გადაწყვეტილება №21391/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21391/2/2023
04 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21391/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №007-189 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 290 364 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 137 371
დღგ - 134 919
საშემოსავლო გადასახადი - 2 306
ქონების გადასახადი - 146
ჯარიმა - 63 896
საურავი - 89 097
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 მაისის №14482 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №40207 ბრძანება და 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 251 706 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.05.2022 წლის №12621 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან (ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-3 სადავო საკითხი (არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანება 10.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.09.2023 წლის №20541/2/2023 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 დასკვნა, 12.07.2023 წლის №16874 ბრძანება და 13.07.2023 წლის №007- 189 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი) და მე-2 (არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით), შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 49-ე, 61-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელს გამოუვლინდა როგორც დანაკლისი, ისე საქონლის აღურიცხველობა. ინვენტარიზაციის აქტის მიღების შემდეგ იგი შეადარეს საბუღალტრო პროგრამას, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საქონლის ზედმეტობა გამოწვეული იყო ინვენტარიზაციის ჩამტარებლების მხრიდან მექანიკურად, კოდის საქონელზე შეცდომით მინიჭებით. რაც შეეხება დანაკლისს, აქაც საქმე ეხება მექანიკურ შეცდომებს. აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული აქტში აღრიცხული, სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი დეფექტიანი/წუნიანი საქონელი, რომელიც ჩამოწერილი იყო 2020 წლის 31 დეკემბრისთვის. აღნიშნავს, რომ საქონლის ჩამოწერის დოკუმენტის მომზადების საჭიროება გამოიწვია ფინანსური ანგარიშგების წარდგენამ. შესაბამისად, აცხადებს, რომ სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი დეფექტიანი/წუნიანი საქონლის აქტში გათვალისწინება მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკლისს. ამასთან, გაუგებარია შემოწმების მითითება, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 36%-ს.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით (არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა), შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 104-ე, 134-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე.
წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია იმპორტს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შემოწმებამ დარიცხვა განახორციელა თურქულ კომპანიაზე შპს „-------“, რომელიც წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს. შემოწმებას წარუდგინა არარეზიდენტი პირის რეზიდენტობის ცნობა და ასევე, თურქეთ-საქართველოს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აღნიშნული მომსახურება არ ექვემდებარება დაბეგვრას, რომელიც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით (ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა), შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2019 წლის იანვრის ხელფასის უწყისები და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შემოწმების მიერ შემოწმების აქტის შედგენისას აღნიშნულ თვეებში დადგენილი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის იდენტურია. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით არ დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის გაცნობისთანავე არ დაეთანხმნენ აქტში დაუსაბუთებლად დარიცხულ თანხებს. წერილობითაც და სატელეფონო საუბრებშიც ითხოვდნენ აუდიტორებისგან ახსნა-განმარტებებს, თუ რის საფუძველზე მოხდა დარიცხვები. აჭიანურებდნენ მასალების გადაგზავნას. 2022 წლის 21 იანვარს, გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, მიაწოდეს არასრულად ინვენტარიზაციის აქტი და არარეზიდენტებზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ხოლო აღურიცხავ ძირითად საშუალებებზე დარიცხული ქონების გადასახადის დაანგარიშება დღემდე არ მიუწოდებიათ. ასევე, არ მიუწოდებიათ სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა.
საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ექვსივე საკითხს სადავოდ მიიჩნევენ. მომჩივანი აუდიტორებს შეუფერხებლად აწვდიდა ყველა მოთხოვნილ დოკუმენტაციას. ორმხრივი თანამშრომლობა ნამდვილად შედგა. იმედოვნებდნენ, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს გაეცნობოდნენ და ერთად გაივლიდნენ საკითხებს, მაგრამ ამაოდ. აქტის პროექტის ნაცვლად იხილეს კანონიერ ძალში შესული საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც ვკითხულობთ ექვსივე სადავო საკითხთან მიმართებით მიზანმიმართულ არასწორ განმარტებას - „გადამხდელის პოზიცია - გადამხდელი გაეცნო შემოწმების შედეგებს და წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია“. როცა მოითხოვეს პასუხი ამ საკითხზე, აუდიტორმა განუმარტა, რომ ეს იყო შაბლონური ჩანაწერი, რომლისთვისაც ყურადღება არ უნდა მიექციათ.
საკითხი 1. გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად აუდიტორმა განუმარტათ, რომ მას აქვს ამის უფლება და თუ არ ეთანხმებიან გაასაჩივრონ.
თუნდაც ერთი შემთხვევა ჰქონდა კომპანიას და არა განმეორებითი, რაც საშუალებას მისცემდა აუდიტორს გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება. რა თქმა უნდა არც ერთი. აუდიტორს მსგავსი ჩანაწერებით სურს, კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ეჭქვეშ დააყენოს, შექმნას ურჩი და თაღლითი გადამხდელის სურათი და გამოიყენოს არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდი და ამით განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
საკითხი 2. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელს გამოუვლინდა როგორც დანაკლისი, ასევე ზედმეტობა. ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ აქტი აუდიტორმა იმეილით გაუგზავნათ 2022 წლის 21 იანვარს. ინვენტარიზაციის აქტის მიღების შემდეგ, იგი შეადარეს საბუღალტრო პროგრამას. აღმოაჩინეს, რომ საქონლის ზედმეტობა გამოწვეული იყო ინვენტარიზაციის ჩამტარებელი კომისიის წევრების მხრიდან მექანიკურ შეცდომით. მაგალითად, კოდის საქონელზე შეცდომით მინიჭებით. (საქონლის კოდი: 1610 00813-ს ნაცვლად მიწერილი იყო კოდი: 1610 00820. შეცდომა გამოიწვია საქონლის ერთიდაიგივე დასახელებამ - პლასტმასის სამ. გადამყვანი - 1000 ცალი). ამ კოდების გასწორებით, ბუღალტრულ პროგრამასა და ინვენტარიზაციის აქტს შორის ზედმეტობა 12 656 ლარის აღარ ვლინდება. (აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზედმეტობა შეუძლებელია ყოფილიყო, რადგან კომპანია მხოლოდ იმპორტირებული საქონლის რეალიზაციით არის დაკავებული, ადგილობრივი ბაზრიდან არაფერს ყიდულობს). სმფ-ის დანაკლისი - 63 709 ლარი შესამცირებელია: ა) 12 656 ლარით, რაც ზედმეტობაში ეჯდათ; ბ) სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი დეფექტიანი/წუნიანი საქონელი, რომელიც ჩამოწერილი იყო 2020 წლის 31 დეკემბრისთვის. მისი ღირებულება შეადგენდა 19 592 ლარს, რომელიც იყო დასაწყობებული. საქონლის ჩამოწერის დოკუმენტის მომზადების საჭიროება გამოიწვია ფინანსური ანგარიშგების წარდგენამ. დეფექტიანი/წუნიანი საქონლის ჩამოწერა, ჯართად რეალიზაცია განხორციელდა შემოწმების ჩატარების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკლისს. რეალური დანაკლისი სმფ-ების 31 461 ლარს შეადგენს.
საკითხი 3. აუდიტორი მიანიშნებს, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 36%. თუ საიდან მოიტანა ეს პროცენტი აუდიტორმა, გაუგებარია, როცა დოკუმენტალურად გაანგარიშებული ფასნამატი 2019-2020 წლებში შეადგენს 24-25%-ს. 2021 წელს კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმართა, წერილობით აცნობა საქონლის თვითღირებულებაზე დაბალი ფასის რეალიზაციის მოთხოვნით, რაც დადებითად დაკმაყოფილდა, გადამხდელის საცალო ფასნამატი 2021 წლის იანვრიდან შემოწმების დროისთვის შეადგენდა 17%-ს. აუდიტორი არსად არ მიანიშნებს შესამოწმებელ პერიოდში თვითღირებულებაზე დაბალ ფასში იყო რეალიზებული საქონელი თუ არა. აღნიშნული ჩანაწერებით აუდიტორს მხოლოდ ფონის შექმნა უნდოდა, თითქოს კომპანია მალავდა საქონლის რეალიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს მტკიცების ტვირთი და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ის ვალდებულია ამტკიცოს დარღვევის ფაქტი; აუდიტის მიზანია გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კონტროლი და გადამხდელთა დახმარება, რათა სწორად შეასრულონ მომავალში კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები, რაც ხორციელდება რისკ სფეროების გამოვლენის და სწორი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის გზით. სამწუხაროდ, აუდიტორები ასცდნენ ამ მიზანს.
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. 36% ფასნამატი გავრცელდა თითოეულ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გაიზარდა 626 922 ლარით, გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 134 805 ლარი. აუდიტორს არ ჰქონდა საფუძველი აეფასებინა ყველა საცალო რეალიზებული საქონელი, არ არსებობს არც საკონტროლო შესყიდვა, სადაც გამყიდველი დამალავდა რაიმე სახის გადასახადს და არც სხვა გარემოება. მაგალითად, საქონლის ურთიერთდამოკიდებული პირისთვის მიყიდვა, რის გამოც შესაძლებელი იქნებოდა ფასების გადახედვა.
საკითხი 4. აუდიტორის თქმით: დაქირავებით მომუშავე პირებზე გაცემულ ხელფასებსა და მომსახურების გამწევ პირებზე გაცემულ თანხებს შორის არის სხვაობა. კერძოდ, დეკლარაციასთან შედარებით, საბუღალტრო პროგრამაში უფრო მეტი განაცემებია ნაჩვენები, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან. აუდიტის ჩატარების პროცესში, მომჩივნის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი შრომითი ხელშეკრულება და განაცემთა უწყისები. ასევე, „სქრინშოთები“ საბუღალტრო პროგრამის გატარებებიდან, რითაც დასტურდებოდა დეკლარაციაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე. აუდიტორმა მხედველობაში არ მიიღო გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი დოკუმენტები და დაარიცხათ გაუმართლებლად ზედმეტი თანხები. ესეც იმ მიზნით, რომ თავიდანვე ეჭქვეშ დააყენა კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, წინასწარ შექმნა ხელოვნურად სადავო საკითხები, რითაც ეცდებოდა გაემართლებინა საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდის გამოყენება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარიცხული თანხები უსაფუძვლო და უსამართლოა. ამიტომ ითხოვენ ჯარიმის გაუქმებას. საშემოსავლო გადასახადში მთელ შესამოწმებელ პერიოდზე გამოვლენილი სამართალდარღვევისთვის, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა მხოლოდ ერთხელ, 100 ლარის ოდენობით. აუდიტორმა ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოდ დაწერა, იმ მიზნით რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ეჭქვეშ დაეყენებინა და გაემართლებინა საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდის გამოყენება.
საკითხი 5. კომპანია იმპორტს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. აუდიტორის მოსაზრებით, თურქეთიდან მიღებული საქონლის იმპორტისას არ იყო დაბეგრილი საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურება. გადასახადების დარიცხვა აუდიტორმა განახორციელა თურქულ კომპანიაზე შპს ------- (LTD -------), რომელიც წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს. აუდიტორს წარუდგინეს არარეზიდენტი პირის რეზიდენტობის ცნობა. ასევე, წარდგენილი იქნა თურქეთ - საქართველოს ქვეყნებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება. კერძოდ, მე-7 მუხლის თანახმად, წარდგენილი რეზიდენტობის ცნობის შესაბამისად არ ექვემდებარება დაბეგვრას. პირადი საუბრის შემდეგ აუდიტორმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება არ გაითვალისწინოს წარდგენილი დოკუმენტაცია. ესეც იმ მიზნით, რომ კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ეჭქვეშ დაეყენებინა და გაემართლებინა საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდის გამოყენება.
საკითხი 6. შემოწმების პერიოდში, არაერთხელ სატელეფონო ზარითა და წერილობით კითხეს აუდიტორს 2018-2021 წლების ქონების გადასახადის გაანგარიშების შესახებ, თუ რა შეცდომა ჰქონდათ და რატომ მოხდა 72 ლარის დარიცხვა. პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აუდიტორმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაარიცხათ ქონების გადასახადი იმ მიზნით, რომ გაემართლებინა და გაემყარებინა თავისი პოზიცია, რომ გამოეყენებინა არაპირდაპირი დარიცხვის მეთოდი. სამწუხაროა, რომ მეწარმესთან არ სურთ კომუნიკაცია არცერთ საკითხზე. ყველა საკითხზე უწერიათ -გადამხდელი გაეცნო შემოწმების შედეგებს და წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია. მომჩივანი ითხოვს საკითხის თავიდან ობიექტურ განხილვას.
კომპანიაში მთლიანად შეიცვალა საფინასო განყოფილებაში მომუშავე პერსონალი, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ ევროპასა და აშშ-ში და მოკლებული არიან ინფორმაციას აუდიტორებთან წარდგენილი დოკუმენტაციის შესახებ. ელოდებიან აუდიტორებისგან სრულად მომჩივნის მიერ გადაგზავნილ დოკუმენტაციას, რომელიც დღემდე არ მიუღიათ.
„გადაანგარიშების შედეგად“ დარიცხულ თანხებს არ ეთანხმებიან, ასევე არ ეთანხმებიან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის ბრძანების მესამე პუნქტში მოცემულ განმარტებას. მსგავსი ჩანაწერი ხელს აძლევს აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამართლის ძიებაში მეწარმე ატაროს წრეზე დაუსრულებლად.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დარიცხული თანხები დაექვემდებაროს ზემოაღნიშნული არგუმენტების საფუძველზე ხელახლა გადაანგარიშებასა და შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანებით:
პირველ სადავო საკითხთან (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით) დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან (ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-3 სადავო საკითხი (არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, კომპანიის მიერ წარდგენილი იყო 2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის ჩამოწერის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ინვენტარიზაციის კომისიის წევრები, კომპანიის დაქირავებული პირები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრული სასაქონლო მატერიალურიფასეულობების ჩამოწერის წესი. გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით ვალდებულია ელექტრონული განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს სმფ-ის ადგილმდებარეობის მიხედვით. საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ“, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. შედეგად, შემოწმების მიერ ვერ მოხდა კომპანიის მიერ ჩამოწერილი საქონლის გათვალისწინება და დარიცხული დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.
- არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი იყო შპს „-------“ თურქეთის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მიწოდების პირობები საბაჟო დეკლარაციის მიხედვით არის EXW სტამბული და FCA სტამბული. სტამბულიდან თბილისამდე ტრანსპორტირების ღირებულებაზე გამოწერილია ცალკე ინვოისები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრის სისწორე და დადგინდა, რომ შემოწმების მიერ წყაროსთან დაბეგრილი ტრანსპორტირების მომსახურების ხარჯი არ დაექვემდებარა შემცირებას.
- ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო გადამხდელის მიერ წარდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2019 წლის იანვრის ხელფასის უწყისები და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არის შესაბამისად 900, 900 და 886 ლარი, რაც შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას აღნიშნულ თვეებში დადგენილი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის იდენტურია.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადი არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და პირველ (საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდი) და მე-2 (არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებებს, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანება 10.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.09.2023 წლის №20541/2/2023 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა 22.11.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანება 10.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.09.2023 წლის №20541/2/2023 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №007-526 საგადასახადო მოთხოვნა, რომელზეც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანება, 22.11.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი მე-2 დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.05.2022 წლის №12621 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 20.05.2022 წლის №12621 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 ნოემბრის №27151 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე); 73(5); 101; 134; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;