გადაწყვეტილება №21810/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2024
№ დოკუმენტი 21810/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21810/2/2024

17 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21810/2/2024).

 

დავის საგანი:

გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №081-249 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32028 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 288 442 ლარი.

მათ შორის:

აქციზის გადასახადი - 111 839

ჯარიმა - 111 839

საურავი - 64 764

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების აქციზის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის სისწორის განსაზღვრის მიზნით გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები საგადასახადო კოდექსის 188-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა 4 467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37 752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ იყო. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი უმაღლესი განაკვეთით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.10.2023 წლის №25134 ბრძანება და 11.10.2023 წლის №081- 249 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.12.2023 წლის №32028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების იმპორტს, რისთვისაც წინასწარ გამოაქვს აქციზური მარკები და შემდგომ ახორციელებს იმპორტირებული საქონლის მარკირებას აღნიშნული აქციზური მარკებით.

აუდიტორის შეფასებაში ჩამოყალიბებულია თუ, საგადასახადო კოდექსის რომელი მუხლების საფუძველზე მოხდა გადასახადის დარიცხვა, აქვეა აღნიშნული რომ აქციზის გადასახადის დარიცხვა მოხდა უმაღლესი განაკვეთით. აუდიტორის პოზიციას არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების შედეგად გამოვლინდა 4467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ არის. რაც შეეხება შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხულ გადასახადის თანხას 111839 ლარს და გადასახადის უმაღლეს განაკვეთს, აუდიტორის მიერ გამოანგარიშებულია შემდეგნაირად:

4467 ცალი აქციზური მარკა გამრავლებულია 22,50 ლარზე (საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის მე-5 გრაფით გათვალისწინებული უმაღლესი განაკვეთი 4467*22,5=100507,50 ლარს); 37752 ცალი ლუდის აქციზური მარკა გამრავლებულია 0,3 ლარზე (საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის მე-3 გრაფით გათვალისწინებული უმაღლესი განაკვეთი და რადგანაც იმპორტირებული ლუდი არის 0,5 ლიტრიან ბოთლებში შესაბამისად 37752*0,30=11331,50 ლარს. თანხის გადაანგარიშებისას მცირედი სხვაობაა). ჯამში ეს ორი თანხა შეადგენს 111839 ლარს (შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა).

საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის მე-5 გრაფის თანახმად, აქციზის გადასახადის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნულ საქონელში სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს და არა აქციზური მარკების რაოდენობის ნამრავლს აქციზის განაკვეთზე. შემოწმებისას რა თქმა უნდა აუდიტორი ვერ გაითვალისწინებდა თუ რა სახის ალკოჰოლურ სასმელზე იქნებოდა გამოყენებული აღნიშნული აქციზური მარკები და შესაბამისად ვერ მოხდებოდა აქციზის გადასახადის ზუსტად გაანგარიშება. აქტის გამოცემამდე და შემდგომ პერიოდში მის მიერ მოხდა ალკოჰოლური სასმელების იმპორტის რეჟიმში მოქცევა და მარკირება აქტში გათვალისწინებული აქციზური მარკებით. რა თქმა უნდა საბაჟო ორგანოს მიერ მოხდა აქციზის გადასახადის გამოანგარიშება და ბიუჯეტში გადახდაც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოიშვა სხვაობა აქტით დარიცხულ და რეალურად გამოანგარიშებულ თანხას შორის.

საჩივარს თან ერთვის იმპორტის ის საბაჟო დეკლარაციები და ასევე გაანგარიშება აქციზის გადასახადის შესახებ იმ აქციზური მარკებით, რომელი აქციზური მარკებიც გათვალისწინებულია აქტში და რომელი აქციზური მარკებითაც მოხდა შემდგომ იმპორტირებული საქონლის მარკირება.

წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მოხდეს აქციზის გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება (გაუქმება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში.

საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:

ა) დასაბეგრი ოპერაცია;

ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;

გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.

საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.

შემოწმებით დადგინდა, რომ შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები საგადასახადო კოდექსის 188-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოიკვეთა 4 467 ცალი აქციზური პროდუქტების მარკა და 37 752 ცალი მარკირებული ლუდის ნაწარმის აქციზური მარკა, რომლებიც იმპორტირებულ საქონელზე დაკრული არ იყო. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის უმაღლესი განაკვეთი.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს რაც ჰქონდა დაფიქსირებული (იმპორტის რეჟიმში მოქცეული და მარკირებული) იმის გათვალისწინება მოხდა, ხოლო შემოწმების შემდგომ პერიოდზე არ მომხდარა გათვალისწინება და ვერც მოხდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების აქციზის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის სისწორის განსაზღვრის მიზნით გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ გატანილი აქციზური მარკების და კომპანიის მიერ იმპორტის რეჟიმში მოქცეული ალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) რაოდენობრივი ანალიზი, რის შედეგადაც ექვს თვეს გადაცილებული გაუხარჯავი აქციზური მარკები საგადასახადო კოდექსის 188-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად 6 თვიანი ვადის გასვლის მეორე დღესვე ჩაითვალა აქციზური მარკების ნიშანდებისადმი დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრა აქციზით. ხოლო შემდგომ პერიოდში, გაუხარჯავი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას, გადასახდელად დარიცხული აქციზი გადაანგარიშდა ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №25134 ბრძანება და №081- 249 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №32028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 183; 185(1 „ბ“); 192(6,7);