საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/539-19

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2022
№ დოკუმენტი 3/539-19
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე №3/539-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 აპრილი, 2022 წელი

ქ.ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე - შპს „-----------“ (პ/ნ ---------)

დირექტორი -მ.ვ

წარმომადგენელი - ა.თ

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შ.კ

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ე.მ

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 21.05.19 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №CB990673.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 19.06.19 წლის №19974 ბრძანება.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 02.08.19 წლის №8696/2/2019 გადაწყვეტილება.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეწარმეო თანამშრომლების მიერ 21.05.19 წელს სამართალდარღვევაზე - სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, შედგენილი იქნა რა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია 990673, დადგენილი წესის თანახმად იგი გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.06.19 წლის №19974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის 19.06.19 წლის №19974 ბრძანება დადგენილი წესის თანახმად გასაჩივრებული იქნა საქ. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში იმაზე მითითებით, რომ ადგილი არ ჰქონია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, რამეთუ ადგილი აქვს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებში დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზსა და შეცდომას, დავების განხილვის საბჭოს 02.08.19 წლის №8696/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი ამჯერადაც არ დაკმაყოფილდა იმავე მოტივაციით, რა მოტივაციითაც არ დააკმაყოფილა საჩივარი შემოსავლების სამსახურმა.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საერთო დისტრიბუციის ზედნადებების გამომწერმა საწარმოს თანამშრომელმა დაუშვა უნებლიე შეცდომა და ე.წ „კოპიფეისტით“ გადმოტანილ ზედნადებში არ გაასწორა ტრანსპორტირების დაწყების დრო, ანუ მიმდინარე რეალური დროის ფიქსირება არ მოახდინა, რამაც თავის მხრივ ტექნიკურად განაპირობა ქვე-ზედნადებებში იგივე არასწორი დროის გადატანა, მონიტორინგის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს შესამოწმებელ სატრ. საშუალებაზე რეალურად/ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციების მონაცემები (შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე იმ დღეს, იმ სატრ/საშუალებასთან დაკავშირებით ელექტრონულად ატვირთული ზემოხსენებული ზედნადებებით, ასევე უკანდაბრუნების ზედნადებების მონაცემებიდან გამომდინარე, საქონლის ტრანპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე არ ფიქსირდება) და დაადგინეს 60.2 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

მოპასუხე-მოდავე მხარე სადაოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მეწარმე სუბიექტის მიერ სასაქონლო ზედნადები ელ-0452275779 თანხით სულ 545.5 ლარი და მის საფუძველზე გამოწერილი 22 ერთეული ქვე-ზედნადებები, ელექტრონულად გამოწერილია 21.05.19 წლის 08:11 სთ-ზე.

 

სადაო არაა ასევე ის გარემოებაც, რომ 22 ერთეული ქვე-ზედნადებიდან 18 ერთეული, მონიტორინგის განხორციელებამდე (12:46 სთ) მყიდველზე იყო ჩაბარებული, ანუ ამ ქვე-ზედნადებებით მყიდველზე უკვე მიწოდებული იყო ტრანსპორტირებული საქონელი.

 

გამომდინარე აქედან, ზედნადების მე-2 და მე-3 სვეტში გამოწერის თარიღად მითითებული 21.05.19 წელი და დრო 19:17:25 საათი, და იმავე ქვე-ზედნადებების მე-18 სვეტში მიწოდებული საქონლის ჩაბარების თარიღი და დრო 21.05.19 წლის 09:34:57, 10:02:55, 10:11:59, 10:19:56, 10:24:39, 10:40:50 და ა.შ 12:46 სთ-მდე პერიოდი (მონიტორინგის/ინვენტარიზაციის ჩატარების დრო), წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზს, რასაც სამართლებრივად არაფერი აკავშირებს სამართალდარღვევასთან, რამეთუ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებით (საქ. საგ. კოდექსის 136-ე მუხლის I-ელი და მე-4 პპ, 269-ე მუხლის I-ელი და მე-7 პპ, 270-ე მუხლის I-ელი პ და 286-ე მუხლის I-ელი პ) სამართალდარღვევად მიიჩნევა ისეთი ქმედება, როდესაც ადგილი აქვს - „სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას,“ რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

21.05.19 წლის სასაქონლო ზედნადების მე-3 სვეტში ფიქსირებული დრო (19:17:25 სთ), როდესაც ამ დროს უსწრებს მის საფუძველზე იმავე დღეს მიწოდებული საქონლის დრო (09:34:57 სთ და ა.შ), შეიძლება განხილული იქნეს ტექნიკურ ხარვეზად და არა სამართალდარღვევად, რამეთუ კანონმდებლის მიერ სამართალდარღევად მიიჩნევა მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად რეგლამენტირებული ქმედება - „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.“

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2019 წლის 21 მაისს გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -----, რა დროსაც დადგინდა, რომ ო.ა (პ/ნ ------------) ახდენდა შპს „---------“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (60,2 ლარის ღირებულების პური) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა“.

 

სსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად - „1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“

 

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად "საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 1 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: "საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს." ხოლო მე–4 ნაწილის თანახმად: "საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად."

 

მოსარჩელე მიუთითებს თითქოს "მოპასუხე-მოდავე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მეწარმე სუბიექტის მიერ სასაქონლო ზედნადები ელ-0452275779 და მის საფუძველზე გამოწერილი ქვე-ზედნადებები ელექტრონულად გამოწერილია 21.05.2019 წლის 08:11 სთ-ზე.

 

აღსანიშნავია რომ, მოსარჩელის მიერ მითითებული ელ-0452275779 სასაქონლო- ზედნადები 21.05.2019 წელს 08:11 საათზე არის შექმნილი, ხოლო გააქტიურებულია იმავე დღეს 19:17 საათზე. მოცემულ დროს არის გააქტიურებული ასევე აღნიშნული ზედნადების ქვე-ზედნადებები.

 

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ავტომობილის გადამოწმების დრო არის 21.05.2019 წლის 12:46 საათი. შესაბამისად გადამოწმება მოხდა ზედნადების გააქტიურებამდე.

 

ის ფაქტი რომ ზედნადების შექმნის დრო უსწრებდა გადამოწმების დროს ვერ ჩაითვლება სამართალდარღვევის ოქმის ბათილობის საფუძვლად, რადგან ზედნადები არსებულად ითვლება მხოლოდ მისი აქტივაციის დროიდან, მოცემულ შემთხვევაში 19:17 საათიდან.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ, მოცემული სამართალდარღვევა წარმოადგენს განმეორებით ჩადენილს. შპს "---------" ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტზე არა ერთხელ არის დაჯარიმებული.

 

ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით და არ არსებობს არც სამართალდარღვევის ოქმის და არც შემოსავლების სამსახურის ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

წარმომადგენელის განმარტებით - №CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ო.ა (პ.ნ.---------) ახორციელებდა შპს „-------“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 60 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი -------), სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

 

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადამხდელის მიერ მითითებული ელ-0452275779 სასაქონლო-ზედნადები შექმნილია 21.05.2019 წელს 08:11 საათზე, ხოლო გააქტიურებულია იმავე თარიღში 19:17 საათზე. ზემოაღნიშნული ზედნადების ქვე-ზედნადებები გააქტიურებულია 21.05.2019 წელს 19:17 საათზე, ხოლო შექმნის დროები განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ავტომობილის გადამოწმება დაიწყო 21.05.2019 წელს 12:46 საათზე, ხოლო ოქმი შედგა 21.05.2019 წელს. ის ფაქტი რომ ზედნადების შექმნის თარიღი უსწრებდა გადამოწმების ვერ ჩაითვლება ფაქტის სამართალდარღვევის ბათილობის საფუძვლად რადგან შემმოწმებელთა მხრიდან ზედნადები არსებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მისი აქტივაციის დროიდან ანუ 19:17 საათიდან.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქმის მასალებით, მოსარჩელე შ.პ.ს „-------“-ს კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე (სახ. ნომერი: -------, მძღ. ო.ა) საერთო დისტრიბუციის ზედნადები ელ-0452275779, თანხით 545.5 ლარი, გააქტიურდა 21.05.19 წელს 08:11 სთ-ზე, რომელი ზედნადებითაც იმავე დღეს სულ გაიწერა 22 ერთეული ქვე-ზედნადებები საერთო ღირებულებით 513.25 ლარი.

მტკიცებულება: ზედნადები (ტ.1.ს/ფ. 30–56)

 

3.2. საქმის მასალებით, 21.05.2019 წლის №CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 5000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება: №CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ტ1.ს.ფ.13-14)

 

3.3. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №19974 ბრძანებით შპს „----------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ გადამხდელის მიმართ 21.05.2019 წლის №CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

მტკიცებულება: ბრძანება (ტ.1.ს.ფ.18-19)

 

3.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 აგვისტოს №8696/2/2019 გადაწყვეტილებით შპს „----------“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დავის საგანი:

 

საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ზედნადების გაუცემლობა ან მის მიღებაზე უარის თქმა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

 

1. საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.05.2019 წლის №CB990673 სამართალდარღვევის ოქმი;

2.შემოსავლების სამსახურის 19.06.2019 წლის №19974 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

დარიცხული თანხა: 5000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

 

№CB990673 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ო.ა (პ.ნ. -------) ახორციელებდა შპს „---------“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 60 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი ------), სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს), სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით აღნიშნული სამართალდარღვევა ჩადენილი განმეორებით იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

 

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადამხდელის მიერ მითითებული ელ-0452275779 სასაქონლო-ზედნადები შექმნილია 21.05.2019 წელს 08:11 საათზე, ხოლო გააქტიურებულია იმავე თარიღში 19:17 საათზე. ზემოაღნიშნული ზედნადების ქვე-ზედნადებები გააქტიურებულია 21.05.2019 წელს 19:17 საათზე, ხოლო შექმნის დროები განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ავტომობილის გადამოწმება დაიწყო 21.05.2019 წელს 12:46 საათზე ხოლო ოქმი შედგა 21.05.2019 წელს. ის ფაქტი რომ ზედნადების შექმნის თარიღი უსწრებდა გადამოწმების ვერ ჩაითვლება ფაქტის სამართალდარღვევის ბათილობის საფუძვლად, რადგან შემმოწმებელთა მხრიდან ზედნადები არსებულად ჩაივლებოდა მხოლოდ მისი აქტივაციის დროიდან ანუ 19:17 საათიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

 

მტკიცებულება: 2019 წლის 02 აგვისტოს №8696/2/2019 გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.25-29)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული აქტების მიღებას დაედო საფუძვლად. აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 43-ე, 168-ე, 169-ე, 207-ე, 2071, 269-ე, 289-ე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-7 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17, 29-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები; „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო, 21.05.19 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია №CB990673; შემოსავლების სამსახურის 19.06.19 წლის №19974 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 02.08.19 წლის№8696/2/2019 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სასაქონლო ზედნადების შექმნა (შევსება) და ატვირთვა წარმოადგენს თუ ზედნადების ამოქმედებას, გააქტიურებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის განმარტებაზე (საქმე №ბს-222–219(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის”.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამავე კოდექსის 286 1 მუხლის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას - 1000 ლარით, ხოლო პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72.1 მუხლის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ზემოაღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე. ამასთან, დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული, ხოლო 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.

 

6.5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2019 წლის 21 მაისს გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------, რა დროსაც დადგინდა, რომ ო.ა (პ/ნ ---------) ახდენდა შპს „-------“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (60,2 ლარის ღირებულების საქონლის) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შპს „----------“ დაჯარიმდა 5000 ლარით.

 

სასამართლო იზიარებს დავის განმხილველი ორგანოების განმარტებას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასაქონლო ზედნადების ატვირთა და მისი გააქტიურება არ არის ერთმანეთის იდენტური ქმედება. სასაქონლო ზედნადების ატვირთვა, შემადგენელი ყველა სტრიქონის შევსება, ავტომატურად არ გულისხმობს მის გააქტიურებას. ამასთან, საგადასახადო მიზნებისათვის, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას განმსაზღვრელია სწორედ სასაქონლო ზედნადების გააქტიურების დრო.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც გულისხმობს როგორც სასაქონლო ზედნადების არარსებობას, ისე სასაქონლო ზედნადების გამოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და მისი სათანადო წესით აუმოქმედებლობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისას სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ ყოფილა, ხოლო მისი მოგვიანებით გააქტიურება, როდესაც ელექტრონულად სასაქონლო ზედნადები შემოწმებისას ამოქმედებული არ იყო, არ გამორიცხავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობას.

(იხ. ანალოგიურ საქმეზე საქართველოს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №ბს- 590-587(კ-17) 9 ნოემბერი, 2017 წელი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს (გადასახადის გადამხდელს) მეტი წინდახედულობა რომ გამოეჩინა, თავიდან აირიდებდა 21.05.2019 წლის №CB990673; საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებულ სანქციას. მით უფრო რომ შპს „---------“ მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2006 წლიდან და მისთვის ცნობილი უნდა იყოს სასაქონლო ზედნადების გარეშე სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის ტრანსპორტირების შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე ბს-222-219(კ-14), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის. საკუთარი ქმედებისათვის ადამიანი პასუხს აგებს კანონისა და სასამართლოს წინაშე. იურიდიული პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმაა. იგი ყოველთვის წარსულს (მოქმედება ან უმოქმედობა) აფასებს და დადგება სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევისათვის. იურიდიული პასუხისმგებლობა სამართლის ნორმების დარღვევის გარდაუვალი შედეგია. იურიდიული პასუხისმგებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან, სამართლის ნორმებთან, ფიზიკური პირებისა და მათი გაერთიანებების ვალდებულებასთან და მართლსაწინააღმდეგო ქცევასთან. პასუხისმგებლობის გამოყენებისათვის უნდა „არსებობდეს წინაპირობები: პირის ბრალეულობა, მისი ქცევის მართლწინააღმდეგობა, მიყენებული ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მის ქცევასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება.“ „საგადასახადო პასუხისმგებლობა, იურიდიული პასუხისმგებლობის სხვა სახეების მსგავსად, კანონიერების, სამართლიანობის, პასუხისმგებლობის გარდაუვალობის და ა.შ. პრინციპებს ეფუძნება, ანუ პრინციპთა ერთიან სისტემას, რომლებიც ასახავენ მის შინაარსს, არსს, ფუნქციებსა და რეალიზაციის ფორმებს. საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპები ასახავენ მის ობიექტურ არსს, მიზნებს, ბუნებას და დანიშნულებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის დროს კანონმდებელი შეზღუდულია სამართლიანობის, პროპორციულობის და სამართლის სხვა კონსტიტუციური და ზოგადი პრინციპების მოთხოვნებით. საგადასახადო პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და არსებითია არა მხოლოდ საგადასახადო სამართალდამრღვევის დასჯა, არამედ საჯარო ქონებრივი ინტერესების აღდგენა და წარმოშობილი ზიანის კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საგადასახადო სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.“

 

6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში, სრულად შეესაბამება კანონს და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადაიხდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე _ განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის (ტ.1.ს/ფ.62;76) ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 150 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ქუთაისი კუპრაძის ქ. №11.

 

4. გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე