გადაწყვეტილება №24904/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.04.2025
№ დოკუმენტი 24904/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24904/2/2025

17 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი/მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 12.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24904/2/2025).

 

დავის საგანი:

1. უარი ქონების გადასახადის კორექტირებაზე;

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011-2023-184544 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

2. მომსახურების დეპარტამენტის 17.01.2025 წლის №21-11/1589 გადაწყვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 21.02.2025 წლის №3163 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირების მოთხოვნით მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს. მომსახურების დეპარტამენტის 17.01.2025 წლის №21-11/1589 გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან 17.10.2023 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გამოიცა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011-2023-184544 ბრძანება, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.02.2025 წლის №3163 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უარი ქონების გადასახადის კორექტირებაზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

-------, -------მდებარე 300კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: -------), საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული ჰქონდა 2017-2019 წლების ქონების გადასახადი 108 ლარი თითოეულ წელზე.

2020-2023 წლის გადასახადი დაერიცხა ავტომატური რეჟიმით.

2021-2023 წლების გადასახადი შემცირდა გადამხდელის მიერ 23.09.2024 წელს ელექტრონულად წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021-2023 წლების დაზუსტებული დეკლარაციებით.

გადასახადის გადამხდელის 9.09.2024 წლის №150081/21-11 განცხადების საფუძველზე, მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერა.

დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა 2022 წლამდე საგადასახადო პერიოდზე, ვინაიდან ამ პერიოდამდე საჯარო რეესტრიდან მიღებული მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------, მდებარე: -------, -------) განთავსებული შენობა-ნაგებობის დანიშნულების შესახებ ჩანაწერი არ არსებობდა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩამოწერას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასკვნის შედგენის თარიღისათვის 19.09.2024 წლისთვის რიცხული 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება: მიწის გადასახადი (არასასოფლო) - 219.56 ლარი და საურავი - 236.52 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხული ჰქონდა მიწის გადასახადი 2017-2020 წლებზე. 2001 წლიდან აღნიშნულ მიწაზე (-------, -------) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, სადაც გაიზარდნენ მისი შვილები და შვილიშვილები. ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერში არ იყო მითითებული სახლის დანიშნულება, მიწის ნაკვეთზე ერიცხებოდა ქონების გადასახადი. 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოეწერა თანხები, რის საფუძველზეც შეიტყო დავალიანების შესახებ. მიუხედავად ამონაწერში განხორციელებული ცვლილებისა, დარიცხული გადასახადი არ შემცირდა.

მომჩივანი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება, ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

მომჩივანი მიუთითებს, რომ 2001 წლიდან აღნიშნულ მიწაზე (-------, -------) განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერში არ იყო მითითებული სახლის დანიშნულება, მიწის ნაკვეთზე ერიცხებოდა ქონების გადასახადი. 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩამოეწერა თანხები, რის საფუძველზეც შეიტყო 2017-2020 წლებზე არსებული დავალიანების შესახებ. მიუხედავად ამონაწერში განხორციელებული ცვლილებისა, დარიცხული გადასახადი არ შეუმცირდა და ითხოვს კორექტირებას.

საქმეში წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 14.03.2025 წლის №19651-21-11 წერილიდან ირკვევა, რომ აღნიშნულზე მომსახურების დეპარტამენტის 17.01.2025 წლის №21-11/1589 წერილით ეცნობა მომჩივანს, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------, მდებარე: -------, -------) განთავსებული შენობა-ნაგებობის დანიშნულების შესახებ ჩანაწერი განხორციელებული არ იყო. 14.08.2024 წლის განცხადებით განხორციელდა სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება, თუმცა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, შენობა-ნაგებობის დანიშნულების შესახებ ინფორმაცია, კვლავ არ იყო დაფიქსირებული (ახალი ს/კ -------). 23.09.2024 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილი იქნა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის ჩასწორება ს/კ -------ზე და განაცხადზე თანდართული 2022 წელს შესრულებული საკადასტრო დაგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელზეც შენობა-ნაგებობის დანიშნულებაში მითითებული იყო „საცხოვრებელი“.

23.09.2024 წლის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, დაფიქსირდა შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 „საცხოვრებელი“. საყურადღებოა, რომ აღნიშნული აზომვითი ნახაზი თანდართული იყო წინა განცხადებაზეც, შესაბამისად ტექნიკური ხარვეზის ჩასწორება ეხება წინა რეგისტრაციას და არა თავდაპირველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე ს/კ ------- (წინა ს/კ -------) საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი ვერ გავრცელდება 2022 წლამდე საგადასახადო პერიოდზე. ამასთან, ჩამოწერილია 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 9.09.2024 წლის №150081/21-11 განცხადების საფუძველზე. 2021-2023წწ. გადასახადი შემცირებულია ელექტრონულად წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021-2023წწ. დაზუსტებული დეკლარაციებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 17.01.2025 წლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ ერიცხება.

ამდენად დადგენილია, რომ:

- მომჩივანს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ -------, მდებარე: -------, -------) გადასახადი დაერიცხა 2017-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე.

- 2017 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დარიცხულია - 108 ლარი, რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მომჩივანს არ ჩაბარებია (საბჭოს სხდომაზე მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე დაყრდნობით).

- 2018 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დარიცხულია - 108 ლარი, რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1458 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.07.2021 წელს გავრცელდა საჯაროდ.

- 2019 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დარიცხულია - 108 ლარი, რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1461 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.07.2021 წელს გავრცელდა საჯაროდ.

- 2020 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დარიცხულია - 108 ლარი, რაზეც გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 5.11.2020 წლის №011-35853 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.07.2021 წელს გავრცელდა საჯაროდ.

- 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 9.09.2024 წლის №150081/21-11 განცხადების საფუძველზე.

- 2021-2023 წწ. გადასახადი შემცირებულია ელექტრონულად წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021-2023წწ. დაზუსტებული დეკლარაციებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნა 108 ლარზე მომჩივანს არ ჩაბარებია, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით არ წარმოშობს აღნიშნულ მიწაზე 2017 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს და დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

 

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

17.10.2023 წლის მდგომარეობით მომჩივანზე რიცხული დავალიანების (გადასახადი648 ლარი, საურავი 290.9 ლარი). უზრუნველყოფის მიზნით გამოიცა 18.10.2023 წლის №011-2023-184544 ბრძანება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. ასევე, გამოიცა კორექტირებული საინკასო დავალებები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 243-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით და განმარტავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო საინკასო დავალებები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საბანკო ანგარიშებიდან ინკასოს საფუძველზე ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და მე-6 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №20624-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 18.10.2023 წლის №011-2023-184544 საინკასო დავალებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან განაღდებულ იქნა 90.24 ლარი, ხოლო 19.10.2023 წლის №024-2023-186098 კორექტირებული საინკასო დავალების საფუძველზე 122.20 ლარი. 23.09.2024 წლის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს არ ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად, გამოცემულ იქნა 24.09.2024 წლის №081-2024-144306 ბრძანება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების გაუქმების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან და პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნისთვის 2017 წლის პერიოდზე საგადასახადო ვალდებულების, 108 ლარის, დაკისრება უსაფუძვლოა, აღნიშნული თანხის ფარგლებში საინკასო დავალებით თანხის ჩამოწერა განხორციელდა არამართლზომიერად და აღნიშნული თანხა აღდგენილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.02.2025 წლის №3163 ბრძანება;

3. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნა;

4. დაევალოს შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოს მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული 2017 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით განაღდებული 108 ლარის ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. უარი ქონების გადასახადის კორექტირებაზე;

2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, 300კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დარიცხული ჰქონდა 2017-2019 წლების ქონების გადასახადი 108 ლარი თითოეულ წელზე.

2020-2023 წლის გადასახადი დაერიცხა ავტომატური რეჟიმით. 2021-2023 წლების გადასახადი შემცირდა გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2021-2023 წლების დაზუსტებული დეკლარაციებით.

გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა 1.01.2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით გამოცემული მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა 108 ლარზე მომჩივანს არ ჩაბარებია, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით არ წარმოშობს აღნიშნულ მიწაზე 2017 წლის ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველს.

17.10.2023 წლის მდგომარეობით მომჩივანზე რიცხული დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით გამოიცა ბრძანება გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. ასევე, გამოიცა კორექტირებული საინკასო დავალებები.

 

გადაწყვეტილება

მომსახურების დეპარტამენტის 30.06.2020 წლის №036-1457 საგადასახადო მოთხოვნა უნდა გაუქმდეს და დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნისთვის 2017 წლის პერიოდზე საგადასახადო ვალდებულების, 108 ლარის, დაკისრება უსაფუძვლოა, აღნიშნული თანხის ფარგლებში საინკასო დავალებით თანხის ჩამოწერა განხორციელდა არამართლზომიერად და აღნიშნული თანხა აღდგენილ უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309(37-დ); 243(1)