ბრძანება N 16909

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 16909
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16909

12 ივლისი 2023

ბრძანება

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 23 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 23 აპრილის №80514/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №074-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელი განმარტავს, რომ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნაწილი ასახავს რეალურ სამეურნეო ოპერაციებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის შესაბამისად გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის შედეგად განხორციელებულ დარიცხვას. მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მაღალი ფასნამატია გამოყენებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის №29583 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 23 მარტის №5823 ბრძანება და ამავე თარიღის №074-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 290 840 ლარი, მათ შორის, გადასახადი 121 857 ლარი, ჯარიმა 156 601 ლარი და საურავი 12 382 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) დღგ-ს ჩასათვლელ თანხებში, 2021 წლის მაისის თვის დღგ-ს დეკლარაციაში გათვალისწინებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 7230.5 ლარი, 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 1433.89, 2021 წლის აგვისტოს თვის დღგ-ს დეკლარაციაში გათვალისწინებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 1520.08 ლარი, 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 3889.83 ლარი, 2022 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 3500.85 ლარი, 2022 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა---------- და ეა---------- დღგ-ს თანხით 5965.93 ლარი, 2022 წლის მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციაში - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 5575.9 ლარი, აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---------- დღგ-ს თანხით 3474.16 ლარი, მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშფაქტურები: ეა----------, ეა---------- და ეა---------- დღგ-ს თანხით სულ 6106.57 ლარი, ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე - საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა---------- და ეა---------- დღგის თანხით სულ 5796.62 ლარი, ხოლო ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა---------- დღგ-ის თანხით 4425.26 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა ასახული დღგ-ს ჩათვლებში და შესაბამისად დღგ-ს ჩასათვლელი თანხა შემცირდა. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ შპს „----------“, შპს „----------“, და შპს „----------“ მიერ ი/მ „----------“-ზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ვინაიდან ი/მ „----------“ მიერ ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები წარმოადგენს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს, შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელებისთვის, მეწარმე დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხების 200% პროცენტის ოდენობით. (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე: ეა----------, ეა----------, ეა---------- და ეა---------- ზემოაღნიშნული ჯარიმა არ გავრცელდა, რადგან მეწარმეს, 2021 წლის სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე, დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელ თანხებში არ ჰქონდა ასახული ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურები).

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება ი/მ „----------“ მიერ შპს „----------“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში: ეა----------, ეა---------- და ეა---------- დაფიქსირებული სამეურნეო ოპერაციები არის ფიქტიური და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არის ყალბი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

2. გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს შერეული საქონლით ვაჭრობა (საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სუვენირები და სხვა). შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით შეძენილი აქვს 398 237 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი, მათ შორის 2020 წელს - 8 427 ლარის ღირებულების, 2021 წელს 146 928 ლარის ღირებულების, ხოლო 2022 წლის 01 იანვრიდან 05 დეკემბრის ჩათვლით 242 882 ლარის ღირებულების. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალით დგინდება, რომ აქედან 364 920 ლარის ღირებულების საქონელი შეძენილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით, თუმცა აღნიშნულ მასალებში, მათ შორის ი/მ „----------“ გამოკითხვის ოქმში, ასევე მითითებულია, რომ რეალურად საქონლის შეძენა მოხდა უსაბუთოდ (---------- ტერიტორიაზე), ხოლო დღგ-ს აქტივის შესაქმნელად მასზე გამოიწერა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 05 დეკემბრის N30510 ბრძანების საფუძველზე, ი/მ „----------“ კუთვნილ ობიექტზე (ფაქტიური მისამართი: ----------) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. 2022 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენდა საბაზრო ღირებულებით 29 676 ლარს. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად მოხდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დაყოფა, ხოლო სასაქონლო ზედნადებებისა და ინვენტარიზაციის მასალების გამოყენებით, საქონლის ჯგუფებზე - ფასნამატის გაანგარიშება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში გამოიწვია საშემოსავლოს და დღგ-ის დარიცხვა. ასევე, მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი/მ „----------“ კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ს ნაშთი 29 676 ლარის საბაზრო ღირებულებით. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ მისი შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განხორციელდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დაყოფა, ხოლო სასაქონლო ზედნადებებისა და ინვენტარიზაციის მასალების გამოყენებით, საქონლის ჯგუფებზე - ფასნამატის გაანგარიშება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების, ასევე, წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ გამოქვითვებში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების ღირებულება, ხოლო იმ სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენაზე, რომლის შესყიდვის პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, ხარჯების დათვლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სიტუაციური სახელმძღვანელო N0256 გათვალისწინებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11 ), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის შესაბამისად გამოყენებულ ფასნამატს და აღნიშნულის შედეგად განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე და 282-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დაერიცხა გადასახადი და განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის კუთვნილ ობიექტზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სმფ-ს ნაშთი 29 676 ლარის საბაზრო ღირებულებით. ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიერ მისი შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, განხორციელდა საქონლის კატეგორიების მიხედვით დაყოფა, ხოლო სასაქონლო ზედნადებებისა და ინვენტარიზაციის მასალების გამოყენებით, საქონლის ჯგუფებზე - ფასნამატის გაანგარიშება, რამაც შესამოწმებელ პერიოდში გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების, ასევე, წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ერთობლივი შემოსავლის გაზრდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ გამოქვითვებში გათვალისწინებულია დოკუმენტურად დადასტურებული შეძენების ღირებულება, ხოლო იმ სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენაზე, რომლის შესყიდვის პირველადი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის, ხარჯების დათვლა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სიტუაციური სახელმძღვანელო N0256 გათვალისწინებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე გამოწერილი/მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის/ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და შესაბამისი ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159(1„ა“ „ბ“); 163(1,2); 178(1); 275; 280(1); 282(3).