ბრძანება N 6399

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.03.2024
№ დოკუმენტი 6399
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 6399

25 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

-------- (პ/ნ ------)

(მის.: --------)

2024 წლის 20 და 21 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა -------ს (პ/ნ -----) №28811/21 და №27742/21 საჩივრები, რომლებიც ეხება მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ იმპორტის გადასახდელს (დღგ) და მის საფუძველზე წარმოშობილ საურავს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ მის სახელზე ფიქსირდება დავალიანება, მისთვის გაურკვეველი ნივთის გამოწერის გამო, რომელიც მას არ გამოუწერია. ნივთის გამოწერა მომხდარა 2014 წელს და ამ 10 წლის განმავლობაში არასოდეს არ მიუღია შეტყობინება ამ გადასახადის თაობაზე, რომ დროულად მოეხდინა რეაგირება. შესაბამისად არ თვლის, რომ დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საურავი (370 ლარი) წარმოადგენს მის ვალდებულებას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 21 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს „-------ს“ (ს/ნ -------) მიერ -------ს კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე, შეივსო და დარეგისტრირდა №------- გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.

ვინაიდან -------ს კუთვნილი საქონლის (2 ცალი ფეხსაცმელი) ღირებულება აღემატებოდა 300 ლარს (960.08 ლარი) და №------- გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1085.56 ლარი, გადამხდელს დაერიცხა დღგ 195 ლარი. ------- გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი.

საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №21-10-20/15319 წერილით შპს „-------გან“ (ს/ნ -------) გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია №------ საფოსტო გზავნილის დეკლარირებასთან დაკავშირებით და ასევე, საქონლის მიმღებისთვის გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტები.

შპს „--------ს“ 2023 წლის 27 თებერვლის №------ (რეგ. დოკ. №-------) წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვინაიდან -------ს კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების დროა 2014 წლის 13 მარტი, აღნიშნული ხანდაზმულია და წარდგენილი დოკუმენტებისა და საფოსტო გზავნილის გამტანი პირის შესახებ ინფორმაცია აღარ მოეპოვებათ.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლით, საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე იმპორტის გადასახდელი გადაიხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად იმპორტის გადასახადის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.

ამავე კოდექსის 270–ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე საკანონმდებლო აქტის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

ამავე მუხლის 21 ნაწილით კი დადგენილია, რომ საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

დადგენილია, რომ 2014 წლის 21 მარტს საფოსტო გადამზიდავ შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მიერ --------ს კუთვნილ №------- საფოსტო გზავნილზე, შეივსო და დარეგისტრირდა №-------- გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.

დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული საფოსტო გზავნილის (2 ცალი ფეხსაცმელი) ღირებულება აღემატებოდა 300 ლარს (960.08 ლარი). №------ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი შეადგინა 1085.56 ლარი და შესაბამისად, მას გადასახდელად დაერიცხა დღგ 195 ლარი. №------ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს ------- დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი.

საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის მომჩივანს ასევე დაეკისრა საურავი (175.48 ლარი).

ამდენად, საგადასახადო დავალიანება, რომლის დარიცხვის საფუძველი არის საბაჟო დეკლარაცია, წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული საურავი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------- (პ/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული იმპორტის გადასახდელი (დღგ) და მის საფუძველზე წარმოშობილ საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2014 წლის 21 მარტს საფოსტო გადამზიდავის მიერ მომჩივნის კუთვნილ საფოსტო გზავნილზე, შეივსო და დარეგისტრირდა გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია. ვინაიდან მომჩივნის კუთვნილი საქონლის (2 ცალი ფეხსაცმელი) ღირებულება აღემატებოდა 300 ლარს (960.08 ლარი) და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 1085.56 ლარი, გადამხდელს დაერიცხა დღგ 195 ლარი. მომჩივანი გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 27 თებერვლის №21-10-20/15319 წერილით საფოსტო გადამზიდავისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საფოსტო გზავნილის დეკლარირებასთან დაკავშირებით და ასევე, საქონლის მიმღებისთვის გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტები. საფოსტო გადამზიდავის წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ ვინაიდან მომჩივნის საფოსტო გზავნილზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების დროა 2014 წლის 13 მარტი, აღნიშნული ხანდაზმულია და წარდგენილი დოკუმენტებისა და საფოსტო გზავნილის გამტანი პირის შესახებ ინფორმაცია აღარ მოეპოვებათ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(5"ა"), 272.