უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-987(2კ-22)

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 12.01.2023
№ დოკუმენტი ბს-987(2კ-22)
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე Nბს-987(2კ-22)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

12 იანვარი 2023 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე ( მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2020 წლის 22 ოქტომბერს ა.ს-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში.

ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისგან გათავისუფლებულია მსუბუქი ავტომობილის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ" და ,,დ.ე" ქვეპუნქტების შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, იგი საქართველოში შემოვიდა მუდმივად საცხოვრებლად, რაც დასტურდება იუსტიციის სამინისტროს მიერ 2019 წლის 28 ივნისს გაცემული პირადობის მოწმობით. მან საქართველოში შემოიყვანა მსუბუქი ავტომობილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობის მიზნით, 2019 წლის 25 ივნისს შემოსავლების სამსახურის უფროსის სახელზე მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა N152047/21-11 განცხადება. ამავე წლის 9 აგვისტოს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ სატელეფონო ზარის საშუალებით გაკეთებული მოთხოვნის საფუძველზე მოსარჩელის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი ე.წ ხაზის კონოსამენტი.

მოსარჩელის მითთებით, ზემოაღნიშნული განცხადების პასუხად საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 გადაწყვეტილება. მასში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს. ხოლო შეღავათის გავრცელების ბოლო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 29 სექტემბერი. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის N290 ბრძანებით განისაზღვრა შეღავათით სარგებლობის დამატებითი პირობა (სარტანსპორტო საშუალების საკუთრებაში ყოფნა არანაკლებ 6 თვის განმავლობაში), რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 2019 წლის 11 სექტემბრიდან.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოსარჩელისთვის უკანონოდ იქნა დაწესებული შეღავათით სარგებლობის ზემოაღნიშნული დამატებითი პირობა. ამასთან, შემოსავლების სამსახურს არ მიუღია ყველა სათანადო ზომა მისთვის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 გადაწყვეტილების დროულად ჩასაბარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ჩაიბარა ხელზე საკუთარი ინიციატივით მხოლოდ 2019 წლის 19 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის ქალაქ გორის სერვისცენტრში მისვლისას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ავტომობილის გაფორმებისას იგი ვერ სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული შეღავათით.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ოქტომბრის N37834 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 3 ივლისის N9801/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, ასევე მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის ავტოსატნანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომერი ----------------) დამატებითი პირობის გარეშე (სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში არსებობის ფაქტი მუდმივად ცხოვრების უფლების მიღებამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში) გაფორმების დავალება, რითაც ა.ს ისარგებლებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათითი და 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით დადგენილი უფლებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, ა.ს-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილი, 2019 წლის 31 ოქტომბრის N37834 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება N9801/2/2019 და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილში აღნიშნული დამატებითი პირობის (სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში არსებობის ფაქტი მუდმივად ცხოვრების უფლების მიღებამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში) გარეშე, რითაც ა.ს ისარგებლებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათითი და 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტით დადგენილი უფლებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც

იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების (2019 წლის 29 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მე-20 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დაწესებული შეღავათის მისაღებად სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას არაეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელზე.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მართლია ზემოაღნიშნული ბრძანების მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის ყველა ქვეპუნქტი (ა, ბ, გ, დ )აწესებს საქართველოში მუდმივად მცხოვრების პირის სახელზე იმპორტირებული საქონლის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის ვადას, თუმცა ოთხივე პუნქტი შეეხება შემთხვევას როდესაც საქონელი იგზავნება შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისთვის, ამ პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე. ან პირის მიერ საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევას, როდესაც საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემული ვითარება არ მიესადაგებოდა ზემოაღნიშნულ შემთხვევას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის N176 ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები და ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატა მე-7 1 პუნქტი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალება ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის იმპორტიორის საკუთრებაში იმყოფება და რეგისტრირებული იყო ამგვარად პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემზე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში" . ასევე ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ,,ჯ: ქვეპუნქტი. ,,სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით. შესაბამისად, დამატებით პირობა, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 11 სექტემბრიდან, ამოქმედებამდე ძალადაკარგულად გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მართალია 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ იგივე რეგულაცია იყო გათვალისწინებული 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია". ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა ა.ს-ს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის N298 ბრძანებულებით მიენიჭა. საგადასახადო ორგანოს მან შეღავათის მიღების მიზნით განცხადებით 2019 წლის 25ივლისს მიმართა. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს საბაჟო კოდექსი არ მოქმედებდა. მეტის, ამ პერიოდის შემდგომაც კი ძალაში არ იყო შესული საბაჟო კოდექსის X წიგნი, რომელშიც მოქცეულია 181-ე მუხლი (რომელიც აწესრიგებს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართვრლოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის საკითხს.) შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით დაწესებული პირობა, თუ საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნორმები არ იყო ამოქმედებული, ა.ს -ს მიმართ ვერ გავრცელდებოდა.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ თუ პირმა უფლების რეალზაცია კანონის მოქმედების პირობებში მოახდინა, მას ამ უფლების განხორციელება იმ დროს მოქმედი კანონით შეუძლია.

სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტიკებაზე, რომელშიც აღინიშნა, რომ ა.ს-ს საქართველოში შემოსვლა უფიქსირდება 2010 წელს, ხოლო შემდგომი 9 წლის განმავლობაში მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.2019 წელს საქართველოში ყოფნისას მან შეიძინა ავტომანქანა და ითხოვა შეღავათის გავრცელება, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, რამდენადაც მოსარჩელემ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოვლის 9 წლის შემდეგ შეიძინა ავტომანქანა, იგი ვერ ისარგებლებდა შეღავათითი. დავების განხილვის საბჭოს პოზიციით, საცხოვრებლად შემოსვლა არ უკავშირდება მოქალაქეობის მინიჭებას ან აღდგენას.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილის და 2019 წლის 31 ოქტომბრის N37834 ბრძანების თანახმად, მოსარჩელისთვის სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ ა.ს-მ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სატრანსპორტო საშუალება მის საკუთრებაში იყო მუდმივად, ცხოვრების უფლების მიღებამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ საერთოდ გამორიცხა, რომ მოსარჩელეს ეკუთვნოდა შეღავათი, ვინაიდან მიიჩნია, რომ მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა არ უკავშირდებოდა მოქალაქეობის მინიჭებას ან აღდგენას.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო, რომ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტით და არა საზღვრის კვეთის ფაქტით. ა.ს-ს მუდმივად ცხოვრების ნებართვა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული არ ჰქონდა, თუმცა მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2019 წლის 21 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დარღვეულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები, ფაქტების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ მოეხდინათ სამართლებრივი ნორმების სწორი მისადაგება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლიდან (2010 წელი) 9 წლის შემდეგ მიმართა საბაჟო ორგანოს მის მიერ 2019 წლის 30 ივლისს საქართველოში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების გასაფორმებლად, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ მას საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას არ გააჩნდა სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობას მოითხოვდა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ამ ფაქტობრივ გარემოებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ მისცემია სამართლებრივი შეფასება.

კასატორი მიუთთებს, რომ სააპელაციო სასამართლო მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლას უკავშირებს მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თარიღს -2019 წლის 21 ივნისი, რაც კასატორის მოსაზრებით საფუძველს არის მოკლებული, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნებისთვის, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად დაბრუნება არ უკავშირდება მოქალაქეობის მინიჭებას, ან აღდგენას. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ავტომობილი საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (9წლის შემდეგ) შეიძინა, იგი ვერ ისარგებლებს ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათით.

ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტი მხოლოდ ავსებს, ფართო შინაარსს სძენს ქვემდგომი დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას და მას არ ეკრძალება მსგავსი დასაბუთება არც ერთი ნორმატიული აქტით. კასატორის განმარტებით, ანალოგიურად, ზემოდგომ სასამართლო ინსტანციას აქვს უფლება განავრცოს, განმარტოს და უფრო ცხადი/აღქმადი გახადოს ქვედა ინსტანციის სასამართლო აქტი, მისი გაუქმების გარეშე, რადგან შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება.

კასატორის- სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილით ა.ს-ს განემარტა, სატრანსპორტო საშუალების იმპორტზე სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების ბოლო ვადა იყო 2019 წლის 26 სექტემბერი. შესაბამისად, რომელი რედაქციის წესები გავრცელდებოდა მასზე, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როდის მიმართავდა იგი და წარადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას.

კასატორი ყურადგებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანება ამოქმედდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო აღნიშნული ბრძანებით დამტკიცდა ,,საქონლის საბაჟო პროცედურაში, ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია" (დანართი N8-11-01), რომლის მე-6 მუხლის მე-31 ქვეპუნქტმა დააზუსტა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული დანაწესი ამოქმედდა 2019 წლის 11 სექტემბრიდან. ამავე დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის (მოქმედებს 2019 წლის 11 სექტემბრიდან) მიხედვით, სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალება ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის დეკლარანტის საკუთრებაში იმყოფებოდა და რეგისტრირებული იყო. ამგვარად, პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

შესაბამისად, კასატორი მიუთითებს, რომ მართალია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნი 2019 წლის სექტემბერში ამოქმედებული არ იყო, თუმცა ამ პერიოდში მოქმედებდა საქართვრელოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლითაც სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით შეღავათით სარგებლობას დაემატა შემდეგი წინაპირობა, ანუ ის განივრცო და დაზუსტდა ინსტრუქციის (დანართი N8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,31" ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ა.ს-ს საბაჟო დეპარტამენტის ზემოთ მითითებული წერილი ჩაბარდა 2019 წლის 19 სექტემბერს, რა დროსაც უკვე ამოქმედებული იყო შეღავათით სარგებლობისთვის დადგენილი პირობა.

კასატორის განმარტებით, მოცემული შეღავათით სარგებლობის მიზანი გარკვეულწილად უკავშირდება იმ პირთა წახალისებას, რომელთა განზრახვაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლაა. იმისთვის, რომ პირს, რომელსაც ამგვარი განზრახვა აქვს, გადასახადების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ბარიერი არ შეექმნას, კანონმდებელი მას ათავისუფლებს გადასახადებისაგან.შესაბამისი წინაპირობების გათვალისწინებით. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემული შეღავათი უნდა გავრცელდეს არა ნებისმიერ პირზე, არამედ პირზე, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ფლობდა სატრანსპორტო საშუალებას და მისი საქართველოში შემოყვანა უკავშირდება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებას, ან მოქალაქეობის მინიჭებას.

კასატორის მითთებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა.ს საქართველოში 2010 წელს შემოვიდა, ხოლო საზღვარი 9 წლის განმავლობაში - 2019 წლამდე არ გადმოუკვეთავს. შესაბამისად, მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით შეღავათის გავრცელება, სცდება ნორმის მიზანს და შედეგად გამოიწვევს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და შეიძენს ავტოსატრანსპორტო საშუალებას, გათავისუფლდება ამ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტის გადასახადისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი განმარტავს, რომ საგადასახადო შეღავათი იმპორტის გადასახადისგან ათავისუფლებს იმ ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოში შემოდის მუდმივად საცხოვრებლად და ახორციელებს ერთი სატრანსპორტო საშუალების იმპორტს, თუმცა იმისთვის, რათა ფიზიკურმა პირმა ისარგებლოს აღნიშნული შეღავათით, მან უნდა დაადასტუროს, რომ იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალება არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. აღნიშნული მიზნით, კანონმდებელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალება იმპორტიორის საკუთრებაში იმყოფებოდა და რეგისტრირებული იყო საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ: აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს , რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დაღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოსგან მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, მოსარჩელე ა.ს-ს მიმართ უნდა გავრცელებულიყო თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისგან გათავისუფლებულია მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.დ" და ,,დ.ე" ქვეპუნქტების შესაბამისად. ამავე კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად,იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა.

ამავე კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების (2019 წლის 29 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მე-20 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დაწესებული შეღავათის მისაღებად სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას არაეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელზე.

კერძოდ, ,,ა -დ" ქვეპუნქტები სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას აწესებს იმ საქონელზე, რომელიც ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება. პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში" აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის აღდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისთვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირის საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან: ბ.ა არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს ,,საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების /მაძიებელი პირის განაცხადს, საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ ბ.ბ არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს. გ) საქართვრლოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში" აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. დ). საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისთვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს ,,საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ (დანართი NIV-06); დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის N298 ბრძანებულებით ა.ს-ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ამავე წლის 27 ივლისს ა.ს-მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის N298 ბრძანებულების საფუძველზე მან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და მუდმივად შემოვიდა საცხოვრებლად. მის საკუთრებაშია ავტომანქანა WDBEA66EXSC275450, რომელიც შეიძინა ამერიკაში 2019 წლის მაისის თვეში, მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე - ნ.თ, შვილები, თ და ნ ს -ები. განცხადებით ა.ს-მ ითხოვა, ესარგებლა სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათებით. ამასთან, მოსარჩელემ 2019 წლის 9 აგვისტოს დამატებითი განცხადება წარადგინა თანდართულ მასალებთან ერთად.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილით, ა.ს-ს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას ოჯახში ერთი სატრანსპორტო საშუალების იმპორტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ;ი შეღავათის გავრცელების პირობებს, თუ საქონელი განკუთვნილი არაა ეკონომიკური საქმიანობისთვის.

ამ წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნული შეღავათის მისაღებად საქონლის საგადასახადო ორგანოში წარდგენა და დეკლარირების პირობები განსაზღვრული იყო ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დადგენილი ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით, რისი გათვალისწინებითაც ა.ს-ს მიერ მითითებული ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტზე სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების ბოლო ვადა იყო 2019 წლის 26 სექტემბერი.

ა.ს-ს დამატებით ეცნობა, რომ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის N176 ბრძანების თანახმად, 26.07.2012 წ. N290 ბრძანების 21-ე მუხლის მე-7 1 პუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჯ" ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებით განისაზღვრა პირობები 2019 წლის 11 სექტემბრიდან ფიზიკური პირის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მისაღებად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დადგენილი ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს სსკ-ის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით დაწესებული შეღავათის მისაღებად სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ საქონელზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მართალია აღნიშნული ნორმის ყველა ქვეპუნქტი (ა. ბ. გ. დ) აწესებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირის სახელზე იმპორტირებული საქონლის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნით საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის ვადას, თუმცა ოთხივე ქვეპუნქტი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საქონელი იგზავნება შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისთვის, ამ პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე (,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტები), ან პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევას, როდესაც საქონელი მასთან ერთად არ გადაადგილდება. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემული ვითარება არ მიესადაგება არც ერთ შემთხვევას.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის N176 ბრძანებით განხორციელდა ცვლილებები და ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტს დაემატა მე-7 1 პუნქტი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალება ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის იმპორტიორის საკუთრებაში იმყოფება და რეგისტრირებული იყო ამგვარად პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემზე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში" . ასევე ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა შემდეგი შინაარსის ,,ჯ: ქვეპუნქტი. ,,სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევაში დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტიორის საკუთრების უფლება იყო რეგისტრირებული იყო პირის მიერ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღემდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით. შესაბამისად, დამატებით პირობა, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2019 წლის 11 სექტემბრიდან, ამოქმედებამდე ძალადაკარგულად გამოცხადდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მართალია 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ იგივე რეგულაცია იყო გათვალისწინებული 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქცია". ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

საქართვველოს საბაჟო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა იღებს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონმქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ამავე კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის X წიგნისა, ამოქმედდა 2019 წლის 1 სექტემბრიდან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მოდექსის X ნაწილის მოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე. ამავე კოდექსის 213-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ამ კოდექსის ამოქმედებამდე დეკლარირებულ სასაქონლო ოპერაციებზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი დებულებები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქმის მასალებიდან ირკვეოდა ა.ს-ს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის N298 ბრძანებულებით მიენიჭა. საგადასახადო ორგანოს მან შეღავათის მიღების მიზნით განცხადებით 2019 წლის 25 ივლისს მიმართა. 2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს საბაჟო კოდექსი არ მოქმედებდა. მეტის, ამ პერიოდის შემდგომაც კი ძალაში არ იყო შესული საბაჟო კოდექსის X წიგნი, რომელშიც მოქმეცულია 181-ე მუხლი (რომელიც აწესრიგებს საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად გადმოსვლისას პირის მიერ პირადი საკუთრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის საკითხს.) შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 29 აგვისტოს N257-ე ბრძანებით დაწესებული პირობა, თუ საბაჟო კოდექსის შესაბამისი ნორმები არ იყო ამოქმედებული, ა.ს -ს მიმართ ვერ გავრცელდებოდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებებზე, რომლის თანახმად ა.ს-ს საქართველოში შემოსვლა უფიქსირდება 2010 წელს, ხოლო შემდგომი 9 წლის განმავლობაში მას საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია.2019 წელს საქართველოში ყოფნისას მან შეიძინა ავტომანქანა და ითხოვა შეღავათის გავრცელება, ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, რამდენადაც მოსარჩელემ საქართვლოში მუდმივად საქცხოვრებლად შემოვლის 9 წლის შემდეგ შეიძინა ავტომანქანა, იგი ვერ ისარგებლებდა შეღავათითი. დავების განხილვის საბჭოს პოზიციით, საცხოვრებლად შემოსვლა არ უკავშირდება მოქალაქეობის მინიჭებას ან აღდგენას.

საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ოქტომბრის N37834 ბრძანების თანახმად, მოსარჩელისათვის საქართველოს საგადასახადო199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე უარის თქმის მიზეზად იქცა ის გარემოება, რომ ა.ს-მ ვერ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა რომ სატრანსპორტო საშუალება მის საკუთრებაში იყო მუდმივად ცხოვრების უფლების მიღებამდე არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, თუმცა საქართველოს ფინანსთა სდამინისტროს დავების განხილვის საბჭომ საერთოდ გამორიცხა, რომ მოსარჩელეს ეკუთვნოდა შეღავათი, ვინაიდან მიიჩნია, რომ მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა არ უკავშირდებოდა მოქალაქეობის მინიჭებას ან აღდგენას.

საკასაციო სასამართლო განმეორებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე" ქვეპუნქტზე, რომლითაც დადგენილია, რომ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლა უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტით და არა საზღვრის კვეთის ფაქტით. ა.ს-ს მუდმივად ცხოვრების ნებართვა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მინიჭებული არ ჰქონდა, თუმცა მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2019 წლის 21 ივნისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სადავო (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 აგვისტოს N21-10-21/89110 წერილი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 31 ოქტომბრის N3/834 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 3 ივლისის N9801/2/2019 გადაწყვეტილება) აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ დარღვეულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები, ფაქტების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ მოეხდინათ სამართლებრივი ნორმების სწორი მისადაგება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთთებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრეცედენტული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისთვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზულოციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება

 

თავმჯდომარე მ.ვაჩაძე

მოსამართლეები: გ.აბუსერიძე

ბ. სტურუა