ბრძანება N 27151

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.11.2023
№ დოკუმენტი 27151
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27151

03 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 10 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 10 აგვისტოს №20541/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №007-189 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხს. აცხადებს, რომ არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას დაქირავებით მომუშავე პირებზე გაცემულ ხელფასებსა და მომსახურების გამწევ პირებზე გაცემულ თანხებს შორის გამოვლენილ სხვაობასთან მიმართებით, კერძოდ, დეკლარაციასთან შედარებით, საბუღალტრო პროგრამაში უფრო მეტი განაცემების ჩვენებას. მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში მათ მიერ წარდგენილი იყო გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რომელთა გათვალისწინებაც შემოწმების მხრიდან არ მოხდა. ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ქონების გადასახადს. მიუთითებს, რომ შემოწმებელს არ მიუწოდებია მისთვის ინფორმაცია თუ რამ გამოწვია ქონების გადასახადის დარიცხვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-3 სადავო საკითხი საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 ივლისის №007-189 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო 2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის ჩამოწერის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ინვენტარიზაციის კომისიის წევრები, კომპანიის დაქირავებული პირები ------- და -------. გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესი. გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით ვალდებულია ელექტრონული განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს სმფ-ის ადგილმდებარეობის მიხედვით. საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ“, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. შედეგად, შემოწმების მიერ ვერ მოხდა გადამხდელის მიერ ჩამოწერილი საქონლის გათვალისწინება და დარიცხული დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.

- არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო შპს „-------“ თურქეთის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. თურქეთიდან იმპორტირებული საქონლის მიწოდების პირობები საბაჟო დეკლარაციის მიხედვით არის EXW სტამბული და FCA სტამბული. სტამბულიდან თბილისამდე ტრანსპორტირების ღირებულებაზე გამოწერილია ცალკე ინვოისები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრის სიწორე და დადგინდა, რომ შემოწმების მიერ წყაროსთან დაბეგრილი ტრანსპორტირების მომსახურების ხარჯი არ დაექვემდებარა შემცირებას.

- ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2019 წლის იანვრის ხელფასის უწყისები და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არის შესაბამისად 900, 900 და 886 ლარი, რაც შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას აღნიშნულ თვეებში დადგენილი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის იდენტურია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რის მიხედვითაც გადამხდელს გამოუვლინდა როგორც დანაკლისი, ისე საქონლის აღურიცხველობა. ინვენტარიზაციის აქტის მიღების შემდეგ იგი შეადარეს საბუღალტრო პროგრამას, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საქონლის ზედმეტობა გამოწვეული იყო ინვენტარიზაციის ჩამტარებლების მხრიდან მექანიკურად, კოდის საქონელზე შეცდომით მინიჭებით. რაც შეეხება დანაკლისს, აქაც საქმე ეხება მექანიკურ შეცდომებს. აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული აქტში აღრიცხული, სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი დეფექტიანი/წუნიანი საქონელი, რომელიც ჩამოწერილი იყო 2020 წლის 31 დეკემბრისთვის. აღნიშნავს, რომ საქონლის ჩამოწერის დოკუმენტის მომზადების საჭიროება გამოიწვია ფინანსური ანგარიშგების წარდგენამ. შესაბამისად, აცხადებს, რომ სარეალიზაციოდ გამოუსადეგარი დეფექტიანი/წუნიანი საქონლის აქტში გათვალისწინება მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკლისს. ამასთან, გაუგებარია შემოწმების მითითება, რომ ინვენტარიზაციის ფასნამატი შეადგენს 36%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები– 10 პროცენტით.

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია იმპორტს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შემოწმებამ დარიცხვა განახორციელა თურქულ კომპანიაზე შპს „-------“, რომელიც წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს. შემოწმებას წარუდგინა არარეზიდენტი პირის რეზიდენტობის ცნობა და ასევე, თურქეთ-საქართველოს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით აღნიშნული მომსახურება არ ექვემდებარება დაბეგვრას, რომელიც არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის ნოემბრის, დეკემბრისა და 2019 წლის იანვრის ხელფასის უწყისები და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შემოწმების მიერ შემოწმების აქტის შედგენისას აღნიშნულ თვეებში დადგენილი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის იდენტურია. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებით არ დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2.არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხს.

3. ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო 2020 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სარეალიზაციოდ უვარგისი საქონლის ჩამოწერის აქტი. გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით განსაზღვრული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესი. შემოწმების მიერ ვერ მოხდა გადამხდელის მიერ ჩამოწერილი საქონლის გათვალისწინება და დარიცხული დღგ შემცირებას არ დაექვემდებარა.

- არარეზიდენტ მომსახურების გამწევ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო თურქეთის რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო №2507 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურების დაბეგვრის სიწორე და დადგინდა, რომ შემოწმების მიერ წყაროსთან დაბეგრილი ტრანსპორტირების მომსახურების ხარჯი არ დაექვემდებარა შემცირებას.

- ფიზიკურ პირებზე ფულადი განაცემების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იყო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელფასის უწყისები და ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტაციით გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენისას აღნიშნულ თვეებში დადგენილი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის იდენტურია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე საშემოსავლო გადასახადი არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №12621 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხები, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 134; 154; 159; 304(21) 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;