ბრძანება N 19019

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 19019
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19019

02 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 12 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი N79) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) N82265/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის NCB1487202 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მუშაობისთვის. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საკონტროლო სალარო აპარატი მომსახურების ცენტრში ჰქონდა წაღებული გასაფორმებლად, რა დროსაც მის ობიექტზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის N15946 ბრძანების საფუძველზე ამავე დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2023 წლის 11 ივლისს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა ი/მ ------- (ს/ნ -------) კუთვნილ ობიექტში. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი იქნა 2 ლარის ღირებულების საქონელი (1 ცალი 0,5 ლ ,,ფანტა“), რა დროსაც გამოვლინდა საგადასახადო სამართადარღვევის ფაქტი, რაზეც შედგენილ იქნა NCB1487202 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 11 ივლისს შედგენილ NCB1487202 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის N18446 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მე-4 ,,საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი“ და მე-6 ,,შეფარდებული სანქცია“ გრაფებში, ნაცვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილისა მიეთითა პირველი ნაწილი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო ბაზის მონაცემებით ირკვევა, რომ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 21 ნოემბრიდან, ხოლო საკონტროლო სალარო აპარატი რეგისტრირებული აქვს (მის: -------, -------) 2023 წლის 12 ივლისიდან ID: ------- განაცხადის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ობიექტის ფუნქციონირება საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:

ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა;

ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ ის არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში კონკრეტული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით;

გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა;

დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობა იწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მუშაობისთვის. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით განესაზღვროს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა მეწარმის კუთვნილ ობიექტში. საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილი იქნა 2 ლარის ღირებულების საქონელი, რა დროსაც გამოვლინდა საგადასახადო სამართადარღვევის ფაქტი, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 281(3); 270(7);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 20(3)