გადაწყვეტილება №27378/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27378/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 20.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27378/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 მაისის №11047 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 228 415.37 ლარი. მათ შორის: გადასახადი - 128 955 დღგ - 84 507 საშემოსავლო გადასახადი - 44 448 ჯარიმა - 65 703 საურავი - 33 757.37
პროცედურული გარემოებები
საწარმო გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 23 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 23 თებერვლიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №7860 ბრძანება და №005-67 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 228 415.37 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 28 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 მაისის №11047 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „-------“ (ს/ნ -------).
დამფუძნებელი კომპანიის მიერ, 2023 წლის 6 მარტის და 2023 წლის 26 სექტემბრის დამფუძნებელპარტნიორის გადაწყვეტილებების მიხედვით, შპს „-------“-ის კაპიტალში შეტანილი იყო უძრავი ქონება. კერძოდ, -------, ------- მდებარე 9 საცხოვრებელი ბინა, საკადასტრო კოდებით: -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ავტოსადგომი საკადასტრო კოდით: -------, რომელიც შემდგომ გაიყო 5 ავტოსადგომად საკადასტრო კოდებით: -------, -------, -------, -------, -------.
აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება დამფუძნებელ-პარტნიორის გადაწყვეტილებებით შეფასდა 1 376 029 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“-ის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული იყო 9 ბინა და 1 ავტოსადგომი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს სრულად არ ჰქონდა დღგ-ით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ის ჩათვლით თანხა იქნა დაბეგრილი, ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად:
ს/კ ------- რეალიზებულია 2023 წლის 6 დეკემბერს. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის დეკემბრის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 144 957 ლარი (დღგ-ს გარეშე თანხა).
ს/კ ------- რეალიზებულია 2023 წლის 5 ივნისს 141 616 ლარად. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის ივნისის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 120 014 ლარი (დღგ-ის გარეშე თანხა).
ს/კ ------- რეალიზებულია 2023 წლის 3 ნოემბერს 149 000 ლარად. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის ნოემბრის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 126 271 ლარი (დღგ-ის გარეშე თანხა).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დარიცხული დღგ შეადგენს 84 507 ლარს. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი, რის დაბეგვრის შედეგად მივიღებთ 239 143,3 ლარს დღგ-ის სახით, ხოლო საწარმოს შემოწმების პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული დღგ შეადგენს 176 943 ლარს, სხვაობა არის 62 200.31 ლარი, რის გადახდაც ევალება კომპანიას ბიუჯეტის მიმართ.
შესაბამისად, დღგ უნდა იყოს 62 200,31 ლარი ნაცვლად 84 507 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის გათვალისწინებით, მოხდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სრულად არ ჰქონდა დღგით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ დარიცხული დღგ შეადგენს 84 507 ლარს. შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი, რის დაბეგვრის შედეგად მივიღებთ 239 143,3 ლარს დღგ-ის სახით, ხოლო საწარმოს შემოწმების პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული დღგ შეადგენს 176 943 ლარს, სხვაობა არის 62 200.31 ლარი, რის გადახდაც ევალება კომპანიას ბიუჯეტის მიმართ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, განმარტა, რომ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არასწორად აღნიშნავს, რომ საწარმოს შემოწმების პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული დღგ შეადგენს 176 943 ლარს და დამატებით დასარიცხი დღგ უნდა შეადგენდეს 62 200,31 ლარს. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე რეალიზებული იყო 9 ბინა და 1 ავტოსადგომი, ხოლო კომპანიის მიერ აღნიშნული ქონების ღირებულებიდან დეკლარირებული არის 856 093 ლარის (დღგ-ის გარეშე) ბრუნვა, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 154 636 ლარს. სხვაობა შემოწმებით გაანგარიშებულ და დეკლარირებულ ბრუნვას შორის შეადგენს 469 483 ლარს და დარიცხული დღგ - 84 507 ლარს.
აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი. მიღებული შემოსავლით შემცირდა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“-ში შეტანილი კაპიტალი სრულად, დარჩენილმა კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი 1 376 029 ლარი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის დეკემბრის თვეში სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის დეკემბრის თვეში „სალაროს არაგონივრული ნაშთი“ შეადგენდა 177 794 ლარს. რადგან არსებული ნაშთი - 177 794 ლარი 2023 და 2024 წლების განმავლობაში გაცემული იქნა მოკლევადიანი სესხის სახით, საშემოსავლო გადასახადით იბეგრება შესაბამისი 15%-იანი განაკვეთით და არა როგორც „ხელფასის სახით დაკვალიფიცირება“ და შესაბამისი დაბეგვრა. ამრიგად, საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 31 375 ლარს.
შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი უნდა იყოს 31 375 ლარი ნაცვლად - 44 448 ლარისა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი. მიღებული შემოსავლით შემცირდა შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“-ში შეტანილი კაპიტალი სრულად, დარჩენილმა კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი 1 376 029 ლარი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის დეკემბრის თვეში სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ასევე, მომჩივანმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, დასწრებოდა დავის განმხილველ სხდომებს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. სალაროს არაგონივრული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას სრულად არ ჰქონდა დღგით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ. აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი. მიღებული შემოსავლით შემცირდა მომჩვანის კაპიტალი სრულად. საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი თანხა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164;