაგან, ბავშვის სპორტული შარვალი და ელასტიკი, საერთო საბაჟო ღირებულებით 172 253.02 ლარი, საერთო წონით 4 242.59 კგ.).
მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებისას, დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის გამო, სისტემაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების (საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების და დეკლარირებული საქონლის დათვალიერების) შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საბაჟო ღირებულება არ შეესაბამებოდა საქონლის რეალურ მონაცემებს და დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 25.08.2022 წლის №-------/2022 ექსპერტიზის დასკვნით №------------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 70 146.96 აშშ დოლარი, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე და საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემთა ანალიზის შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებითაც განხორციელდა რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება და დეკლარირებული საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში (დეკლარაციის შეფასების №A124183, 25.08.2022წ.).
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 25.08.2022 წლის №-------/2022 ექსპერტიზის დასკვნის შედეგები და 18.08.2022 წლის №----------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების მართლზომიერების საკითხი 2022 წლის 26 აგვისტოს, 6 და 29 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.10.2022 წლის №27352 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტის (შპს „-----------“ მიერ გაცემულ დასკვნა) გამცემი პირი (შპს „-----------“) არ იძებნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს რეესტრში (https://gac.gov.ge/ka/accredited-bodies/16). შესაბამისად, არ დასტურდება აღნიშნული პირის აკრედიტაციის საკითხი. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმებიდან.
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 25 აგვისტოს №-------/2022 ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია რომელიც ----------- ბაზარზე ცნობილია როგორც საბავშვო მაღაზიათა ქსელი ----------- სახელით, ახორციელებს საბავშვო პროდუქციის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ------------დან. ----------- კომპანია ----------- არის კომპანიის მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმებული აქვს საქონლის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მომწოდებელი საბითუმო ფასში აწვდის საქონელს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება შესაძენი პროდუქციის შერჩევა, მათი მხრიდან კეთდება და კომპანიაში იგზავნება შესაბამისი ინვოისი და შემდგომ ხორციელდება ამ პროდუქციისათვის იმ საფასურის გადახდა, რაც ორმხრივად არის შეთანხმებული და მოცემულია მომწოდებლის ინვოისში. კომპანიას, დღემდე არაერთხელ განუხორციელებია ამ კონკრეტული მომწოდებლებისაგან საქონლის შემოტანა საქართველოში და არავითარ დაბრკოლებას არ ჰქონია ადგილი. ამ ფაქტის შემდეგ კი უკვე მეორედ გაუძვირეს შემოტანილი პროდუქციის ფასი და სავარაუდოდ ასე გაგრძელდება ყოველ ჯერზე. ასეთ შემთხვევაში კი უკვე აზრს კარგავს საქონლის იმპორტი და ბიზნესიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული საქონლის იაფად შეძენა და თავისუფალი ვაჭრობა არ ზღუდავს იმპორტიორს საქონელი მოიძიოს დაბალ ფასში.
შემოსავლებს სამსახური ცრუობს როცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტი გარიგების ფასის შესახებ. ამას მოწმობს მათივე აღიარება, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილმა პირმა, ექსპერტმა განახორციელა საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, სწორედ რომ საქონლის თანმხლებ ერთერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს საქონლის ინვოისი, რომლითაც განისაზღვრება გარიგების ფასი. მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისი წარმოადგენს ოფერტს, ხოლო მყიდველის მიერ ინვოისით განსაზღვრული თანხის გადახდა წარმოადგენს აქცეპტს და შედეგად ვიღებთ ნასყიდობის გარიგებას, ხოლო გარიგების ფასი განისაზღვრება სწორედ რომ ინვოისით.
სწორედ ამიტომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა არანაირი სხვა მეთოდებით, მათ შორის არც საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლით განსაზღვრული სარეზერვო მეთოდის მიხედვით, რადგანაც მომწოდებლის მიერ გამოგზავნილი ინვოისით ნათლად არის განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება. სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულებით განსაზღვრა ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც საქონლის ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია საბაჟო კოდექსის 38-ე-42-ე მუხლების საფუძველზე. ინვოისში მითითებული საქონლის ფასები არის სრულიად ადეკვატური, გონივრული და რეალური. შემოსავლების სამსახური განმარტავს რომ აღნიშნული კომპანია საბითუმო ფასში აწვდის პროდუქციას და დამატებით წარუდგინა მომწოდებელის ოფიციალური წერილი, რომელიც ადასტურებდა რომ ამ კონკრეტული შეკვეთის (№---------) ინვოისის ღირებულება შეადგენდა 20177.21 აშშ დოლარს და მომწოდებელი ადასტურებს რომ იგი ყველა მის დისტრიბუტორს აღნიშნულ ფასში აწვდის პროდუქციას, სამწუხაროდ ეს დოკუმენტი მათ არ მიიღეს მხედველობაში.
კომპანიამ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ხელშეკრულება გააფორმა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრთან - -----------, რომელსაც მინიჭებული აქვს ექსპერტიზის წარმოების უფლება შესაბამისი სალიცენზიო მოწმობით №----------- და მათ დაუკვეთეს ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა.
შპს ----------- მიერ გაცემული ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა №--------- ადასტურებს იმას რომ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პირველი მეთოდი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდის გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში კი არაა დასაბუთებული თუ რატომ ვერ მოხერხდა პირველი მეთოდით გარიგების ფასით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.
ყოვლად დაუსაბუთებელი და მიუღებელია შემოსავლების სამსახურის მიერ კერძო ექსპერტიზის დასკვნის მისამართით გაკეთებული უარყოფითი მოსაზრებანი. ექსპერტის დასკვნის მიმართ მათ ორი პრეტენზია განაცხადეს, რომლიდანაც არც ერთი არ არის დასაბუთებული და საფუძვლიანი, კერძოდ პირველი მათ კომპანიას დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ ვექტორს მოსთხოვეს აკრედიტაციის ერთიან ეროვნული ორგანოს რეესტრში რეგისტრაცია, რაც არაა სამართლებრივად სწორი, რადგანაც არსად მსოფლიოში არ არსებობს სასამართლო ექსპერტიზის აკრედიტაციის რაიმე სქემა. ამჟამად მხოლოდ სასამართლო საექსპერტო ლაბორატორიების ნებაყოფლობითი აკრედიტაცია ხორციელდება ISO/IEC 17025 სქემის შესაბამისად ეს სქემაა საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებისათვის. ამდენად ფიზიკურად არ არსებობს არავითარი სქემა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ექსპერტის კუთხით რაიმე სახით აკრედიტაციის გავლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა (საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, 96 მუხლის მე-2 ნაწილი).საქართველოში ლიცენზირებას მოითხოვს ექსპერტიზის მხოლოდ ორი განხრა: სასამართლო-სამედიცინო და ფსიქიატრიული ექსპერტიზები. (საქართველოს კანონი ლიცენზიების და ნებართვების შესახებ მე-6 მუხლი. დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ - ------------, რომელსაც მინიჭებული აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოების უფლება შესაბამისი სალიცენზიო მოწმობით №------------ და მეორე, შპს ------------- მიერ გაცემულია ექსპერტის დასკვნა და არა აუდიტის დასკვნა. აზრს მოკლებულია შემოსავლების სამსახურის მიერ იმაზე აპელირება რომ აუდიტის კომპეტენციაში არ შედის ფინანსური ექსპერტიზის დასკვნის მომზადება. შესაბამისად, შპს ------------ში ჩატარდა ფინანსური ექსპერტიზა საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, რომელიც უშუალოდ ჩაატარა ცენტრის საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტმა, რომელიც ამავდროულად არის აუდიტორი, რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის რეესტრში ნომრით ------------- და აქვს მუშაობის 23 წლიანი სტაჟი. ეს ყოველივე წარმოადგენს დამატებითი კვალიფიკაციის მანიშნებელს და არავითარი სამართლებრივი კავშირი არა აქვს მის მიერ ხელმოწერილი დასკვნის სახეობასთან ანუ --------- სახელით გაცემული დოკუმენტი წარმოადგენს ექსპერტის დასკვნას და არა როგორც აუდიტის დასკვნას.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება არ არის დასაბუთებული და სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პირველი მეთოდი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება (საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საქმეზე ან თავად მიიღოს საბჭომ ახალი გადაწყვეტილება ან საქმე დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით: 6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:
ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);
ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);
გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);
დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);
ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);
ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს, შეცვალოს ამ მუხლის მე-6 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად:
3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
4. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლებს სამსახური ცრუობს როცა აცხადებს, რომ საბაჟო ორგანოს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტი გარიგების ფასის შესახებ. ამას მოწმობს მათივე აღიარება, რომ საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილმა პირმა, ექსპერტმა განახორციელა საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, სწორედ რომ საქონლის თანმხლებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს საქონლის ინვოისი, რომლითაც განისაზღვრება გარიგების ფასი. სწორედ ამიტომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა არანაირი სხვა მეთოდებით. შემოსავლების სამსახური წარედგინა მომწოდებელის ოფიციალური წერილი, რომელიც ადასტურებდა რომ ამ კონკრეტული შეკვეთის ღირებულება შეადგენდა 20 177.21 აშშ დოლარს. ასევე, წარადგინა შპს ------- მიერ გაცემული ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა №--------, რომელიც ადასტურებს რომ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის პირველი მეთოდი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგანაც საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ყოველი მომდევნო მეთოდის გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში კი არაა დასაბუთებული თუ რატომ ვერ მოხერხდა პირველი მეთოდით გარიგების ფასით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.
შპს ---------- 31.08.2022 წლის №------- ექსპერტის დასკვნით შპს ----------- მიერ შემოტანილი საქონლის (საბავშვო ტანსაცმელი) საბაჟო ღირებულება შეადგენს 60 177.21 აშშ დოლარს.
მოპასუხე ორგანო მომჩივნის არგუმენტზე გარიგების ფასის შესახებ განმარტავს, რომ საჩივარს ახლავს 6.08.2022 წლით დათარიღებული №723217 ინვოისი (რაც ასევე მოხსენიებული და შეფასებულია შპს ------------ 31.08.2022 წლის №-------- ექსპერტის დასკვნით), რომელიც მომჩივნის მიერ დეკლარირების ეტაპზე წარდგენილი არ ყოფილა, წარდგენილი ჰქონდა 11.08.2022 წლით დათარიღებული (------------) ინვოისი, რომელიც მითითებულია 18.08.2022 წლის №------------ დეკლარაციაში. შესაბამისად, იმ დოკუმენტებით რომელიც არ გააჩნდა ექსპერტს ვერ იხელმძღვანელებდა.
რაც შეეხება საბაჟო ღირებულების განსაზღვრას სარეზერვო მეთოდით აღსანიშნია შემდეგი:
საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის (ექსპერტის) მიერ განხორციელდა საქონლის თანმხლები დოკუმენტაციის კამერალური შემოწმება და საქონლის ვიზუალური დათვალიერება. იქიდან გამომდინარე, რომ საბაჟო ორგანოს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტაცია გარიგების ფასის შესახებ, საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებულია მეორე მეთოდის დებულებები, რომლის ფარგლებშიც საბაჟო ღირებულება ვერ იქნა განსაზღვრული, რადგან საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ“ შეთანხმებით დადგენილი წესების) შესაბამისად, საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია თუ: დროის მოცემულ მომენტში არც დეკლარანტს და არც საბაჟო ორგანოს არ გააჩნია სანდო მონაცემები საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული (იგულისხმება თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) მოქცეული) იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ იდენტურობის კრიტერიუმს, ექსპორტირებული არიან იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც მოხდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი, რომელთაც გააჩნიათ იგივე წარმოშობის ქვეყანა, მათი ღირებულება განისაზღვრა პირველი მეთოდით და მიღებულია საბაჟო ორგანოს მიერ და გარიგება დადებულია იგივე კომერციულ და რაოდენობრივ დონეზე.
საბაჟო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა ვერც მესამე მეთოდის (მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით) ფარგლებში, რადგან მესამე მეთოდით საბაჟო ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელია თუ: დროის მოცემულ მომენტში არც დეკლარანტს და არც საბაჟო ორგანოს არ გააჩნია სანდო მონაცემები საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული (იგულისხმება თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) მოქცეული) იმ მსგავსი საქონელის გარიგების ფასის შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ მსგავსი საქონლის განსაზღვრებას, ექსპორტირებული არიან იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც მოხდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი, რომელთაც გააჩნიათ იგივე წარმოშობის ქვეყანა და მათი ღირებულება განისაზღვრა პირველი მეთოდით და მიღებულია საბაჟო ორგანოს მიერ და გარიგება დადებულია იგივე კომერციულ და რაოდენობრივ დონეზე.
მეოთხე მეთოდის (საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით) ფარგლებში საბაჟო ღირებულება ვერ იქნა დადგენილი, ვინაიდან იმპორტირებული, იდენტური ან მსგავსი იმპორტირებული საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილი იქნა საქართველოში, იმპორტირებული საქონლის შემოტანის იმავე დროს ან იმპორტირებული შესაფასებელი საქონლის იმპორტირების შემდგომ უახლოეს პერიოდში, ვერ ხერხდება ერთეულის ფასიდან შესაბამისად გამოიქვითოს ის დამატებითი თანხა, რაც დაკავშირებულია იმპორტირებული საქონლის რეალიზაციასთან, რომელიც საქართველოში მიეკუთვნება იმავე კლასის ან ტიპის საქონელს და რომელშიც, ჩვეულებრივ, შეიტანება მოგება და საერთო ხარჯები, ასეთის ობიექტური და დადასტურებული მონაცემების არარსებობის გამო. მეხუთე მეთოდის (შედგენილი ღირებულების მიხედვით) გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა არსებობდეს მონაცემები ექსპორტიორ ქვეყანაში, მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობაზე და ეს ელემენტი უნდა იყოს ჩათვლილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით (სარეზერვო მეთოდი), საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე და საქონლის საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ბაზის, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემთა ანალიზის შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 25.08.2022 წლის №007344/2022 ექსპერტიზის დასკვნით, №----------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 70 146.96 აშშ დოლარი, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება და დეკლარირებული საქონელი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში (დეკლარაციის შეფასების №-----------, 25.08.2022წ.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 18.08.2022 წლის №------------ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სარეზერვო მეთოდით, შედეგად აღნიშნულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება და მომჩივნის მიერ წარდგენილი შპს ------------ 31.08.2022 წლის №---------- ექსპერტის დასკვნის გაუთვალისწინებლობა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.