ბრძანება N 5123

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5123
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5123

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 23 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №87066/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-226 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე მიწების გასხვისების შედეგად წარმოქმნილი ვალის პატიების მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვას და, შესაბამისად, შემოწმებით დარიცხულ მოგების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს. აცხადებს, რომ სადავო მიწის სტატუსი 2020 წლის 18 მარტამდე იყო საძოვარი. მიიჩნევს, რომ გადასახადი პერიოდის მიხედვით გაანგარიშებული უნდა იქნას პროპორციულად მიწის სტატუსის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საინფორმაციო მონაცემები კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე არასწორია.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7878 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32870 ბრძანება და ამავე თარიღის №005-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 459 436 ლარი, მათ შორის გადასახადი 213 919 ლარი, ჯარიმა 117 898 ლარი და საურავი 127 619 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „----------“ დაფუძნებულია 2013 წლის 16 აგვისტოს, 2013 წლის 16 აგვისტოდან დღემდე კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ----------. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა, ხილის ბაღების გაშენება, ფსტის გამოყვანა. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ერთჯერადად უფიქსირდება მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, მზესუმზირა) მოყვანა. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწარმოს საკუთრებაში აქვს 2 240 ჰა სახნავი და საძოვარი დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საიდანაც 2020 წლის მარტისა და მაისის თვეებში ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე (შპს „----------“ და აღნიშნული საწარმოების დამფუძნებლები ერთია და იგივე პირებია) გასხვისებულია მიწები სასყიდლიანი ხელშეკრულებით ჯამში 719 718 ლარის ღირებულებით. მყიდველი კომპანიების მხრიდან წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, სასყიდლის თანხა ნაპატიები იქნა შპს „----------“ მხრიდან რეალიზაციის პერიოდშივე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2020 წლის ივლისამდე მოქმედი რედაქციის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 983 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოწმებამ ვალის პატიების თარიღისათვის მოგების გადასახადით დაბეგრა მიწის რეალიზაციით წარმოქმნილი ნაპატიები ვალდებულების თანხა.

 შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადს შორის, კერძოდ, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საწარმოს მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული იქნა, როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და საძოვარი დანიშნულებიდან გადავიდა სახნავი დანიშნულების მიწებში, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარი განაკვეთით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი ხარვეზის კორექტირება და აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში ქონების (მიწის) გადასახადის განსაზღვრის დროს გამოიყენა სახნავი სტატუსის მქონე მიწისთვის შესაბამისი განაკვეთი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ მიწები მიწოდებული იყო სასყიდლით, რაზეც გაფორმებული იყო ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანებების პატიება განხორციელდა 2020 წლის 30 სექტემბერს, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი (წარმოდგენილია საჩივრის დანართად). მომჩივანი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პერიოდისთვის ვალის პატიება აღარ ითვლებოდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და ითხოვს ამ საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე და აღნიშნული საწარმოების დამფუძნებლები ერთია და იგივე პირებია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სადავო ოპერაციის მონაწილე მხარეების დამფუძნებლებს წარმოადგენს ერთი და იმავე პირი, ოპერაცია თავისი შინაარსით არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიწის რეალიზაციით წარმოქმნილი ნაპატიები ვალდებულების თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით კომპანიას თავის მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული აქვს როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და გახდა სახნავი დანიშნულების, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარის განაკვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო მიწების სტატუსი იყო სახნავი, შემოწმებით აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში სახნავი სტატუსის მქონე მიწაზე დადგენილი განაკვეთის გამოყენება და შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახამად, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საინფორმაციო მონაცემები კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე არასწორია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მონაცემების დაფიქსირებისას იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამის ძველი მონაცემებით. ითხოვს, მიეცეს საშუალება წარადგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გაამყარებს მის არგუმენტებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიწის რეალიზაციით წარმოქმნილი ნაპატიები ვალდებულების თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე მიწების გასხვისების შედეგად წარმოქმნილი ვალის პატიების მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვას და, შესაბამისად, შემოწმებით დარიცხულ მოგების გადასახადს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით სახნავი სტატუსის მქონე მიწებზე შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს. აცხადებს, რომ სადავო მიწის სტატუსი 2020 წლის 18 მარტამდე იყო საძოვარი. მიიჩნევს, რომ გადასახადი პერიოდის მიხედვით გაანგარიშებული უნდა იქნას პროპორციულად მიწის სტატუსის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საინფორმაციო მონაცემები კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე არასწორია.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიის მიერ მიწები მიწოდებული იყო სასყიდლით, რაზეც გაფორმებული იყო ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანებების პატიება განხორციელდა 2020 წლის 30 სექტემბერს, რაზეც არსებობს შესაბამისი დოკუმენტი (წარმოდგენილია საჩივრის დანართად). მომჩივანი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პერიოდისთვის ვალის პატიება აღარ ითვლებოდა მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და ითხოვს ამ საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმებულია ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებზე და აღნიშნული საწარმოების დამფუძნებლები ერთია და იგივე პირებია.

2. 2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით კომპანიას თავის მფლობელობაში არსებული მიწების ნაწილი ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახული აქვს როგორც საძოვარი (განაკვეთი ჰა-ზე 16 ლარი), თუმცა აღნიშნულ მიწებს 2020 წლის პირველ აპრილამდე პერიოდში შეეცვალა სტატუსი და გახდა სახნავი დანიშნულების, რაც ექვემდებარება დაბეგვრას ტერიტორიული ერთეულის მიხედვით ჰა-ზე 79 ან 86 ლარის განაკვეთით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული იქნა მიწაზე ქონების გადასახადი.

3. საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საინფორმაციო მონაცემები კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე ფულის თაობაზე არასწორია. მომჩივანი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა მონაცემების დაფიქსირებისას იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამის ძველი მონაცემებით. ითხოვს, მიეცეს საშუალება წარადგინოს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გაამყარებს მის არგუმენტებს.

4. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, სადავო ოპერაციის მონაწილე მხარეების დამფუძნებლებს წარმოადგენს ერთი და იმავე პირი, ოპერაცია თავისი შინაარსით არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მიწის რეალიზაციით წარმოქმნილი ნაპატიები ვალდებულების თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან, საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით კომპანიის საკუთრებაში არსებული სადავო მიწების სტატუსი იყო სახნავი, შემოწმებით აღნიშნულ მიწებთან მიმართებაში სახნავი სტატუსის მქონე მიწაზე დადგენილი განაკვეთის გამოყენება და შესაბამისად მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983(3„ზ“); 204(1); 205(2).