გადაწყვეტილება №18133/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.12.2022
№ დოკუმენტი 18133/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაგადასახადისაგან გათავისუფლებაერთობლივი შემოსავალიეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასთავი XXV დღგ-ისგან გათავისუფლებათავი XXVI დღგ-ის ჩათვლა, კორექტირება და დაბრუნებასაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებასაქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობასხვა ჯარიმებიგარდამავალი დებულებანი

📄 სრული ტექსტი

№ №18133/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ას 5.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----------------).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2022 წლის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 612 767 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 326 922

დღგ - 214 150

მოგების გადასახადი - 85 691

საშემოსავლო გადასახადი -23 284

ქონების გადასახადი - 3 797

ჯარიმა - 8 829

საურავი - 277 016

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზესუმზირის, ბურბუშელის, სუხარების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.--.2016 წლიდან 1.--.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა, 2019 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს ძირითადი ნედლეულის (მზესუმზირის) ნაწილი შემოტანილი აქვს იმპორტით, ხოლო, ნაწილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ადგილობრივი მომწოდებლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემები, ასევე, მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ახსნა-განმარტებები და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირის ნაწილი არის ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (კოდის შეცვლამდე). გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პროდუქციაზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ თუკი საქონლის გამყიდველი გათავისუფლებული იყო დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, შემძენის მიერ დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია, რადგან მყიდველი ვერ მიიღებს ჩათვლას იმ საქონელზე, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების ღირებულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა საიჯარო ქირის სახელშეკრულებო ღირებულების მოცულობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №40636 ბრძანება და 25.11.2019 წლის №021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხზე:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-2 სადავო საკითხზე საჩივარი დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირება;

- მე-3 სადავო საკითხზე:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაშიგადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-4 სადავო საკითხზე, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-5 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-8, მე-9 და მე-10 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-11 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან (ყუთები) დაკავშირებით, საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა;

- მე-12 სადავო საკითხზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმების - 3 600 ლარის ნაცვლად, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის დასკვნით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 303 724 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 31 მაისის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ამასთან პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი. აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, სადავო საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო შემოწმების მიერ. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურიდან და ადგილობრივი მომწოდებლებისგან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად იმ შემთხვევებში, სადაც საქონლის ადგილობრივი წარმოშობა არ დადასტურდა, შემოწმების აქტით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში აღსრულებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე, აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სადავო საკითხის დამატებით შესწავლა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მეიჯარე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და ვინაიდან, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს არ ჰქონდათ მიღებული გადასახადის გადამხდელის მოწმობები, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არც საგადასახადო დავის და არც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, მეიჯარე ფიზიკურ პირებზე გაცემული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №I-03 დანართით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის მოწმობა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში აღსრულებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების შედეგად 18.10.2022 წლის №26419 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სადაო საკითხებიდან ორი საკითხი.

საკითხი 1 - შემოწმების აქტით, კომპანიის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შესყიდულ მზესუმზირაზე გაუქმებული იქნა დღგ-ის ჩათვლა იმ მოტივით, რომ მოწოდებული საქონელი არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს და წარმოებულია საქართველოში, რის გამოც შემმოწმებლების მტკიცებით, მოწოდების ეტაპზე ის არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, შემოწმების აქტში არ იკითხება, რა პროცედურებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ საგადასახადო შემმოწმებლები ამ დასკვნამდე.

კომპანიას მზესუმზირის დიდი ნაწილი შესყიდული აქვს ერთი ფიზიკური პირისგან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი აქვს დღგ, თუმცა მათი დაზუსტებული ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მეორე ფიზიკური პირი, რომელიც ასევე წარმოადგენს მზესუმზირის იმპორტიორს, რის შემდგომაც იმპორტირებული საქონლის ნაწილს ყიდის პირველ ფიზიკურ პირზე (ჩვენს მომწოდებელს). გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ფიზიკურ პირებს აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები მზესუმზირის სხვა ფიზიკური პირებისგან (რომელი შესყიდვების ნაწილი ამ სხვა პირების მიერ ასევე შესაძლოა იმპორტირებული იყოს) დოკუმენტალურად შესყიდვის ნაწილში, რის გამოც, შესყიდვების დოკუმენტების არ არსებობის გამო, არასწორი და არარეალური წარმოდგენა იქმნება კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული საქონლის წარმომავლობასთან დაკავშირებით. საგადასახადო შემმოწმებლებმა საერთოდ არ გაითვალისწინეს ზემოაღნიშნული გარემოებები და დაასკვნეს, რომ შესყიდული მზესუმზირის დიდი ნაწილი ქართული წარმომავლობისა იყო.

 

შემმოწმებლების არასწორ და მცდარ წარმოდგენებზე მიანიშნეს შემდეგი გარემოებები:

1. აღნიშნული ფიზიკური პირების მიმართ ამ დროისათვის არ არის ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები, არ მომხდარა მათი პასუხისგებაში მიცემა, მეორეს მხრივ კი კომპანიას ამ პირების განცხადების საფუძველზე გაუუქმდა ჩასათვლელი დღგ. უფრო მეტიც, ამ მომენტისთვის ის დღგ-ის თანხები რისი ჩათვლებიც კომპანიას გაუუქმდა და დაერიცხა დღგ, არ არის შემცირებული მომწოდებელი ფიზიკური პირების მხარეს და დღემდე დაბეგრილია გადასახადით, რაც სრულიად გაუგებარია. მომწოდებელი ფიზიკური პირების მიმართ არ არის ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედება კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც დაადგენდა აღნიშნული მზესუმზირა მართლაც საქართველოში წარმოებულია თუ არა. ამასთან, მიაჩნია კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირების იმპორტებისა და ადგილობრივი შესყიდვების შესწავლა უნდა მომხდარიყო როგორც 2016 წლის შემდგომი, ასევე 2016 წლამდე (2016 წლის - იანვრისთვის არსებული იმპორტირებული საქონლის გადმომავალი ნაშთის სისწორის დადგენის მიზნით) პერიოდებშიც, არსებული იმპორტებისა და შესყიდვების გაანალიზების შემდგომ,რაც შემმოწმებლების მიერ საერთოდ არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ შემმოწმებლების მხრიდან მზესუმზირის ქართული წარმომავლობის დადგენა მოხდა ვარაუდის დონეზე, საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე;

2. კომპანიის ვარაუდით, შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის მომწოდებელზე მეორე ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული მზესუმზირის ოდენობა და აღნიშნული საქონელი მიიჩნიეს საქართველოში წარმოებულად, ვინაიდან მისი გადაწერა მოხდა ადგილობრივი სასაქონლო ზედნადებით. საქმე იმაშია, რომ მეორე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებამდე აღნიშნულ პირს გააჩნდა ამ საქონლის იმპორტები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. მეორე ფიზიკური პირის მიერ კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირისთვის მიწოდებული საქონლის იგნორირებითა და აღნიშული საქონლის ქართული წარმოების საქონლად განხილვით იქმნება დამახინჯებული და არასწორი წარმოდგენა საქონლის წარმომავლობასთან დაკავშირებით;

3. საქონლის ქართული წარმოების საქონლად განხილვა მოხდა არა ადგილობრივი შესყიდვის დოკუმენტაციის მოძიებით, ან სხვა დოკუმენტალური დასაბუთებით, რომ საქონელი ნამდვილად ქართული წარმოებისაა, არამედ იმ მარტივი მსჯელობიდან გამომდინარე, რომ თუ საქონელი იმპორტირებული არ არის, ესეიგი ადგილობრივია. მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა საკითხისადმი დამღუპველია, ვინაიდან ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტებიდან გამომდინარე, სავსებით არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული საქონელი სულაც კონტრაბანდული გზით იყოს შემოტანილი, რისი ნორმალურ პროფესიონალურ დონეზე შესწავლა საერთოდ არ მომხდარა. კომპანიის გათვლებით, მომწოდებელ ფიზიკურ პირს, მის მიერ განხორციელებული იმპორტების მოცულობებიდან და მის მიერ მეორე ფიზიკური პირისგან შესყიდული (რომელიც ასევე იმპორტიორია) საქონლის ოდენობიდან გამომდინარე, საერთოდ არ „უმინუსდება“ საქონელი, თუმცა გვესმის რომ აღნიშნული დათვლის სხვადასხვა პრინციპი შეიძლება არსებობდეს და თუ გარკვეულ თვეებში ასეთ გამინუსებას აქვს ადგილი, ეს უკანასკნელი სულაც არ ნიშნავს, რომ საქონელი აუცილებლად საქართველოში წარმოებულია და დღგ-ით უნდა დაიბეგროს. სანამ საგადასახადო შემოწმებით ან თუნდაც საგამოძიებო მოქმედებებით არ დადასტურდება, რომ ამ საქონლის შესყიდვა მისი საქართველოში მწარმოებელი ფიზიკური პირისგან მოხდა, მანამდე, ყოველგვარი პოზიცია შემოსავლების სამსახურის მხრიდან, საქონლის ადგილობრივ წარმოებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ფიქრობს რომ არასწორია. კომპანიის მიერ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაკეთებული იქნა მიმართვა იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა მზესუმზირის ნიმუშების საფუძველზე შესაბამისი სინჯების აღებით მისი წარმოების ქვეყნის განსაზღვრა, რასთან დაკავშირებითაც მიიღეს უარყოფითი პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის დასკვნამდე, რომ ჭეშმარიტების დადგენისა და საკითხის სრულფასოვნად შესწავლა მომწოდებლების მხრიდან, მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სრულფასოვანი შემოწმებითა და მათი მომწოდებლების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით შეიძლება დადგინდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურმა და საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს სრულფასოვანი მოკვლევა საქონლის წარმომავლობასთან დაკავშრებით და ბრმად არ დაეყრდნონ მომწოდებლების ახსნა-განმარტებებს, ვინაიდან მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკუთარი თავის ნაკლებად დაჯარიმებისა და კრიზისული სიტუაციიდან დაძვრენის მიზნით, არაადეკვატური და სიმართლისგან შორს მყოფი განმარტებების მიცემას;

4. გარდა ამისა, კომპანიის გათვლებითა და ინფორმაციით მომწოდებლებს შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული ოდენობის საქონლის ადგილობრივი შესყიდვები, ანუ იმ საქონლის გარკვეული ოდენობით შესყიდვები, რომელიც მართლაც წარმოებულია საქართველოში, ოღონდ შესყიდვის ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ასეთი უსაბუთო საქონლის შესყიდვის პირობებში საქონლის სხვა პირებზე რეალიზაციისას პირველ რიგში „გაიხარჯოს“ იმპორტირებული მზესუმზირა, რაც გამოიწვევს მომწოდებლებთან იმპორტირებული მზესუმზირის ნაშთის შემცირებას, რამაც თავის მხრივ გარკვეული თვეებში შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. გამინუსებაც, თუმცა ეს ყოველივე სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ „გამინუსებული“ საქონელი აუცილებლად საქართველოში წარმოებულია და არ იბეგრება დღგ-ით. აუცილებელია შემმოწმებლებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებაც, რათა მათ არ შეექმნათ არასწორი და მცდარი წარმოდგენები კომპანიაზე მოწოდებული საქონლის ქართული წარმომავლობის შესახებ;

5. გარდა აღნიშნულისა, კიდევ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება და მომენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიაზე მოწოდებული საქონელი მართლაც იმპორტირებული იქნა და არა ქვეყნის შიგნით იქნა წარმოებული, მ.შ. ჩვენი ნედლეულის ბაზარზე არსებული რეალური მდგომარეობა, რაც შესაძლოა აღნიშულ დარგში ჩახედულმა ნებისმიერმა პროფესიონალმა შეიძლება დაადასტუროს. კერძოდ საუბარია იმ სტატისტიკაზე, რაც შესაძლოა ოფიციალურადაც არსებობს, მაგრამ ამ სტატისტიკის არსებობას არაოფიციალურადაც დაადასტურებს ნებისმიერი საქმეში ჩახედული ექსპერტი, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოხმარებული ამ ტიპის საქონლის ძალიან მაღალი პროცენტი იმპორტირებულია და არა ადგილობრივი წარმოების. ამ და სხვა მრავალი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იმ ოდენობის შესყიდვაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არასწორი და არარეალურია. მიაჩნია, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს ამომწურავად, სახელმწიფო სტრუქტურების ყველა შესაძლოა რესურსის გამოყენებით და არა ისე ზერელედ და ზედაპირულად, როგორც ეს მათ შემთხვევაში განხორციელდა;

6. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების აქტის არამართებულობაზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ მომწოდებლის სიტყვასა და ახსნა-განმარტებას, ვისაც საერთოდ არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და საერთოდ არ აქვს გადახდილი გადასახადები, გაცილებით უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე მათი კომპანიის არგუმენტაციას, ვინაიდან მომწოდებლის ახსნა-განმარტება არ არის გამყარებული არანაირი მტკიცებულებებით. როგორც მათთვის ცნობილია, შემოსავლების სამსახურმა მოახდინა მათი მომწოდებელი ი/მ-ის დაჯარიმება რამდენიმე ასეულობით ათასი ლარით. ადვილი წარმოსადგენია, რომ მომწოდებელმა გამომდინარე იქიდან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შემოწმება და მისი დაჯარიმება, შეგნებულად მოიგონა მითი იმის შესახებ თითქოსდა მზესუმზირა იყო ადგილობრივი, რათა აღნიშნულის გამო მომხდარიყო მისთვის დარიცხული გადასახადების შემცირება თუნდაც ამ თანხებით და ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირებულიყო (შემსუბუქებულიყო) მისთვის დარიცხული გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხები, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც;

7. არ არის გათვალისწინებული ის, რომ მომწოდებლის მიერ იმპორტირებული საქონელი „მინუსდება“ არა საერთო ჯამით, არამედ ცალკეული თვეების განმავლობაში. თუ ავიღებთ იმპორტირებული საქონლის რაოდენობის საერთო ჯამს, ის გაცილებით ნაკლებია კომპანიაზე მოწოდებულ საქონლის საერთო რაოდენობაზე. ამ უკანასკნელისა და ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით აშკარა ხდება, რომ იმ „მტკიცებულებებს“ რაც შემოსავლების სამსახურს გააჩნია ეკარგება ყოველგვარი დამაჯერებლობა და ძალა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოუწესრიგებელი, აღრიცხვის არ მქონე გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოპოვებული მტკიცებულებები, როგორიც კომპანიის მომწოდებელია, არ შეიძლება იყოს რაიმე ფორმით კომპანიისათვის თანხების დარიცხვის საფუძველი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხდება შესყიდული მზესუმზირის თუნდაც მცირე ნაწილის (ჩვენი დათვლებით ძირითადი ნაწილის უცხოური წარმომავლობა უსათუოდ დასტურდება) ზუსტი წარმომავლობის დადგენა მიაჩნია, რომ ჩათვლილი თანხების გაუქმება არ უნდა მოხდეს არცერთ შემთხვევაში, ვინაიდან მტკიცების ტვირთის შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს, როგორც მინიმუმ თანაბრად აქვთ გადანაწილებული, თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ საკითხების მართებულობის მტკიცება, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა ინიცირებული, ბოლომდე დამტკიცებული უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის მიერვე და ამ სამსახურის მიერ დარიცხვები არ უნდა ხდებოდეს ვარაუდებისა და ჰიპოთეკური დაშვებების დონეზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ თანხების გადაანგარიშების შედეგად არ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული ზემოთ ხსენებული მომენტები, რის გამოც უცხოეთიდან იმპორტირებული მზესუმზირა შემმოწმებლების მიერ მიჩნეული იქნა საქართველოში წარმოებულად და ბოლომდე იქნა შემცირებული დარიცხული თანხა (არ იქნა გაზრდილი ჩათვლა). დასკვნის არამართებულობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს ის გარემოება, რომ მომწოდებელის საგადასახადო შემოწმებისას კომპანიაზე მოწოდებული საქონელი დარჩა დღგ-ით დაბეგრილი და თანხა არ შემცირებულა, მაშინ როდესაც კომპანიისათვის მოხდა იმავე საქონელზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, რაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტის უკიდურესად დაბალ ხარისხზე და ყოველგვარი ლოგიკის არ არსებობაზე. გაუთვალისწინებელი დარჩა ის, რომ ბუღალტრული აღრიცხვის არ მქონე მომწოდებელის მხარეს არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ უსაბუთოდ საქართველოში შესყიდული მზესუმზირის შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენდა კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის იმპორტირებულ მზესუმზირად აღიარებაზე, ვინაიდან მომწოდებლის მიერ იმპორტირებული მზესუმზირა საერთო ჯამში მეტია კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის საერთო რაოდენობაზე (გამინუსება ხდება მხოლოდ ცალკეული თვეების მიხედვით).

მომჩივანი ითხოვს, ამ ნაწილში დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

საკითხი 2 - გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირს არ დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი, რაზეც შემმოწმებლების მტკიცებით უნდა მომხდარიყო გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად. შემმოწმებლების მტკიცებით, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის rs.ge-ს ვებგვერდზე არსებული მოწმობა არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მოწმობას, რის გამოც, ასეთ ფიზიკურ პირზე საშემოსავლო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავებული, რაც კომპანიის აზრით მცდარ შეხედულებას წარმოადგენს აღნიშნულ საკითხზე და მიანიშნებს იმაზე, რომ შემმოწმებლები ვერ ერკვევიან საგადასახადო კოდექსით, გადახდის წყაროსთან დაკავების წესების დეტალებში და ასევე, არ იცნობენ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებს აღნიშნულ საკითხზე. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადი უკავდება ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა. გადასახადის გადამხდელი პირის ელექტრონული მოწმობა კი (რომელიც rs.geს ვებგვერდზე მოიპოვება) წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის სრულფასოვან მოწმობას, რის გამოც საშემოსავლო გადასახადი დაკავებული არ უნდა იქნეს. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭომ განიხილა არაერთი ასეთი დავა და გადასახადის გადამხდელებს საბოლოო ჯამში დაუკმაყოფილა მოთხოვნა და მოუხსნა ასეთი დარიცხვები, რადგან rs.ge-ს ვებგვერდზე არსებული გადასახადის გადამხდელის ელექტრონული მოწმობა ჩათვალა სრულფასოვან მოწმობად. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე, თუ რატომ ხორციელდებოდა გადასახადის გადამხდელების დაჯარიმება ზემოაღნიშნულ საკითხზე, განაცხადა და საბოლოოდ დაადასტურა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხსნის ასეთ დარიცხვებს დავების განხილვის ეტაპზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მათი პოზიციის მართებულობას.

კომპანიას გააჩნდა ქ. ----- იჯარით აღებული სასაწყობე ფართები, რომლებიც ნაქირავები ქონდა ფიზიკური პირებიდან, 2015 წლის -- ოქტომბერს საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებულია ---- -----თან, ხელშეკრულების პირობით, საიჯარო ქირიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მეიჯარეს, რომელიც აღრიცხვაზე იდგა გადასახადის გადამხდელად შემოსავლების სამსახურში.

2016 წლის - დეკემბრიდან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა --- -----თან. ხელშეკრულების საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მეიჯარეს, რომელიც აღრიცხვაზე იდგა გადასახადის გადამხდელად შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურმა საერთოდ არ გაითვალისწინა ზემოთ ხსენებული არგუმენტაცია და არ შეამცირა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური ერთი და იგივე პერიოდში და გარემოებებისას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელის მიმართ იყენებს განსხვავებულ მიდგომებს. კერძოდ, იმ პირობებში რომ არ იცვლება კანონმდებლობა, ხდება ერთი გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება, მეორე გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში კი ხდება გადასახადის თანხებისა და სანქციის თანხების არ დაკისრება, რისი მტკიცებულებებიც საკმარისად არსებობს. ითხოვს გაანალიზებული იქნეს 2018 წლამდე არსებული მიდგომები და სრულად იქნეს გამოკვლეული, ხდებოდა თუ არა 2018 წლამდე გადასახადის გადამხდელი პირებისთვის (რომელებიც არ იყვნენ ი/მ-ები) გადახდილი თანხების დაკავება გადახდის წყაროსთან, 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, გადასახადის გადამხდელ პირებთან მიმართებაში გადასახადის დაკავების წესი არ შეცვლილა და თუ დღეს უნდა მოხდეს გადასახადის დაკავება, მაშინ იგივე უნდა მომხდარიყო 2018 წელსაც, რაც არ მომხდარა.

აქედან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ 30.06.2020 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 303 724 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის დასკვნიდან ირკვევა, რომ:

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხვის ოქმები, ასევე, ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის (---- ------------) მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მიწოდებული საქონლის ის ნაწილი, რომელზეც გაუქმდა დღგ-ის ჩათვლები იყო ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ხოლო, მეორე მომწოდებელთან (----- --------) მიმართებაში, ვინაიდან არ დადასტურდა საქონლის ადგილობრივი წარმოშობა, შემოწმებით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას (სულ (გადასახადი 14 598 ლარი, ჯარიმა 7 299 ლარი). ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შემცირდა დაკისრებული ჯარიმა (106 846 ლარის ოდენობით);

- მზა პროდუქციაზე ნორმის ზემოთ ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, კერძოდ, ეტიკეტების მიწოდებად განხილვის საფუძველზე გადარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

- გადასახადის გადამხდელის მიერ, 2008-2016 წლებზე უსასყიდლო მიწოდების და საქველმოქმედო ხარჯის შესახებ დამატებით წარდგენილი ფინანსური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დაკორექტირდა 2008-2016 წლების ფინანსური მოგების მაჩვენებელი (C სიდიდე) და ჩასათვლელი მოგების გადასახადი, შედეგად, შემცირდა გადასახადი და ასევე, დაკისრებული ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;

- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად შემცირდა, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- განხორციელდა დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 მაისის ბრძანებით დამტკიცებული საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით. კერძოდ, გაანალიზდა დებიტორული დავალიანების თანხები ინდივიდუალურად და მათი არსებითობა. შედეგად, ჩაითვალა, რომ რიგ შემთხვევებში თანხის სიმცირიდან გამომდინარე, დებიტორული დავალიანების ამოსაღებად გასაწევი დროის, ადამიანური რესურსის ან/და ფინანსური ხარჯების ოდენობა გადააჭარბებდა მისაღები შემოსავლის/სარგებლის ოდენობას, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას;

- დამატებით იქნა შესწავლილი მეიჯარე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და გაირკვა, რომ აღნიშნულ პირებს არ აქვთ მიღებული გადასახადის გადამხდელის მოწმობა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადი არ დაექვემდებარა შემცირებას;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა წარდგენილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობები. საკითხის დამატებით შესწავლისას გაირკვა, რომ რიგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაქირავებული პირები, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობდნენ სხვა დამსაქმებელთან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები შემცირდა მხოლოდ იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც სხვა დამსაქმებელთან შეღავათით სარგებლობა არ უფიქსირდებოდათ;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, 2012-2019 წლებში, მის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვის ცხრილის შესწავლის შედეგად განხორციელდა ქონების გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საკითხის დამატებით შესწავლით, ვინაიდან არ დასტურდებოდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის არსებობა ერთდროულად, ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი სრულად ჩამოწერდა ყუთებს, მისი ნაშთი არ აქვს ასახული 2016 წლის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში სმფ-ების საბოლოო ნაშთში, ინვენტარიზაციით გამოვლენილი ფაქტობრივი ნაშთით გაიზარდა სმფ-ების 2016 წლის საბოლოო ნაშთი, რამაც გამოიწვია დარიცხვა მოგების გადასახადში;

- საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, 3600 ლარის ოდენობით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარი.

აღსანიშნავია, რომ გადაანგარიშების შედეგები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც სადავო 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით საჩივარი კვალავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დამატებით შესწავლის და შემცირების მიზნით, თუმცა 2 სადავო საკითხის ნაწილში, კერძოდ: შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების (იმ მოტივით, რომ საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოებულია საქართველოში) და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირებისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ნაწილში, იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ:

- საგამოძიებო სამსახურიდან და ადგილობრივი მომწოდებლებისგან გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად იმ შემთხვევებში, სადაც საქონლის ადგილობრივი წარმოშობა არ დადასტურდა, შემოწმებით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას და შემცირდა ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა;

- ვინაიდან, მეიჯარე ფიზიკურ პირებს არ ჰქონდათ მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №I-03 დანართით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის მოწმობები, ამ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

მომჩივანი, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმების და ფიზიკურ პირებზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ნაწილში და აღნიშნავს, რომ დღგ-ის თანხები რისი ჩათვლებიც კომპანიას გაუუქმდა და დაერიცხა დღგ, არ არის შემცირებული მომწოდებელი ფიზიკური პირების მხარეს და დღემდე დაბეგრილია გადასახადით, არ არის ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედება კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის წარმომავლობასთან დაკავშირებით, მზესუმზირის ქართული წარმომავლობის დადგენა მოხდა ვარაუდის დონეზე საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე. საქონლის ქართული წარმოების საქონლად განხილვა მოხდა არა ადგილობრივი შესყიდვის დოკუმენტაციის მოძიებით, ან სხვა დოკუმენტალური დასაბუთებით, რომ საქონელი ნამდვილად ქართული წარმოებისაა, არამედ იმ მარტივი მსჯელობიდან გამომდინარე, რომ თუ საქონელი იმპორტირებული არ არის, ეს იგი ადგილობრივია. სანამ საგადასახადო შემოწმებით ან თუნდაც საგამოძიებო მოქმედებებით არ დადასტურდება, რომ ამ საქონლის შესყიდვა საქართველოში მწარმოებელი ფიზიკური პირისგან მოხდა, მანამდე შემოსავლების სამსახურის პოზიცია საქონლის ადგილობრივ წარმოებად მიჩნევასთან დაკავშირებით არასწორია. კომპანიის მიერ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაკეთებული იქნა მიმართვა იმის შესახებ, შესაძლებელი იყო თუ არა მზესუმზირის ნიმუშების საფუძველზე შესაბამისი სინჯების აღებით მისი წარმოების ქვეყნის განსაზღვრა, რასთან დაკავშირებითაც მიიღეს უარყოფითი პასუხი. მოუწესრიგებელი, აღრიცხვის არ მქონე გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოპოვებული მტკიცებულებები, როგორიც კომპანიის მომწოდებელია, არ შეიძლება იყოს რაიმე ფორმით კომპანიისათვის თანხების დარიცხვის საფუძველი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხდება შესყიდული მზესუმზირის თუნდაც მცირე ნაწილის ზუსტი წარმომავლობის დადგენა მიაჩნია, რომ ჩათვლილი თანხების გაუქმება არ უნდა მოხდეს არცერთ შემთხვევაში. დასკვნის არამართებულობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს ის გარემოება, რომ მომწოდებელის საგადასახადო შემოწმებისას კომპანიაზე მოწოდებული საქონელი დარჩა დღგ-ით დაბეგრილი და თანხა არ შემცირებულა, მაშინ როდესაც კომპანიისათვის მოხდა იმავე საქონელზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმება. ამასთან მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელი პირის ელექტრონული მოწმობა (რომელიც rs.ge-ს ვებგვერდზე მოიპოვება) წარმოადგენს გადამხდელის სრულფასოვან მოწმობას, რის გამოც საშემოსავლო გადასახადი დაკავებული არ უნდა იქნეს.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როდესაც მოხდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მზესუმზირის შეძენა, არანაირი კითხვები არ გასჩენია გადასახადის გადამხდელს, შეძენის ნამდვილობას ადასტურებს ორივე მხარე, მაგრამ ჩათვლა გაუქმდა იმის გამო, თითქოსდა მზესუმზირა იყო საქართველოში წარმოებული. საჩივარში მიანიშნებს გარემოებებზე, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულს, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული არც აქტის შედგენის და არც გადაანგარიშების დროს, მაგრამ მათგან გამოყოფს რამოდენიმეს. კომპანიის მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა და მის კეთილსინდისიერებაზე მიუთითებს ისიც, რომ გასაჩივრებული 15 საკითხიდან სადავო დარჩა ამჟამად წარმოდგენილი 2 საკითხი. პირველი ესაა დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, რომლის ერთ მხარესაა მოწესრიგებული ბუღალტერიის მქონე კომპანია, ხოლო მეორე მხარეს ფიზიკური პირი, მომწოდებელი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები და რომლის ახსნაგანმარტების საფუძველზე ჩაითვალა კომპანიისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მოწოდებული მზესუმზირა საქართველოში წარმოებულ საქონლად. რა ოდენობაც შეიძინა კომპანიამ, ის ოდენობა ფიზიკურ პირს (მომწოდებელს) ჯამურად იმპორტირებული ქონდა, მაგრამ რადგანაც ზოგიერთ თვეებში „უმინუსდებოდა“, აღნიშნული გახდა საფუძველი მოწოდებული მზესუმზირა ადგილობრივად ჩათვლილიყო. იმ პირობებში, რომ მომწოდებელი ახსნა-განმარტებაში არ მიუთითებს ვისგან იყიდა, კომპანია საერთოდ არ არის ნახსენები რომ მას მიყიდა, ასეთი პირის ახსნა-განმარტებას უფრო მეტი უპირატესობა, მნიშვნელობა მიენიჭა ვიდრე კომპანიას. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის, რომ შეიძლება მან ასეთი ახსნა-განმარტება თავის გადასარჩენად გააკეთა. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს არის ასევე ის, რომ თუ მოწოდებული მზესუმზირა ქართული წარმომავლობისაა და კომპანიას გაუუქმდა ჩათვლა, მეორე მხარეს (მომწოდებელს) დღგ უნდა შემცირებოდა, რაც მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით არ მომხდარა. ამ გარემოებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის და ამდენად, სწორედ აღნიშნულის შესწავლა დაევალა შემოსავლების სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტს, მაგრამ ეს ორი არსებითი გარემოება არ არის შესწავლილი. გამოვიდა, რომ იგივე აუდიტორი მეორე მხარეს (მომწოდებელს) შემოწმებით არ უმცირებს დღგ-ს, ხოლო კომპანიას ედავება და ჩათვლას უმცირებს იმ პოზიციით, რომ მოწოდებული მზესუმზირა ქართული წარმომავლობისააო. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მომწოდებელ ფიზიკურ პირს, რომელსაც ჯამურად მოწოდებული მზესუმზირის იმპორტი აქვს, ბუღალტერია არ აქვს, ამბობს განმარტებაში, რომ სხვა ფიზიკური პირებისგან მაქვს შეძენილიო, მაგრამ არ აკონკრეტებს იმპორტიორი სხვა პირისგან შეიძინა თუ არა. ამდენად, ეს ყოველივე ბურუსითაა მოცული. მარტო ის, რომ მომწოდებელს ცალკეულ თვეებში „უმინუსდება“, ხომ არ უნდა ნიშნავდეს რომ „გამინუსებული“ საქონელი აუცილებლად საქართველოში წარმოებულია. ასევე, სანამ საგამოძიებო მოქმედებებით არ დადგენილა რომ მოწოდებული მზესუმზირა ქართულია, ჩათვლების გაუქმება არასწორია. კომპანიამ მიმართა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კითხვით, იყო თუ არა მზესუმზირის ნიმუშების საფუძველზე მისი წარმოების ქვეყნის განსაზღვრა, მაგრამ მიიღეს უარყოფითი პასუხი. მეორე მხარეს, რომელსაც წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში შეძენილი მარაგები ზუსტად ისა აქვს, რაც შემოსავალშია ნაჩვენები, არც აღრიცხვა აქვს, არც ფასნამატი დაფიქსირებული დარიცხული დღგ არ შეუმცირდა, ხოლო კომპანიას არ ეძლევა საშუალება დაადგინოს ვისგან აქვს მომწოდებელს შეძენილი, დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არასწორია. მათთვის მნიშვნელოვანია შემცირდა თუ არა მეორე მხარესთან დღგ, ახსნა-განმარტების მიხედვით, რომელი სხვა პირისგან აქვს შეძენილი მზესუმზირა, მაგრამ ვერ მიიღო აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლისგან პასუხი. რაც შეეხება მეორე სადავო საკითხს, მეიჯარე ფიზიკურ პირებს არ დაუკავდა საშემოსავლო გადასახადი, რაზეც შემმოწმებლების მტკიცებით უნდა მომხდარიყო გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად და რომ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის rs.ge-ს ვებგვერდზე არსებული მოწმობა არ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მოწმობას, რის გამოც, ასეთ ფიზიკურ პირზე საშემოსავლო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავებული. მიაჩნია, რომ აქ მთავარია არა მოწმობის დიზაინი, არამედ შინაარსი, მთავარია შემოსავლების სამსახურის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადის გადამხდელის მოწმობაში რაც ველებია, შინაარსობრივად ის ველებია თუ არა მოწმობაში rs.ge-ზე და თუ ასეა, უნდა იქნეს გათვალისწინებული. თვლის, რომ გადასახადის გადამხდელი პირის ელექტრონული მოწმობა, რომელიც rs.ge-ს ვებგვერდზე მოიპოვება, წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის სრულფასოვან მოწმობას, რის გამოც საშემოსავლო გადასახადი დაკავებული არ უნდა იქნეს. ამასთან, სადავო საკითხის ნაწილში საუბარია ორ ფიზიკურ პირზე, რომლებთანაც გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულება, სადაც ჩაწერილია, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაეხადათ მათ, ანუ კომპანიას არ ქონდა გადასახადის დაკავების ვალდებულება. მიაჩნია, რომ საიჯარო ქირიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება ჰქონდა მეიჯარეს, რომელიც აღრიცხვაზე იდგა გადასახადის გადამხდელად შემოსავლების სამსახურში.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში როდესაც მოხდა მომჩივანზე მზესუმზირის მოწოდება, მომწოდებელს ნაშთები არ გააჩნდა და მიიჩნია, რომ მზესუმზირა შეძენილი ქონდა ადგილობრივად, საქართველოში. აღნიშნული დგინდება გამოძიებითაც, ამასთან მომწოდებელს ყველაფერი დაბეგრილი ქონდა. რაც შეეხება მომწოდებელ მხარესთან დარიცხული დღგ-ის შემცირების საკითხს, რამდენიმე შემოწმების აქტია პერიოდების მიხედვით, 2 შუალედური და ერთი საბოლოო აქტია, რამდენადაც ახსოვს ამ ეტაპზე მომჩივანზე დარიცხული თანხების ოდენობით მომწოდებელთან შემცირებულია დღგ-ის თანხები, მაგრამ ზუსტად ვერ იტყვის სადაო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ოდენობით რომელ აქტში მოხდა შემცირება, რადგან საბოლოო აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ არის ჯერ განხორცილებული. რაც შეეხება მეიჯარე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უნაზღაურდებოდა მომსახურება, არ აქვთ დაბეგრილი მიღებული თანხები.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი, მომჩივნის მიერ საჩივარში დაფიქსირებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არის შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ, სათანადოდ, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტების მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანება;

3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.