გადაწყვეტილება №18328/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18328/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 29.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18328/2/2022).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატი და მიღებული შემოსავლის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად;
2. სმფ-ების დანაკლისის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2022 წლის №044-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 257 434 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 242 509
დღგ - 368 964
საშემოსავლო გადასახადი - 873 545
ჯარიმა - 769 829
საურავი - 245 096
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით (მობილური ტელეფონით) სპეციალიზებულ მაღაზიებში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 3.09.2019 წლიდან 29.12.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №8867 ბრძანება და 11.04.2022 წლის №044-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან) დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული 3%-იანი ფასნამატით იხელმძღვანელოს იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებზეც საქონლის მიწოდების ფაქტი დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ ზემოაღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან (ნაღდი ფულის დანაკლისის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატი და მიღებული შემოსავლის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი ---------- დან იმპორტირებული მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვს ექსპორტზე ---------- ის რესპუბლიკაში (მყიდველი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას). ადგილობრივ ბაზარზე საქონლის მყიდველებს წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტი ფიზიკური პირები (აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები). ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%-ს. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები რეზიდენტ იურიდიულ პირზე (რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 28%-ს).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება არარეზიდენტებისგან (----------- დან) იმპორტის გზით, ხოლო საქონლის ნაწილი შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაციის ძირითადი ნაწილი არის საბითუმო, რაზეც სრულად არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. ასევე, საწარმოს ერთჯერადად განხორციელებული აქვს ---------- ში ექსპორტი. საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი ფიზიკურ პირებზე შეადგენს 3%-ს, ხოლო ერთჯერადად იურიდიულ პირზე რეალიზაციის ფასნამატმა შეადგინა 28%. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება ოპერაციის შინაარსი ან ფორმა, შეიცვალა მხოლოდ ფასნამატი, რაც ოპერაციის ღირებულებითი შეფასების ცვლილებაა. განმარტავს, რომ 28%-იანი ფასნამატით გაიყიდა მხოლოდ მცირე რაოდენობის საქონელი (საერთო რეალიზაციის 3,8%), რაც წარმოადგენს ერთჯერადი სარფიანი გარიგების დროს გამოყენებულ ფასნამატს. შესაბამისად, ასეთი ოდენობის ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება უსამართლოა. მიუთითებს, რომ მსგავსი ფასნამატით რომ მომხდარიყო სხვა იურიდიულ პირებზე რეალიზაცია, მაშინ საბანკო ტრანზაქციებით დადასტურდებოდა აღნიშნული ოპერაციები, რადგან საქონელი არ არის მცირე ფასიანი, რის გამოც ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღება იურიდიული პირისგან არაგონივრულია. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ მოუხდენია კონტრაგენტებთან შედარება, რის საფუძველზე მარტივად დაადგენდა ფასწარმოქმნის სისწორეს. აცხადებს, რომ საბითუმო ოპერაციები ხორციელდებოდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან (რომელთა იდენტიფიცირება გადამხდელის პორტალზე შესაძლებელია) და გამოყენებული ფასნამატი რეალური იყო.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივ ბაზარზე საქონლის მყიდველებს წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტი ფიზიკური პირები (აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები). ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%-ს. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები რეზიდენტ იურიდიულ პირზე (რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 28%-ს). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატი (28%).
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, მაგრამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის გადამხდელის მიერ გამოყენებული 3%-იანი ფასნამატით იხელმძღვანელოს იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებზეც საქონლის მიწოდების ფაქტი დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ ზემოაღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საშუალო ყოველწლიური ბრუნვა შეადგენს 997 060 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო კომპანიის სრული შემოსავალი დაფუძნების დღიდან დღემდე შეადგენს 2 991 180 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), აღნიშნული კომპანიის ბრუნვის მოცულობებიდან გამომდინარე რთული გასაგებია შემმოწმებლის მიერ დარიცხული გადასახადების ოდენობა, იმის გათვალისწინებით, როდესაც კომპანიას მისი საქმიანობის განმავლობაში დეკლარირებული და გადახდილი ჰქონდა გადასახადი 571 831 ლარის ოდენობით.
კომპანიის დამფუძნებელი არის არარეზიდენტი პირი, რომელსაც აქვს სურვილი კეთილსინდისიერად მოახდინოს კუთვნილი გადასახადების გადახდა, თუმცა არაგონივრული საგადასახადო ვალდებულების შემთხვევაში, კომპანიას ვერ ექნება რესურსი მოახდინოს ვალდებულებების დაფარვა და მოუწევს საქმიანობის შეჩერება, ასევე საგადასახადო აღრიცხვაში არსებული ხარვეზები გამოიწვია პანდემიურმა მდგომარეობამ, რა დროსაც კომპანიას უჭირდა მოწესრიგებული ფუნქციონირება. რეალიზაციისათვის განკუთვნილი საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება არარეზიდენტი პირებისაგან იმპორტის გზით, კერძოდ ---------- დან. ნაწილი კი შესყიდულია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის რეალიზაციის ძირითად ნაწილს შეადგენს საბითუმო რეალიზაცია საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით ფიზიკურ პირებზე, რაზეც სრულად არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. ასევე ერთჯერადად მოხდა ექსპორტით რეალიზაცია ---------- ში. საბითუმო სარეალიზაციო პროდუქციის ფასნამატი ფიზიკურ პირებზე შეადგეს 3%-ს, ხოლო ერთჯერადად იურიდიულ პირზე რეალიზაციამ შეადგინა 28%.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა არსებულ რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები წესისამებრ, ასევე თანხები მიღებულია სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, არ არსებობს საფუძველი მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებით შემმოწმებელმა გამოიყენოს შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი. მითუმეტეს სახეზე არ არის ოპერაციის შინაარსის ან ფორმის ცვლილება, იცვლება მხოლოდ ფასნამატი, რაც მხოლოდ ოპერაციის ღირებულებითი შეფასების ცვლილებაა. გარდა ამისა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 28%-იანი ფასნამატით გაყიდვა მოხდა ძალიან მცირე რაოდენობით (საერთო რეალიზაციის 3,8%) რომელიც ერთჯერადი სარფიანი გარიგების დროს გამოყენებული ფასნამატია, რა დროსაც კომპანიამ მოახერხა მყიდველის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისად მოახდინა მაღალი ფასნამატის დაწესება შეთანხმებული ერთ იურიდიულ პირთან, შესაბამისად ამხელა ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება უსაფუძვლო და უსამართლოა. მსგავსი ფასნამატით რომ მომხდარიყო სხვა იურიდიულ პირებზე რეალიზაცია მაშინ საბანკო ტრანზაქციებით დადასტურდებოდა იურიდიულ პირებზე ოპერაციები, აღნიშნული საქონელი არ არის მცირე ფასიანი, რის გამოც ნაღდი სახით ამხელა თანხის მიღება იურიდული პირებისგან არაგონივრულია, იურიდიულ პირებს სჭირდებათ საგადასახადო დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისად აუცილებლად მოითხოვდნენ საგადახადო პორტალიდან გამოწერილ დოკუმენტებს.
ყველა რეალიზაციის ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული სასაქონლო ზედნადები რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ოპერაცია მათი მხრიდან კონტროლირებულია და ყველა მყიდველი იდენტიფიცირებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3%-იანი ფასნამატი გაავრცელოს მხოლოდ იმ რეალიზაციებზე რომლებზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადები და შემდგომ საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ ზემოაღნიშნულ საქონელზე დღგ-ის თანხა. იქედან გამომდინარე, რომ განხორციელდა რეალიზაცია და შემდგომ ამ საქონელზე დღგ-ის დაბრუნება მყიდველის მიერ კომპანიის კონტროლის სფეროს არ წარმოადგენდა როგორც უფლებრივად ისე პრაქტიკულად შესაძლებლობის დონეზე, ფიქრობს, რომ უსამართლოა რეალიზაციის ნაწილს გამოეყოს ის პირები რომლებმაც დაიბრუნეს დღგ და მხოლოდ მათზე გავრცელდეს 3%-იანი ფასნამატი.
ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა საქონელზე რომლის რეალიზაციაც მოხდა 3%-იანი თუ 28%-იანი ფასნამატით, არსებობს როგორც შესყიდვის დოკუმენტაცია ასევე რეალიზაციის დოკუმენტაცია უკლებლივ და ამასთანავე ეს ყოველივე აღრიცხულია ზუსტად ბუღალტრულ ბაზაში, შედეგად ამ ნაწილში სრულად აქვს კონტროლირებული ამ საქონელთან დაკავშირებული ოპერაციები და შესაბამისად აღნიშნული მუხლის მითითება და შემდგომ 73-ე მუხლის მე 5-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენება არ შეესაბამება ლოგიკურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.
ზემო აღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს რეალიზაციაზე გავრცელებული 28%-იანი ფასნამატი შემცირდეს 3%-მდე (როგორც ეს ფიზიკურ პირებზე აქვს გამოყენებული) ყველა ფიზიკურ პირთან რეალიზაციის შემთხვევაში. შესამცირებელი გადასახადი ამ ნაწილში შეადგენს 94 761 ლარს, ჯარიმა 47 380 ლარს და საურავი 18 522 ლარს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად:
5. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვს, დაიბრუნოს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება:
ა) საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე;
ბ) თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).
მომჩივნის განმარტებით ყველა საქონელზე რომლის რეალიზაციაც მოხდა 3%-იანი თუ 28%-იანი ფასნამატით, არსებობს როგორც შესყიდვის, ასევე რეალიზაციის დოკუმენტაცია, ამასთან ყოველივე აღრიცხულია ბუღალტრულ ბაზაში, შედეგად ამ ნაწილში სრულად არის კონტროლირებული ამ საქონელთან დაკავშირებული ოპერაციები და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე 5-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენება არ შეესაბამება ლოგიკურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს. საგადასახადო აღრიცხვაში არსებული ხარვეზები გამოიწვია პანდემიურმა მდგომარეობამ, რა დროსაც კომპანიას უჭირდა მოწესრიგებული ფუნქციონირება. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა არსებულ რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები, ასევე თანხები მიღებულია სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, არ არსებობს საფუძველი მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებით შემმოწმებელმა გამოიყენოს შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი. მითუმეტეს სახეზე არ არის ოპერაციის შინაარსის ან ფორმის ცვლილება, იცვლება მხოლოდ ფასნამატი, რაც მხოლოდ ოპერაციის ღირებულებითი შეფასების ცვლილებაა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 28%-იანი ფასნამატით გაყიდვა მოხდა ძალიან მცირე რაოდენობით (საერთო რეალიზაციის 3,8%) რომელიც ერთჯერადი სარფიანი გარიგების დროს გამოყენებული ფასნამატია, რა დროსაც კომპანიამ მოახერხა მყიდველის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისად მოახდინა მაღალი ფასნამატის დაწესება შეთანხმებულ ერთ იურიდიულ პირთან, შესაბამისად ამ ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება უსაფუძვლო და უსამართლოა. ასევე, უსამართლოა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, რომ რეალიზაციის ნაწილს გამოეყოს ის პირები რომლებმაც დაიბრუნეს დღგ და მხოლოდ მათზე გავრცელდეს 3%-იანი ფასნამატი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის (მობილური ტელეფონების) 97% რეალიზებულია არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, რაზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და მათზე დაყრდნობით ფასნამატი დაფიქსირებულია 3%. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მყიდველებთან მათი სტატუსის (არარეზიდენტობის) გამო ვერ გადამოწმდა ინფორმაცია საქონელში გადახდილ ფასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელებისგან, რომლითაც 3%-იანი ფასნამატი არ დადასტურდა. ზემოთ აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანთან შემოწმების ფარგლებში გამოვლენილია სხვადასხვა დარღვევები და მათ შორის 1 190 112 ლარის (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატი (28%). რაც შეეხება იმ ფიზიკურ პირებზე რეალიზაციას, ვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მათ მიერ გადახდილი ფასი ემთხვევა იმ ფიზიკური პირების მიერ გადახდილ ფასს ვისაც საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული არ აქვთ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საქონლის სახეობა მთლიანი რეალიზაციის საკმაოდ მცირე ნაწილია.
შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული 3%-იანი ფასნამატით იხელმძღვანელოს იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებზეც საქონლის მიწოდების ფაქტი დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ ზემოაღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე არსებობს სასაქონლო ზედნადებები, ასევე თანხის გადახდის (ჩარიცხვის) დოკუმენტაცია და რიგ შემთხვევებში მყიდველ ფიზიკურ პირებს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, არსებული სასაქონლო ზედნადებების გაუთვალისწინებლობის საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანება ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. სმფ-ების დანაკლისის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელი ---------- დან იმპორტირებული მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გააქვს ექსპორტზე ---------- ის რესპუბლიკაში (მყიდველი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას). ადგილობრივ ბაზარზე საქონლის მყიდველებს წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტი ფიზიკური პირები (აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები).
საწარმო 2020 წლის აგვისტოდან აღარ ადეკლარირებს მიღებულ შემოსავლებს, თუმცა აღნიშნულ პერიოდებში უფიქსირდება საქონლის შესყიდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელთან 2022 წლის თებერვალში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებში გამოვლინდა 1 190 112 ლარის (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი ჩაითვალა გადამხდელს მიერ რეალიზებულად და დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, აღნიშნული რეალიზაციის თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ინვენტარიზაციით გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისის გადამხდელის მიერ რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმო 2020 წლის აგვისტოდან აღარ ადეკლარირებს მიღებულ შემოსავლებს, თუმცა აღნიშნულ პერიოდებში უფიქსირდება საქონლის შესყიდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელთან 2022 წლის თებერვალში ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია, რომლის ფარგლებში გამოვლინდა 1 190 112 ლარის (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე) სმფ-ის დანაკლისი, რომელიც არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ჩაითვალა გადამხდელს მიერ შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს
მომჩივნის არგუმენტაცია
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა ინვენტარიზაცია და გამოავლინა დანაკლისი, გაუგებარია რატომ ჩაითვალა აღნიშნული საქონლის დანაკლისი წინა პერიოდის რეალიზაციად, რადგან საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, რატომ გავრცელდა 28%-იანი ფასნამატი, ისეთ პროდუქციაზე რომელიც უკვე მოძველებულია და მისი საბაზრო ფასი ნაკლებია თვითღირებულებაზე. აღნიშნულზე შემმოწმებელს უნდა მოეხდინა საბაზრო ფასის დადგენა გამოვლენილი დანაკლისის საქონლის ანალოგიური პროდუქტების და გამოვლენის დროის მიხედვით.
ამ საკითხის გასაჩივრების დროს, შემოსავლების სამსახურმა კვლავ მიუთითა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაზე, რაც წარმოადგენს აუდიტორის სუბიექტური აზრის ინტერპრეტაციას, რადგან კანონმდებლობში ზუსტად ასეთი შემთხვევისთვის არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსიც 286-ე მუხლის მე-9 ნაწილი და მართლზომიერად მიაჩნია, რომ უნდა გავრცელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება უსაფუძვლოა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც შემმოწმებელს მარტივად შეეძლო ოპერაციის შინაარსი გადაემოწმებინა კონტრაგენტებთან. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. გამომდინარე იქიდან, რომ საბითუმო ოპერაციები ხორცილდებოდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთ ან (რომლებიც ამავე დროს იდენტიფიცირებადი არიან საგადასახდო პორტალზე) ნიშნავს, რომ თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტური ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობები დაცული იყო რეალიზაციის ოპერაციების განხორციელებისას და შედეგად გამოყენებული ფასნამატი იყო რეალური. ამასთან, სრულად იქნა გათვალისწინებული 136-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც გულისხმობს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე, რადგან ამ ოპერაციებთან დაკავშირებით როგორც საგადასახადო პორტალზე ისე ბუღალტრულ ბაზაში არსებობს შესყიდვის და რეალიზაციის შესახებ სრული ინფორმაცია, რაც გამორიცხავს კონტროლის არ ქონას ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. აქედან გამომდინარე დაუშვებელია ხელოვნურად გავრცელდეს იურიდიულ პირთან გამოყენებული ფასნამატი ფიზიკურ პირებზე, მითუმეტეს იმის გამო, რომ 28%-იანი ფასნამატით (რომელიც გამოყენებული იყო იურიდიულ პირთან) რეალიზაცია არის მინიმალური და შეადგენს მთლიანი რეალიზაციის მხოლოდ 3,8%-ს, ეგეც იმის გამო რომ მენეჯმენტმა მოახერხა და ერთ კომპანიას მიყიდა მაღალ ფასში იმ მომენტში არსებული სავაჭრო გარემოებებიდან გამომდინარე.
მიაჩნია, რომ შემმოწმებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით პირდაპირ და ნათლად განსაზღვრული დებულების მიხედვით და ამ მუხლის საფუძველზე დაუქვემდებაროს დანაკლისი დაბეგვრას და არა წინა პერიოდის რეალიზაცია როგორც შემოწმების დროს განსაზღვრა თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე.
მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი განხილულ იქნას, როგორც დანაკლისი (რომელიც დაიბეგრება გამოვლენის მომენტში საბაზრო ფასით) კოდექსის შესაბამისი ნორმის მიხედვით და არა როგორც წარსული პერიოდის რეალიზაცია, რომელზეც გავრცელებულია 28%-იანი ფასნამატი უსამართლოდ. შესამცირებელი გადასახადი ამ ნაწილში შეადგენს 604 689 ლარს, ჯარიმა 302 344 ლარი და საურავი 118 198 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
მომჩივნის განმარტებით, გაუგებარია რატომ გაავრცელა 28%-იანი ფასნამატი, ისეთ პროდუქციაზე რომელიც უკვე მოძველებულია და მისი საბაზრო ფასი ნაკლებია თვითღირებულებაზე. აღნიშნულზე შემმოწმებელს უნდა მოეხდინა საბაზრო ფასის დადგენა გამოვლენილი დანაკლისის საქონლის ანალოგიური პროდუქტების და გამოვლენის დროის მიხედვით. კანონმდებლობაში ზუსტად ასეთი შემთხვევისთვის არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე9 ნაწილი და მართლზომიერად მიაჩნია, რომ უნდა გავრცელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა.
დადგენილია, რომ კომპანია 2020 წლის აგვისტოდან აღარ ადეკლარირებს მიღებულ შემოსავლებს, თუმცა აღნიშნულ პერიოდებში უფიქსირდება საქონლის შესყიდვა. გადამხდელთან 2022 წლის თებერვალში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ფულადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 1 190 112 ლარის (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლენილია სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი (ნაკლებობა), მართებულია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გამოვლენილი დანაკლისის (ნაკლებობის) შესაბამის პერიოდებში რეალიზებულად განხილვა და აღნიშნული რეალიზაციით მიღებული თანხის ჩათვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამდენად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველი დავის საგნის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27702 ბრძანება და ამ ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.