გადაწყვეტილება №22507/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.08.2024
№ დოკუმენტი 22507/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22507/2/2024

15 აგვისტო 2024

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" -ის 7.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22507/2/2024).

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული გადასახადების და დაკისრებული სანქციის მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №086-73 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3529 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: - 280 303 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - (-144 965)

დღგ - (-130 252)

საშემოსავლო გადასახადი - (-14 713)

ჯარიმა - 425 268

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით (ჩირით, ნუშით, კაკლით, თხილით და სხვა) გადამხდელად რეგისტრირებულია 7.04.2014, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 28.09.2017 წლიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საქონლის ჩამოწერის შიდა აღრიცხვის მასალები. არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4812 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შემმოწმებელთათვის მიწოდებულ იქნა 2023 წლის 14 მარტის მდგომარებით გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები. შედეგად, პირს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შემმოწმებელთათვის მიწოდებული მასალებით დადგინდა, რომ მეწარმის სახელით რამდენიმე იურიდიულ და ფიზიკურ პირზე გამოწერილ იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ვინაიდან ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოს ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. შედეგად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32926 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებით დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციებით მიღებული შემოსავლები (შემცირდა), ასევე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (გაიზარდა) და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები (შემცირდა).

შედეგად, მეწარმეს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 14 713 ლარით, ხოლო დღგ შეუმცირდა 130 252 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე, 2023 წლის 28 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33570 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №086-73 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 26.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2024 წლის №3529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე, რომლის თანახმად, პირს ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, შეუმცირდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციებით მიღებული შემოსავლები, ასევე გაეზარდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შეუმცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შედეგად, მეწარმეს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 14 713 ლარით, ხოლო დღგ შეუმცირდა 130 252 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველ ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და ჯარიმის შეფარდება განხორციელდა მართლზომიერად, ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მატებითი გარემოება, რაც წარმოადგენს შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის ძირითად მიზეზს. მისი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე როგორც მიღებული, ასევე გაწერილი სასაქონლო ზედნადებების და ასევე ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის საფუძველზე გაარკვია შემდეგი:

შესამოწმებელ პერიოდში, გაწერილი რეალიზაციის ზედნადებებით უფიქსირდებოდა იმაზე ბევრად მეტი ნიგოზისა და ლობიოს გაყიდვა, ვიდრე უფიქსირებოდა შეძენა ამ ორი პროდუქტის იმავე პერიოდში. ვინაიდან მსგავს ფაქტს ადგილი არ უნდა ჰქონოდა და არ წარმოადგენდა რეალობას, დაიწყო შესაბამისი მიზეზის ძიება და დაადგინე შემდეგი: მისი პირადი rs.ge-ის გვერდიდან სასაქონლო ზედნადებების გაწერას ახდენდა მისი ყოფილი თანამშრომელი - ბუღალტერი. მის მიერ გაწერილი იყო ფიქტიური სასაქონლო ზედნადებები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მისგან მალულად სხვადასხვა მყიდველებზე. შესამოწმებელ პერიოდში, ჯამში სულ გაწერილი იყო 1 401 816.30 ლარის სასაქონლო ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურები სხვადასხვა სუბიექტებზე.

აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ამ პირის წინააღმდეგ აღძრული საქმითაც, სადაც 2023 წლის სექტემბრის თვეში იმყოფებოდა გამოკითხვაზე ჩვენების მისაცემად. აღნიშნული გარემოება ასევე ცნობილი გახდა აუდიტის დეპარტამენტისთვის და მათ მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, იმისათვის რომ მოეპოვებინათ უფლება შემოწმებული პერიოდის თავიდან შესამოწმებლად. ახალი შემოწმების შედეგად დამატებით დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად 423 545 ლარის ოდენობით. ხოლო ძირითადი გადასახდელები შეუმცირდა 144 965 ლარით.

ფინანსურ პოლიციაში მიმდინარე გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვის ზემოთ ხსენებულ გადამხდელებზე გაწერილ ყალბ ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერაში, შესაბამისად არასწორად მიაჩნია აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის მიმართ ჯარიმის დარიცხვასთან დაკავშირებით სსკ-ის 282-ე მუხლით, რაც გულისხმობს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერის გამო დაჯარიმებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა ამ მუხლის მიხედვით დარიცხული ჯარიმის სრულად მოხსნა, 423 545 ლარის ოდენობით.

შემოწმებით ძირითადი გადასახდელები შეუმცირდა ჯამში 144 965 ლარით. ყალბი ანგარიშფაქტურების გაწერის შედეგად მას გაცილებით მეტი საგადასახადო ვალდებულება დაერიცხა დამატებით, ვიდრე 144 965 ლარი. აუდიტმა შემოწმებისას იხელმძღვანელა დაანგარიშების არაპირდაპირი მეთოდით, ვინაიდან მის ბუღალტერს არ ჰქონდა ნაწარმოები და არ წარუდგენია მისი ბუღალტრული აღრიცხვა. შესაბამისად, გადაანგარიშების შედეგად კვლავ დაერიცხა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას, ვინაიდან ის ამ პიროვნების განზრახ ჩადენილი დანაშაულების გამო ზარალდება ორმაგად. გარდა ძირი თანხისა, მისთვის გაუგებარია რატომ არ შემიმცირდა შესაბამისად შემცირებულ ძირზე დარიცხული ჯარიმა და საურავი. ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მიერ გასაჩივრებული იქნა 2023 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა 086-73. დავების საბჭოს 2024 წლის 20 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა არცერთ ნაწილში. საჩივარში აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა 423 545 ლარის ოდენობით მიაჩნია არამართლზომიერად და ითხოვს აღნიშნული ჯარიმის სრულად მოხსნას. ასევე მისთვის გაუგებარია გადასახადების 144 965 ლარით შემცირებამ რატომ არ გამოიწვია დარიცხული ჯარიმის და საურავის შემცირება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს თავიდან მოხდეს მისი საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება და შეუმცირდეს დარიცხული თანხები როგორც გადასახადი, ასევე ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

მაშ შემდეგ რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და შემოწმებული საანგარიშო პერიოდების ხელახალი შემოწმება განხორციელდა, შემცირდა დოკუმენტური რეალიზაციებით მიღებული შემოსავლების, ასევე გაიზარდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და შემცირდა გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.

სწორედ აღნიშნულ ღონისძიებების შედეგად შეუმცირდა პირს საშემოსავლო გადასახადი 14 713 ლარით, ხოლო დღგ 130 252 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მოხდა საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3529 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს თავიდან მოხდეს მისი საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება და შეუმცირდეს დარიცხული თანხები როგორც გადასახადი, ასევე ჯარიმა და საურავი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4812 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება სასაქონლო კატეგორიების მიხედვით, რაზეც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმებით დადგენილ მონაცემებსა და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის გამოვლინდა სხვაობა. დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული გამოქვითვები. შედეგად, პირს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

ასევე,დადგინდა რომ მეწარმის სახელით რამდენიმე იურიდიულ და ფიზიკურ პირზე გამოწერილ იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ვინაიდან ყალბი სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, შუამდგომლობით მიემართა სასამართლოს ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად. შედეგად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №32926 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციებით მიღებული შემოსავლები , ასევე საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.

მეწარმეს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი და დღგ . გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3529 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),145,161,165,282.