გადაწყვეტილება №17841/2/202

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17841/2/202
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17841/2/202

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:-------------------- (პ/ნ -----------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------------ 27.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17841/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის თანხისა და ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა იპოთეკის უფლების შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 838,04 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 2 035,26

ჯარიმა - 394,2

საურავი - 408,58

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანზე გაცემულია მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყალი და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ორი ლიცენზია. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის გამო მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 394,2 ლარის ოდენობით.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა იპოთეკის უფლების შესახებ.

მომჩივანმა მომსახურების დეპარტამენტის 14.07.2022 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინების და დარიცხული თანხის გაუქმების თაობაზე საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანებით გადამხდელის მოთხოვნა 14.07.2022 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის თანხისა და ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანმა 13.07.2022 წელს წარადგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2021 წლის II ნახევრის გაანგარიშება. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო მომჩივანს 14.07.2021 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 394,2 ლარის ოდენობით.

9.08.2022 წლის მდგომარეობით სავადოთი დალაგებული ბარათის მიხედვით 17.01.2022 წლის მდგომარეობით მომჩივანს (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2021 წლის II ნახევრის გაანგარიშების სავადო თარიღი) ერიცხება დავალიანება.

წიაღის ეროვნულ სააგენტოს 12.03.2021 წლის №345/ს ბრძანების საფუძველზე მომჩივანზე გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №---------, 23.12.2033 წლამდე თერმული წყლის მოპოვების უფლებით დღე-ღამეში 6 000 მ 3 . 22.04.2021 წელს დამტკიცებულია ათვისების გეგმა, რომლის მიხედვით 2021-2032 წწ ასათვისებელი მოცულობა შეადგენს თითოეულ წელს 219 000 მ 3 -ს, ხოლო 2033 წელს 213 600 მ 3 -ს. წიაღის ეროვნული სააგენტოს 28.09.2021 წლის №1330/ს ბრძანების საფუძველზე 12.03.2021 წლის №345/ს ბრძანებაში გასწორებულია ტექნიკური შეცდომა და 28.09.2021 წელს გაცემულია ახალი სალიცენზიო მოწმობა №--------. მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით №-------- ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა მოქმედია №--------- ლიცენზიის შემთხვევაშიც.

ვევაშიც. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მიწისქვეშა თერმული (თბოენერგეტიკული დანიშნულების) წყლების მოსაკრებელი განისაზღვრება 1 მ 3 -ზე 0,03 ლარის ოდენობით.

ათვისების გეგმა დამტკიცებულია წლიურად. იმ შემთხვევაში თუ ლიცენზია საკუთრებაში იმყოფება არასრული კალენდარული წელი, მოსაკრებელი დაერიცხება საკუთრებაში ყოფნის თვეების პროპორციულად. ამასთან, მოსაკრებლის დარიცხვის მიზნებისათვის ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ.

15.07.2021 წელს წარდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2021 წლის I ნახევრის გაანგარიშება, რომლის საფუძველზე №------------ ლიცენზიის ფარგლებში მოსაკრებელი დარიცხულია 87 600 მ 3 -ზე, რაც შეადგენს 2 628 (87 600*0,03) ლარს და გამოანგარიშებულია შემდეგი წესით: №----------- ლიცენზია 2021 წელს საკუთრებაში იმყოფებოდა 10 თვე. ათვისების გეგმა შეადგენს 219 000 მ 3 -ს, ხოლო 1 თვის პროპორციული მოცულობა 21 900 მ 3 -ს (219 000/10), 2021 წლის I ნახევარში დასარიცხი მოსაკრებელი 4 თვის პროპორციულად იანგარიშება 87 600 მ 3 -ზე. აღნიშნული თანხა გადახდილია 19.07.2021 წელს.

შემდეგი პერიოდის გაანგარიშებები წარდგენილი არ ყოფილა, ამიტომ განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა. 13.07.2022 წელს წარდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2021 წლის II ნახევრის და 2022 წლის I ნახევრის გაანგარიშებები, რომელთა საფუძველზე სავარაუდო დარიცხვები შეცვლილია შესწორებითი დარიცხვებით. კერძოდ, შემცირებულია სავარაუდო დარიცხვები და დარიცხულია გაანგარიშებებში ნაჩვენები მოსაკრებლის თანხები:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2021 წლის II ნახევრის გაანგარიშებით №------- ლიცენზიის ფარგლებში მოსაკრებელი დარიცხულია 65 700 მ 3 -ზე, ხოლო №10002388 ლიცენზიაზე მოსაკრებელი დარიცხულია ასევე 65 700 მ 3 -ზე, რაც გამოანგარიშებულია შემდეგი წესით: №------- ლიცენზია 2021 წელს საკუთრებაში იმყოფებოდა 10 თვე. ათვისების გეგმა შეადგენს 219 000 მ 3 -ს, ხოლო 1 თვის პროპორციული მოცულობა 21 900 მ 3 -ს (219 000/10). 2021 წლის II ნახევარში დასარიცხი მოსაკრებელი 3 თვის პროპორციულად შეადგენს 65 700 მ 3 -ს.

ჯამში, №-------- და №-------- ლიცენზიებზე 2021 წლის მოსაკრებელი დარიცხულია 219 000 მ 3 -ზე (87 600+65 700+65 700), რაც შეესაბამება 2021 წლის ათვისების გეგმას და კორექტირებას არ საჭიროებს.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 18.02.2022 წლის №207/ს ბრძანების საფუძველზე №------- ლიცენზია მთლიანად საკუთრებაში გადაეცა ფ/პ --------- (პ/ნ---------). ფ/პ --------- (პ/ნ---------) მიერ წარდგენილია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2022 წლის I ნახევრის გაანგარიშება, რომლის საფუძველზე №-------- ლიცენზიის ფარგლებში მოსაკრებელი დარიცხულია 36 500 მ 3 -ზე, რაც გამოანგარიშებულია შემდეგი წესით: 2022 წლის ათვისების გეგმა შეადგენს 219 000 მ 3 -ს, ხოლო 1 თვის პროპორციული მოცულობა 18 250 მ 3 -ს (219 000/12), 2022 წლის I ნახევარში დასარიცხი მოსაკრებელი 2 თვის პროპორციულად შეადგენს 36 500 მ 3 -ს (18 250*2).

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 274-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანების 106- ე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტზე. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 14.07.2022 წლის №011-7035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და გაუქმებას არ ექვემდებარება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის სახელზე იყო ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზია №-------. დაეკისრა გადასახადი პირველი და მე-2 სავადოთი, მე-2 სავადოთი დაკისრებული თანხა გადაიხადა, ხოლო პირველი სავადოთი დაკისრებული თანხის გადახდა ვერ შეძლო, რადგან 15.12.2021 წელს თვითონ და მამამისი დაინფიცირდნენ, მამა გარდაიცვა, ამ საკითხების საქმის კურსში იყო მამა და თვითონ საქმის კურსში არ იყო. 15.12.2021 წელს დაინფიცირების შემდეგ 1 თვე იწვნენ საავადმყოფოში. თვითონ გადაიყვანეს კოვიდ სასტუმროში.

მომჩივანი ითხოვს შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, რაც გამოწვეული იყო არცოდნით და წინასწარ განსაზღვრული არ ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოეხსნას დარიცხული თანხა და ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება). სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გზით. ამ შემთხვევაში, პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ გაანგარიშება წარდგენილია სავარაუდო დარიცხვის განხორციელების შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით სანქცია დაკისრებულია კანონმდებლობის შესაბამისად.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოეხსნას დარიცხული თანხა და ჯარიმა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენა და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება

ფაქტების აღწერა

მომჩივანს, დადგენილ ვადებში გადაუხდელ მოსაკრებლის თანხაზე, დაერიცხა საურავი. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 8.08.2022 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 2 035,26 ლარი, საურავი 408,58 და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული ჯარიმა 394,2 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოეხსნას საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია.

მომჩივანი ითხოვს შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მოეხსნას საურავი.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის თანხა დარიცხულია მომჩივნის მიერ წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების საფუძველზე, ხოლო საურავი დარიცხულია დადგენილ ვადებში გადაუხდელ მოსაკრებლის თანხაზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სადავო შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 31.01.2022 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 5.08.2022 წელს. შესაბამისად, გასულია მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ვალის მართვის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №-------21-17 წერილის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (www.rs.ge), 28.01.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 31.01.2022 წელს.

ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 2.03.2022 წელს. ხოლო, საჩივარი (№-------/1/2022) შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 5.08.2022 წელს. საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავალიანება, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებშიც გამოიცა სადავო აქტი, მომჩივნის მიერ დღეის მდგომარეობით გადახდილია და აღნიშნულის შესაბამისად, გაუქმდა დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გამოცემული ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №005-1613 შეტყობინება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22873 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების ნაწილში გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.