N 447 - 13/10/2025 - „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №447
2025 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის/ბათუმის პორტის გავლით შემოტანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავება (გახსნა/გადატვირთვა) და ამ ავტომობილების დათვალიერება შესაძლებელია, განხორციელდეს ქალაქ ფოთის/ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ შესაბამის საბაჟო საწყობამდე გადაადგილება და საბაჟო საწყობში შეტანა ხორციელდება სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენებით) განლაგებულ საბაჟო საწყობში, რომელმაც, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების დაცვასთან ერთად, ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს:“;
ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:
„გ.დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო საწყობის შემთხვევაში – სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის/ბათუმის პორტის გავლით შემოტანილი და ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ შესაბამის საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების ამავე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით შეტანის უზრუნველსაყოფად;“;
გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო საწყობის შემთხვევაში – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის/ბათუმის პორტის გავლით შემოტანილი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების დამუშავება (გახსნა/გადატვირთვა) იმ პირობით, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფოთის/ბათუმის პორტის გავლით შემოტანილი და ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან, ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“, ან ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებით ერთი წლის განმავლობაში მიღებული და დამუშავებული კონტეინერების ჯამური წილი შეადგენდეს ამავე პერიოდში დამუშავებული, ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების საერთო რაოდენობის არანაკლებ 70%-ს.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება პირს არ ათავისუფლებს ნებართვის გაუქმებამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე