ბრძანება N 17212

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.07.2024
№ დოკუმენტი 17212
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17212

22 ივლისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------” (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 26 ივნისის და 4 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №90402/1/2024 და №90560/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2024 წლის 14 მარტის №5553 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12391 ბრძანებასთან, კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12387 ბრძანებასა და 2024 წლის 5 ივნისის №005-75 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №12391 ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შევიდა გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2024 წლის 14 მარტის №5553 ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„დაინიშნოს შპს „-------“ (ს/ნ -------) (იურიდიული მისამართი: -------, -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, გარდა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (ტრანსფერფრაიზინგის) შეფასებისა და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების საკითხისა.“

ამასთანავე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12387 ბრძანებას, რომლითაც დაინიშნა შპს „-------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გაურკვეველია აუდიტის დეპარტამენტის მიერ კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების განხორციელება, რამდენადაც, მოქმედი კანონმდებლობით საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციად განიხილება ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციები. შპს „-------“ კი არ ჰყავს არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირი და, შესაბამისად, ვერ ექნება განხორციელებული რაიმე ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებებით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შემოწმების დანიშვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და ითხოვს მათ გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №5553 და 28 მაისის №12391 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (ტრანსფერფრაიზინგის) შეფასებისა და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების საკითხისა. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 5 ივნისის №13357 ბრძანება და ამავე თარიღის №005- 75 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 336 352 ლარი, მათ შორის გადასახადი 121 046 ლარი, ჯარიმა 121 046 ლარი და საურავი 94 260 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

● შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 27 ივლისს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, კერძოდ, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში და ახდენს ფეხსაცმლის მიწოდებას. შპს „-------“ საქმიანობის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანია საქონელს ყიდულობს „-------“-დან, რომელიც რეგისტრირებულია -------. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება მომწოდებელზე ავანსად და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხები. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის 615 დადგენილების თანახმად, ------- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად განიხილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, „-------“-ისათვის ავანსად გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების და/ან საქონლის მიწოდების შემდგომ დაექვემდებარა ჩათვლას.

● შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია, რომლის მიერ გაწეული მომსახურებაც დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული თანხები განეკუთვნება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:

1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.

2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.

3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №5553 და 28 მაისის №12391 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, გარდა საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების (ტრანსფერფრაიზინგის) შეფასებისა და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების საკითხისა. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 მაისის №12387 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“ კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2024 წლის 14 მარტის №5553 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12391 და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ 2024 წლის 28 მაისის №12387 ბრძანებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება:

გ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა;

დ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისთვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული გადახდა. ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 ნაწილების მიხედვით:

5. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით:

ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;

ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.

6. თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.

8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, კერძოდ:

● შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, ერთი მხრივ, გაითვალისწინა და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრისთვის არსებული თანხის ნაშთზე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთი და იგივე თანხა დაბეგრა როგორც ავანსის თანხის გაცემის ნაწილში, ასევე, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გაცემული სესხის ნაწილში.

● გაუგებარია შემოწმების მიერ სესხის გაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი, რადგან კომპანიას არ გააჩნია არარეზიდენტზე გაცემული სესხი, არამედ პირიქით, ფიქსირდება არარეზიდენტისგან სესხის მიღება და განხორციელებულია აღნიშნული სესხის უკან დაბრუნება. აღნიშნული სესხი ასახულია 4140 ანგარიშზე და 4140 ანგარიშის საკრედიტო ბრუნვა, ანუ არარეზიდენტისგან თანხის/სესხის მიღება, შემმოწმებელმა დააკვალიფიცირა პირიქით, სესხის გაცემად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შემოწმების მიერ საბოლოო შედეგით საგადასახადო ვალდებულებები გადასახადის ნაწილში არ იქნა განსაზღვრული მის მიერვე სესხის გაცემად კვალიფიცირებული თანხების ნაწილში, შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვადებულებები განისაზღვრა ჯარიმის ნაწილში.

● ამასთან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის ავანსის გაცემისას გადასახადის ნაწილში შემოწმების შედეგად არსებითი უზუსტობით იქნა ციფრები განსაზღვრული, რამაც კომპანიისთვის გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ტვირთის დამძიმება და კომპანიას მოგების გადასახადის ნაწილში ზედმეტად აქვს დარიცხული 48 628 ლარი.

● შემოწმების მიერ შემოწმების საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის ავანსის საწყისი ნაშთის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დაბეგვრა სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რამდენადაც სადავო არ არის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი მოგების გადასახადის გადახდას ითვალისწინებს და ამ გადასახადით დაბეგვრის ვალდებულება წარმოიშვება არაეკონომიკური ხარჯის ფაქტობრივად გაწევის მომენტში - ავანსის გაცემის საანგარიშო პერიოდში. შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის ავანსის გაცემის მოგების გადასახადით დაბეგვრის დრო უკავშირდება ავანსის გაცემის მომენტს, რომელიც მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისთვის წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს სცდება ქმედება ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის თაობაზე.

● შემმოწმებლის მიერ არასწორი მონაცემებით არის განსაზღვრული ასევე საგადასახადო ვალდებულებები, რამდენადაც არსებული საბუღალტრო ჩანაწერებით და საბანკო ამონაწერების მიხედვით, კომპანიის მიერ საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით გაცემული თანხების ჯამი შეადგენს 4 559 668 ლარს, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე კომპანიას შესამოწმებელ პერიოდშივე მიღებული აქვს 4 222 075 ლარის ღირებულების საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები, რომელიც ჩათვლას ვერ დაექვემდებარებოდა უნდა იყოს 59 575 ((4559668-4222075)/0,85*15%) ლარი. შემოწმების შედეგად კი, გაურკვეველ ციფრებზე დაყრდნობით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. სავარაუდოდ, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ბარათი 1610, ნაცვლად მომწოდებელთან ანგარიშსწორების ბარათისა 3110 და სწორედ აღნიშნული გარემოების გამო განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არასწორად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება, საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, მიეცეს სატრანსპორტო მომსახურების გამწევი კომპანიის რეზიდენტობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, იმის დასადასტურებლად, რომ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე არ ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმებაში ცვლილების შეტანას და კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემას.

2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტისთვის ავანსის და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. არარეზიდენტი კომპანიის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, კერძოდ, მონაწილეობას იღებს სახელმწიფო ტენდერებში და ახდენს ფეხსაცმლის მიწოდებას. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში ავანსად და/ან სესხის სახით გადარიცხული თანხები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ავანსად გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნების და/ან საქონლის მიწოდების შემდგომ დაექვემდებარა ჩათვლას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევს არარეზიდენტი კომპანია, რომლის მიერ გაწეული მომსახურებაც დაბეგრილი არ აქვს გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს მეორე და მესამე სადავო საკითხები. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(3-გ,დ); 104; 134; 154; 263;