ბრძანება N 4767

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4767
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4767

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- ---------- (პ/ნ ------------)

(ფაქტ. მის.: ქ. -----, ქ. N ---, ბ. N ---; რეგ. მის.: -----)

2025 წლის 28 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი N 20) განიხილა ----- ----- (პ/ნ -----) N -----/-/----- საჩივარი, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 თებერვლის N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს ----- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოსვლისას გადმოჰქონდა ზურგჩანთა, რომელიც მითითებისამებრ დადო სკანერზე და მებაჟეს მიაწოდა პირადობა, რომელიც შეამოწმა და გაუტარა. გაიარა შიდა გამშვები ტერიტორია, გასავლელ კართან კი ვიღაცამ დაუძახა. რადგან უკვე კონტროლი გავლილი ჰქონდა გააგრძელა გზა. შემდგომ, ფორმიანი პიროვნება გამოედევნა უკვე ქუჩაში გასულს, შეეშინდა არ იცოდა, რის გამო მოსდევდა და ინსტინქტურად გაიქცა. ხშირად გადაადგილდება ----- საქართველოს ტერიტორიაზე და მორიგი საზღვრის გადაკვეთისას, 2025 წლის 26 თებერვალს, როდესაც უნდა გადასულიყო ----- შეუდგინეს სადავო-საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. მომჩივანი მიუთითებს, რომ ოქმში მითითებული გარემოება, რომ თავი აარიდა საბაჟო პროცედურების გავლას, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან პროცედურის გავლის მერე ფაქტობრივად გარეთ გასულს დაუძახეს და დაედევნნენ. სამართალდარღვევის ოქმი შედგა ბევრად გვიან ვიდრე ფაქტი იყო და ასევე არ არის ასახული რეალური სიტუაცია.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 28 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში ----- რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ----- -----. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ მოქალაქემ ხელბარგი მოათავსა რენტგენო სკანერზე, რის შემდგომ მებაჟე-ოფიცერმა მიიღო 18 მარტი 2025 N ----- გადაწყვეტილება ბარგის ფიზიკური დათვალიერების თაობაზე და შეეცადა მოქალაქე ----- -----ის შეჩერებას. მიუხედავად, არაერთი მოწოდებისა, მოქალაქე არ შეჩერდა, თავი აარიდა დათვალიერების პროცედურას და გაქცევით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, ისე რომ მისი შეჩერება ვერ მოხერხდა. მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე ----- -----ის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო პროცედურების განხორციელება არ იყო დასრულებული.

----- ------ის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ არ დაემორჩილა უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და გაიქცა, აგრეთვე დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდანაც.

2024 წლის 28 ოქტომბერს 12:14 საათზე მოქალაქე ----- -----ის (პ/ნ -----------) პარალელურად საპასპორტო კონტროლი გაიარა სხვა მოქალაქემაც. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას ორივე მოქალაქე ერთდროულად გადაადგილდებოდა და აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოქალაქის არასწორად იდენტიფიცირება.

2024 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. თუმცა, ზემოაღნიშნული უზუსტობის გამო (არასწორად განხორციელდა იდენტიფიცირება), აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი მოქალაქე ----- ----ის ნაცვლად შეცდომით შედგა სხვა მოქალაქის მიმართ.

აღნიშნული უზუსტობის გამოვლენისა და საქმის მასალების დამატებით შესწავლის შემდეგ, 2024 წლის 28 ოქტომბრის სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ----- -----ის (პ/ნ ------) მიმართ 2025 წლის 26 თებერვალს შედგენილ იქნა ახალი N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი სამართალდამრღვევ პირს ჩაბარდა იმავე დღეს.

სხვა მოქალაქის მიმართ 2024 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი კი გაუქმდა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 11 მარტს შედგენილი N 4142 ბრძანებით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;

საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, ვალდებულია საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საჩივარში დაფიქსირებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ არ დაემორჩილა უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და გაიქცა, ასევე დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდანაც.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ----- ----- (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში სხვა ქვეყნდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ხელბარგი მოათავსა რენტგენო სკანერზე. მებაჟე-ოფიცერმა მიიღო გადაწყვეტილება ბარგის ფიზიკური დათვალიერების თაობაზე. მიუხედავად მებაჟის, არაერთი მოწოდებისა, მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, მან თავი აარიდა დათვალიერების პროცედურას და გაქცევით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა. სამართალდამრღვევ პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება:

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფას, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს სააჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 177; 163;