ბრძანება N 9826
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9826
29 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 8 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა ა(ა)იპ --------- (ს/ნ ---------) №88953/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის ID:----------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 21 მარტს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ა(ა)იპ --------- (ს/ნ ---------) და ა(ა)იპ --------- შორის დადებული №--------- ქვეგრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ს დაბრუნება, რაზეც ეთქვა უარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო წერილით.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით. მე-5 მუხლის თანახმად, გრანტის გაცემის საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა, სახსრების გამოყენების მიმართულებები, ის ძირითადი მოთხოვნები რომლებსაც გრანტის გამცემი უყენებს გრანტის მიმღებს. შესაბამისად, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის დადებული ხელშეკრულების ფორმალურ სახელწოდებას და არ გამიჯნავს ერთმანეთისგან საგრანტო ხელშეკრულებას და ქვეგრანტის ხელშუკრულებას. კანონისთვის ამოსავალი არის მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისა და გადაცემული სახსრების ბუნება და მიზნობრიობა. გარდა ამისა, „გრანტების შესახებ“ კანონის მიხედვით, არ არის აკრძალული ერთი საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული რესურსის, თავის მხრივ ქვეგრანტის სახით გაცემა, ეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საგანია და ამ დროსაც განმსაზღვრელია გადაცემული სახსრების მიზნობრიობა და ბუნება.
№---------- საგრანტო ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტით და ბიუჯეტით, ა(ა)იპ ---------- ვალდებულია გასცეს ქვეგრანტები. ანუ ქვეგრანტების გაცემა თავად საგრანტო ხელშეკრულების აუცილებელი პირობა არის. სწორედ ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, კონკურსის წესით გაიცა ერთ-ერთი გრანტი მომჩივანზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ -------- (ს/ნ ---------) 2024 წლის 21 მარტს მიმართა შემოსავლების სამსახურს (ID:----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ქვეგრანტის ხელშეკრულების ფარგლებში საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ-ს თანხების ასახვის მოთხოვნით. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, ქვეგრანტის ხელშეკრულების №--------- მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ ა(ა)იპ --------- (მოხსენიებული, როგორც გრანტის გამცემი), და მეორეს მხრივ ა(ა)იპ ---------- (მოხსენიებული, როგორც ,,გრანტის მიმღები“). ქვეგრანტი გაცემულია ,,-----------“ და ევროპის გაერთიანებას შორის გაფორმებული №---------- საგრანტო ხელშკრულების საფუძველზე დაფინანსებული პროექტის -,, ---------: , ------------“ ფარგლებში.
მომსახურების დეპარტამენტის განმარტებით, ვინაიდან ,,----------“ და ა(ა)იპ --------- შორის პროექტის - ,,---------“ ფარგლებში გაფორმებული საგრანტო ხელშკრულების თანახმად ა(ა)იპ ----------- არის გრანტის მიმღები, იგივე პროექტის ფარგლებში ა(ა)იპ ---------- მიერ ა(ა)იპ --------- გაცემული ქვესაგრანტო ხელშკრულება №--------- არ ჩაითვლა გრანტის ხელშეკრულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ააიპ --------- (ს/ნ ---------) გაეგზავნა საპასუხო განცხადება და ეცნობა, რომ ქვეგრანტის №-------- ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი დღგ-ის თანხა არ ექვემდებარებოდა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი 02.04.2024 წელს გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ამავე წლის 3 აპრილს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო- სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის შესაბამისად:
2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ --------- (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი\
გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება გრანტის ფარგლებში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:181(2,3);