გადაწყვეტილება №18157/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18157/2/2022
23.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 9.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18157/2/2022).
დავის საგანი:
1. გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
2. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა;
3. დირექტორისგან შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და სპეცტექნიკაზე გადახდილი თანხების ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა;
4. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა;
5. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება;
6. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება;
7. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
8. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №006-253 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27912 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 290 568 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 120 473
დღგ - 39 313
მოგების გადასახადი - 19 987
საშემოსავლო გადასახადი - 60 757
ქონების გადასახადი - 416
ჯარიმა - 120 025
საურავი - 50 070
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტენდერების მეშვეობით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება. კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს როგორც თავად, ასევე, ქვეკონტრაქტორების მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №17478 ბრძანება და №006-253 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27912 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაცემული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ითხოვს სადავო საკითხის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა, ვინაიდან მისთვის გაურკვეველია სხვაობის წარმოშობის მიზეზი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, ასევე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ასევე, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები.
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტებს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია სხვაობის წარმოშობის მიზეზი და ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხზე გაანგარიშება ცხრილის სახით გაგზავნილია მეილით გადასახადის გადამხდელთან, გავლილია და ბუღალტერთან ხორციელდებოდა კომუნიკაცია. სადავო საკითხის ნაწილში გადასახადის გადამხდელს ბუღალტერიაში სწორად ქონდა ასახული, მაგრამ დეკლარირებული არ ქონდა სწორად.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს სალაროში 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან უფიქსირდება ფულადი სახსრების უძრავი ნაშთი. შემოწმებით, სალაროს უძრავი ნაშთი, გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთანავე, გაცემული სესხის დაბრუნების მომენტში მოხდა დაბრუნებული თანხების ჩათვლაში ასახვა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიუთითებს, დადგენილ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის მიუხედავად, უპროცენტო სესხის გადაკვალიფიცირება პროცენტიან სესხად არ მოხდა, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სესხის ძირითადი თანხა სრულად დაბრუნებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია შემოწმების მიერ ფულადი სახსრების უძრავი ნაშთის გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაცია და შესაბამისად დაბეგვრა.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიუთითებს, ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაფორმებული დოკუმენტაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები დათარიღებულია 2022 წლის 22 და 26 ივლისით. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებები ფაქტობრივად კომპანიის მიერ შეძენილია 2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ კომპანიას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ქონების გადასახადის დეკლარაციაში ჩართული არ აქვს, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ფულადი სახსრების უძრავი ნაშთის, საგადასახადო ორგანოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად (წლიური 20%) დაკვალიფიცირება, ვინაიდან შემმოწმებლისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებიდანაც იყო ცნობილი, რომ სესხი იყო პროცენტიანი, ხოლო პირველადი დოკუმენტი არ შედგა, რადგან ჯერ ერთი, კანონმდებლობით დაშვებულია სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება, ხოლო მეორეს მხრივ, ვინაიდან 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ერთიდაიგივე პიროვნება - "----------", სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით შედგენას არანაირი აზრი არ ჰქონდა და იქნებოდა მხოლოდ მოჩვენებითი ეფექტის მატარებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო თანხების დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად (წლიური 20%) კვალიფიცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროში 2019 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან უფიქსირდება ფულადი სახსრების უძრავი ნაშთი, რაც გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად.
მომჩივანი ითხოვს ფულადი სახსრების უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად (წლიური 20%) კვალიფიცირებას, ვინაიდან შემმოწმებლისათვის წარდგენილი ახსნაგანმარტებიდანაც იყო ცნობილი, რომ სესხი იყო პროცენტიანი, ხოლო პირველადი დოკუმენტი არ შედგა, რადგან კანონმდებლობით დაშვებულია სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადება, ხოლო მეორეს მხრივ, 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ერთიდაიგივე პიროვნება.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავდა, რომ წერილობით ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სესხის საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია წლიური 20%-იანი განაკვეთი, ხოლო გადახდის ვადა განსაზღვრულია 5 წლით, მაგრამ სესხის გადაკვალიფიცირება პროცენტიან სესხად არ მოხდა, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სესხის ძირითადი თანხა სრულად დაბრუნებულია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც შესაბამისი პერიოდის ბოლოს გაცემული პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი.
ამგვარად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარდგენილი ახსნა-განმარტებით განაცხადა და ითხოვდა ფულადი სახსრების უძრავი ნაშთის გაცემულ პროცენტიან სესხად კვალიფიცირებას, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უპროცენტო სესხის გადაკვალიფიცირება გაცემულ პროცენტიან სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად.
3. დირექტორისგან შესყიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და სპეცტექნიკაზე გადახდილი თანხების ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით, ასევე, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით, დადგინდა რომ კომპანიას წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი აქვს თავისივე დამფუძნებელ/დირექტორისგან ავტოსატრანსპორტო საშუალება და სპეცტექნიკა, თუმცა აღნიშნული ქონება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული არ არის. ხელშეკრულების პირობებით, როდესაც მოხდება კომპანიის მიერ გამყიდველისთვის სრული თანხის გადახდა, ქონების გადაფორმებაც მაშინ განხორციელდება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით რიგ შემთხვევებში ხორციელდება ორ სუბიექტს შორის საქონლის მიწოდება (სასაქონლო ზედნადებების მიხედვით), თუმცა არც შემსყიდველ და არც გამყიდველ მხარეს შპს „----------“ არ წარმოადგენს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასყიდობის ოპერაცია შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად (კომპანიის მიერ დირექტორისთვის/დამფუძნებლისთვის გადახდილი თანხა ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად) და ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, აღნიშნული თანხის 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა ჩაითვალა სალაროს პასუხისმგებელი პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადასახადის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-2 სადავო საკითხის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარს ერთვის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებების კომპანიის სახელზე გადაფორმების დოკუმენტაცია, რაც იყო წარდგენილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად, ფაქტობრივად/სამართლებრივად უდავოდ დადასტურებულია სადავო ოპერაციის რეალობა და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას, ვინაიდან ოპერაციის ფორმა შეესაბამება ოპერაციის შინაარს.
აღნიშნულ ნაწილში საჩივრის არ დაკმაყოფილების საფუძვლად შემოსავლების სამსახური უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაფორმებულია 2022 წელს, შესაბამისად შეძენილიც არის 2022 წელს. შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული გარემოება არ ცვლის ოპერაციის შინაარს და პირიქით ადასტურებს გადასახადის გადამხდელის პოზიციის მართებულობას, ვინაიდან შემოწმებით დადგენილია, რომ მანქანა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არის შეძენილი და შესაბამისად, არანაირ სესხს აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
შემოწმებით დადგენილია, რომ კომპანიას, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი აქვს თავისივე დამფუძნებელ/დირექტორისგან ავტოსატრანსპორტო საშუალება და სპეცტექნიკა, თუმცა აღნიშნული ქონება კომპანიის სახელზე რეგისტრირებული არ არის. ხელშეკრულების პირობებით, როდესაც მოხდება კომპანიის მიერ გამყიდველისთვის სრული თანხის გადახდა, ქონების გადაფორმებაც მაშინ განხორციელდება. ამასთან, დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით რიგ შემთხვევებში ხორციელდება ორ სუბიექტს შორის საქონლის მიწოდება, თუმცა არც შემსყიდველ და არც გამყიდველ მხარეს შპს „----------“ არ წარმოადგენს. ამდენად, ოპერაცია დაკვალიფიცირდა კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალებების კომპანიის სახელზე გადაფორმების დოკუმენტაცია წარდგენილი იყო სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, შესაბამისად, დადასტურებულია სადავო ოპერაციის რეალობა, რაც ადასტურებს მისი პოზიციის მართებულობას, მანქანა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არის შეძენილი და შესაბამისად არანაირ სესხს ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს.
მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალიწინებით, აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გაფორმებული დოკუმენტაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტები დათარიღებულია 2022 წლის 22 და 26 ივლისით. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებები ფაქტობრივად კომპანიის მიერ შეძენილია 2022 წელს, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ. ამასთან, კომპანიას აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ქონების გადასახადის დეკლარაციაში ჩართული არ აქვს.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომელიც ასახული არ არის შესაბამისი პერიოდის მოგების (ყოველთვიური) გადასახადის დეკლარაციებში.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული გარემოება ფიქსირდება საბუღალტრო ჩანაწერებში, კერძოდ, კომპანიას საბუღალტრო ჩანაწერებში უფიქსირდება ხარჯის ანგარიში „უსაბუთო ხარჯი“ (8203). აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს გარკვეული საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტი არ გააჩნია, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რომელიც ასახული არ არის შესაბამისი პერიოდის მოგების (ყოველთვიური) გადასახადის დეკლარაციებში. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა, ვინაიდან გაწეული ყველა ხარჯი არის დოკუმენტალურად დადასტურებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და 9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას გააჩნია დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ კომპანიას საბუღალტრო ჩანაწერებში უფიქსირდება ხარჯის ანგარიში „უსაბუთო ხარჯი“ (8203) და რომ აღნიშნულის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს გარკვეული საქონელი, რომლის შეძენის დოკუმენტი არ გააჩნია.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხთან დაკავშირებით დაფიქსირებულ გარემოებებს, აღნიშნავს, რომ ყველა ხარჯი დოკუმენტურად არის დადასტურებული, მაგრამ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რაც მის მიერ საბუღალტრო ჩანაწერებში დაფიქსირებულ ინფორმაციას გააქარწყლებდა ან/და მის არგუმენტს გაამყარებდა.
ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ჩათვლილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად მისი გამნაშთავი ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხები სრულად, ასევე, ზოგ შემთხვევაში არ არის ჩათვლილი მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო ოპერაციაზე გადახდილი დღგ. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად დაკორექტირდა ჩასათვლელი თანხები. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ მე-2 და მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტზე, დადგენილ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ ჩათვლილი დღგ-ს თანხების კორექტირებასთან მიმართებით დეტალური გაანგარიშება ცხრილის სახით გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან. აგრეთვე, დღგ-ის დეკლარაციაში გამორჩენილ დასაბეგრ ოპერაციებთან მიმართებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღება-ჩაბარების საფუძველზე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ასახული არ არის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური გაანგარიშებაც ცხრილის სახით გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი, მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა, ვინაიდან ყველა ჩათვლა კანონით დადგენილი წესით არის მიღებული.
6. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას გამორჩენილი აქვს რამდენიმე დასაბეგრი ოპერაციის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დაფიქსირებულია მე-5 სადავო საკითხის ნაწილში
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი, ითხოვს სადავო საკითხის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა, ვინაიდან ყველა დასაბეგრი ოპერაცია დღგ-ით აქვს დაბეგრილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი მე-5 და მე-6 სადავო საკითხების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ასევე საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა. ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი დღგ-ის თანხები არასწორად აქვს განსაზღვრული. კერძოდ, რიგ შემთხვევებში ჩათვლილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად მისი გამნაშთავი ძირითადი საგადასახადო ანგარიშფაქტურის თანხები სრულად. შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამორჩენილი აქვს რამდენიმე დასაბეგრი ოპერაციის თანხის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ სადავო საკითხების ნაწილში ყველა ჩათვლა კანონით დადგენილი წესით აქვს მიღებული, ხოლო ყველა დასაბეგრი ოპერაცია დღგ-ით დაბეგრილია, მაგრამ არ წარმოადგენს დოკუმენტს/მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა და შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩათვლილი დღგის თანხების კორექტირებასთან მიმართებით აგრეთვე, დღგ-ის დეკლარაციაში გამორჩენილ დასაბეგრ ოპერაციებთან დაკავშირებით დეტალური გაანგარიშებები ცხრილის სახით გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მე-5 და მე-6 სადავო საკითხების ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილებში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბუღალტრო პროგრამის და დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არასწორად აქვს განსაზღვრული შესამოწმებელი პერიოდის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე გაიზარდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგადაც კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი, მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხის დამატებითი შესწავლა, ვინაიდან ქონების გადასახადი სწორად აქვს გაანგარიშებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა არასწორად აქვს განსაზღვრული.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადი სწორად აქვს გაანგარიშებული, მაგრამ არ მიუთითებს რა კონკრეტულ გარემოებასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას არამართლზომიერად.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 120 024.4 ლარი და განესაზღვრა საურავი 50 070.29 ლარის ოდენობით
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან, სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო, წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.11.2022 წლის №27912 ბრძანება;
3. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ფულადი სახსრების უძრავის ნაშთის გაცემულ პროცენტიან სესხად გადაკვალიფიცირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შესაბამისი შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.